“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, და თბილისის მერი, კახი კალაძე, გამოცემა “პუბლიკისთვის” ევროკავშირის პრიზის მინიჭების ფაქტისა და გამოცემის დისკრედიტაციას ცდილობენ. მათ ნარატივს იმეორებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მედიები, მათ შორის ტელეკომპანია “იმედი”, “რუსთავი 2” და POSTV”.
ჟურნალისტური კონკურსის – “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გამარჯვებულები, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, 2026 წლის 6 თებერვალს გამოავლინა. ექვსი საკონკურსო ნომინაციიდან, სამ კატეგორიაში (საუკეთესო ფოტო, საუკეთესო ბლოგი და საუკეთესო სიუჟეტი) ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტებმა გაიმარჯვეს. მათი მასალები პროევროპული პროტესტის პერიოდში მომხდარ სხვადასხვა უფლებადარღვევას აღწერდა.
დაჯილდოების ცერემონიისა და ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პროპაგანდისტულმა POSTV-იმ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და თბილისის მერს, კახა კალაძეს ჰკითხეს – რა გზავნილი იყო ევროკავშირის მხრიდან “პუბლიკის” დაჯილდოება პროტესტის შესახებ მომზადებული მასალებისთვის. “პუბლიკისთვის“ ჯილდოს გადაცემა არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის – ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომლითაც მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეკითხვის პასუხად. კახა კალაძემ კი კიდევ ერთხელ გაიმეორა “ქართული ოცნების” ანტიდასავლური გზავნილი, რომ “ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს გარედან ახალისებენ”.
“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში – მედიის ჯილდო თუ ძალადობის წახალისება?!” – იმავე დღეს ამ სათაურით გამოაქვეყნა ახალი ამბავი პროსამთავრობო, პროპაგანდისტულმა “იმედმა”. რეალურად, რას აჯილდოვებს ევროკავშირი საქართველოში – ჟურნალისტიკას თუ სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობას?- ამ კითხვას სვამს მასალაში “იმედი”.
24 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული გაერთიანებები ჩვენი ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ მოქმედებენ“.
ის ასე გამოეხმაურა „იმედის კვირაში“ 23 ნოემბერს გასულ სიუჟეტს, რომელშიც პროსახელისუფლებო მედიამ 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის ერთობის, „სინათლე მედიას“, წინააღმდეგ დეზინფორმაციული სიუჟეტი გაავრცელა, სადაც მედიებს “უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების” აგენტებად მოიხსენიებდა და უკანონო გზებით დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მედიების მიზანი „ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხებაა“.
პროსამთავრობო არხზე გასულ სიუჟეტს ირაკლი კობახიძემდე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
2025 წლის 15 ივლისს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი მაუწყებლის “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “კონკრეტული პირებისგან დაფინანსებაში დაადანაშაულა”. დეზინფორმაციული განცხადების მიხედვით: “არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს ჰგონიათ „ნაცები“ და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება… ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით”.
ნოდარ მელაძეს წინააღმდეგ განცხადება 14 ივლისს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა და ის “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა.
2025 წლის 10 ივლისს, „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი „კონკრეტულ დაკვეთის” შესრულებაში და პოლიციის „დაკნინებასა და შეურაცხყოფაში” დაადანაშაულა
„ეს შემთხვევა [მზიას საქმე] მათთვის [ევროპარლამენტარები] არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ – იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განზრახული საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო და რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეკნინებინა პოლიცია”, – თქვა კობახიძემ.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მსგავსი განცხადება ირაკლი კობახიძემ 16 აპრილსაც გააკეთა, “რუსთავი 2-ის” ეთერში.
6 თვეა რაც “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. ჟურნალისტი 2025 წლის 11 იანვარს, თავდაპირველად სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს და მალევე გათავისუფლეს. ცოტა ხანში კი, 2025 წლის 12 იანვარს, , იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც მოითხოვა მზია ამაღლობელის გათავისუფლება. მის გათავისუფლებას ითხოვენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.
2025 წლის 8 ივლისს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი მაუწყებლების “TV პირველის” და “ფორმულას” დისკრედიტაცია სცადა. მან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, გამოძიების ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობაზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით მომხდარს „ზოგადად“ უკავშირებს ოპოზიციური ტელევიზიებს და კრიტიკული ტელევიზიები, „ცილისწამებასა“ და „ზიზღის დათესვაში“ დაადანაშაულა.
კითხვაზე, მისი ინფორმაციით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს „კორუფციას“ და „ბარიგების მფარველობას“, – როგორც გავრცელებულ წერილში წერია, – კობახიძემ თქვა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული. მათ შორის იმ დროსაც, როცა აღარ უკავია თანამდებობა. უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ… მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით კი, მან უარყო განცხადება და აღნიშნა, რომ “არა, ეს მე არ მითქვამს. ეს მე არ მითქვამს, რა თქმა უნდა. მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე. დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“- თქვა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა სასამართლოს სარჩელით მიმართა ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ. მოსარჩელე ითხოვს, ცილისწამებად იქნას აღიარებული ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა.
ექსპრემიერის ოჯახის ადვოკატმა სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეარხ POSTV-ს უთხრა, რომ ისინი „სასამართლოს წარუდგენენ სიცრუესა და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა „ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ”.
Სარჩელის მიხედვით, ღარიბაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი მოითხოვს, ტელეკომპანია “პირველმა” აღიაროს, რომ კონკრეტული სიუჟეტი „სიცრუე იყო”.