თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტ ლაშა კაკოიშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კაკოიშვილს 2025 წლის 18 დეკემბერს, ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ლაშა კაკოიშვილი, ტროტუარზე პროტესტისთვის სამართალდამრღვევად ცნობილი მე-15 მოქალაქეა. ამ 15 ადამიანიდან, 8-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ზოგს 4, ზოგს კი 5 დღით, 7-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.