ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი, სიუჟეტის ავტორი ნატუკა ლომაძეც დაიბარეს. ჟურნალისტის გამოკითხვა სამ საათს გაგრძელდა.
“გამომძიებელს აინტერესებდა, მე, როგორც ჟურნალისტმა, როგორ ვიმუშავე ამ რეპორტაჟზე. ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვისთანაც მქონდა მცდელობა იმ ინფორმაციის გადამოწმების, რაზეც ჩვენი წყარო გვიყვებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრი იყო”, – ამბობს “მედიაჩეკერთან” ჟურნალისტი.
2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ – სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდარავას განცხადება. იგი “ფორმულას” მის მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. საქმე ეხება „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს. ამ სიუჟეტების წყაროს მონათხრობით, გოგა ხაინდრავას თანხის სანაცვლოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.
იგივე საქმის ფარგლებში პროკურატურაში გადაცემის ავტორი და წამყვანი, დავით ქაშიაშვილიც გამოკითხეს.
იგივე სიუჟეტების გამო, გოგა ხაინდრავას “ფორმულას” წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც აქვს. იგი ტელეკომპანიას უჩივის ცილისწამებისთვის და მორალური ზიანის ასანაზრაირებლად 10 ათას ლარს ითხოვს.
2026 წლის 1 ივლისს, საგამოძიებო სტუდია “მონიტორის” ონლაინ პლატფორმებზე კოორდინირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მედიასაშუალება შეტევის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება – “ტრამპ თაუერი” თბილისში – ონლაინ კაზინოების თაღლითური ქსელი და რუსული კავშირები”. გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებლების ჯგუფმა დაიწყო ყველა იმ მასალის “დერეპორტება” youtube-სა და facebook/instagram-ზე, რომლებიც შეეხება არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული სამშენებლო კომპანიების შესაძლო კავშირებს. ამ თემაზე, ბოლო პერიოდში, “სტუდია მონიტორმა” ორი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.
“კოორდინირებული კიბერ-შეტევის შედეგად META-მ შეგვატყობინა, რომ მათი პლატფორმიდან წაიშალა “მონიტორის” რამდენიმე მასალა, ხოლო “იუთუბიდან” – ერთი ვიდეო, რომლებიც შეეხება სწორედ არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული კომპანიების კავშირებს. ამასთან სხვადასხვა თაღლითურ ქსელებთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან მივიღეთ წერილი, რომლითაც, მოთხოვნილია ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების აღება “მონიტორის” ვებგვერდიდან”, – ვკითხულობთ გამოცემის განცხადებაში.
“მონიტორმა” გაასაჩივრა “იუთუბისა” და “მეტას” გადაწყვეტილებები, ასევე, ცდილობს გაარკვიოს, ვინ დგას ამ კოორდინირენული შეტევის უკან.
ტელეკომპანია “ფორმულას” საგამოძიებო გადაცემის, “შაბათის ფორმულას” ჟურნალისტს ქეთი თუთბერიძეს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შემთხვევა ქალაქ გორში მოხდა, სადაც ჟურნალისტი პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე ამზადებდა საგამოძიებო რეპორტაჟს. სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტს ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელის სახლთან, დაბურულ მინებიანი მანქანით უცნობი პირი ხვდება, პოლიციელს იცავს, ჟურნალისტს კი აგინებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
1 ივნისს, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “რუსთავი 2-ის” ტელედებატებში, საგამოძიებო სტუდია “მონიტორი” “სიცრუის გამავრცელებელ” მედიად მოიხსენია. სტუდიის ერთ-ერთ ჟურნალისტს კი “უვიცი” და “გაუნათლებელი” უწოდა.
“რუსთავი 2”-ის დებატების თემა დედაქალაქის გამოწვევები იყო. თბილისის მერის გაღიზიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა ობოლაძის შეკითხვას მოჰყვა, რომელიც მერის მოადგილეების, კერძოდ, ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის კორუფციულ გარიგებებს შეეხებოდა.
