პარლამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა

24 ნოემბერს, პარლამენტმა ერთი თვით შეუჩერა აკრედიტაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ საგამოძიებო გადაცემის, „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტ დეა ბაძაღუას. აკრედიტაციის შეჩერება ჟურნალისტისთვის მოითხოვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ.

„შაბათის ფორმულას“ ეთერში გავიდა სიუჟეტი [18:41 წთ და 20:02 წთ], სადაც ჩანს, რომ დეა ბაძაღუა ცდილობს, კითხვები დაუსვას „ქართული ოცნების“ დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას, წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით. ამ ინტერვიუს ტელეფონით იღებს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, მაია ბითაძე. როგორც ჟურნალისტი ჰყვება „ფორმულას“ ეთერში, მას მაია ბითაძესთან კითხვები არც ჰქონია, თუმცა დეპუტატი გაღიზიანდა მისი კოლეგისთვის დასმული შეკითხვების მოსმენით.

„აღსანიშნავია, რომ ის [მაია ბითაძე] მაშინვე დაგვემუქრა დასანქცირებით და, როგორც ჩანს, აღასრულა კიდეც ეს… საპარლამენტო ორგანოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრიტიკული მედიის არცერთ კითხვას არ პასუხობენ“, – თქვა ჟურნალისტმა დეა ბაძაღუამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

13 ნოემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, თიკო ერაძეს შეუჩერეს აკრედიტაცია, რომელმაც გაავრცელა პარლამენტის პლენარულ დარბაზში გადაღებული ვიდეო, სადაც მან ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ლოჟიდან გადაიღო „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ჭიჭინაძე, რომელიც ტელეფონით უსმენდა ვიდეოჩანაწერს.

პარლამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს  აკრედიტაცია ერთი თვის ვადით შეუჩერა

12 ნოემბერს, თიკო ერაძემ გაავრცელა პარლამენტის პლენარულ დარბაზში გადაღებული ვიდეო, სადაც მან ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ლოჟიდან გადაიღო “ქართული ოცნების”დეპუტატი ეკა ჭიჭინაძე, რომელიც ტელეფონით უსმენდა ვიდეოჩანაწერს. ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე თიკო ერაძემ თავად გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მას აკრედიტაციას შეუჩერებდნენ.

13 ნოემბერს, პარლამენტის აპარატის უფროსის წერილით, ჟურნალისტისთვის ცნობილი გახდა, რომ მას აკრედიტაცია, ერთი თვის ვადით, შეუჩერდა. წერილში განმარტებულია აკრედიტაციის შეჩერების საფუძველი: “მედიისთვის განკუთვნილი ადგილიდან ნებართვის გარეშე გადაიღეთ პარლამენტის წევრის, ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ეკრანი.”

“ქართული ოცნების” მხრიდან, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა საქმიანობის შეზღუდვა 2023 წლის 6 თებერვლის საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის წესის დამტკიცებას უკავშირდება. ახალი რეგულაციები ითვალისწინებდა ისეთ შეზღუდვებს, როგორიცაა წინასწარი ნებართვის გარეშე გადაღების აკრძალვა,  პარლამენტის წევრის უარის შემთხვევაში ჟურნალისტის ვალდებულებას შეწყვიტოს ინტერვიუ, ასევე, პარლამენტის წევრის,  თანხმობის გარეშე ჟურნალისტმა არ უნდა გადაიღოს მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს. აღნიშნულ ცვლილებებს კრიტიკა მოჰყვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან, მათი განცხადებით მსგავსი რეგულაციები ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას შეუძლებელს ხდიდა. 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი მედიის აკრედიტაციის წესებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყენებს.

“ფორმულას” ორ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდათ და პარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალათ

2025 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ელისო ჯარიაშვილმა და თათა ფორაქიშვილმა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.

ორივე შემთხვევაში, ჟურნალისტები “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან კრიტიკულ კითხვებზე პასუხების მიღებას ცდილობდნენ, რაც საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციამ “საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის” დარღვევად მიიჩნია. თათა ფორაქაშვილს აკრედიტაცია “ქართული ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე შეუზღუდეს, ელისო ჯარიაშვილს კი, “ქართული ოცნების” დეპუტატის არჩილ გორდულაძის.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “პალიტრანიუსს” ქარდზე გამოქვეყნებულ ფოტოს უწუნებს 

2025 წლის 17 მარტს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “პალიტრანიუსის” გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდი გააზიარა შემდეგი ტექსტით: “როგორი ადეკვატური ფოტოა “ნიუსთან” 😊😊

აქამდე მხოლოდ “ტაბულა” და ერთი-ორი ნაცური გვერდი კადრულობდა ასეთი მდაბიო მეთოდებით ბრძოლას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ 😂 ზოგადად კი, ნაცებზე კიდევ უფრო ქვემოთ განაცებულები აღმოჩნდებიან-ხოლმე…😊”.

მამუკა მდინარაძე ობიექტური მედიის მიმართ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის განცხადებებით არის ცნობილი.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი აღიარებს, რომ ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე 2024 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატუსში აღიარებს, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.

 სამხარაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა მუქარის შემცველი პოსტი.

„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი… “ – წერს დიტო სამხარაძე. 

“TV პირველის” ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერდა

2024 წლის 21 მაისს, “TV პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს, „ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, პარლამენტის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა.

როგორც ტელეკომპანიის გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, ჟურნალისტი დეპუტატს სანქციების თემაზე ესაუბრება. დეპუტატი თავდაპირველად პასუხობს მის კითხვას, თუმცა, შემდეგ საუბარს წყვეტს და ჟურნალისტს, რომელიც ცდილობს ინტერვიუს გაგრძელებას, აკრედიტაციის შეწყვეტით ემუქრება.

საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილება განსაზღვრავს.

“აკრედიტაციის განახლებულმა რეგულაციებმა აამოქმედა სადამსჯელო მექანიზმები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, გააუარესა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი”, – ასეა შეფასებული ეს დადგენილება ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ.

მაკა ჩიხლაძისთვის აკრედიტაციის შეწყვეტას გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უარი თქვა დადგენილების  ჟურნალისტებზე შურისძიების ინსტრუმენტად გამოყენებაზე.

სამ ჟურნალისტს საპარლამენტო აკრედიტაცია შეუჩერეს

2024 წლის 3 და 4 ივნისს საქართველოს პარლამენტმა “ტელეკომპანია პირველის”, “მთავარი არხის” და “ფორმულას” ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერა, რის გამოც ნატა ქაჯაიას, ნინი ბალანჩივაძეს და სოფო გოზალიშვილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება შეეზღუდათ.

“ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას აკრედიტაცია ერთი თვით „ხალხის ძალის“ დეპუტატის, სოზარ სუბარის, მიმართვის საფუძველზე 3 ივნისს შეუჩერდა. ჟურნალისტი დეპუტატს ე.წ. “რუსულ კანონთან” დაკავშირებით უსვამდა შეკითხვას.

ამავე დღეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა “მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს. ჟურნალისტს აინტერესებდა რატომ უჭერენ პარლამენტარები, მათ შორის ნინო წილოსანი, მხარს “რუსულ კანონს”, მაშინ როცა მათი შვილები განათლებას საზღვარგარეთ იღებენ და ხშირად საცხოვრებლადაც აშშ-ში ან ევროპაში მიდიან.

Ნინო წილოსანის მოთხოვნით, 4 ივნისს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილსაც.

სამივე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანების საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვითაც აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მათი შეფასებით, პარლამენტი განაგრძობს მისი თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენებას.