25-03-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტს სესილი ბუთხუზს ტროტუარზე დგომის საფუძვლით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის საფუძვლით სესილი ბუთხუზს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება 25 მარტს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბუთხუზს ედავებოდა, რომ მან 2025 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომით გამვლელი მოქალაქეებისთვის გადაადგილების დაბრკოლება შექმნა. მისი საქმის პირველი სხდომა 2025 წლის 29 დეკემბერს გაიმართა, რის შემდეგაც განხილვა არაერთხელ გადაიდო.

სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ შსს-ს წარმომადგენლები, ბუთხუზის ადვოკატი და თავად ბუთხუზი. გადაწყვეტილების შესახებ მან სასამართლოს ეზოში შეიტყო, რის შემდეგაც დაუკავშირდა გადაუდებელი დახმარების სამსახურს და სამართალდამცავებს საკუთარი ადგილსამყოფელი შეატყობინა. მომდევნო 3 დღეს სესილი ბუთხუზი ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს.ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

Share
25-03-2026
1
ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დაკავება
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი