სამოქალაქო აქტივისტ მარიამ მელიქიშვილს ტროტუარზე დგომის საფუძვლით 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიქიშვილს ედავებოდა, რომ მან 2025 წლის 18 დეკემბერს ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლება შექმნა.
მოგვიანებით, 31 მარტს, სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მელიქიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ 27 მარტს დაკისრებული 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ფარგლებში, იზოლატორში შესახლებამდე მას მოსთხოვეს სრული გაშიშვლება. მისივე აღწერით, სასამართლოდან დროებითი მოთავსების საკანში გადაყვანის შემდეგ, ქალი პოლიციელმა სრულად გაშიშვლება მოსთხოვა. აქტივისტის განცხადებით, უარის შემთხვევაში მას განუმარტეს, რომ სხვა იზოლატორში გადაყვანისას აღნიშნულ პროცედურას მამაკაცი თანამშრომლები ჩაუტარებდნენ. მიუხედავად ზეწოლისა, მარიამ მელიქიშვილმა მოთხოვნა არ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკის შესახებ არაერთი დაკავებული საუბრობს. სახალხლო დამცველი აღნიშნავს, რომ სრული შემოწმების დროს პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება, ხოლო ამგვარი პრაქტიკა შეიძლება შეფასდეს როგორც დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა. 2025 წლის 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადავოდ გახადა პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ის ნორმები, რომლებიც სრულ შემოწმებისას პატიმრის სრულ გაშიშვლებას ითვალისწინებდა. შემდგომში, 2025 წლის 10 ივნისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით შესაბამის დებულებებში შევიდა ცვლილებები, რის შედეგადაც გაუქმდა ის ნორმები, რომლებიც პატიმრის სხეულის ერთდროულად სრულ გაშიშვლებას ითხოვდა.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.