“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ტექნიკა წაართვეს

2025 წლის 12 მაისს, ქვემო ქართლში, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ყოფილი ვიცე გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის გადადგომის მიზეზებს არკვევდა, ჩინოვნიკის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ჟურნალისტი აღწერს, შინჯიკაშვილის მამამ მას სახეში ხელი გაარტყა, ფიზიკურად იძალადა არხის ოპერატორზეც. ამავდროულად, გაიტაცა ტელევიზიის კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის პირადი მობულიური ტელეფონი და ისინი მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დააბრუნა. თავდასხმის შედეგად ჟურნალისტმა ტვინის შერყევა მიიღო. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

მომხდარისთანავე გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ტელეკომპანიის ცნობით, შსს-ს თანამშრომლები ადგილზე ერთი საათისა და 20 წუთის დაგვიანებით მივიდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  შემთხვევის მოკვლევა დაიწყო

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ: “ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა”. “მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, მომხდარი “კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას”.

“TV პირველის” ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

2025 წლის 26 აპრილს, “TV პირველის” ეთერში მაკა ანდრონიკაშვილის ჟურნალისტური გამოძიება გავიდა ლევან ალექსიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, კორუფციული გზით მოპოვებული სამშენებლო ნებართვის შესახებ. 

გადაღებაზე მისულ ჯგუფს – მაკა ანდრონიკაშვილს და მის ოპერატორს, საქმის მთავარი ფიგურანტი თამაზ ხარაიძემსიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ტელეკომპანია “თრიალეთის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

2025 წლის 17 აპრილს, ტელეკომპანია “თრიალეთის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, შორენა ბიჭიკაშვილს და ოპერატორს, სოსო მჭედლიშვილს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვში, ერთ-ერთი ადგილობრივი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გადამღები ჯგუფი შემთხვევის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

როგორც ჟურნალისტი აღწერს, ადგილობრივმა გადამღები ჯგუფის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს აპარატურის დამტვრევით დაემუქრა. ჟურნალისტმა ინციდენტის ტელეფონით გადაღება სცადა, რა დროსაც პირმა მისთვის ტელეფონის წართმევა სცადა და ხელი დაარტყა. გადამღებმა ჯგუფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ისინი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გმობს ტელეკომპანია გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ისინი დაზარალებულად ცნო.

„აჭარა თაიმსის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

2025 წლის 20 მარტს, ქალაქ ბათუმში  “აჭარა თაიმსის” დირექტორს –  სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ცდილობდნენ, “ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

„ოცნების ქალაქში“ ვიყავი გადაღებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფთან ერთად. ჩვენი ადგილზე მისვლის შემდგომ, რამდენიმე პირი მოვიდა, რომლებმაც გადაღების შეწყვეტა ითხოვეს, დაიწყეს ჩვენი ხელშეშლა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ სიტყვიერად გვიპირისპირდებოდნენ, მათ შორის ხელითაც იწეოდნენ. ხელის კვრით ცდილობდნენ ადგილიდან ჩვენს გაძევებას. გვიშლიდნენ, რომ კადრები არ გადაგვეღო” – განაცხადა სულხან მესხიძემ “ბათუმელებთან” საუბრისას.

შემთხვევას გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია” “მედიაზე განხორციელებული ეს თავდასხმები არის “ქართული ოცნების” მიერ გატარებული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების შეზღუდვას. რეჟიმის მიერ მედიის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება” – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმში “ოცნების ქალაქში” მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში “ქართული ოცნების” აქტივისტები და მათთან დაახლოებული პირების უკანონოდ ხელს უშლიან.

“აჭარა თაიმსის” რედაქტორისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა სცადეს

2025 წლის 27 თებერვალს “აჭარა თაიმსის” რედაქტორი სულხან მესხიძე ქ. ბათუმში, “ოცნების ქალაქის” უბანში, დიდთოვლობის გამო ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახურავის ჩამონგრევას აშუქებდა პირდაპირ ეთერში. მას შორიდან მუქარის შეძახილებით უცნობი პირი მიახლოვდა და გადაღების ხელის შეშლას ცდილობდა. ამ დროს ჟურნალისტს სხვა მოქალაქე გამოესარჩლა, მოძალადე უცნობი პირი უკან გაბრუნდა და მიიმალა. 

სულხან მესხიძემ, მიუხედავად ინციდენტისა არ შეუწყვეტია პირდაპირი ეთერი და მოქალაქეს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “აჭარა თაიმს” პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელის შეშლას ჰქონდა ადგილი

ინციდენტს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა.

“მთავარი არხის” მაუწყებლობა შეწყდა

2025 წლის 15 თებერვალს “მთავარი არხის” მაუწყებლობა შეწყდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “მთავარი არხის” თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა.

დამფუძნებლებს შორის არსებულ მწვავე დაპირისპირებაზე “მთავარმა არხმა” განცხადება რამდენიმე კვირის წინაც გაავრცელა.

უნდა აღინიშნოს, რომ სამაუწყებლო სფერო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიმდინარე წელს ორმა რეგიონულმა მაუწყებელმა შეაჩერა უკვე საქმიანობა. არსებულ ვითარებაში დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეჩერება, სერიოზულად აზიანებს, ისედაც მყიფე პლურალისტურ გარემოს.

“აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ტექნიკის დაზიანება სცადეს

2025 წლის 16 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, “ოცნების ქალაქში”, პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს სულხან მესხიძეს.

აგრესიულობით გამორჩეულმა პირმა სულხან მესხიძისთვის ტექნიკის დაზიანებაც სცადა, მას მიკროფონი დარტმის შედეგად დააგდებინა. აღნიშნული ინციდენტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რა დროსაც კადრებში ჩანს, რომ ინციდენტს ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრებიც შეესწრნენ, თუმცა ტერიტორია რეაგირების გარეშე დატოვეს.

ამ ფაქტს საფუძვლად, ამავე ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვა უძღოდა წინ. სულხან მესხიძე 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას აშუქებდა და მას  მუშაობაში ხელი, სავარაუდოდ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა შეუშალეს.

“მთის ამბების” კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს

2025 წლის 4 თებერვალს, გამოცემა “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, საიდანაც ირკვევა, რომ რედაქციის კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს. 

გელა მთივლიშვილის თქმით, მოგვიანებით, იგივე პირი, ვინც მანქანა დააზიანა, ჟურნალისტს საცხოვრებელი სახლის კარზე უკაკუნებდა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ფოტო გელა მთივლიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაგვიზიანეს. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ესვრის ადამიანი ქვას განზრახ, სამჯერ, რომ საქარე შუშა ჩაამტვრიოს. 112-ს უკვე შევატყობინეთ. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ამავე კორპუსში ცხოვრობს და წვდომა აქვს როგორც უსაფრთხოების სისტემაზე, ასევე, სადარბაზოში შემოსასვლელ კოდებზე. მისთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამიტომაც არის მოტივი გასაგები, რომ დაავალეს ამის გაკეთება!” – დაწერა ჟურნალისტმა. 

გელა მთივლიშვილი არაერთხელ გამხდარა “ქართული ოცნებისა” და პოლიციის მხრიდან  სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი.

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

2025 წლის 1 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში, “TV პირველის” ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ დმანისის საკრებულოს თანამშრომლები.

“TV პირველის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მედიის წარმომადგენლებს როგორ ემუქრებიან – “გადი ახლა, მოშორდი აქედან. მერე მიგამტვრევენ ცხვირ-პირს და დაიწყებთ წუწუნს” რის შემდეგაც ხელით ეხებიან ოპერატორს და აგრძელებენ აგრესიულად მიმართვას და ყვირილს. 

“TV პირველის” ინფორმაციით მედიის წინააღმდეგ აგრესიით გამოირჩეოდა მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერი ზურაბ ოკმელაშვილი. მასთან ერთად იმყოფებოდნენ დმანისის საკრებულოს თანამშრომლები, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, დმანისის სპორტ-სკოლის მწვრთნელი და დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი.  

“ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი ეხებოდა RMG GOLD-ის ყოფილი ხელმძღვანელის კობა მენაბდიშვილის და მასთან ერთად დაკავებული ზურაბ ოკმელაშვილის შეწყალებით პატიმრობიდან გათავისუფლებას.

“TV პირველის” ინფორმაციით, ისინი დმანისის ყოფილი მერის მკვლელობის მცდელობისთვის იყვნენ დაკავებული. განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში კი, “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ისინი სხვებთან ერთად შეიწყალა.

“მთავარი არხის” განცხადებით ტელეკომპანიის ფუნქციონირება საფრთხის ქვეშაა

2025 წლის 27 იანვარს “მათავრმა არხმა” გაავრცელა განცხადება, რომელშიც მაუწყებლში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს. განცხადების თანახმად, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის არხის ფუნქციონირებას. 

ტელეკომპანიის ცნობით, არხის მაუწყებლობა უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი ღია საეთერო სატელიტური მაუწყებლობით, პირველი თებერვლიდან კი მაუწყებლობის გავრცელება  შეწყდება მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ოპერატპრები) საშუალებითაც.

არხის რედაქცია დასძენს, რომ დეკემბრის თვიდან ვეღარ იღებენ სარეკლამო შემოსავლებს და დაკარგეს სპონსორები, რადგან მიმდინარე სარეკლამო ხელშეკრულებებს ვადა ამოეწურა, ახალი ხელშეკრულებები კი არ დაიდო.

“მთავარი არხის” რედაქცია მიიჩნევს, რომ ზაზა ოქუაშვილი ამ ქმედებებით “ქართული ოცნების” პოლიტიკას ატარებს და კრიტიკული მაუწყებელის დახურვა სურს.

აღნიშნულ საკითხს  “მედიის ადვოკატირების კოალიცია” ეხმიანება და პროცესებს აფასებს, როგორც “სერიოზულ საფრთხეს თავისუფალი მედიის ფუნქციონირებისათვის”.

Update: 2025 წლის 30 იანვარს ზაზა ოქუაშვილის პოზიცია გავრცელდა.