ტროტუარზე დგომის გამო დაკავებული აქტივისტის, სანდრო მეგრელიშვილის საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეგრელიშვილის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, შორენა ყაველაშვილმა მიიღო.
2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ, სანდრო მეგრელიშვილს ტროტუარზე პროტესტის გამო 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანდრო მეგრელიშვილის ადვოკატმა ზემდგომ ინსტანციაში.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.