ისტორიის მასწავლებელი, პოლიტიკური აქტივისტი, პარტია „ფედერალისტების“ წევრი, შალვა ჯავახია ტროტუარზე პროტესტის გამო სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა ჯავახიას 2025 წლის 18 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
შალვა ჯავახია მე-10 ადამიანია, ვინც ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს. 10-დან 5 ადამიანს 4- და- 5- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5 მოქალაქე კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება “ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.