პროსამთავრობო და ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული ტელეკომპანია „POSTV“ სოციალურ ქსელში, დამოუკიდებელი მაუწყებლების „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წამყვანი ჟურნალისტების, ნინო ჟიჟილაშვილისა და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს.
კამპანიის ფარგლებში, „POSTV“-ის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო „ქარდები“ რომლებიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების პროფესიულ დისკრედიტაციასა და მათ წინააღმდეგ საზოგადოებრივი აგრესიის წახალისებას.
თავდასხმის საფუძველი გახდა ნინო ჟიჟილაშვილისა და ინგა გრიგოლიას მიერ კოლეგის, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანის, ვახო სანაიას დაკავების შემდეგ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები. სოლიდარობის ნიშნად გაკეთებული კომენტარები და ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის კრიტიკა პროსამთავრობო მედიამ მანიპულაციურად გამოიყენა და სოციალურ ქსელში ჟურნალისტების მიზანმიმართული გაშავების კამპანია წამოიწყო.
საგამოძიებო მედიის, “სტუდია მონიტორის” განცხადებით, მათ ინსტაგრამ გვერდზე 19 ოქტომბრის ღამეს ბოტების შეტევა მიმდინარეობდა.
“უკანასკნელი ღამის განმავლობაში, “სტუდია მონიტორს” 1000-ზე მეტმა ყალბმა ანგარიშმა შეუტია. ყალბმა გამომწერებმა ინსტაგრამის პოსტებზე ათობით კომენტარი დატოვეს. ასეთი შეტევები მიზნად ისახავს სოციალური პლატფორმების მწყობრიდან გამოყვანას” წერია სტუდია მონიტორის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მედია ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთხელ გამხდარა ციფრული თავდასხმის მსხვერპლი. აგვისტოში სტუდია მონიტორის ფეისბუქ გვერდი დაიბლოკა ყალბი საჩივრების საფუძველზე. იქამდე კი, მონიტორის YouTube არხი გახდა სამიზნე, რა დროსაც, ერთ ღამეში, ყალბი საჩივრების საფუძველზე წაიშალა “სტუდია მონიტორის” არხი YouTube-ზე. მოგვიანებით, “მონიტორმა” თავად გამოიძია არხის წაშლის საფუძვლები და აღმოაჩინა, რომ YouTube გაუქმდა ე.წ საავტორო უფლებების საჩივრის საფუძველზე. მედიამ გაარკვია, რომ საჩივრებში გადახდილი იყო 5,000 დოლარამდე თანხა. ხოლო, უშუალოდ არხის გაუქმებაში მონაწილე პირი იყო ვინმე ადიტია სინგჰი, რომლემაც თავად აღიარა, რომ საჩივრის დაწერის სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღო, თუმცა დამკვეთი არ დაუსახელებია.
სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ისის „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ აკრიტიკებს და მიკერძოებაში ადანაშაულებს.
ჯაღმაიძის უკმაყოფილება მოჰყვა ქარტიის 15 ოქტომბრის განცხადებას, რომელიც საპატრიარქოს მხრიდან დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისთვის – „ფორმულასა“ და „TV პირველისთვის“ – შეზღუდვების დაწესებას ეხებოდა. კერძოდ, საპატრიარქომ აღნიშნულ მაუწყებლებს სპეციალური აკრედიტაცია არ მისცა, რითაც 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გაშუქების უფლება შეუზღუდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეაფასა ქარტიამ დისკრიმინაციად და ჟურნალისტურ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ხელშეშლად.
ანდრია ჯაღმაიძე საპასუხო აცხადებს, რომ ქარტია „გადაქცეულია ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რადიკალური მედიის დამცველ ბიუროდ“.
„საინტერესოა, ნუთუ ქარტიას 2021 წლის შემდეგ ჟურნალისტთა მხრიდან არანაირი ეთიკური გადაცდომა არ შეუნიშნავს? ნუთუ არ გასცნობია ვიდეომასალებს, რომლებშიც ასახულია სასულიერო პირების მიმართ ჟურნალისტების სადავო ქცევა, მათ შორის, ღვთისმსახურების დროს მათი შეწუხებისა და დადგენილი წესების უგულებელყოფის შემთხვევები?“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ტექსტს თან ურთავს ვიდეოკოლაჟს, სადაც წლების განმავლობაში ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა სასულიერო პირისთვის კრიტიკული კითხვების დასმის მცდელობებია ამოჭრილი და დამონტაჟებული.
განცხადების დასასრულს, ანდრია ჯაღმაიძე ეჭვქვეშ აყენებს თვითრეგულირების ორგანოს პროფესიულ პასუხისმგებლობას და სვამს კითხვას: „ხომ არ დადგა დრო, შეიქმნას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ეთიკის კომისია?!“
საქართველოს საპატრიარქო ტელეკომპანიების „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მცხეთობის დღესასწაულის გასაშუქებლად აკრედიტაციას არ მისცემს.
