28 ნოემბრიდან დღემდე, აქციების გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლების დაშავების, დაკავების და მუშაობაში ხელშეშლის 97 შემთხვევა დაფიქსირდა [განახლებადი]

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს ქალაქებში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაკავების, ტექნიკის ჩამორთმევის ან/და დაზიანების 97 შემთხვევა დაფიქსირდა.

აქციაზე მყოფი მედიის წარმომადგენლების მონათხრობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მათ მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ ფიზიკურად, უზიანებდნენ ტექნიკას, დამიზნებით ესროდნენ სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზის ტყვიებს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს.

იყო შემთხვევები, როდესაც მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ დაუდგენელი პირები და მიაყენეს დაზიანებები ან წაართვეს და დაუზიანეს ტექნიკა.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა შემდეგ ინციდენტებს:

17 დეკემბერი

► 17 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს, ნიკო კოკაიას, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  “ვესვრი ამას, ჭიქას ვესვრი” – ამბობს უცნობი პირი ჟურნალისტის მისამართით, რომელიც იმ წუთებში პირდაპირ ეთერში მუშაობს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციას მომხდარ ფაქტზე რეაგირება არ აქვს. ჟურნალისტი ცდილობს შემთხვევის ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჰკითხოს, რატომ არ აკავებენ აგრესიულად განწყობილ პირს. ამ დროს უცნობი პირი ჟურნალისტის მისამართით იგინება. მოგვიანებით, ტელეკომპანიამ კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ პირი, რომელიც აგრესიული იყო გადამღები ჯგუფისადმი, სამართალდამცველებმა საჩვენებლად დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

16 დეკემბერი

► 16 დეკემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. პოლიციის უფროსმა ეთერ თურაძეს ხელი შეუშალა მუშაობაში, – ძალის გამოყენებით დაატოვებინა ის კონკრეტული ადგილი, სადაც აქცია მიმდინარეობდა.  იმავე აქციაზე ეთერ თურაძეს აგრესიულად მიმართა კიდევ ერთმა სამართალდამცველმა  – ბათუმის პოლიციის უფროსმაც. ვიდეომასალაში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა, ჩანს, რომ სამართალდამცავი “ბათმელების” რედაქტორს უპატივცემულოდ მიმართავს. “თქვენ ქართული საუბარი გესმით? გადაიწიე რომ გეუბნებიან” – ეუბნება პოლიციელი ეთერ თურაძეს.

► 16 დეკემბერს, ფოთის ადგილობრივი ტელეკომპანიის, “მე-9 ტალღის” დირექტორი გერმანე სალია, საპატრულო ეკიპაჟმა, 1000 ლარით დააჯარიმა “ავტომობილით ჯგუფურ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისთვის”. „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ (JRC)  ინფორმაციით, საუბარია 13 დეკემბერს, ფოთში გამართულ საპროტესტო მსვლელობაზე, რომელსაც გერმანე სალია მიყვებოდა და აშუქებდა, როგორც მედიის წარმომადგენელი. გერმანე სალია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთანაც” განმარტავს, რომ ის მსვლელობაში კი არ მონაწილეობდა, არამედ, ავტომობილით მიჰყვებოდა დემონსტრანტებს გადასაღებად.

7 დეკემბერი 

► 7 დეკემბერს, გვიან საღამოს, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, უცნობი პირები დაესხნენ თავს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში მუშაობდა. ისინი აშუქებდნენ როგორ უსაფრდებოდნენ და ესხმოდნენ უცნობი პირები თავს მოქალაქეებს. ვიდეომასალაში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა, ჩანს, რომ უცნობი, ნიღბიანი პირი მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ეპარება, თავში ურტყამს და შემდეგ ძირს აგდებს. პარალელურად, რამდენიმე ადამიანი სასტიკად უსწორდება  ძირს დაცემულ ოპერატორს გიორგი შეწირულს. გადამღებ ჯგუფს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.  “მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით”- ამბობს მაკა ჩიხლაძე. საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება.

► 7 დეკემბერს “პალიტრანიუსის” ჟურნალისტს, რომელიც მობილური ტელეფონით იღებდა აქციის დაშლის კადრებს, სპეცრაზმელმა ხელი შეუშალა მუშობაში. ვიდეომასალაში, რომელიც “მთავარმა არხმა” გაავრცელა, ჟურნალისტი ამბობს, რომ ის პირდაპირ ეთერში,  მაუწყებლობდა, რა დროსაც, სპეცრაზმელმა მას  ტელეფონი წაართვა და გადაუგდო. ამ დროს ჟურნალისტს თან ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, ჟურნალისტის ბეჯი. 

► 7 დეკემბერს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ყორშიას დაკავებისას გაუსწორდნენ ფიზიკურად. ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. “ბექა ყორშია დააკავეს ელბაქიძის დაღმართზე, სადაც უბრალოდ მოძრაობდა სპეცდანიშნულების რაზმი და სრულიად უკანონოდ დააკავეს. ამის შემდეგ ის 4 საათის განმავლობაში უბრალოდ დაგვიმალეს და ვერ მოვახერხეთ ვერანაირი კონტაქტი და ინფორმაციის მოძიება. არ მოგვეცა საშუალება დაცვის უფლების განხორციელების” – განაცხადა ბექა ყორშიას ადვოკატმა.

► 7 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” ჟურნალსიტ დეა მამისეისშვილს.

► 7 დეკემბრის გამთენისას “JRC”-ის გადამღები ჯგუფი საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის და ძალადობრივი მეთოდებით დემონსტრანტების დაკავების პროცესს იღებდა, რა დროსაც,  სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მათ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და  დაკავებაც სცადეს.  აღნიშნულის ამსახველ ვიდეო კადრებს “JRC” ავრცელებს.

► 7 დეკემბრის ღამეს, „კავკაზკი უზელის“ ჟურნალისტი ბესლან კმუზოვი დააკავეს. კმუზოვის თქმით, ის მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირზე მყოფ სპეცრაზმელებს ფოტო გადაუღო. სპეცრაზმმა კმუზოვს ტელეფონიც ჩამოართვა. სასამართლომ ჟურნალისტს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ის 9 დეკემბერს გაათავისუფლეს.

6 დეკემბერი 

► 6 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, ნათია ამირანაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა ავრცელებს. ისინი აქციის მონაწილეების დაკავების კადრებს იღებდნენ, როცა სამართალდამცავებმა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს.

► 6 დეკემბერს საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, ცისფერ გალერეასთან „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს ფიზიკურად გაუსწორდა უცნობი პირი.ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას იქვე მდგომი პირები მოძალადის დაკავების თხოვნით მიმართავენ და სამართალდამცავები არ რეაგირებენ. გაბაძეს დაზიანება სახის არეში აქვს მიღებული. ჟურნალისტი აცხადებს, რომ უცნობ პირს უთხრა რომ ჟურნალისტია, თუმცა ისინი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მინდია გაბაძემ დაზიანება 29 ნოემბერსაც მიიღო, როცა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლას აშუქებდა.

4 დეკემბერი

► 4 დეკემბერს აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შედეგად   „ფორმულას“ ოპერატორი, თედო ქვაჩახია დაშავდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. 

► 4 დეკემბერს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე “პირველი არხის” ოპერატორი, ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. მას ხელი დაუზიანდა , რის გამოც  კლინიკაში გადაიყვანეს. პირველი არხის ინფორმაციით,  მას პიროტექნიკა ესროლეს.

► 4 დეკემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არხის  ჟურნალისტს, ლუკა ტყებუჩავას, სპეცრაზმელებმა გაზის კაფსულა ორჯერ დამიზნებით ესროლეს.

► 4 დეკემბერს “TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას ძალოვნებმა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე სიტვყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა კი ტელეკომპანიის კამერა დაამტვრია.

► 4 დეკემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” შავებში ჩაცმულმა სამართალდამცველმა, რომელსაც შესაბამისი აღმნიშვნელი ატრიბუტიკა არ ჰქონდა, ხელი ჰკრა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სცადა. ჟურნალისტი კრიმინალური პოლიციის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ალეკო ელისაშვილისა და ზურაბ დათუნაშვილის დაკავებებას აშუქებდა პირდაპირ ეთერში.

3 დეკემბერი 

► 3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის  ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას, სამართალდამცველების მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შემდეგ  დაშავდნენ ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი  თეონა ხუბულავა და ორი ოპერატორი – ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკლაშვილი. მათ ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

► 3 დეკემბერს “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტს, ნინო რამიშვილს, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილის ცემის კადრებს იღებდა, სპეცრაზმელმა ტელეფონი წაართვა. ჟურნალისტის თქმით, მას ეკეთა პრესის საიდენტიფიკაციო ნიშანი და ასევე არერთხელ უთხრა, რომ წარმოადგენდა მედიას, თუმცა, ტელეფონი მას მაინც არ დაუბრუნეს.

► 3 დეკემბერს “TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს დაზიანდა  ტელეკომპანიის სამაუწყებლო აპარატურა, მათ შორის გამოსაყენებლად უვარგისია პირდაპირი ტრანსლაციის კამერა.

► 3 დეკემბერს “ჩაიხანას” ჟურნალისტს ნატალი ჩხარტიშვილს, მუშაობის პროცესში, ხელიდან გააგდებინეს Handycam–ი, რომლითაც ის აქციის მონაწილეების დაკავების კადრებს იღებდა. ასევე, უყვიროდნენ, რომ გამოერთო კამერა.

► 3 დეკემბერს “მთავარი არხის” ოპერატორი გივი მჭედლიშვილი მუშობის პროცესში შეუძლოდ გახდა. პირდაპირ ეთერში მუშაობისას ისმის ამავე არხის ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს სთხოვს, თუ ვინმეს აქვს ფიზიოლოგიური ხსნარი, დაეხმარონ ოპერატორს.

► 3 დეკემბერს JRC-ის ოპერატორს ბაქარ ყვავაძეს, „მედიაჩეკერისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, გაზის კაფსულა წვივში მოხვდა.

2 დეკემბერი 

► 2 დეკემებრს აქციის დაშლის დროს, მეტრო “რუსთაველში”, პოლიციამ დააკავა ონლაინგამოცემა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი პოლიციელებს ეუბნება, რომ ჟურნალისტია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც აკავებენ.

► 2 დეკემებრს მეტრო „რუსთაველთან“ აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, რა დროსაც პოლიციელმა მას ხელი ჰკრა და ტელეფონი გააგდებინა, რომლითაც ის ვიდეოს იღებდა.

► 2 დეკემებრს OC MEDIA-ს რედაქტორი  მარიამ ნიკურაძე პოლიციელმა კედელს მიანარცხა, რა დროსაც დაზიანდა ჟურნალისტის კამერაც. მარიამ ნიკურაძე რამდენიმე დღის წინაც დაზარალდა საპროტესტო აქციის გაშუქებისას.
 

► 2 დეკემებრს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხში დაიჭრა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი. ტელეკომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს, სავარაუდოდ, ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

► 2 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი გიორგი ნერგაძე. მას ადგილზე სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება.

► 2 დეკემბერს აქციაზე დაშავდა „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. ჟურნალისტის თქმით, მას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს. ოპერატორს ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება. ასევე, „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, კოკაიასთან ერთად, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილიც.

► 2 დეკემბერს ბესიკის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრში შესული მოქალაქეების დაკავებას იღებდა  “TV პირველი“, როცა ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენლები დაემუქრნენ, უთხრეს, კადრები არ გადაეღო.
 

► 2 დეკემბერს ონლაინმედია “აპრილის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. ბასხაჯაური აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ.

► 2 დეკემბერს ასევე დაშავდა მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი – მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაშავებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ფაქტი სამი დღის წინ მოხდა.

► ონლაინ მედია “პუბლიკის” ინფორმაციით, აქციაზე ცრემლსადენი გაზით დაშავდა პროპაგანდისტული პრო-სამთავრობო მედიის POST TV-ის თანამშრომელი გურანდა ბილიხოძე.

1 დეკემბერი 

► 1 დეკემბერს აქციაზე დაშავდა პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოგრაფი “თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. არხის ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. 

► 1 დეკემბერს “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი სამართალდამცველი აგრესიული და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს.

► 1 დეკემბერს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაშავდა “TV პირველის” ოპერატორი გიორგი შეწირული. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს მძიმე დაზიანება აქვს ფეხის არეში. შეწირული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

► 1 დეკემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მათი გადამღები ჯგუფი მოჰყვა წყლის ჭავლში, რომელიც აქციის დასაშლელად იყო გამოყენებული.

► 1 დეკემბერს აქციაზე დაშავდა ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი. ის, სავარაუდოდ, აქციის დასაშლელად გამოყენებული გაზის გაშვების შედეგად გახდა შეუძლოდ.

► 1 დეკემბერს სპეცრაზმმა დააკავა „რადიო თავისუფლების“ პროდიუსერი ბექა ბერაძე. მედიის ცნობით, პროდიუსერი ნაცემია. ბექა ბერაძე საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. იგი აქციის სიახლოვეს იმყოფებოდა, როდესაც პოლიციელების ალყაში აღმოჩნდა. ბექა ბერაძემ ადვოკატს განუცხადა, რომ სამართალდამცველებს უთხრა, ჟურნალისტი ვარო, თუმცა მაინც დააკავეს.

► 1 დეკემბერს ონლაინგამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს ფოტოგრაფი ნიკოლოზ თაბუკაშვილი.

► 1 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ რეზინის ტყვიით დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე.

30 ნოემბერი 

► 30 ნოემბერს მძიმედ დაშავდა “TV პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ გაფრინდაშვილმა რამდენჯერმე გონება დაკარგა. ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტს შუბლიდან სისხლი სდის. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს.

► 30 ნოემბერს აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ “TV პირველის” ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს.

► 30 ნოემბერს ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სპეცრაზმმა ხელი დაარტყა და ტელეფონი წაართვა. ანა მსხალაძე ამბობს, რომ მოქალაქეების დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ. დაკარგულია მისი ტელეფონი.

► 30 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის გაშუქების დროს პოლიციამ იძალადა RealPolitika-ს ჟურნალისტ აკა ზარქუაზეც.10-მდე სპეცრაზმელმა წრეში მომაქცია და მირტყეს, სანამ არ მოჰბეზრდათ, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არაფერს ვამბობ. რაღაც ეტაპზე მეთაური მოვიდა, რომელიც ცდილობდა ბეიჯი პირში ჩაეტენა. საბედნიეროდ ტელეფონი ვერ წამართვეს და ლაივი დევს RealPolitika-ს გვერდზე. ვიდეოში სამწუხაროდ ფიზიკური ანგარიშსწორების ერთი სერია ჩანს, მეორეს დროს ტელეფონი ჯიბეში მედო და ვერ გადაიღო. აირწინაღი წამართვეს. კიდევ კარგი ჩაფხუტი მეკეთა“, – წერს ჟურნალისტი.

► 30 ნოემბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფს, გიორგი გამგებელს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ფოტოგრაფს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურაც. “ფეხი მომტეხეს, მირტყეს ყველა, აპარატი მომწყვიტეს და წამარათვეს, ხალხმა ძლივს მიმათრია სასწრაფომდე“, – წერს ფოტოგრაფი.

► 30 ნოემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, სპეცრაზმელები თავს დაესხნენ ჟურნალისტს, ნუცა ბახუტაშვილსა და მის ოპერატორს, ირაკლი ბართავას. ტელეკომპანიის მიხედვით, ჟურნალისტმა მიიღო ტვინის შერყევა.

► 30 ნოემბერს აქციაზე დაშავდა პირველი არხის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი.

► 30 ნოემბერს ფიოდორ ხუდოკორმოვი, რუსი ჟურნალისტიPaper Kartuli-ის ინფორმაციით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებს აწვებოდა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სავარაუდოდ ძალოვანმა, მას ხელი ჰკრა.

29 ნოემბერი 

► 29 ნოემბერს მძიმედ დაშავდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მუშაობდა, რა დროსაც მას სპეცრაზმელმა დაარტყა, რის გამოც ჟურნალისტი დაეცა. მან  დაზიანებები მიიღო თავის არეში. კადრებში ჩანს ძირს დაცემული ჟურნალისტი, რომელსაც სისხლი სდის. მოგვიანებით იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქამდე როგავას, ასევე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, პოლიციელებმა მუშაობაში შეუშალეს ხელი. კადრებში, რომელიც ამ დროს ეთერში გადიოდა, ჩანს, რომ პოლიციელებს ჟურნალისტი იძულებით გაჰყავთ ტერიტორიიდან, ამავე დროს, ხელს აფარებენ კამერას და ხელს უშლიან გადაღებაში ოპერატორსაც.

► 29 ნოემბრის აქციაზე დაშავდა “ფორმულას“ ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე, ასევე ოპერატორი თედო ქვაჩახია. წიწაკის სპრეი შეასხეს  ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც.

