საქართველოში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები 2025 წლის მაისიდან 2026 წლის მაისამდე

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა!

„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში, ჟურნალისტების, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 306 ინციდენტი აღრიცხა. ზოგ შემთხვევაში, ერთი ინციდენტის დროს, ერთდროულად, რამდენიმე ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი (მაგ. დაკავება და ფიზიკური ძალადობა).

მედიაგარემო: საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია.  ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ განხორციელდა ისეთი ტიპის ინციდენტები, როგორებიცაა: დაკავება/დაპატიმრება, უკანონო ჯარიმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, გადაღების აკრძალვა, ადმინისტრაციულ შენობებში არშეშვება,  და სხვა. დისკრედიტაცია ყველაზე ხშირად დოკუმენტირებული ინციდენტის ტიპია (იხილეთ ქვემოთ მოცემული დიაგრამა). ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რეპუტაციის შელახვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ზეწოლის ცენტრალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ასევე თვალსაჩინოა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზეწოლა. სამართლებრივი დევნა, ჟურნალისტების ჯარიმება, ადმინისტრაციული პატიმრობა, მედიის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება, SLAPP-ის სარჩელები, დაკითხვები და დაკავებები  ინსტიტუციური ზეწოლის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. ფიზიკური ძალადობა და მედიის წარმომადგენლების მიერ მიღებული სხვადასხვა სახის დაზიანებები სერიოზულ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ინციდენტები დისკრედიტაციასთან ან სამართლებრივი ზეწოლასთან შედარებით ნაკლებად ფიქსირდება, ისინი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ზეწოლის სერიოზულ მექანიზმს წარმოადგენენ. დარღვევების ამ მასშტაბის მიუხედავად, არცერთი დამნაშავე, მათ შორის საჯაროდ იდენტიფიცირებული პირი, არ დასჯილა.

2026 წლის 2 აპრილს, ე.წ. „უდოს კომისიამ“ სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა. ამაღლობელს 2025 წლის 6 აგვისტოს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი  პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს უახლესი ინდექსით, საქართველო 180 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 135-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველო 75 პოზიციით დაქვეითდა, რაც გულისხმობს მედიის თავისუფლების კუთხით საგანგაშო გაუარესებას.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა:

პოლიტიკური მოტივით გასამართლება – 1 შემთხვევა

  • 2025 წლის 6 აგვისტოს , მზია ამაღლობელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა  მიესაჯა

სამართლებრივი კატეგორიის ინციდენტები – 103  შემთხვევა

  • დაჯარიმება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აქციების გაშუქების დროს – 16  (ე.წ. “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძველით”, პროევროპული პროტესტის გაშუქებისას. ამ ეტაპზე ჯარიმების დიდი უმრავლესობა გასაჩივრებულია;  ნაწილს ჯარიმა მოეხსნა)
  • სხვა ტიპის ფინანსური ჯარიმა (მაგ. მედიაორგანიზაციაზე დაკისრებული ჯარიმები, სოციალურ მედიაში პოსტის გამო ჯარიმა) – 13
  • სამართლებრივი დევნა – 39 (სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზეწოლა,  გამოძიების დაწყება,  რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულება, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს წერილები, კომუნიკაციების კომისიის სიტყვიერი შენიშვნა )
  • ადმინისტრაციული პატიმრობა –10 (უკავშირდება “ტროტუარზე დგომას”).
  • მედიის შემზღუდველი კანონმდებლობის დაინიცირება და მიღება – 8
  •  SLAPP სარჩელი – 7
  • საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება – 5 (ჟურნალისტებზე სისტემური ზეწოლისა და დევნის არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი დაბარება აღიქმება როგორც მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი ფორმა და ქმნის მსუსხავ ეფექტს ჟურნალისტურ საქმიანობაზე)
  • დაკავება – 5

სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია – 108 შემთხვევა

  • დისკრედიტაცია –    69
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა –  20
  • დაშინება –  18

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა – 35 შემთხვევა

  • გადაღების აკრძალვა – 9
  • ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა – 8
  • საჯარო ღონისძიებაზე არშეშვება – 8
  • სასამართლო სხდომიდან გაძევება – 7
  • აკრედიტაციის შეჩერება – 3

ფიზიკური ძალადობა და დაზიანება ჟურნალისტებზე- 26 შემთხვევა

  • ფიზიკური ძალადობა – 16
  • დაზიანება (მათ შორის, აქციებზე) – 10

შრომითი უფლებები დარღვევის – 13 შემთხვევა
 (ყველა შემთხვევა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება)

  • სამსახურიდან გათავისუფლება – 10
  • დისციპლინური პასუხისმგბელობის დაკისრება – 3

თავდასხმა საკუთრებაზე – 12 შემთხვევა

  • ტექნიკის ჩამორთმევა – 7
  • ტექნიკის დაზიანება – 4
  • ქონების დაზიანება (მაგ. ოფისი, სახლი, მანქანა) – 1

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების დაუსაბუთებლად არშემოშვების 7 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 4 შემთხვევა 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების წინა პერიოდში მოხდა.

დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში, 2025

2025 წელს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა (CMIS) დააფიქსირა 357 სხვადასხვა ტიპის ინციდენტი ჟურნალისტების, მედია საშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რა დროსაც 323 მედიის წარმომადგენელი და მედიაორგანიზაცია აღმოჩნდა ინციდენტების ადრესატი. რამდენიმე შემთხვევაში, ერთი ინციდენტი მოიცავდა ძალადობის რამდენიმე ფორმას (მაგალითად, დაკავება, რომელსაც თან ახლდა ფიზიკური ძალადობა). 

ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ ჯარიმები ზეწოლის ყველაზე ხშირად გამოყენებული ინსტრუმენტი იყო. 48 ჯარიმიდან 35 დაეკისრათ ჟურნალისტებს, რომელთა უმეტესობა საპროტესტო აქციებს აშუქებდა; ამ ჯარიმების მცირე ნაწილი მოგვიანებით გაუქმდა. დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების დისკრედიტაცია, ფიზიკური ძალადობა, მედიის დევნის მიზნით კანონების გამოყენება და სიტყვიერი შეურაცხყოფა დარღვევების შემდეგი ყველაზე გავრცელებული ტიპებია.

ჟურნალისტების დაკავებამ და დაპატიმრებამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. 2025 წელს დაკავება-დაპატიმრების ოცი შემთხვევა დაფიქსირდა. დაკავება უმეტესად საპროტესტო აქციებზე ხდებოდა, დაკავების დროს ზოგიერთი მათგანი აქციას აშუქებდა.

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ამ ინციდენტების მთავარი წყაროები სამართალდამცავი ორგანოები არიან, შემდეგ მოდის ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები.

2025 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული, საპროტესტო აქციების დროს 79 სხვადასხვა ტიპის ინციდენტი დაფიქსირდა მედიის 72 წარმომადგენლის მიმართ (მაგალითად, ჟურნალისტებისთვის „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ მოტივით ჯარიმების დაკისრება, ან ჯარიმა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებისთვის). საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, წლის განმავლობაში დაფიქსირდა 9 შემთხვევა, როდესაც უცხოელ ჟურნალისტებს უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი საქართველოში შესვლაზე.