2024 წლის 17 აპრილს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ოთხი ჟურნალისტი სცემეს: ონლაინგამოცემა „პუბლიკის” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, მედია “აპრილის” ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური, ონლაინ გამოცემა “ტაბულას” ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე და აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი ნურლან ლიბრე.
გიორგი ბადრიძე “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტთან” ჰყვება, რომ მას სამმა პოლიციელმა ჯერ ტელეფონი წაართვა, შემდეგ ასფალტზე გაათრიეს და ფეხებში ურტყამდნენ.
„პუბლიკას“ რეპორტიორს ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციელებმა კედელზე მიარტყმევინეს თავი და სახეში დაარტყეს. სახეზე ჰქონდა დაზიანებები გიორგი ბასხაჯაურსაც. მას ცხვირი გაუტეხეს და სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.
ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი ე.წ აგენტების შესახებ რუსული კანონი. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ამ ფაქტს აპროტესტებდნენ, ჟურნალისტები კი ადგილზე მიმდინარე ამბებს აშუქებდნენ.
მომხდარზე განცხადებები გაავრცელეს მედიის ადვოკატირების კოალიციამ” და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.
ჟურნალისტებზე ძალადობას გამოეხმაურა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც (CPJ)
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” აამოქმედა.
პარლამენტში აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად.
ამ მექანიზმით, 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეეზღუდა არააკრედიტებულ მედიას.
აღნიშნული შეზღუდვა დაწესდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს პარლამენტი განიხილავდა კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელსაც საქართველოში უწოდებენ აგენტების შესახებ კანონს.
ეს არ იყო მსგავსი შეზღუდვის პირველი შემთხვევა. როგორც “მედიის ადვოკატირების კოალიცია” წერს, “ყვითელი დონის გამოყენება უკვე დადგენილ პრაქტიკად არის მიჩნეული მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში განიხილება ქვეყნისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები”.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება დისკრიმინაციად შეაფასეს და 17 აპრილს სახალხო დამცველს მიმართეს. საქართველოს სახალხო დამცველი მომხდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად”.
ეს შეზღუდვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული პრაქტიკა.
2024 წლის 11 აპრილს, ნინოწმინდის ადგილობრივი სათემო რადიო “NOR”-ის ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში მერიის შენობაში არ შეუშვეს. იმ დროს მერიაში სისხლის ჩაბარების აქცია მიმდინარეობდა და ჟურნალისტს ამ ამბის გაშუქება სურდა.
მერიის დაცვამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა.პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, როდესაც ადგილზე მისულმა ჟურნალისტმა ე.წ. Live მაუწყებლობა დაიწყო სოციალურ ქსელში და შეზღუდვაზე საჯაროდ ისაუბრა.
2024 წლის 8 აპრილს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ბიუროზე განიხილავდა ე.წ რუსულ კანონს, Საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტები არ შეუშვეს. მათ შორის, არ შეუშვეს ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაცია აქვთ.
ამავე დღეს, პარლამენტმა არ დაუშვა საშვი მედიაკრიტიკის პლატფორმა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტზე, ნინია კაკაბაძეზე, რითაც მას შეეზღუდა პარლამენტში შესვლისა და მუშაობის უფლება. ოფიციალური უარის მიზეზად დასახელდა ის, რომ პარლამენტში საშვებს მხოლოდ იმ ჟურნალისტებისთვის უშვებენ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ.
“მედიაჩეკერის” მიხედვით, მათ საშვები კიდევ რამდენიმე ჟურნალისტისთვის მოითხოვეს, თუმცა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
აღნიშულ ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” და პარლამენტს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
2024 წლის 1 აპრილს, ქალაქ გორში, მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “მონიტორინგის” ოპერატორს თორნიკე გელიტაშვილს.
“TV მონიტორინგის” ცნობით, ოპერატორი სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან დრონით იღებდა შენობის კადრებს, რა დროსაც მას სააგენტოს სამი თანამშრომელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, დაუზიანა ტელეფონი და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე მისულმა პოლიციამ, გამოკითხვის შემდეგ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა.
შემთხვევას გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები ძალადობენ,” – ნათქვამია განცხადებაში.
ეთიკის ქარტიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდა.
2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, როდესაც აღსრულების პოლიცია საცხოვრებელი კორპუსიდან ასახლებდა ერთ-ერთ ოჯახს, ადგილზე მყოფი ონლაინმედიების: “მაუწყებლის” და “მთის ამბების” ჟურნალისტებზე პოლიციამ იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
კერძოდ, ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც პოლიციელმა ის უხეში ძალის გამოყენებით ძირს მანქანის სახურავიდან გადმოაგდო.
როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს – ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.
აქციიის გაშუქებისას პოლიციამ დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი. მოგვიანებით, იგი გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და დააკისრეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა დაკავების დღესვე მიმართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო.