09-03-2026
თბილისი
ტროტუარზე დგომის გამო მედიის განვითარების ფონდის თანამშრომელს ზვიად მჟავანაძეს  4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, “მედიის განვითარების ფონდის” თანამშრომელს, ზვიად მჟავანაძეს, ტროტუარზე პროტესტის გამო დაწყებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მჟავანაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. საქმეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძე განიხილა. მჟავანაძის განცხადებით, მას არ დაურღვევია წესრიგი და მისი ქმედება არ აფერხებდა გადაადგილებას. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე ვერ დასაბუთდა, თუ როგორ შეუშალა მან ხელი სხვა პირებს.

მჟავანაძის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას განცხადებით, დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ადვოკატის შეფასებით, პრობლემურია როგორც პირის იდენტიფიცირების პროცესი ვიდეოკამერების გამოყენებით, ასევე თავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნორმა, რომელიც ამ საქმეში იქნა გამოყენებული და რომლის კონსტიტუციურობაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

Share
09-03-2026
1
კაცი: 1
ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დაკავება
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი