მომღერალ სოფო ბათილაშვილს, საპროტესტო შინაარსის სიმღერაში – „ოლე ოლა” გამოყენებული სიტყვების გამო, სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. ოქმის შემდგენი შსს-ის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოა. დოკუმენტი 22 ოქტომბრით თარიღდება. ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით არის შედგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
სოფო ბათილაშვილმა 8 ოქტომბერს სოციალურ ქსელში „ოლე-ოლას” შესრულების ვიდეო გამოაქვეყნა. მომღერალი პოსტში წერს, რომ სიმღერის ვიდეო პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად ჩაწერა, რაც მასში სიმღერის გამო ადამიანების სასამართლოში დაბარებამ გამოიწვია. ამავე პოსტში მან სოლიდარობა გამოუცხადა მომღერალ „კორძს”, რომელსაც „ოლე-ოლას” შესრულების გამო სამთავრობო პროპაგანდა დაუპირისპირდა.
12 ნოემბერს გამართულ პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ, მომღერალი სამართალდამრღვევად ცნო და 3 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს წარმომადგენელთა პოზიციით, სიმღერა „ოლე-ოლა”, როგორც უწმაწური სიტყვების შემცველი ნაწარმოები, შეურაცხმყოფელია როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ისე კონკრეტულად „ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის; შსს-მ სასამართლოს მოქალაქეთა მიმართვები წარუდგინა, სადაც მათი თქმით, ამ სიმღერის გამო მომხდარ უთანხმოებებზეა შეტყობინებები გაკეთებული. ადვოკატის კითხვაზე, კონკრეტულად რა ქმედებაა მომღერლის მხრიდან სამართალდარღვევად მიჩნეული, სიმღერის ჩაწერა, ვიდეოს გადაღება თუ მისი განთავსება სოციალურ ქსელში, სახელმწიფოს პოზიციაა „ვიდეოს ატვირთვა სოციალურ ქსელში”.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. სამმართველო შსს-ში 2026 წლის 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. ამ დრომდე ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ამ სამმართველოს ოქმის საფუძველზე, უკვე ასობით ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო. მათი უმეტესობა დააჯარიმეს.