2024 წლის 7 დეკემბერს, გვიან საღამოს, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, უცნობი პირები დაესხნენ თავს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში მუშაობდა. ისინი აშუქებდნენ როგორ უსაფრდებოდნენ და ესხმოდნენ უცნობი პირები თავს მოქალაქეებს.
ვიდეომასალაში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა, ჩანს, რომ უცნობი, ნიღბიანი პირი მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ეპარება, თავში ურტყამს და შემდეგ ძირს აგდებს. პარალელურად, რამდენიმე ადამიანი სასტიკად უსწორდება ძირს დაცემულ ოპერატორს გიორგი შეწირულს. გადამღებ ჯგუფს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
“მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით”- ამბობს მაკა ჩიხლაძე.
საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება.
2024 წლის 3-4 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 5 წარმომადგენელს.
- აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შედეგად „ფორმულას“ ოპერატორი, თედო ქვაჩახია დაშავდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და თავში დაზიანებების გამო კლინიკაში გადაიყვანე. მას ტვინის შერყევა აქვს.
- რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე “პირველი არხის” ოპერატორი, ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. მას ხელი დაუზიანდა , რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს. პირველი არხის ინფორმაციით, მას პიროტექნიკა ესროლეს.
- ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არხის ჟურნალისტს, ლუკა ტყებუჩავას, სპეცრაზმელებმა გაზის კაფსულა ორჯერ დამიზნებით ესროლეს.
- “TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას ძალოვნებმა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე სიტვყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა კი ტელეკომპანიის კამერა დაამტვრია.
- ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” შავებში ჩაცმულმა სამართალდამცველმა, რომელსაც შესაბამისი აღმნიშვნელი ატრიბუტიკა არ ჰქონდა, ხელი ჰკრა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სცადა. ჟურნალისტი კრიმინალური პოლიციის მიერ ალეკო ელისაშვილისა და ზურაბ დათუნაშვილის დაკავებებას აშუქებდა პირდაპირ ეთერში.
საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავებულთა სრული სია იხილეთ აქ:
რუსულენოვან გამოცემა Sova News-ს 2024 წლის ივლისში დომენზე წვდომა დაებლოკა, ოქტომბრიდან კი, Sova-ს სახელით იგივე დომენიდან ვიღაცამ პრორუსული პროპაგანდის გავრცელება დაიწყო.
სარედაქციო განცხადებაში Sova მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მისამართი Sova.news, რომლითაც წლები სარგებლობდნენ, მათ აღარ ეკუთვნით. მუშაობის გასაგრძელებლად გამოცემამ ახალი დომენი Sovanews.tv აიღო.
“თუ ვიმსჯელებთ საიტის ახალი შინაარსით, რომელიც იყენებს ჩვენი იურიდიული პირის სახელს Sova.News, რესურსის ირგვლივ მანიპულაციების უკან რუსული პროპაგანდა დგას, რომელიც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი აუდიტორია”, – ვკითხულობთ სარედაქციო წერილში.
გამოცემა ამ დრომდე ცდილობს მომხდარის მიზეზების გარკვევას და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.
2024 წლის 26 ოქტომბრსსაქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის, ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები.
- ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, მარი წაქაძეს და ოპერატორს, ბექა ქორჩილავას, ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. უბნის საარჩევნო კომისიის წევრის თქმით, ჟურნალისტი მათ ხელს უშლიდა მუშაობაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.
ამ ფაქტის პარალელურად, ადგილზე მყოფი დაუდგენელი პირი ცდილობდა ჟურნალისტისთვის ხელი შეეშალა პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს; აღნიშნული პირი ხმამაღლა ლაპრაკობდა საარჩევნო უბნის შენობაში და ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ “ტყუილის საუბარში” უშლიდა ხელს. მის მიმართ კომისიის წევრებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მარი წაქაძემ პოლიციას მიმართა დახმარებისთვის, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.