► 29 ნოემბერს ტექნიკა დაუზიანდა ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციას აშუქებდა. ამის შესახებ თამარ თედიაშვილმპირდაპირი ჩართვისას თქვა.

► 29 ნოემბერს ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს, კამერა წაართვეს და სცემეს.  მოგვიანებით იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და შესამოწმებლად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. “ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ კორიდორში გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს,  ძირითადად, სახეში. წამართვეს კამერები, ბეიჯი, აირწინაღი. ასე ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს, იქ გამიკეთეს ბორკილები”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში. 

► 29 ნოემბერს “პუბლიკას” კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, პოლიციამ გადაღებაში ხელი შეუშალა და მისი ტელეფონის დალეწვა სცადეს.

► 29 ნოემბერს “პუბლიკას” ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს.

► 29 ნოემბერს მუშაობაში არაერთხელ შეუშალეს ხელი  “პუბლიკას” ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილს. გამოცემის ინფორმაციით, მას რამდენჯერმე დაარტყეს.

► 29 ნოემბერს “TV პირველის” ოპერატორს, ნიკო კოკაიას, ტელეკომპანიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა დამიზნებით სახეში წიწაკის სპრეი შეასხა.

► 29 ნოემბერს “TV პირველის” ოპერატორს, გიორგი შეწირულს,  სპეცრაზმის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც შეწირულთან ერთად მუშაობდა, ოპერატორს უკნიდან მიეპარა სპეცრაზმელი და დაარტყა.

► 29 ნოემბერს აქციაზე დაშავდნენ “TV პირველის” ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი. გადამღებ ჯგუფს და მათ რესპონდენტს სპეცრაზმმა პირდაპირ ეთერში დაუშინა დიდი რაოდენობით წყლის ჭავლი. ოპერატორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

► 29 ნოემბერს, ასევე, გაურკვეველი ნივთიერება შეასხეს სახეში “TV პირველის” ჟურნალისტ ანა მდივანს. მას  სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

► 29 ნოემბერს აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზით შეუძლოდ გახდნენ “მთავარი არხის” წარმომადგენლებიც. მათ შორის, ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი.

► 29 ნოემბერს “მთავარი არხის” ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ  საქმიანობაში ხელი შეუშალეს. პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ამავე არხის ჟურნალისტს დავით კობიძესა და ოპერატორს, ლუკა ბაჩილავას.

► 29 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ცნობით, აქციაზე ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე დავით ქორიძესა და სალომე ჩადუნელზე.

► 29 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ოპერატორებს, ილია რატიანსა და ზუკა ხიდაშელსხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში.

► 29 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” კიდევ ერთ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს გამთენიისას, დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევის დროს, სპეცრაზმელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა, მიწაზე დაგდების შემდეგ კი წიხლი.

► 29 ნოემბერს აქციის გაშუქებისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა “აჭარის ტელევიზიის” ჟურნალისტმა ნინო ლორჩოშვილმა. არხის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ სპეცრაზმის მხრიდან წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად გახდა ცუდად.

► 29 ნოემბერს წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში სამართალდამცავებმა ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს გივი ავალიანს.

► 29 ნოემბერს გამოცემა OC Media-ს დამფუძნებელს, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს წყლის ჭავლი მოხვდა. როგორც ნიკურაძე წერს, ის დავარდა, მისი კამერა კი დაზიანდა. ფოტოგრაფს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამართალდამცველები მუშაობას უკრძალავდნენ: “ორჯერ დამიგდო სპეცრაზმმა ტელეფონი ძალით, გვიკრძალავენ გადაღებას, გვაგინებენ ჟურნალისტებს”, – წერს მარიამ ნიკურაძე.

► 29 ნოემბერს JAMnews-ის რეპორტიორს იულია კალაბანს, რომელიც ცდილობდა გადაეღო კადრი, როგორ იღებდა  სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მოწყობილი ბარიკადებს, სამართალდამცველმა ხელი ჰკრა და ფეხში დაარტყა. რეპორტიორს პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფის დახმარება დასჭირდა.

