2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სასაცილო და კურიოზული უწოდა “TV პირველის” მიერ საარჩევნო უბნებიდან გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას და ტელეკომპანია “ხაზარაძის ტელევიზიად” მოიხსენია.
“დღეს მთელი დღეა, ხაზარაძის ტელევიზია “TV პირველი” ცდილობს, რომ სკანდალები ააგოროს, თუმცა მე მგონი საკუთარ თავს დასაცინად იქმნიან”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი სპეციალურ ბრიფინგზე და შემდეგ ჩამოთვლის “TV პირველის” რამდენიმე სიუჟეტს საარჩევნო უბნიდან, რომლებიც, მისი აზრით, მხოლოდ სასაცილოა ამ მასალებს შორის არის სუფრა საარჩევნო უბანზე და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი. “არ ვიცი ახლა თუ ხაზარაძე აშიმშილებს თავის ჟურნალისტებს”, – ამბობს პაპუაშვილი და ამატებს, რომ არაფერია იმაში უცნაური, ვინმე თუ ზრუნავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვებაზე. და, შემდეგი სიუჟეტის (სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის) განხილვის შემდეგ ისევ ამბობს: “აი, ასეთ დონზე დაეცა ხაზარაძე, რომ არათუ ჟრნალისტურ ეთიკას გადააბიჯებინა მისი ტელევიზიის ყველა წევრს, არამედ, საერთოდ უკვე სასაცილო კურიოზები არის” (ტაიმკოდი 5:52 – 8:16).
შეგახსენებთ, 4 ოქომბერს არაერთი დამოუკიდებელი მედია გახდა შალვა პაპუაშვილის თავდასხმის სამიზნე, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გამო. მათ შორის, TOK2regions, “პუბლიკა”. და ზოგადად, ბოლო პერიოდში, შალვა პაპუაშვილის მხრიდან მედიებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია მანკიერ ტენდენციად იქცა.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი გამოცემა “პუბლიკა” “უცხოეთიდან დაფინანსებულ, პროპაგანდისტულ” მედიად მოიხსენია და დეზინფორმაციის გავრცელების კოორდინირებულ ქმედებაში დაადანაშაულა.
შალვა პაპუაშვილი “პუბლიკას” ერთ-ერთ ოპოზიციონერ აქტივისტზე მომხდარი თავდასხმის შესახებ გავრცელებული მასალის გამო დაესხა თავს. (არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა წევრს, იგორ ნარმანიას, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა). “პუბლიკა”, უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას იგორ ნარმანიასთან დაკავშირებით”(ტაიმკოდი: 3:55 – 4:37) – ამ ტექსტით, შალვა პაპუაშვილი “პუბლიკას” ჩამოთვლის იმ აქტორებს შორის, რომლებიც “კოორდინირებულად მოქმედებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ, რითაც ერევიან ქართულ არჩევნებში”.
გამოცემა “პუბლიკამ” შალვა პაპუაშვილის მორიგი თავდასხმა მათ მიმართ სიძულვილისა და ძალადობის წახალისებად შეაფასა. “ერთხელ უკვე გამოვეხმაურეთ შალვა პაპუაშვილის თავდასხმას და კვლავ ვახსენებთ: ,,პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას. ჩვენი გამოცემის, რომელიმე ჟურნალისტს რამე თუ მოუვა, პასუხისმგებელი იქნება პაპუაშვილი”, – ამ პოსტით უპასუხა შალვა პაპუაშვილს გამოცემის რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.
ბოლო პერიოდში “პუბლიკა” არაერთხელ გახდა შალვა პაპუაშვილის თავდასხმის სამიზნე. მაგალითად, 2025 წლის 19 მაისს, პაპუაშვილი “პუბლიკას” თავს დაესხა დეპუტატ მარიამ ლაშხზე გავრცელებული ინფორმაციის გამო. უფრო ადრე, 1-ელ თებერვალს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდებაში დაადანაშაულა აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი სტუდია TOK2region დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და “პარტიულ მედიად” მოიხსენია. პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა TOK2region-ის მიერ ახალციხის მე-4 საარჩევნო უბნიდან გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს ორი ამომრჩეველი ერთ საარჩევნო კაბინაში.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სინამდვილეში ერთ-ერთ ამომრჩეველს მხედველობის პრობლემების გამო მეორის დახმარება სჭირდებოდა. “ახალციხე, მე-4 უბანი, სადაც ასევე პარტიული მედიის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის კონტროლს. სინამდვილეში საქმე ეხებოდა ამომრჩეველს, რომელსაც აქვს დაქვეითებული მხედველობა, მან ითხოვა დახმარება და გაუწიეს დახმარება ბიულეტენის შევსებისას” , – ამბობს შალვა პაპუაშვილი, ფონად ეკრანზე ჩანს TOK2region-ის კადრი, რომელსაც დიდი ასოებით აწერია FAKE [ტაიმკოდი: 1:11 -1:41].
პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, TOK2region-მა გამოაქვეყნა სრული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველს დახმარება არ უთხოვია, პირიქით, მას შემდეგ, რაც უბნის კომიიის თავმჯდომარემ შენიშნა, რომ მედია ამ ფაქტს იღებდა, მან ამომრჩევლებს შენიშვნა მისცა. “დეზინფორმაციაა, ის ბრალდება რასაც ჩვენი მედიის შესახებ თავად შალვა პაპუაშვილი ავრცელებს, როცა დამოუკიდებელ რედაქციას ,,პარტიულ მედიას“ უწოდებს და ბრალს სდებს იმ ტექსტის გავრცელებაში, რაც TOK2region-ს არსად გაუვრცელებია, რასაც ჩვენი რედაქცია განიხილავს მორიგ თავდასხმად”, – ნათქვამია TOK2region-ის განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, უკვე დიდი ხანია მანკიერ ტენდენციად იქცა. CMIS ინციდენტების არქივში “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე თავდასხმის 10-მდე მეტი შემთხვევა იძებნება. დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, შალვა პაპუაშვილის მხრიდან, 4 ოქტომბერსაც განსაკუთრებული სამიზნე იყო.
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჯგუფს, სავარაუდოდ აქციის მონაწილემ “გაურკვეველი სითხე” შეასხა, რის შედეგადაც, ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირეკიძე დაშავდნენ.
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას ორჯერ დაშავდა “TVპირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია. პირველი შემთხვევა, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოხდა. კოკაია შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტმა გაზის კაფსულები გაისროლა. მას სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.
მეორე შემთხვევა ორბელიანის მოედანზე მოხდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორს ფეხზე სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა.
2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ ჟურნალისტი სამართალდამცველს უხსნისმ რომ ჟურნალისტია და ეკითხება, რატომ უშლის მუშაობაში ხელს, ამავდროულად, მას აქვს პრესის მაიდენტიფიცირებელი ნიშნებიც, თუმცა, ის მაინც ხდება სამართალდამცველის მხრიდან თავდასხმის სამიზნე.
“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის ოპერატორს, სავარაუდოდ დამიზნებით ესროლეს გაზის კაფსულა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის ცრემლსადენი გაზის გასროლისა და კაფსულების აფეთქების ხმა იქ, სადაც “TV პირველის” გადამღები ჯგუფი მუშაობს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, კაფსულა ჟურნალისტის ჩაფხუტს მოხვდა. ამ დროს, მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს უკვე დატოვებული ჰქონდათ. გასროლამდე, წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა. ჟურნალისტს და ოპერატორს დაზიანებები არ მიუღიათ.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა), საარჩევნო უბანზე მყოფმა “ქართული ოცნების” ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში, მე-11 საარჩევნო უბანზე “TV პირველისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს “საცოდავები” და “მთავარი ფეიკერები”უწოდა.
მისი პასუხი მოჰყვა ჟურნალისტების შეკითხვებს, ხომ არ ელოდება თავადაც დაკავებას, მას შემდეგ, რაც მისი გარემოცვიდან ყველას აკავებენ.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა), საარჩევნო უბანზე მყოფმა “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, “TV პირველის” ჟურნალისტს ინა ცარციძეს “მატყუარა” და “მატყუარა ტელევიზიის” წარმომადგენელი უწოდა.
“თქვენ, თქვენი პატრონები ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმურები”, – ასე უპასუხა ყაველაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მიეღო მისგან პასუხი, დაუკავშირდა თუ არა მას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა), საარჩევნო უბანზე მყოფმა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა.
შემთხვევა თბილისში, 64-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. კახა კალაძე, ხმის მიცემის შემდეგ, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობაზე საუბრობდა. “ფორმულას” ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რაში გამოიხატებოდა ეს, რაზეც მან უპასუხა – “ რაღაც ზრდილობა ხომ არსებობს, ეთიკა ხომ არსებობს, მესმის, რომ არც ერთი გაგაჩნიათ, არც მეორე”