2026 წლის 28 იანვარსა და 16 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხებოდა „გრანტების შესახებ“ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს. 4 მარტს, ქართულმა ოცნებამ, პლენარულ სხდომაზე აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვნად ამკაცრებს უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და აფართოებს გრანტის ცნებას, რაც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ნატურალურ რესურსებსა და ტექნიკურ დახმარებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად. კანონპროექტი ასევე აწესებს დამატებით შეზღუდვებს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის კრძალავს პოლიტიკური პარტიის წევრობას იმ ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, და ამკაცრებს პასუხისმგებლობას ე.წ. „გარე ლობიზმისთვის“.
საკანონმდებლო პაკეტში ასევე შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დასჯადი ხდება ხელისუფლების სისტემური არაღიარება და საჯარო, სისტემატური მოწოდებები კანონმდებლობის მასობრივად დარღვევის, ხელისუფლების ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობის ან ალტერნატიული ხელისუფლების ორგანოების შექმნისკენ. კანონი ძალაში მისი ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა.