9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საბა გელაშვილს ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეზე 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 დეკემბერს მოქალაქეებისთვის ტროტუარზე გადაადგილებაში ხელის შეშლას ედავებოდა.
საბა გელაშვილი, სტუდენტობისას გადაცემა “წიგნების თაროს” ჩემპიონი იყო. გადაცემა აღნიშნულ გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა და საბა გელაშვილის დაკავება გააკრიტიკა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრება „ფარსის გაგრძელებაა“ და ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა გელაშვილს და სხვა დაკავებულ ახალგაზრდებს.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”. „ტროტუარის საქმეებთან“ დაკავშირებული ადმინისტრაციული ნორმები ამჟამად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. სარჩელით მოთხოვნილია შესაბამისი რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ტროტუარზე ან გზაზე დგომის გამო მოქალაქეების დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.