ComCom-მა “TV პირველი” შინაარსობრივი რეგულირების დარღვევისთვის მეორედ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომლებიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, მეორედ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმის ოდენობა 5,000 ლარია.

საქმე განიხილებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებების საფუძველზე, რომლითაც მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირება გამკაცრდა. ახალი წესები, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოზიციის გამოხატვის შეზღუდვას, პასუხის უფლების ახალ რეგულირებასა და ფარული ჩაწერის სტანდარტების განსაზღვრას ეხება.

მონიტორინგი 27-28 ივლისის საინფორმაციო გამოშვებებს შეეხებოდა. ComCom-ის შეფასებით, საინფორმაციო გამოშვებებში გამოვლინდა ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები. კომისიამ სადავოდ მიიჩნია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „დიდი ნადირობა მოაწყო“, „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“, „აქტივისტებზე ნადირობა“, „პოლიციას ნერვებმა უმტყუვნა“ და სხვა. კომისიამ დარღვევად შეაფასა 27 ივლისის 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი „ხალხის დაკავება დაიწყო“. ComCom-ის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ პოლიციელების საუბრის ინტერპრეტაცია „არაჯეროვანი სიზუსტით“ იყო გადმოცემული.

ამ დროისთვის შინაარსობრივი რეგულირების ფარგლებში ორ-ორი ჯარიმა აქვთ “TV პირველსა” და „ფორმულას“. თუ კომუნიკაციების კომისია “TV პირველის” მიმართ კვლავ დაადგენს დარღვევას, მას ექნება უფლებამოსილება, იმსჯელოს მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერებაზე ან დააკისროს გაზრდილი ჯარიმა –  არანაკლებ 10,000 ლარისა და არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” შეფასებით, ComCom განაგრძობს ტელევიზიებზე ზეწოლას „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი ტერმინოლოგიის გამოყენების შეზღუდვის მიზნით. ქარტია მიიჩნევს, რომ 2025 წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ კომისია პროაქტიული მედიამონიტორინგის მექანიზმს სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს და ტელევიზიებს დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე უარის თქმას აიძულებს.

კომუნიკაციების კომისია „ფორმულას“ შინაარსობრივი რეგულირების სავარაუდო დარღვევას უკვე მესამედ ედავება

კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანია „ფორმულას“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევას უკვე მესამედ ედავება. საკითხი კომისიამ 17 ივლისის სხდომაზე განიხილა და „ფორმულა“ 5,000 ლარით დააჯარიმა.

კომისიის შეფასებით, „ფორმულამ“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“. მოხსენებითი ბარათის თანახმად, Formula News-ის 17:00-საათიანი გამოშვებების მონიტორინგი 15-17 ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა. კომისია მიიჩნევს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ჟურნალისტები რიგ შემთხვევებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირად მოსაზრებებსა და დამოკიდებულებას გამოხატავდნენ, ვინაიდან სადავო სიუჟეტებში „ფორმულა“ სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“ და „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“.  

კომისიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ჯარიმა გამოიყენა და არ მიმართა ალტერნატიულ სანქციას, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს ითვალისწინებს. თუ კომისია „ფორმულას“ მიმართ კვლავ დაადგენს დარღვევას, კომისია ისევ უფლებამოსილი იქნება, იმსჯელოს ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე ან დააკისროს გაზრდილი ოდენობის ჯარიმა – არანაკლებ 10,000 ლარისა და არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა. მსგავსი ტერმინების გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 21 მაისს ამავე მუხლის დარღვევისთვის უკვე 2,500 ლარით დააჯარიმა.

საქმე განიხილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო პერიოდში მიღებული სადავო ცვლილებების ფონზე, რომლებიც მაუწყებლების შინაარსობრივ რეგულირებას ეხება. ცვლილებებით, მათ შორის, ახალი ამბების პროგრამებსა და საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას, საავტორო პროგრამების გარდა, პოზიციის გამოხატვა იზღუდება; ასევე განისაზღვრა პასუხის უფლებისა და ფარული მეთოდებით ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ახალი წესები.

6 მარტს კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ პრაქტიკაში აამოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებდა. კომისია მაშინ მიუთითებდა, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა და მაუწყებლების მიმართ საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.

კომუნიკაციების კომისია „TV პირველს“ ეთერში გამოყენებული სიტყვებისა და ფრაზების გამო კანონის დარღვევას ედავება

კომუნიკაციების კომისია „TV პირველს“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავება ისეთი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენების გამო, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ოლიგარქი“ და „პოლიტპატიმრები“.

საქმე განიხილება იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებებით მაუწყებლების შინაარსის რეგულირება გამკაცრდა. ცვლილებები, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოზიციის გამოხატვის შეზღუდვას, პასუხის უფლების ახალ წესებსა და ფარული ჩაწერის სტანდარტების განსაზღვრას ეხება.

კომუნიკაციების კომისიამ მანამდე განაცხადა, რომ პრაქტიკაში აამოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებდა. ეს განცხადება მალევე მოჰყვა გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას.

კომისიის ინფორმაციით, მონიტორინგი 11-13 მაისს ეთერში გასულ ახალი ამბების პროგრამებს შეეხო. კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებელმა საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა და პოლიტიკური ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მიმართ მხარდამჭერი/საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა.საქმე კომისიამ 18 ივნისის სხდომაზე განიხილა, გადაწყვეტილება კი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

კომუნიკაციების კომისიამ “ტვ პირველი” 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 ივნისს “TV პირველი” დააჯარიმა. უწყება ტელეკომპანიას ედავება მაუწყებლობის შესახებ” კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას, რომლითაც 2 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. კომისია ტელევიზიას აჯარიმებს ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის როგორებიცაა: „ოლიგარქი”, „ივანიშვილის რეჟიმი”, „არარსებული დანაშაული”, „ოცნების გამოძიება”, „ცრუ მოწმე” და სხვ.

ტელევიზიის დაჯარიმების პირველი შემთხვევა იყო 21 მაისს, ტელეკომპანია “ფორმულას” მიმართ გამოყენებული 2 500 ლარიანი სანქცია. 

ტელევიზიების დაჯარიმებას “მედიის ადვოკატირების კოალიციაც” გამოეხმაურა:

კომუნიკაციების კომისია საბოლოოდ ყალიბდება ცენზურის გამტარებელ ორგანოდ. კომისია აგრძელებს რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულებას” – წერია განცხადებაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, 2 500 ლარით დაჯარიმების შემდეგ კომისია უფლებამოსილია დამრღვევს, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “ფორმულა” 2 500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ტელეკომპანია “ფორმულას” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაუდგინა და სანქციის სახით, 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

საქმის წარმოება კომისიაში თავად უწყების მიერ ჩატარებული აპრილის თვის მედია მონიტორინგის საფუძველზე დაიწყო. კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ „ფორმულამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონში ახლად შეტანილი ის მუხლები დაარღვია, რომლებიც შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. კერძოდ, 54-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტები. კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” დააჯარიმა ახალი ამბების პროგრამებში   გამოყენებული ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“ და სხვა მსგავსი.  ასევე, პრობლემურად მიიჩნია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების შესახებ სიუჟეტის ეთერში გაშვება ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარის გარეშე და ეს ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევად ჩათვალა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიმალური – 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა”, – ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. წერილობითი გაფრთხილება “ფორმულამ”, სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, 8 აპრილს მიიღო. იმ შემთხვევაშიც, კომკომი, არხს იდენტურ საკითხებს ედავებოდა.

“თვალსაჩინოა ცენზურის ნორმალიზებისა და სარედაქციო საქმეებში ჩარევის მცდელობა”, – ასე აფასებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამ ფაქტს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ ტენდენციის გამო.

