საქართველოს კულტურისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, “ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი, თეა წულუკიანი, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და ფოტოფაბრიკაციით მის დისკრედიტაციას ახდენს.
ჟურნალისტის შესახებ ვრცელი, შეურაცხმყოფელი პოსტი და ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოფაბრიკაცია, სადაც ჟორჟოლიანი თითქოსდა ამერიკელ ფინანსისტთან, პედოფილიაში მსჯავრდებულ ეპსტეინთან ერთადაა, თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ პოსტით წულუკიანი გამოეხმაურა სასამართლო დავის დასრულებას, რომელიც მას ნანუკა ჟორჟოლიანთან ჰქონდა.
თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს მამის, ყოფილი მოსამართლის, ავთანდილ წულუკიანის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა. “წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი 2025 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში და ჩამოთვლილი აქვს 20 ადამიანის სია. იქვე ამბობს, რომ – “ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წულუკიანს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება”.
წულუკიანმა ჟორჟოლიანს 2025 წლის ივლისში უჩივლა. მას ორი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა, ცილისწამებად მიჩნეულიყო ფრაზები: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები” და ასევე, “ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წულუკიანს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება”. 2026 წლის 6 თებერვალს, მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ, წულუკიანს ორივე სასარჩელო მოთხოვნა დაუკმაყოფილა.
“ნანული იმდენად ჩიტისტვინაა, რომ ერთი “დახვრეტილის” არც თუ ისე ძველი საგაზეთო ინტერვიუ მოიტანა მტკიცებულებად”, – წერს ვრცელ პოსტში თეა წულუკიანი, სასამართლოს დასრულების შემდეგ. მისი პოსტი უცვლელად გამოაქვეყნა ვებგვერდზე პროსამთავრობო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა, რომლის კომენტარებში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, ასევე, სავარაუდოდ, ტროლები და ბოტები, აგრძელებენ ნანუკა ჟორჟოლიანის შეურაცხმყოფელად მოხსენიებასა და ლანძღვას.