თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თემურ ბერიანიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
თემურ ბერიანიძე აფხაზეთის ომის ვეტერანია და მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბერიანიძეს 2025 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტთან ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”. ე.წ. “ტროტუარის საქმეზე” უკვე 20-ზე მეტი აქტივისტის სასამართლო პროცესი იყო. მათგან, ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. არაერთი აქტივისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, სასამართლო კი ჯერ არ ჩანიშნულა.