“სტუდია მონიტორი” ბოტების შეტევის ქვეშაა

საგამოძიებო მედიის, “სტუდია მონიტორის” განცხადებით, მათ ინსტაგრამ გვერდზე 19 ოქტომბრის ღამეს ბოტების შეტევა მიმდინარეობდა. 

“უკანასკნელი ღამის განმავლობაში, “სტუდია მონიტორს” 1000-ზე მეტმა ყალბმა ანგარიშმა შეუტია. ყალბმა გამომწერებმა ინსტაგრამის პოსტებზე ათობით კომენტარი დატოვეს. ასეთი შეტევები მიზნად ისახავს სოციალური პლატფორმების მწყობრიდან გამოყვანას” წერია სტუდია მონიტორის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მედია ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთხელ გამხდარა ციფრული თავდასხმის მსხვერპლი. აგვისტოში სტუდია მონიტორის ფეისბუქ გვერდი დაიბლოკა ყალბი საჩივრების საფუძველზე. იქამდე კი, მონიტორის YouTube არხი გახდა სამიზნე, რა დროსაც, ერთ ღამეში, ყალბი საჩივრების საფუძველზე წაიშალა “სტუდია მონიტორის” არხი YouTube-ზე. მოგვიანებით, “მონიტორმა” თავად გამოიძია არხის წაშლის საფუძვლები და აღმოაჩინა, რომ YouTube გაუქმდა ე.წ საავტორო უფლებების საჩივრის საფუძველზე. მედიამ გაარკვია, რომ საჩივრებში გადახდილი იყო 5,000 დოლარამდე თანხა.  ხოლო, უშუალოდ არხის გაუქმებაში მონაწილე პირი იყო ვინმე ადიტია სინგჰი, რომლემაც თავად აღიარა, რომ საჩივრის დაწერის სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღო, თუმცა დამკვეთი არ დაუსახელებია. 

გამოცემა “საქართველოს ამბები” კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა

გამოცემა “საქართველოს ამბების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოცემის საიტი – sakartvelosambebi.ge  კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. 

მთივლიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც მათი ვებგვერდები გატეხეს. “ვვარაუდობთ, ასე მარტივად იმიტომ გვერევიან, რომ საიტები ძველ ძრავებზეა აწყობილი. მინიმალური რესურსების გამო შესაბამისი პროგრამული განახლებები ვერ უზრუნველვყავით, რამაც თავდამსხმელებს საქმე გაუადვილა. ძალიან ამოგვიჩემეს და გვარიანადაც გვაზიანებენ”, – წერს მთივლიშვილი. 

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში დამოუკიდებელ კრიტიკულ გამოცემებსა და მათ პლატფორმებზე შეტევამ აქტიური სახე მიიღო.  საგამოძიებო მედია “მონიტორი”, ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა ასეთი კიბერთავდასხმის სამიზნე.

რეგიონული ონლაინმედია „საფიხვნო“-ს YouTube არხი გაითიშა

16 აგვისტოს რეგიონულმა ონლაინმედია „საფიხვნომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი YouTube-არხი წაიშალა. გამოცემა მაღალმთიანი რეგიონის ამბებზე მუშაობს, ამზადებს პოდკასტებსა და ვიდეომასალებს და გამოირჩევა კრიტიკული, პროევროპული სარედაქციო პოზიციით.

„საფიხვნოს“ განცხადებით, YouTube-არხი წელს შეიქმნა და მის განვითარებაზე არაერთი ადამიანი უსასყიდლოდ მუშაობდა. გამოცემის ცნობით, მნიშვნელოვანი შრომა ჩაიდო ვიდეომასალების, მათ შორის პოდკასტის მომზადებაში. მედიამ აუდიტორიას დახმარების თხოვნით მიმართა და განაცხადა, რომ არხის აღსადგენად სჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა ან YouTube-ის შესაბამის სამსახურთან დაკავშირების შესაძლებლობა.

არხის წაშლა დამატებით კითხვებს აჩენს რეგიონული და კრიტიკული ონლაინმედიის ციფრული უსაფრთხოებისა და მათი პლატფორმებზე წვდომის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

მესამე კიბერშეტევა “მონიტორზე” ბოლო ერთ თვეში – ამჯერად დაბლოკეს მედიის Facebook-ის გვერდი 

2026 წლის 3 აგვისტოს, დილით, საგამოძიებო მედია „მონიტორის“ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დაიბლოკა მათი Facebook-ის გვერდი.  „მონიტორმა“ Meta-სგან მიიღო შეტყობინება, თითქოს მათ საავტორო უფლებები დაარღვიეს. მედიამ „საავტორო უფლებების დარღვევა“ კატეგორიულად გამორიცხა. 

სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი გვერდის დაბლოკვას უკავშირებს ჟურნალისტურ გამოძიებას თაღლითური ქოლცენტრების შესახებ, რომელიც  დღეს უნდა გამოქვეყნდეს. მედიას ამის შესახებ ანონსი უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა. 

Meta-სთან კომუნიკაციის შედეგად, “მონიტორის” გვერდი იმავე დღეს, საღამოს აღდგა.  

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც “მონიტორის” პლატფორმები კიბერთავდასხმის სამიზნე ხდება. 25 ივლისს გაითიშა „სტუდია მონიტორის“ YouTube-არხი, რომელიც გასაჩივრების შემდეგ აღდგა.  1 ივლისს კი, Meta-მ წაშალა რამდენიმე მასალა “მონიტორის” Facebook-ზე,  Instagram-სა და YouTube-ზე. 

საგამოძიებო მედიის ონლაინ პლატფორმების დაბლოკვა, ყველა ჯერზე, გაურკვეველი ელექტრონული მისამართებიდან შესული საჩივრების გამო მოხდა. კიბერთავდასხმები დროში დაემთხვა მედიის მიერ გამოქვეყნებულ მწვავე საგამოძიებო ფილმებს. გასული ორი ტავდასხმისას, ერთ შემთხვევაში გამოძიების თემა იყო – ონლაინ კაზინოების თაღლითური ქსელისა და მათთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიების რუსული კავშირები. მეორე შემთხვევაში თბილისის მერის კახა კალაძის ოჯახსთან და მერის კორუფციულ გარგებებთან დაკავშირებული გამოძიებები. 

ამ კიბერთავდასხმების შემდეგ, “მონიტორმა” გაარკვია, რომ ონლაინ პლატფორმების დაბლოკვა მარტივად არის შესაძლებელი და თანხა, რასაც ამ მომსახრებაში იხდის დამკვეთი, 3-დან 5 ათას დოლარამდეა. მაგალითად, ეს თანხა გადაუხადეს “მონიტორის” YouTube-ს დაბლოკვაში ვინმე ადიტია სინგჰს. მან “მონიტორს” დაუდასტურა, რომ მათი YouTube-ის დაბლოკვა მას დაუკვეთეს, თუმცა, არ გაუმჟღავნა ვინ იყო დამკვეთი, რადგან რეალური კლიენტი მას სხვა „შუამავლის“ მეშვეობით დაუკავშირდა

„სტუდია მონიტორი“ მწვავე ჟურნალისტური გამოძიებებით გამოირჩევა. ამის გამო, ბოლო პერიოდში, ის არაერთხელ გახდა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმის სამიზნეც. 

რეგიონული მედია TOK TV კიბერშეტევის სამიზნე გახდა

რეგიონული მედია, TOK TV-ის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე მეორედ განხორციელდა კიბერშეტევა .

„ამ დროისთვის საიტი ხელმისაწვდომია ხარვეზებით, თუმცა ადმინისტრაციულ პანელში შესვლის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება, რომ სისტემა გატეხილია „CoupDeGrace“-ის მიერ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების შესწავლა და ინციდენტის სრული მასშტაბის შეფასება“, – წერს TOK2Region.

როგორც TOK TV-ში აცხადებენ, პრობლემა უკავშირდებოდა WordPress-ზე კიბერშეტევას და საიტის კომპრომეტირებას.

“სისტემაში აღმოჩნდა შეცვლილი WordPress Core ფაილები, მავნე PHP კოდი, უცნობი Administrator ანგარიშები და თვითნებურად დამატებული პლაგინები, რაც მიუთითებდა, რომ თავდამსხმელს საიტზე ჰქონდა persistent access / backdoor. პრობლემის აღმოსაფხვრელად ეტაპობრივად გაიწმინდა საეჭვო ფაილები და პლაგინები, წაიშალა უცნობი ადმინისტრატორები, შეიცვალა ადმინისტრატორების პაროლები და WordPress-ის უსაფრთხოების გასაღებები, განახლდა/ჩანაცვლდა Core ფაილები სუფთა ვერსიებით, ხოლო DISALLOW_FILE_MODS პარამეტრით შეიზღუდა WordPress-იდან ახალი პლაგინებისა და თემების თვითნებური დამატება”, –  აცხადებენ Tok TV-ში. 

ამ ეტაპისთვის პრობლემა ბოლომდე ჯერ არ არის აღმოფხვრილი. 

კოორდინირებული კიბერშეტევის მორიგი მცდელობის შედეგად “მონიტორის” YouTube არხი გაითიშა

25 ივლისს, საგამოძიებო მედია “მონიტორის” YouTube არხი გაითიშა.  გავრცელებულ განცხადებაში  მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ კოორდინირებული კიბერშეტევა განხორციელდა:

“YouTube-ზე გაასაჩივრეს (ე.წ. დაარეპორტეს) ჩვენი 3 მასალა: პირველი ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის Hermès-ის კოლექციას; მეორე მასალა შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს; მესამე კი არის ჩვენი ვრცელი ჟურნალისტური გამოძიების ნაწილი, რომელიც ეხება სიგარეტზე აქციზის ფასის ცვლილებას – ის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესინტერესებს აკმაყოფილებდა” წერია განცხადებაში.

„მონიტორი“ ამ ტიპის შეტევებს დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის მორიგ მცდელობად განიხილავს. “თუმცა, მსგავსი მეთოდებით ჩვენს საქმიანობას ხელს ვერ შეუშლიან“ – აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ “მონიტორის” სოციალურ ქსელებზე კოორდიბირებული შეტევა, მანამდე ივლისის დასაწყისში დაფიქსირდა, როცა Meta-მ “მონიტორის” რამდენიმე მასალა ე.წ რეპორტების შემდეგ წაშალა. როგორც “მონიტორის” განცხადებაშია აღნიშნული, Meta-მ საჩივრის შემდეგ, აღადგინა მასალები.

ამჯერად, “„მონიტორის“ გუნდი აქტიურად მუშაობს კოორდინირებული შეტევით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად და არხის (იგულისხმება Youtube)დროულად აღსადგენად” წერია განცხადებაში.

კოორდინირებული კიბერ შეტევა “სტუდია მონიტორის” ონლაინ პლატფორმებზე

2026 წლის 1 ივლისს, საგამოძიებო სტუდია “მონიტორის” ონლაინ პლატფორმებზე კოორდინირებული კიბერშეტევა განხორციელდა. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მედიასაშუალება შეტევის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება – “ტრამპ თაუერი” თბილისში –  ონლაინ კაზინოების თაღლითური ქსელი და რუსული კავშირები”.  გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებლების ჯგუფმა დაიწყო ყველა იმ მასალის “დერეპორტება” youtube-სა და facebook/instagram-ზე, რომლებიც შეეხება არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული სამშენებლო კომპანიების შესაძლო კავშირებს. ამ თემაზე, ბოლო პერიოდში, “სტუდია მონიტორმა” ორი  ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.

“კოორდინირებული კიბერ-შეტევის შედეგად META-მ შეგვატყობინა, რომ მათი პლატფორმიდან წაიშალა “მონიტორის” რამდენიმე მასალა, ხოლო “იუთუბიდან” – ერთი ვიდეო, რომლებიც შეეხება სწორედ არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული კომპანიების კავშირებს. ამასთან სხვადასხვა თაღლითურ ქსელებთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან მივიღეთ წერილი, რომლითაც, მოთხოვნილია ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების აღება “მონიტორის” ვებგვერდიდან”, – ვკითხულობთ გამოცემის განცხადებაში.

“მონიტორმა” გაასაჩივრა “იუთუბისა” და “მეტას” გადაწყვეტილებები, ასევე, ცდილობს გაარკვიოს, ვინ დგას ამ კოორდინირენული შეტევის უკან.

„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას აგრესიის სამიზნე გახდა

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ონლაინ გამოცემის დამფუძნებელი და ჟურნალისტი სულხან მესხიძე „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის არჩევნების გაშუქებისას აგრესიის სამიზნე გახდა.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი არჩევნების პროცესის გაშუქების დროს, ეზოში მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მესხიძისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს.

გამოცემის ცნობით, ადგილზე მყოფი პოლიციელები, ჟურნალისტის მიმართ აგრესიასა და ტელეფონის წართმევის მცდელობას ხედავდნენ, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.

„აჭარა თაიმსის“ განცხადებით, ვიდეოკადრების სრულყოფილად გადაღება ვერ მოხერხდა, რადგან მობილურის დაზიანების თავიდან არიდების მცდელობისას ჩაწერა შეწყდა. გამოცემის ცნობითვე, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს კენჭისყრის სივრცეში შესვლისა და გადაღების შესაძლებლობაც არ მისცეს.

ტელეკომპანია “ფორმულას” მაყურებლის ნაწილს არხის მაუწყებლობა შეუწყდა

4 მაისს, ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა განცხადება არხის მაუწყებლობის ნაწილობრივ შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„გვსურს, შევატყობინოთ “ფორმულას” მაყურებელს, რომ არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა მათ ნაწილს. მიზეზი არის დავალიანება კომპანია სტერეო პლიუსის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს. არხის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებაზე, რათა მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს. ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გსურთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ტელეკომპანია ფორმულას დონაციის გზით. გმადლობთ ნდობისა და თანადგომისთვის“, – წერია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია “ფორმულამ” მაუწყებლობის განახლების შესახებ განცხადება 13 მაისს გაავრცელა. 

ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

ტელეკომპანია ფორმულა-ს ცნობით, ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მედიის ინფორმაციით, მუქარის შემცველ შეტყობინებებს ჟურნალისტი გია კიკოლაშვილი-ჭანტურიასგან იღებს. გავრცელებული ცნობით, მუქარის ავტორმა იცის ჟურნალისტის საცხოვრებელი მისამართიც.

„რასაც ლაპარაკობ, რასაც საქმიანობ და რასაც წერ, ამის გამო თავს მოგაჭრიან“ – ნათქვამია მუქარის ერთ-ერთ შეტყობინებაში.

დავით ჭაბაშვილი მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. მისი განცხადებით, მუქარის შემცველი შეტყობინებები და სატელეფონო ზარები უკვე დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. ფორმულა-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა), ხოლო ჟურნალისტი უკვე გამოკითხულია.

მომხდარს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს მოუწოდა, უზრუნველყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება და დროულად გამოიძიოს ფაქტი. ქარტიის განცხადებით, ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმები ხელს უწყობს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან აგრესიული რიტორიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ და მოუწოდებს მათ, გააცნობიერონ სიძულვილის ენის გამოყენების შედეგები და შეცვალონ შესაბამისი მიდგომები.