► 29 ნოემბერს აქციის გაშუქებაში ხელი შეუშალეს „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს — ნინო წვერავასა და ნინო შუბითიძეს, ასევე ოპერატორს გიორგი ბარამიძეს. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველი ვიდეო ჟურნალისტმა ნინო წვერავამ სოციალურ ქსელ „X“-ზე გამოაქვეყნა.

► 29 ნოემბერს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა “პროექტ 64-ის” რედაქტორს გიორგი გოგუას. მას ფეხები ურტყეს. 

► 29 ნოემბერს წყლის ჭავლით დაშავდარუსთავი 2“-ის ჟურნალისტი. 

► 29 ნოემბერს სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტს ირაკლი მანაგაძეს.

► 29 ნოემბერს დაშავდა მედია “აპრილის” ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძეც.

► 29 ნოემბერს TOK TV-ს ჟურნალისტი ფილიპე წერეთელდაზარალდა გაზის კაფსულის სროლის შედეგად. ჟურნალისტი ჰყვება, რომ ცრემლსადენი ხელყუმბარები მიზანმიმართულად ისროლეს: ,,გამოუშვეს დაახლოებით 5 კაფსულა. ბესიკის ქუჩაზე, სადაც ჩვენ ვიყავით, მხოლოდ ჟურნალისტები იყვნენ, დაახლოებით 5-7 კაცი. იმ დროს იქ აქციის მონაწილეები არ იყვნენ.

► 29 ნოემბერის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჩართვის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი დაშავდა.

► 29 ნოემბერს „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ტელევიზიის – Current Time ოპერატორს გიორგი ჭუმბურიძეს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალეს ხელი.

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

2024 წლის 7 დეკემბერს, გვიან საღამოს, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, უცნობი პირები დაესხნენ თავს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში მუშაობდა. ისინი აშუქებდნენ როგორ უსაფრდებოდნენ და ესხმოდნენ უცნობი პირები თავს მოქალაქეებს.

ვიდეომასალაში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა, ჩანს, რომ უცნობი, ნიღბიანი პირი მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ეპარება, თავში ურტყამს და შემდეგ ძირს აგდებს. პარალელურად, რამდენიმე ადამიანი სასტიკად უსწორდება  ძირს დაცემულ ოპერატორს გიორგი შეწირულს. გადამღებ ჯგუფს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.  

“მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით”- ამბობს მაკა ჩიხლაძე.

საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება.

3-4 დეკემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 5 წარმომადგენელს

2024 წლის 3-4 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 5  წარმომადგენელს. 

  • აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შედეგად   „ფორმულას“ ოპერატორი, თედო ქვაჩახია დაშავდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და თავში დაზიანებების გამო კლინიკაში გადაიყვანე. მას ტვინის შერყევა აქვს.

  • რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე “პირველი არხის” ოპერატორი, ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. მას ხელი დაუზიანდა , რის გამოც  კლინიკაში გადაიყვანეს. პირველი არხის ინფორმაციით,  მას პიროტექნიკა ესროლეს. 

  • ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არხის  ჟურნალისტს, ლუკა ტყებუჩავას, სპეცრაზმელებმა გაზის კაფსულა ორჯერ დამიზნებით ესროლეს

  • “TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას ძალოვნებმა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე სიტვყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა კი ტელეკომპანიის კამერა დაამტვრია

  • ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” შავებში ჩაცმულმა სამართალდამცველმა, რომელსაც შესაბამისი აღმნიშვნელი ატრიბუტიკა არ ჰქონდა, ხელი ჰკრა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სცადა. ჟურნალისტი კრიმინალური პოლიციის მიერ ალეკო ელისაშვილისა და ზურაბ დათუნაშვილის დაკავებებას აშუქებდა პირდაპირ ეთერში. 

საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავებულთა სრული სია იხილეთ აქ:

გამოცემა Sova დომენის დაბლოკვისა და მისი სახელით რუსული პროპაგანდის გავრცელების შესახებ იუწყება

რუსულენოვან გამოცემა Sova News-ს 2024  წლის ივლისში დომენზე წვდომა დაებლოკა, ოქტომბრიდან კი, Sova-ს სახელით იგივე დომენიდან ვიღაცამ პრორუსული პროპაგანდის გავრცელება დაიწყო.

სარედაქციო განცხადებაში Sova მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მისამართი Sova.news, რომლითაც წლები სარგებლობდნენ, მათ აღარ ეკუთვნით. მუშაობის გასაგრძელებლად გამოცემამ ახალი დომენი Sovanews.tv აიღო.

“თუ ვიმსჯელებთ საიტის ახალი შინაარსით, რომელიც იყენებს ჩვენი იურიდიული პირის სახელს Sova.News, რესურსის ირგვლივ მანიპულაციების უკან რუსული პროპაგანდა დგას, რომელიც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი აუდიტორია”, – ვკითხულობთ სარედაქციო წერილში.

გამოცემა ამ დრომდე ცდილობს მომხდარის მიზეზების გარკვევას და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

ჟურნალისტებისთვის ხელშეშლა ქუთაისის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბრსსაქართველოში  საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის, ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები.

  • ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, მარი წაქაძეს და ოპერატორს, ბექა ქორჩილავას, ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე  საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. უბნის საარჩევნო კომისიის წევრის თქმით, ჟურნალისტი მათ ხელს უშლიდა მუშაობაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.

    ამ ფაქტის პარალელურად, ადგილზე მყოფი დაუდგენელი პირი ცდილობდა ჟურნალისტისთვის ხელი შეეშალა პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს; აღნიშნული პირი ხმამაღლა ლაპრაკობდა საარჩევნო უბნის შენობაში და ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ “ტყუილის საუბარში” უშლიდა ხელს. მის მიმართ კომისიის წევრებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მარი წაქაძემ პოლიციას მიმართა დახმარებისთვის, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.
  • “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძესა და ოპერატორ გიორგი კიკვაძეს ქუთაისის ორ საარჩევნო უბანზე შეუშალეს ხელი მუშაობაში. ჯერ ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ: სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო.

    მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა. შემდეგ, კი ქუთაისის 26-ე უბანზეც შეუშალეს. საარჩევნო უბანთან მყოფი პირებიდან, რომელიც ჟურნალისტის თქმით, მთელი დღის განმავლობაში იქ იყვნენ და „აკონტროლებდნენ სიტუაციას“, ერთ-ერთი ოპერატორს მიმართავდა ფრაზებით: „გაიტანე კამერა“, „ხელებს დაგამტვრევ“. ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ კი, პირი კამერას შეეხო და პირდაპირი ჩართვა გაითიშა.
  • cnews-ის ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს, ქუთაისში მე-2 საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაღიაზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მას ფიზკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.

“აჭარა თაიმსის” რედაქტორმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო

2024 წლის 11 ოქტომბერს, აჭარის ადგილობრივი მედიასაშუალების “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, სულხან მესხიძემ, პირად ტელეფონზე უცნობი პირებისგან მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სულხან მესხიძემ ხელისუფლება პირდაპირ ეთერში, Facebook Live -ში ამხილა, რომ გზა, რომელიც მათ გახსნილად გამოაცხადეს, სინამდვილეში დასრულებული არ იყო. 

საუბარია ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელებმა საზეიმოდ გახსნეს.  საღამოს კი გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ იყო.  “აჭარა თაიმსის” რედაქტორმა ეს შემთხვევა Facebook Live-ში გააშუქა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მის ტელეფონზე უცნობი პირებისგან შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გაგზავნა: 

“ბათუმის შემოვლითი გზიდან ლაივის დასრულების შემდეგ პირად ნომერზე მწერენ და შეურაცხყოფას მაყენებენ. თავს არ ვგრძნობ დაცულად, მაგრამ რა შეიძლება გააკეთო ამ ქვეყანაში? ნუ მირჩევთ 112-ში დარეკვას”, – დაწერა  მესხიძემ სოციალურ ქსელში.

მომხდარს გამოეხმაურნენ ორგანიზაციები: “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.

“მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“ჟურნალისტების დაშინება, როგორიცაა “აჭარა თაიმსის“ დირექტორის სულხან მესხიძის მიმართ საგანგაშოა”, – ნათქვამია “მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაში.

“მთის ამბების” რედაქტორის ოფისთან შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს

2024 წლის 31 მაისს, გამოცემა “მთის ამბების” თბილისის ოფისის ეზოში, სადაც ამ გამოცემის რედაქტორის საცხოვრებელი სახლიც არის, შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს (“უსამშობლო”, “გამყიდველი”, “მონა” – მსგავსი წარწერებით იყო აჭრელებული შენობის ფასადი).

“მთის ამბების” ცნობით, რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმავე დღეს მიმართა, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო. სამსახურმა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა.

გელა მთივლიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომელიც აქტიურად აშუქებს და აპროტესტებს ე.წ. რუსულ კანონს. იგი არაერთხელ გახდა თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნე, კერძოდ გელა მთივლიშვილის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის სიახლოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. პირველად მსგავსი ფაქტი 9 მაისს მოხდა, მაშინ, როდესაც პარლამენტი რუსულ კანონს განიხილავდა.

მომხდარს გამოეხმურა ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”:

“31 მაისის ინციდენტების ანალიზი მიუთითებს, რომ ორგანიზებული ვანდალიზმისა და სისტემური დაშინებით მმართველ პარტიას ორი მიზანი აქვს – ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მცდარი/ყალბი წარმოდგენა შექმნას მათ  მიერ ჩადენილი საქართველოს დამაზიანებელი აქტების შესახებ, მათ შორისაა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“ტაბულას” რედაქტორს უცნობი პირი დაესხა თავს

2024 წლის 16 მაისს, გვიან ღამით, 23:40 საათზე, თბილისში, ონლაინგამოცემა “ტაბულას” რედაქტორს, გიორგი ბადრიძეს, სახლისკენ მიმავალ გზაზე უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა. 

“კორპუსთან ახლოს უცნობი ადამიანი მომიახლოვდა, გამაჩერა და ვინაობას მეკითხებოდა, ვინ ხარო, სახელი რა გქვიაო. ძალიან აგრესიული იყო, მერე აბსოლუტურად უმიზეზოდ დამარტყა. ჩემგან საპასუხო აგრესია არ ყოფილა”, – აღწერს მომხდარს ჟურნალისტი გამოცემა “მედიაჩეკერთან”.

ბადრიძის განმარტებით, მან დახმარება გამვლელი მანქანის მძღოლს სთხოვა და საპატრულო პოლიციაც მალევე გამოიძახა. მომხდარზე შეტყობინება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე აპრილსა და მაისში რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე. 16 აპრილს, ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 3 მაისს, იგივე აქციის გაშუქებისას იგი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც აქტივისტების დაკავების კადრებს იღებდა. ბადრიძე დაკავებიდან რამდენიმე საათში, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოუწოდა გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ გიორგი ბადრიძეზე განხორციელებული თავდასხმის, მისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის და დაშინების ფაქტები.

“სტუდია მონიტორის” რედაქტორის მანქანა დააზიანეს, სახლის ფასადზე კი შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს

2024 წლის 9 მაისს კორპუსში, სადაც საგამოძიებო მედია “სტუდია მონიტორი” მდებარეობს, უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გააკრეს.

იგივე განმეორდა 10 მაისს, “სტუდია მონიტორის” დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის საცხოვრებელი სახლის ფასადზე. უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები გააკეთეს ზურიაშვილის კუთვნილ ავტომანქანაზეც.

“სტუდია მონიტორის” განცხადებით, “ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი “სტუდია მონიტორისა” და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა”.

“სტუდია მონიტორის” განცხადებით ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართეს საგამოძიებო უწყებებს. “ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას” – ნათქვამია განცხადებაში.

“TV პირველის” ჟურნალისტებს დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ

2024 წლის 9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას, დაუდგენელი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს უთვალთვალებდნენ “ტელეკომპანია პირველის“ შენობასთან. ტელეკომპანიის მენეჯმენტის აზრით, იყო იმის საფრთხეც, რომ ნიღბიანი პირები შენობაში შეჭრილიყვნენ.

ტელეკომპანიის ეთერში, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე პირდაპირი ეთერის საშუალებით ყვებოდა იმის შესახებ, რომ ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა სამართალდამცველები არ გამოჩენილან. ნოდარ მელაძის თქმით, 9 მაისის ღამეს, როდესაც უცნობი პირები უთვალთვალებდნენ ტელეკომპანიის ეზოში, რამდენიმე ჯგუფი გადაღებაზე იყო გასული. მისი თქმით, ეს პირები ჟურნალისტებისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო. 

უცნობმა პირებმა საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც კამერების ობიექტივში მოხვდნენ, ტერიტორია დატოვეს. საპატრულო პოლიცია კი, ადგილზე არ გამოჩენილა.