- “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძესა და ოპერატორ გიორგი კიკვაძეს ქუთაისის ორ საარჩევნო უბანზე შეუშალეს ხელი მუშაობაში. ჯერ ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ: სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო.
მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა. შემდეგ, კი ქუთაისის 26-ე უბანზეც შეუშალეს. საარჩევნო უბანთან მყოფი პირებიდან, რომელიც ჟურნალისტის თქმით, მთელი დღის განმავლობაში იქ იყვნენ და „აკონტროლებდნენ სიტუაციას“, ერთ-ერთი ოპერატორს მიმართავდა ფრაზებით: „გაიტანე კამერა“, „ხელებს დაგამტვრევ“. ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ კი, პირი კამერას შეეხო და პირდაპირი ჩართვა გაითიშა.
- cnews-ის ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს, ქუთაისში მე-2 საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაღიაზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მას ფიზკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
2024 წლის 11 ოქტომბერს, აჭარის ადგილობრივი მედიასაშუალების “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, სულხან მესხიძემ, პირად ტელეფონზე უცნობი პირებისგან მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებები მიიღო.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სულხან მესხიძემ ხელისუფლება პირდაპირ ეთერში, Facebook Live -ში ამხილა, რომ გზა, რომელიც მათ გახსნილად გამოაცხადეს, სინამდვილეში დასრულებული არ იყო.
საუბარია ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელებმა საზეიმოდ გახსნეს. საღამოს კი გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ იყო. “აჭარა თაიმსის” რედაქტორმა ეს შემთხვევა Facebook Live-ში გააშუქა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მის ტელეფონზე უცნობი პირებისგან შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გაგზავნა:
“ბათუმის შემოვლითი გზიდან ლაივის დასრულების შემდეგ პირად ნომერზე მწერენ და შეურაცხყოფას მაყენებენ. თავს არ ვგრძნობ დაცულად, მაგრამ რა შეიძლება გააკეთო ამ ქვეყანაში? ნუ მირჩევთ 112-ში დარეკვას”, – დაწერა მესხიძემ სოციალურ ქსელში.
მომხდარს გამოეხმაურნენ ორგანიზაციები: “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.
“მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“ჟურნალისტების დაშინება, როგორიცაა “აჭარა თაიმსის“ დირექტორის სულხან მესხიძის მიმართ საგანგაშოა”, – ნათქვამია “მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაში.
2024 წლის 31 მაისს, გამოცემა “მთის ამბების” თბილისის ოფისის ეზოში, სადაც ამ გამოცემის რედაქტორის საცხოვრებელი სახლიც არის, შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს (“უსამშობლო”, “გამყიდველი”, “მონა” – მსგავსი წარწერებით იყო აჭრელებული შენობის ფასადი).
“მთის ამბების” ცნობით, რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმავე დღეს მიმართა, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო. სამსახურმა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა.
გელა მთივლიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომელიც აქტიურად აშუქებს და აპროტესტებს ე.წ. რუსულ კანონს. იგი არაერთხელ გახდა თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნე, კერძოდ გელა მთივლიშვილის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის სიახლოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. პირველად მსგავსი ფაქტი 9 მაისს მოხდა, მაშინ, როდესაც პარლამენტი რუსულ კანონს განიხილავდა.
მომხდარს გამოეხმურა ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”:
“31 მაისის ინციდენტების ანალიზი მიუთითებს, რომ ორგანიზებული ვანდალიზმისა და სისტემური დაშინებით მმართველ პარტიას ორი მიზანი აქვს – ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მცდარი/ყალბი წარმოდგენა შექმნას მათ მიერ ჩადენილი საქართველოს დამაზიანებელი აქტების შესახებ, მათ შორისაა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
2024 წლის 16 მაისს, გვიან ღამით, 23:40 საათზე, თბილისში, ონლაინგამოცემა “ტაბულას” რედაქტორს, გიორგი ბადრიძეს, სახლისკენ მიმავალ გზაზე უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
“კორპუსთან ახლოს უცნობი ადამიანი მომიახლოვდა, გამაჩერა და ვინაობას მეკითხებოდა, ვინ ხარო, სახელი რა გქვიაო. ძალიან აგრესიული იყო, მერე აბსოლუტურად უმიზეზოდ დამარტყა. ჩემგან საპასუხო აგრესია არ ყოფილა”, – აღწერს მომხდარს ჟურნალისტი გამოცემა “მედიაჩეკერთან”.
ბადრიძის განმარტებით, მან დახმარება გამვლელი მანქანის მძღოლს სთხოვა და საპატრულო პოლიციაც მალევე გამოიძახა. მომხდარზე შეტყობინება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე აპრილსა და მაისში რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე. 16 აპრილს, ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 3 მაისს, იგივე აქციის გაშუქებისას იგი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც აქტივისტების დაკავების კადრებს იღებდა. ბადრიძე დაკავებიდან რამდენიმე საათში, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოუწოდა გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ გიორგი ბადრიძეზე განხორციელებული თავდასხმის, მისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის და დაშინების ფაქტები.
2024 წლის 9 მაისს კორპუსში, სადაც საგამოძიებო მედია “სტუდია მონიტორი” მდებარეობს, უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გააკრეს.
იგივე განმეორდა 10 მაისს, “სტუდია მონიტორის” დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის საცხოვრებელი სახლის ფასადზე. უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები გააკეთეს ზურიაშვილის კუთვნილ ავტომანქანაზეც.
“სტუდია მონიტორის” განცხადებით, “ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი “სტუდია მონიტორისა” და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა”.
“სტუდია მონიტორის” განცხადებით ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართეს საგამოძიებო უწყებებს. “ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას” – ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის 9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას, დაუდგენელი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს უთვალთვალებდნენ “ტელეკომპანია პირველის“ შენობასთან. ტელეკომპანიის მენეჯმენტის აზრით, იყო იმის საფრთხეც, რომ ნიღბიანი პირები შენობაში შეჭრილიყვნენ.
ტელეკომპანიის ეთერში, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე პირდაპირი ეთერის საშუალებით ყვებოდა იმის შესახებ, რომ ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა სამართალდამცველები არ გამოჩენილან. ნოდარ მელაძის თქმით, 9 მაისის ღამეს, როდესაც უცნობი პირები უთვალთვალებდნენ ტელეკომპანიის ეზოში, რამდენიმე ჯგუფი გადაღებაზე იყო გასული. მისი თქმით, ეს პირები ჟურნალისტებისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო.
უცნობმა პირებმა საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც კამერების ობიექტივში მოხვდნენ, ტერიტორია დატოვეს. საპატრულო პოლიცია კი, ადგილზე არ გამოჩენილა.
2024 წლის 7 მაისს, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, უცნობი პირი თავს დაესხა “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ოპერატორს და მძღოლს.
კონფლიქტი დაიწყო უცნობ პირსა და “ფორმულას” რესპონდენტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორს – გიორგი კლდიაშვილს შორის. ჟურნალისტი კლდიაშვილთან ინტერვიუს წერდა, რა დროსაც მათ უცნობი პირი მიუახლოვდა. ის თავდაპირველად ფიზიკურად იძალადა გიორგი კლდიაშვილზე, შემდგომ კი, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე.
„ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ თავდამსხმელს ხელში შუშის ბოთლი უჭირავს და იგინება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ფორმულას“ ჯგუფი მოძალადის სამიზნე გახდა. 22 აპრილს, მეტროში, ჟურნალისტ ია სართანიას, რომელსაც ეჭირა ჩანთა „ფორმულას“ ლოგოთი, თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, რა დროსაც მან ჟურნალისტს ხელი ჰკრა და შეაგინა.
2024 წლის 7 მაისს, უცნობმა პირებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დაწყებამდე. „ფორმულას“ კადრებში ჩანს, რომ უცნობი პირი მანქანით შედის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია იმართება და ხელს კრავს “ტელეკომპანია პირველის“ მიკროფონს.