კომუნიკაციების კომისიამ ოთხი ტელეკომპანია  წერილობით გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ოთხი ტელეკომპანია, მათ შორის, ორი პროსამთავრობო არხიც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. საუბარია ხელისუფლებისადმი კრიტიკულ არხებზე – „ფორმულა“ და  „TV პირველი“ და ასევე, პროსამთავრობო მაუწყებლებზე –  POSTV  და „იმედი“. კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები იმ მუხლების დარღვევის გამო გააფრთხილა,  რომლებიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხებს შეეხება. 

ComCom-ის ინფორმაციით, საკითხი დღის წესრიგი მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე დადგა. ტელევიზიებს ედავებოდნენ ისეთ საკითხებს, რაც ეხება – მიუკერძოებლობას, ბალანსს, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას და ფაქტის ჯეროვან სიზუსტეს.   მაგალითად, კომისიამ მიიჩნია, რომ ფრაზების: „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“, „ოცნების მთავრობის წევრებთან“, „სასამართლო კლანი“, და სხვ. გამოყენებით „ფორმულამ“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია.


ComCom-ის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მონიტორინგის დროს ყველაზე მეტი შესაძლო დარღვევა სწორედ დამოუკიდებელ  არხებს – „ფორმულას“ და ”TV პირველს” “აღმოუჩინა”, “ფორმულას” – 20, “TV პირველს” კი – 18, ყველაზე ცოტა კი, პროსამთავრობო, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დასანქცირებულ “იმედსა” (4 დარღვევა) და “POSTV”-ს (7).


კომუნიკაციების კომისია ამჯერად მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებით იმ მოტივით შემოიფარგლა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ ტელევიზიების მიმართ მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში, პროსამთავრობო “იმედისა” და “POSTV”-ის დასანქცირების შემდეგ, ComCom-მა გაავრცელა მუქარის შემცველი განცხადება, რომ ის მარტიდან მაუწყებლების შინაარსის მონიტორინგს დაიწყებდა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“  რეპრესიული ცვლილებები მიიღო. ეს ცვლილებები მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას უკავშირდება.

კომუნიკაციების კომისია აანონსებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს პრაქტიკაში აამოქმედებს 

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან – 9 მარტიდან,  პრაქტიკაში აამოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებს.

“მაუწყებლის ქცევის კოდექსისა” და “მაუწყებლობის შესახებ” კანონის შესრულების მონიტორინგის გააქტიურების ინიციატივა ComCom-მა გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებიდან მალევე მიიღო. უწყება მიიჩნევს, რომ ამ ტელევიზიების დასანქცირება „მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში”. 

კომუნიკაციების კომისია იმოწმებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსს“ და წერს, რომ ეს აქტები კომუნიკაციების კომისიას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია. 

“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“  რეპრესიული ცვლილებები მიიღო. ეს ცვლილებები მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას უკავშირდება. კანონში შესული ცვლილებით:

  • ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) იზღუდება პოზიციის გამოხატვა; 
  • პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად და ზუსტად; 
  • კანონით განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია; დამატებით განისაზღვრა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ეს განცხადება შეიცავს მკაფიო სიგნალებს დამოუკიდებელი მედიის მიმართ შესაძლო ზეწოლისა და მუქარის შესახებ. “განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ კომისია, რომელიც კანონით უნდა იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი და მედიის თავისუფლების გარანტი, საკუთარი განცხადებით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მზად არის გამოიყენოს რეგულირების მექანიზმები მედიის სარედაქციო საქმიანობის შეფასებისა და კონტროლის ინსტრუმენტად”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ შინაარსობრივი საკითხების შეფასებისგან, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ჯდება და რაც საქართველოში არსებული ტრადიციითა და საერთაშორისო პრაქტიკით თვითრეგულირების საგანია. სხვაგვარი მიდგომა, თუნდაც მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ბოლოდროინდელ საკამათო ცვლილებებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური თემის მხრიდან განხილული იქნება, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა და მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება აშშ-დან მიღებული შემოწირულობის გამო დაიწყო

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო აშშ-დან მიღებული ინდივიდუალური შემოწირულობის საფუძველზე. კომისიის მოთხოვნით, მაუწყებელმა 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია მიღებული თანხისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესახებ.

2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება და მნიშვნელოვნად გაფართოვდა მარეგულირებლის უფლებამოსილებები, მათ შორის, ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მექანიზმები. პარალელურად, 2024 წლიდან მოქმედებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. აღნიშნულმა რეგულაციებმა მედიის დაფინანსების მოდელზე არსებითი გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც არაერთი მაუწყებელი ფუნქციონირებას, მათ შორის, მოქალაქეთა შემოწირულობებზე დაყრდნობით აგრძელებს.

ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „კავკასია“, ქვეყანაში შექმნილი საკანონმდებლო გარემოს ფონზე, დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ მოქალაქეთა შემოწირულობებს იყენებს და მაუწყებლობის უწყვეტობას სწორედ ამ მოდელზე დაყრდნობით უზრუნველყოფს. მსგავსი შემოსავლები, როგორც წესი, მიემართება არხის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო საოპერაციო ხარჯების დაფარვას, რის გამოც კონკრეტული შემოწირულობის კონკრეტულ დანიშნულებაზე ზუსტი მითითება პრაქტიკულად შეუძლებელია.

აღნიშნული საქმე ნათლად ასახავს მედიის საქმიანობის გარემოს საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, ხოლო მარეგულირებლის მხრიდან ინდივიდუალური შემოწირულობების საფუძველზე საქმისწარმოების დაწყება დამატებით კითხვებს აჩენს რეგულირების პრაქტიკის პროპორციულობასთან დაკავშირებით.

კომუნიკაციების კომისიამ “რადიო მარნეული”  სიტყვიერად გააფრთხილა

22 იანვარს, კომუნიკაციების კომისიამ “რადიო მარნეული” გრანტის მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ რეპრესიული ცვილებიდან გამომდინარე მიიღო, რაც მედიასაშუალებებს უკრძალავს   დონორი ორგანიზაციებისგან  გრანტის მიღებას. 

კომისიის განცხადებაში აღნიშულია, რომ მედიამ გრანტი “დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) მიიღო 32 542 ლარის ოდენობით.

აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება“, – წერია განცხადებაში.

„რადიო მარნეულისთვის“ ეს რიგით მეორე გაფრთხილებაა. 

პირველ შემთხვევაშია კომუნიკაციების კომისიამ მედია „დოიჩე ველესგან“ მიღებული გრანტის გამო გააფრთხილა.

“ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული იყო მთელი რიგი რეპრესიული კანონები, მათ შორის  2025 წლის 1 აპრილიდან აიკრძალა მაუწყებლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსება “უცხოური ძალისგან”. 

ცვლილებებმა მიღებისთანავე გახდა კრიტიკის ობიექტი სამოქალაქო სექტორის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მხრიდან, კერძოდ, ნორმა შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტი დამოუკიდებელი მედიის ფინანსური და სარედაქციო თავისუფლების შესაზღუდად.

კომუნიკაციების კომისიამ მედიის მიმართ ახალი რეგულაციების  აღსრულება დაიწყო

2025 წლის 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ წერილობით გააფრთხილა და მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

კომისიის განცხადებით: „გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან დაფინანსება, ხოლო დაფინანსება ვერ ჯდება კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროდუქტის განთავსება პროგრამაში)”, კომისიამ მაუწყებლები კანონდამრღვევებად მიიჩნია.
ეს არის კანონის აღსრულების პირველი პრეცედენტი, რომელიც ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულ ახალი რეგულაციას, რომელიც 2025 წლის 1 აპრილიდან კრძალავს უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებას. ცვლილებებმა მიღების დღიდან გამოიწვია საჯარო დისკუსია და კრიტიკა, კერძოდ, შეფასებები იმის შესახებ, რომ ახალი ნორმა შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტი დამოუკიდებელი მედიის ფინანსური და სარედაქციო თავისუფლების შესაზღუდად. სხდომის მიმდინარეობისას რადიომაუწყებელთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული დაფინანსების გარეშე მათ შესაძლოა მაუწყებლობის შეჩერება მოუწიოთ.