ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ტელეკომპანია “ფორმულას” საგამოძიებო გადაცემის, “შაბათის ფორმულას” ჟურნალისტს ქეთი თუთბერიძეს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

შემთხვევა ქალაქ გორში მოხდა, სადაც ჟურნალისტი პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე ამზადებდა საგამოძიებო რეპორტაჟს. სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტს ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელის სახლთან, დაბურულ მინებიანი მანქანით უცნობი პირი ხვდება, პოლიციელს იცავს, ჟურნალისტს კი აგინებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. 

ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს უცნობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

6 ივნისს საღამოს, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს, რომელიც “შაბათის მარშს” აშუქებდა, ფილარმონიასთან უცნობი პირი  თავს დაესხა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ დაარტყა და სახე დაუზიანა. თავდამსხმელი “გლოვოს” ჩანთით იყო და სკუტერით გადაადგილდებოდა. იგი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცველების რეაგირება დაგვიანებული იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.  თუმცა უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. მომხდარიდან მალევე, მედიით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თავდამსხმელი პოლიციელებთან ერთად, ხელბორკილების გარეშე.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მოუწოდებს შსს-ს კანონის შესაბამისად დასაჯოს ჟურნალისტზე თავდამსხმელი და გამოიჩინოს ძალისხმევა ჟურნალისტებისთვის უსაფრთო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. “პოლიციის გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი დანაშაულების მიმართ ახალისებს ძალადობას – აგრესიული პირები ჟურნალისტებს  იოლ სამიზნედ მიიჩნევენ”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ჟურნალისტებს – მინდია გაბაძესა და მარიამ ნიკურაძეს უცნობი პირი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა

2026 წლის 9 თებერვალის ღამეს, თბილისში მიმდინარე საპროტესო აქციის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს  – გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს  მინდია გაბაძესა და OC.Media-ს დამფუძნებელს, მარიამ ნიკურაძეს, უცნობი პირი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

“მე და მარიამი ვტოვებდით აქციის ტერიტორიას. უცნობი კაცი მოგვიახლოვდა, თვალი-თვალში გაგვიყარა  და თითის ქნევით გვითხრა – გაჩენის დღეს გაწყევლინებთო. პრესბარათებით და კამერით აღჭურვილები ვიყავით. პოლიციის სამი მანქანის გვერდით ხდებოდა ეს”, – დაწერა მინდია გაბაძემ სოციალურ ქსელში.

ვიდეომასალაში, რომელიც მედიამ  გადაიღო, ჩანს, რომ როგორც კი კამერა ირთვება, უცნობი პირი სახეს მალავს და ცდილობს სწრაფად დატოვოს მიმდებარე ტერიტორია. იქვე ჩანს პოლიციის არაერთი მანქანა, თუმცა, სამართალდამცავები რეაგირებას არ ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ისმის, როგორ ეკითხებიან ჟურნალისტები უცნობ პირს, ვინ არის და რატომ იმუქრება. 

გამოცემა CNews-ის საიტი გათიშეს, თანამშრომლებს კი ოფისის კარი დაუკეტეს

2026 წლის 8 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის საიტი გაითიშა.  “გათიშულია დავალიანების გამო” – ეს წარწერა ჩნდებოდა საიტზე შესვლისას. იმავე დღეს, სააგენტოსა და  გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ თანამშრომლებმა  (რომელთაც ერთი დამფუძნებელი ჰყავთ), ვერ შეძლეს რედაქციის შენობაში შესვლა, რადგან კარის საკეტი გამოცვლილი დახვდათ. 

გამოცემების დამფუძნებელმა ელისო კილაძემ მომხდარში მისი ყოფილი ბიზნეს- პარტნიორი დაადანაშაულა, იმ ბიზნეს-ცენტრის მფლობელი, რომელშიც რედაქციებია განთავსებული. მისი განმარტებით, საიტს არანაირი დავალიანება არ ჰქონდა, მისი გათიშვა კი თავისუფლად შეეძლო ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, რომელსაც საიტზე წვდომა ჰქონდა.  ელისო კილაძემ შექმნილი პრობლემა ყოფილ ბიზნეს- პარტნიორთან უთანხმოებას დაუკავშირა და მის ანგარიშსწორებად შეაფასა. 

ორგანიზაციამ “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შესაბამის უწყებებს მოუწოდა დროულად დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და “დაუყოვნებლივ უზრუნველყონ, რომ CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტურ კოლექტივს მიეცეს წვდომა მათ სამუშაო სივრცეზე, არ დაზიანდეს მათი კუთვნილი კომპიუტერები და მათ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა არ მიიღონ გარეშე პირებმა”.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ მზია ამაღლობელს შეურაცხყოფა მიაყენა

“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ, რომელიც გადაცემა “აი უცნობის” წამყვანია, “ნეტგაზეთი/ბათუმელების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია

მე მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს, სახაროვის პრემია კი არა ჩვეულებრივი მოძალადეა” – თქვა გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა”. გაჩეჩილაძე გამოირჩევა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიმართ. 