“მოიშველიებდა სტუდია “მონიტორს”, რომელიც შეიმჩნევა სიცრუეში, სიყალბეში. ჩემთან დაკავშირებითაც, სხვათაშორის, რამდენჯერმე. ახლა, ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტი პირდაპირ ტყუილში გამოვიჭირე და ვამხილე… ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ კეთდება სიყალბე საქართველოში. ვიღაცა უვიცი, გაუნათლებელი, გამოთქვამს ბრალდებებს, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, გამოთქვამს ბრალდებებს, შემდეგ ამას იტყვის პოლიტიკოსად წოდებული ელემენტი, და შენ უნდა გამოხვიდე და იმართლო თავი”, [ტაიმკოდი: 1:05-1:06]- ამ პასუხით სცადა კითხვაზე პასუხისთვის თავის არიდება თბილისის მერმა.
სტუდია “მონიტორს” თბილისის მერთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებზე არაერთი გამოძიება აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის, ირაკლი ხმალაძეზე. ერთ-ერთი ბოლო ფილმიც, რომელიც 8 მაისს გამოქვეყნდა, კახა კალაძის მეგობრის, გიორგი ბარვენაშვილის სამშენებლო ბიზნესებს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე გამოირჩევა ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი და არანორმატიული ლექსიკით. CMIS-ის ამგვარი არაერთი შემთხვევა აქვს აღწერილი.
6 ივნისს საღამოს, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს, რომელიც “შაბათის მარშს” აშუქებდა, ფილარმონიასთან უცნობი პირი თავს დაესხა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ დაარტყა და სახე დაუზიანა. თავდამსხმელი “გლოვოს” ჩანთით იყო და სკუტერით გადაადგილდებოდა. იგი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცველების რეაგირება დაგვიანებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. მომხდარიდან მალევე, მედიით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თავდამსხმელი პოლიციელებთან ერთად, ხელბორკილების გარეშე.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მოუწოდებს შსს-ს კანონის შესაბამისად დასაჯოს ჟურნალისტზე თავდამსხმელი და გამოიჩინოს ძალისხმევა ჟურნალისტებისთვის უსაფრთო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. “პოლიციის გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი დანაშაულების მიმართ ახალისებს ძალადობას – აგრესიული პირები ჟურნალისტებს იოლ სამიზნედ მიიჩნევენ”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ჟურნალისტები გიორგი ახალკაცი (“ქართლის ამბები”) და ლადო ბიჭაშვილი (ტელეკომპანია “ფორმულა”), რომელთაც შიდა ქართლში, გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტი გადაიღეს, პროკურატურაში, გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტებმა, საგამოძიებო უწყებაში, რამდენიმე საათი გაატარეს.
27 მაისს, გორში, კომბინატის დასახლებაში, ათამდე პოლიციელი დაკავებისას სასტიკად გაუსწორდა ორ ადგილობრივ მოქალაქეს. ჟურნალისტებმა ცემის კადრები საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადაიღეს, ისინი, სრულიად შემთხვევით შეესწრენ მომხდარს. ვიდეომასალის საჯარო ქსელებში გავრცელებას, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა და სამართალდამცავი უწყება იძულებული გახდა, მომხდარზე გამოძიება დაეწყო.
პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან, ძალადობით, უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების მუხლით დაიწყო. 28 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ მომხდარზე ექვსი სამართალდამცველი დააკავეს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედისთვის“ აკრედიტაციის ერთი წლით შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იმსჯელებს, გავრცელდეს თუ არა საქართველოში მსგავსი წესები.
პაპუაშვილის განცხადება მედიისთვის პარლამენტში დაშვების წესების შესაძლო შემდგომ გამკაცრებას ეხება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესები ბოლო პერიოდში უკვე არაერთხელ გამკაცრდა, მათ შორის 2026 წლის იანვარში.
