2026 წლის 2 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, კიდევ ოთხი სამოქალაქო აქტივისტი ცნეს სამართალდამრღვევად ტროტუარზე პროტესტის გამო. მათგან ორს (მამაკაცებს) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ორს კი (ქალებს) სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს:
- ზურა მანჩხაშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე);
- თორნიკე ჯანდიერს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
- სოფო ჩაჩანიძე – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
- თეკლე გაბელია – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ედავებოდა, რომ ტროტუარზე დგომით ისინი გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ სხვა მოქალაქეებს. ამ დრომდე „ტროტუარის საქმეებზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება 10 მოქალაქის შემთხვევაში ჰქონდა მიღებული. 10-ვე სამართალდამრღვევად ცნეს. 5 აქტივისტი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. 5-ს კი 4- და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება “ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.