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო რამდენიმე საათში, 12 იანვარს, სისიხლის სამართლის წესით. ჟურნალისტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის დაცვამ მუშაობაში ხელი შეუშალა

17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაცვის თანამშრომლებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჟურნალისტი ცდილობდა გადაეღო ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლთან მიმდინარე ვითარება, თუმცა ადგილზე მყოფი დაცვა ჟურნალისტს წინ გადაუდგა, სახლთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა, რა დროსაც გადაღების შესაძლებლობა შეუზღუდა.

იმავე დღეს, საქართველოს პროკურატურამ ბრიფინგი გამართა, სადაც მოქმედმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელ სახლებში. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელი მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, უკავშირდება თუ არა საქმე ახალ გამოძიებას და იგეგმება თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავის 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონის წართმევა სცადეს. ინციდენტი მოჰყვა ჟურნალისტის მცდელობას დაეფიქსირებინა უბნის მიმდებარედ მყოფი არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლა მარნეულის საარჩევნო უბნებზე

2024 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში, მარნეულის და მიმდებარე სოფლების საარჩევნო უბნებზე.

  • რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს მარნეულის მე-7 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.
  • ასევე თიკო დავაძესა და ვლადიმერ ჩხიტუნიძეს, მარნეულის სოფელ სადახლოს 71-ე უბანზე, უბნის თავმჯდომარე არ უშვებდა უბანზე გადაღების მიზნით. “…მეუბნებოდა, რომ შემეძლო შევსულიყავი, მაგრამ არაფერი გადამეღო…” – ჰყვება ჟურნალისტი. საოლქო კომისიაში დარეკვის შემდეგ თავმჯდომარეს მოუწია ჟურნალისტის დაშვება უბანზე.
  • ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, სადახლოს 69-ე უბანზე ჟურნალისტ თიკო ერაძეს და ოპერატორს, შალვა ჯოხაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. ერაძეს საარჩევნო უბანზე ყოფნას უზღუდავდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გუმბატ ნაზაროვიც. 
  • მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს, ირაკლი მურმანიშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტებს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე
  • მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე სტუდია “მონიტორის”  ჟურნალისტებმა თეო ქავთარაძემ და ქეთი თუთბერიძემ გადაიღეს, როგორ ცდილობდა ამომრჩეველი, სავარაუდოდ პასპორტში ჩაკრული სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემას. ამ პროცესის გადაღებისას კი, უცნობი პირი ჟურნალისტებთან მივიდა და ტელეფონის წართმევა სცადა
  • „Aliq Media-ს“ 4 წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა ხოჟორნის საარჩევნო უბანზე.  რედაქციის ინფორმაციით, „Aliq Media“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „Aliq Media“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“.

ავტობუსის მძღოლი დაუპირისპირდა აქტივისტებსა და ფოტოგრაფ პაატა ვარდანაშვილს

2025 წლის 7 ივნისს, ჭანტურიას ქუჩაზე, დამოუკიდებელი ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი აშუქებდა აქცია-პერფორმანსს, რომლის დროსაც აქტივისტთა ნაწილი ზებრაზე უწყვეტი სიარულით გამოხატავდა პროტესტს. ამ ფორმის პროტესტმა ავტობუსის მძღოლი გააღიზიანა — ის თავდაპირველად აქტივისტებს დაუპირისპირდა, შემდეგ კი ავტობუსი განზრახ შეაჯახა ფოტოგრაფ პაატა ვარდანაშვილს. ამ ფაქტის შესახებ ფოტოგრაფმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ავტობუსის მძღოლი რომელიც გამორჩეოდა აგრესიით. როდესაც ზებრა გადასასვლელის პერფორმანსი დასრულდა, დაუწყო გინება მონაწილეებს. მე ვიღებდი გზის კიდიდან რა დროსაც შეგნებულად აიღო საჭე მკვეთრად მარჯვნივ და დამარტყა ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით ZA-434-UR ხაზს გავუსვამ რომ მაცვია სრული ეკიპირება და ადვილად აღქმადი პრესის ნიშანი ყველა მხრიდან” – დაწერა ვარდანაშვილმა და პოსტს თან დაურთო ვიდეომასალაც, რომელიც ადასტურებს მომხდარ შემთხვევას.

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ტექნიკა წაართვეს

2025 წლის 12 მაისს, ქვემო ქართლში, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ყოფილი ვიცე გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის გადადგომის მიზეზებს არკვევდა, ჩინოვნიკის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ჟურნალისტი აღწერს, შინჯიკაშვილის მამამ მას სახეში ხელი გაარტყა, ფიზიკურად იძალადა არხის ოპერატორზეც. ამავდროულად, გაიტაცა ტელევიზიის კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის პირადი მობულიური ტელეფონი და ისინი მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დააბრუნა. თავდასხმის შედეგად ჟურნალისტმა ტვინის შერყევა მიიღო. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

მომხდარისთანავე გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ტელეკომპანიის ცნობით, შსს-ს თანამშრომლები ადგილზე ერთი საათისა და 20 წუთის დაგვიანებით მივიდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  შემთხვევის მოკვლევა დაიწყო

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ: “ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა”. “მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, მომხდარი “კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას”.