„ვნახეთ ევროპარლამენტში, სხვა ქვეყნებიც ვნახეთ, ყველაზე მსუბუქი წესები არის ჩვენთან შემოღებული. აი, ხომ ნახეთ, თურმე რა ყოფილა ევროპარლამენტის წესი ვიფიქრებთ აუცილებლად, რომ ჩვენთანაც იგივე წესები გავრცელდეს თუ არა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ევროპარლამენტის გადაწყვეტილება „თავისუფალი მედიის წინააღმდეგ“ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და თქვა, რომ „ბრიუსელი საბჭოთა კავშირს ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს“.ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაასანქცირა, აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა მას საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა. ხოლო, მოლდოვამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია არ მისცა სამ სამთავრობო არხს – „იმედს“, „რუსთავი 2-სა“ და „პოსტივის“.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 8 თვის ორსული ჟურნალისტი, გერმანიის მოქალაქე მარინა კლიმჩუკი საქართველოში არ შემოუშვეს. 11 მაისს ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს და განუცხადეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 5,000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი. კლიმჩუკმა თითქმის 24 საათი აეროპორტის დროებითი მოთავსების ოთახში გაატარა. მისი თქმით, ოთახში არც საბანი იყო და არც ბალიში. საკვების შესაძენად ის სამართალდამცავის თანხლებით გაიყვანეს, თუმცა ადგილზე ჭამის უფლება არ მისცეს და ოთახში დააბრუნეს. თითქმის 24-საათიანი ლოდინის შემდეგ კლიმჩუკი უკან, გერმანიაში გააბრუნეს.
კლიმჩუკი ამბობს, რომ ჯარიმის შესახებ მანამდე ინფორმაცია არ ჰქონდა და აეროპორტში საჯარიმო ოქმი არ უჩვენებიათ. მისი თქმით, ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი შესაძლოა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ჟურნალისტი გასულ წელს საქართველოში ყოფნისას მუშაობდა სტატიებზე, მათ შორის ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
კლიმჩუკის განცხადებით, ის მზად იყო ე.წ. ჯარიმის გადასახდელად და მესაზღვრეების მიერ მითითებულ ანგარიშზე 3,000 ლარიც გადარიცხა, თუმცა მოგვიანებით უთხრეს, რომ თანხის გადახდას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ქვეყანაში მაინც არ შემოუშვებდნენ. გადარიცხული თანხა მას უკან დაუბრუნეს.
ჟურნალისტის ადვოკატი მარიამ ჯიქია აცხადებს, რომ კლიმჩუკს არ მიაწოდეს საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის საჯარიმო ოქმი, ხოლო ქვეყანაში შემოსვლაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიზეზად მიუთითეს მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა. ადვოკატის თქმით, გეგმავს მიმართოს სახალხო დამცველს 8 თვის ორსული ქალის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესასწავლად.
პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ელისო ჯარიაშვილი. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვა მოთხოვნილია, მისი “ფორმულას” ეთერში გასული სიუჟეტიდან გამომდინარე. კერძოდ, “ფორმულამ” საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის შესახებ, რომელიც 2024 წლის ნოემბრის მასობრივი აქციების დროს მოხდა. როგორც ცნობილია, ტელეკომპანია “ფორმულამ” სავარაუდოდ გაარკვია თავდამსხმელის ვინაობა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტ-ის თანამშრომელმა გაამხილა.
ელისო ჯარიაშვილის თქმით: “მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად, შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება”, – მაინც მივა საგამოძიებო უწყებაში.
2024 წლის 29 ნოემბერს ნიღბიანმა სამართალდამცავმა ჟურნალისტ გურამ როგავაზე პირდაპირი ჩართვის დროს იძალადა. როგავა დაზარალებულად ცნეს 2024 წელს, თუმცა გამოძიებას თავდამსხმელი არ დაუდგენია.
“ფორმულას” სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამ თანამშრომელს. მათგან ერთი-ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. მათ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.
6 მაისს, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ჟურნალისტი გურამ როგავა.
„ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათზე გამომკითხავენ“ – დაწერა გურამ როგავამ სოციალურ ქსელში.
პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ელისო ჯარიაშვილიც. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვა მოთხოვნილია მისი “ფორმულას” ეთერში გასული სიუჟეტიდან გამომდინარე. კერძოდ, ჯარიაშვილმა საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის შესახებ, რომელიც 2024 წლის ნოემბრის მასობრივი აქციების დროს მოხდა. “ფორმულამ” სავარაუდოდ გაარკვია თავდამსხმელის ვინაობა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა გაამხილა.
2024 წლის 29 ნოემბერს, ნიღბიანმა სამართალდამცავმა გურამ როგავაზე მაშინ იძალადა, როდესაც იგი აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა.
გურამ როგავა დაზარალებულად მალევე ცნეს, თუმცა გამოძიებას თავდამსხმელი არ დაუდგენია.
“ფორმულას” ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამ თანამშრომელს – მათგან ერთი ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. მათ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.