ამის შესახებ „ფორმულას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტები „მუდმივად არღვევდნენ შიგა განაწესს“, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც, მისივე შეფასებით, დაუშვებელია და პრობლემებს ქმნის.
საპატრიარქოს მიერ კრიტიკული მედიების აკრედიტაციაზე უარი მსგავსი საფუძვლით 2025 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ საპატრიარქომ განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში, „TV პირველისა“ და „ფორმულას“ გადამღებმა ჯგუფებმა შიდა განაწესი დაარღვიეს და მედიისთვის გამოყოფილი სივრცე თვითნებურად დატოვეს, რის გამოც ისინი მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებდნენ. საპატრიარქომ მედიისთვის დამატებითი რეგულაციები 2022 წლიდან დააწესა. ჟურნალისტებს საეკლესიო ღონისძიებების გასაშუქებლად სპეციალური აკრედიტაციის მიღება სჭირდებათ, ხოლო მუშაობა მხოლოდ მედიისთვის წინასწარ განსაზღვრულ სივრცეებში შეუძლიათ.
თეა წულუკიანმა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანთან ცილისწამების საქმეზე დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო.
დავა ეხებოდა ჟორჟოლიანის მიერ 2025 წლის 12 აპრილს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის წერდა, რომ თეა წულუკიანის მამამ, მოსამართლე ავთანდილ წულუკიანმა, კონკრეტულ პირებს დახვრეტა მიუსაჯა. პოსტს თან ერთვოდა შესაბამისი სია.
თეა წულუკიანი სასამართლოში მოითხოვდა, ცილისწამებად მიჩნეულიყო პოსტში გამოყენებული ფრაზა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები“. წულუკიანი ასევე ითხოვდა ცილისწამებად ცნობილიყო იმავე პოსტში მითითებული კიდევ ერთი ფრაზა, რომლის მიხედვითაც, გარდამავალ პერიოდში, როდესაც სიკვდილით დასჯა უქმდებოდა, მოსამართლე წულუკიანს სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება შეეძლო.
ნანუკა ჟორჟოლიანის დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან იყო მოპოვებული და პოსტი გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცეოდა.
ჟორჟოლიანის თქმით, ის აპირებს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს.
სასამართლომ ძალაში დატოვა სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ ფრანგ ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის მოკლევადიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა გაუუქმდა.
ფრანსის პრიმერსკიმ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში აპრილში გაასაჩივრა და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ადვოკატის განმარტებით, პრიმერსკი საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და დროებითი ბინადრობის ნებართვა ჰქონდა. მიმდინარე წლის მარტში ნებართვა მას მეორედ გაუხანგრძლივდა, თუმცა გაცემიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად ეცნობა, რომ სააგენტომ მისთვის მინიჭებული მოკლევადიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა გააუქმა.
ადვოკატის თქმით, სააგენტოს გადაწყვეტილებაში კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მითითებული არ არის, რის გამოც უცნობია, რა ფაქტებს დაეფუძნა გადაწყვეტილება. აქტში მხოლოდ სამართლებრივი ნორმაა მითითებული, რომლის მიხედვითაც, თითქოს ფრანსის პრიმერსკის საქართველოში დარჩენა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმიანობას დაბრკოლებები ექმნება. პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა, მათ შორის, ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის, საზღვრის კვეთის შეზღუდვის, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარისა და უკვე გაცემული ნებართვის გაუქმების სახით. აღნიშნული შემთხვევები აჩენს კითხვებს მსგავსი გადაწყვეტილებების სამართლებრივი საფუძვლებისა და მათი შესაძლო გავლენის შესახებ ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმიანობაზე. ამ შემთხვევებს CMIS დეტალურად აღწერს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, გამოცემა “გურიის მოამბესა” და მის მფლობელს, ვლადიმერ მენაბდეს სასამართლოში უჩივის. მინისტრი გამოცემას მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, გავრცელებული განცხადებების უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მინისტრი აცხადებს, რომ უკვე მიმართა სარჩელით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
მინისტრის განცხადებით, საინფორმაციო სააგენტომ და მისმა მფლობელმა 18 აგვისტოს და მომდევნო დღეებში ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც გურიის სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.
საქმე ეხება “გურიის მოამბის” მიერ 18 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა “გივი მიქანაძემ საკუთარი სახლის მშენებლობა საბავშვო ბაღში დაიწყო”.
“საქმეში სახეზეა ცილისწამების ნიშნები. გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა მცდარ ფაქტებს, რომლებიც ზიანს აყენებს ჩემს ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და მიზნად ისახავს კანონიერი ინტერესების დაზიანებას”, – აცხადებს გივი მიქანაძე.
კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დისკრედიტაციული გზავნილები კვლავ ვრცელდება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე პროსამთავრობო მედიასაშუალებების მხრიდან.
ინფრასტრუქტურის მინისტრი ხადის ხეობაში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ადგილზე, პროსამთავრობო ტელევიზიებთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტი მოჰყვა „მთის ამბების“ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც პროექტის მშენებლობისას გამოვლენილ მძიმე დარღვევებს ეხებოდა. „მთის ამბების“ განმარტებით, სამინისტრომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიას მხოლოდ წინა საღამოს მიაწოდა, რის გამოც გამოცემამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებები ისე წარმოჩნდა, თითქოს კრიტიკული მედია პროექტით არ ინტერესდება და მას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს.
პარალელურად, პროსამთავრობო რადიო „აი უცნობმა“ გაავრცელა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო, რომელშიც კრიტიკული მედიების ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრისთვის შეკითხვების დასმას ცდილობენ, ხოლო პრემიერი ამ დროს პიანინოზე უკრავს. ვიდეოს თან ერთვის ტექსტი: „პრემიერ-მინისტრი და ჟჟჟურრნალისტები – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
ორივე ეპიზოდი კრიტიკული მედიის მიმართ დისკრედიტაციული რიტორიკის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს. მსგავსი გზავნილები ამცირებს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ლეგიტიმურობას, მათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უსაფუძვლო კრიტიკად ან ხელის შეშლად წარმოაჩენს და ხელს უწყობს კრიტიკული მედიის მიმართ მტრული გარემოს გაძლიერებას. საქართველოში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია ხელისუფლების და მათთან აფილირებული აქტორების მხრიდან ტენდენციური ხასიათისაა.
კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომლებიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, მეორედ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმის ოდენობა 5,000 ლარია.
საქმე განიხილებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებების საფუძველზე, რომლითაც მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირება გამკაცრდა. ახალი წესები, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოზიციის გამოხატვის შეზღუდვას, პასუხის უფლების ახალ რეგულირებასა და ფარული ჩაწერის სტანდარტების განსაზღვრას ეხება.
მონიტორინგი 27-28 ივლისის საინფორმაციო გამოშვებებს შეეხებოდა. ComCom-ის შეფასებით, საინფორმაციო გამოშვებებში გამოვლინდა ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები. კომისიამ სადავოდ მიიჩნია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „დიდი ნადირობა მოაწყო“, „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“, „აქტივისტებზე ნადირობა“, „პოლიციას ნერვებმა უმტყუვნა“ და სხვა. კომისიამ დარღვევად შეაფასა 27 ივლისის 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი „ხალხის დაკავება დაიწყო“. ComCom-ის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ პოლიციელების საუბრის ინტერპრეტაცია „არაჯეროვანი სიზუსტით“ იყო გადმოცემული.
ამ დროისთვის შინაარსობრივი რეგულირების ფარგლებში ორ-ორი ჯარიმა აქვთ “TV პირველსა” და „ფორმულას“. თუ კომუნიკაციების კომისია “TV პირველის” მიმართ კვლავ დაადგენს დარღვევას, მას ექნება უფლებამოსილება, იმსჯელოს მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერებაზე ან დააკისროს გაზრდილი ჯარიმა – არანაკლებ 10,000 ლარისა და არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” შეფასებით, ComCom განაგრძობს ტელევიზიებზე ზეწოლას „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი ტერმინოლოგიის გამოყენების შეზღუდვის მიზნით. ქარტია მიიჩნევს, რომ 2025 წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ კომისია პროაქტიული მედიამონიტორინგის მექანიზმს სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს და ტელევიზიებს დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე უარის თქმას აიძულებს.
ტელეკომპანია „იმედმა“ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ბარათი, რომლითაც “რადიო თავისუფლების” დისკრედიტაციას ცდილობს. ქარდში მედიასაშუალება მოხსენიებულია როგორც „უცხოეთიდან დაფინანსებული რადიო თავისუფლება“ და ნათქვამია, რომ ის სასკოლო ფორმების რეფორმის გაკრიტიკებას ცდილობს.
„იმედი“ დისკრედიტაციულ კონტექსტში ახსენებს “რადიო თავისუფლების” რესპონდენტსაც, სექსოლოგ ეკა კვირკველიას, და მას „კამიტის“ საქმესთან დაკავშირებული პირის მეუღლედ მოიხსენიებს.
“იმედის” ბარათი ეხმიანება პროსამთავრობო მედიაში დამკვიდრებულ ნარატივს, რომელიც კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების „უცხოეთიდან დაფინანსებულად“ წარმოჩენასა და მათი სარედაქციო საქმიანობის დისკრედიტაციას ემსახურება.