„უდოს კომისიამ“ (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო) უარი თქვა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.
“ბათუმლების” ინფორმაციით, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“. ამავე გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების დადებითი დასკვნის მიუხედავად.
მზია ამაღლობელი წელიწადი და სამი თვე უკანონო პატიმრობაშია. მას ორი წელი აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შესაძლებელია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, თუკი სასჯელის ნახევარი მოიხადეს. პატიმრების საქმეებს სპეციალური კომისია განიხილავს, კომისიაზე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობას ციხის ადმინისტრაცია აყენებს. “ბათუმელების” ცნობით, მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით, #5 პენიტენციურმა დაწესებულებამ, უდოს კომისიას მიმდინარე წლის 12 იანვარს მიმართა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, მხედველობის მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულზეა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება საჭირო გამოკვლევები და ამ დრომდე ვერ იღებს ექიმისგან სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად და მკურნალობის დასაგეგმად აუცილებელია.
„2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე, მარჯვენა თვალში მისი მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0,3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიყო 90%-მდე. ციხეში მოთავსების შემდგომ მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა. 2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე, ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მზია ამაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა დავარდა 0,1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) და მარჯვენა თვალის მხედველობის სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-მდე, ნაცვლად ციხეში მოთავსებამდე არსებული 90%-ისა“, – წერია “საიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, 2025 წლის ივლისში ადვოკატებმა ციხის ადმინისტრაციისგან მოითხოვეს მზია ამაღლობელისთვის საჭირო გამოკვლევების ჩატარება იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც მზია დაპატიმრებამდე მიმართავდა და სადაც მისი, როგორც პაციენტის ისტორია ინახებოდა. ამ მოთხოვნაზე პენიტენციური სამსახურისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც ჟურნალისტის მხედველობა ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკაში შემოწმდა.
„მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
16 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც მედიასაშაულებებს, TV პირველსა და ფორმულას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყება გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ სიუჟეტებს, სადაც პატიმრები ციხეში არსებული გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ, ხოლო მათი ოჯახის წევრები სახალხო დამცველს პენიტენციურ სისტემაში სასწრაფო მონიტორინგის დაწყებას სთხოვენ. ისინი ასევე მოითხოვდნენ, ომბუდსმენმა დაადგინოს, რამდენი მედიკოსი ემსახურება გლდანის საპატიმროს და ვინ არის პასუხისმგებელი დაწესებულებაში შეტანილ გაფუჭებულ საკვებზე.
პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ბრალდებებს განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები სისტემაში არ არსებობს.
15 ნოემბერს, უწყებამ სიცრუედ შეაფასა ტელეკომპანია „პირველის“ შაბათის ეთერში გასული სიუჟეტიც, სადაც სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე წერილში სისტემაში არსებულ ვითარებას აღწერდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნება” და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ინსტიტუტები კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაციას ცდილობენ.