გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტებს ხარაგაულის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაუშვა “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრაზე

2024 წლის 16 ოქტომბერს, გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” დამფუძნებელს ლაურა გოგოლაძესა და ჟურნალისტს ნინო კაპანაძეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფლება არ მისცა დასწრებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრას.

“წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით. ვინ ხართ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული…,“ – ასე მიმართა მერმა ჟურნალისტებს და „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა. 

გამოცემა “ბათუმელებთან” ლაურა გოგოლაძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საჯარო პირები მათ მუშაობაში ხელს უშლიან. 

ორგანიზაცია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეშობა და უდიერი დამოკიდებულება ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა:“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლთა მსგავსად, ძალას არ იშურებენ ჟურნალისტების უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად და მოსახლეობაში მედიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ ნდობის შესარყევად”, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“TV პირველს” სასამართლომ ყოფილი საჯარო მოხელისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა

2024 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, „TV პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძისთვის. ყოფილი საჯარო  მოხელე ტელეკომპანიას ცილისწამებისთვის უჩიოდა

საუბარია სიუჟეტზე, რომელიც ეთერში 2024 წლის 3 თებერვალს გავიდა. ჟურნალისტური მასალა, სახელწოდებით “დაკავებების სერია ქოლ-ცენტრებზე” ეხებოდა თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებს.

ჟურნალისტი ჩართვაში საუბრობს დაკავებულებზე და კითხულობს  დაადებენ თუ არა ისინი ხელს საქმის მთავარ ფიგურანტს, რომელიც დგას ამ ქოლ-ცენტრების უკან: “რომელმაც დააფუძნა ეს კომპანიები და მიანდო კომპანიების მის ნდობით აღჭურვილ პირებს. საუბარია ყოფილ შს მინისტრზე, ალექსანდრე ჭიკაიძეზე” – ამბობს ჟურნალისტი.

მოსარჩელე ამ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

 “TV პირველის” იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი გამოცემა “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ ტელეკომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში  გაასაჩივრებენ.

სასამართლო დავას – „ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ე.წ. SLAPP საქმედ მიიჩნევს.

SLAPP სარჩელები მედიის წინააღმდეგ, პრობლემურად მიაჩნია “მედიის ადვოკატირების კოალიციას”

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი ასეთი სარჩელი ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ. “TV პირველს” ასევე საჯარო მოხელის, თბილისის მერის სასარგებლოდ უკვე აქვს დაკისრებული 15 000 ლარის გადახდა და ტელეკომპანია უკვე ანგარიშების დაყადაღების მოლოდინშია.

“ბათუმელების” ჟურნალისტს საჯარო მოხელემ “სეპარატისტი“ და „მტერი“ უწოდა

2024 წლის 10 ოქტომბერს, ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტს, მანანა ქველიაშვილს, საჯარო მოხელემ „სეპარატისტი“ და „მტერი“ უწოდა. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანანა ქველიაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძეს, ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე შეკითხვა დაუსვა. „ოსებისთვის ბოდიშის მოხდას თუ აპირებთ?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა დავით ბაციკაძეს. ბოდიშის მოხდის შესახებ გახმაურებული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს გორში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ჟურნალისტს უპასუხა: „აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც“. ჟურნალისტმა კვლავ გაუმეორა ბაციკაძეს იგივე შეკითხვა, რის გამოც ის გაღიზიანდა და ჟურნალისტს უთხრა: „მასეთ შეკითხვას რომ სვამთ, ზუსტად სეპარატისტი ხართ. სეპარატისტი და ამ ქვეყნის მტერი“. 

“მთავარი არხის” ჟურნალისტს კრიტიკული შეკითხვის გამო თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2024 წლის 22 აგვისტოს, ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, კრიტიკული შეკითხვის პასუხად, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ჟურნალისტის შეკითხვა შეეხებოდა 20 აგვისტოს, დედაქალაქის მერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ძვირადღირებული ავტომობილის ფოტოს. ჟურნალისტმა მერს ჰკითხა, როდის შეიძინა ეს ავტომობილი და რა გადაიხადა მასში, რადგან ავტოსალონების ინფორმაციით, მისი ღირებულება 500 000 ევროა.

“500 000 ევრო რისი ღირებულება? … ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 000 ღირდეს ასეთი ავტომობილი… შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომელიც ჩემი საკუთრებაა, ყველა არის დეკლარაციაში მითითებული”, – ასე პასუხობს ქალაქის მერი  ჟურნალისტს.  

ჟურნალისტიკის რეპლიკაზე, რომ აღნიშნული ავტომობილი დეკლარაციაში მითითებული არ არის, კალაძემ უპასუხა: 

“მაშინ არ ყოფილა ჩემი… თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? რაში გაინტერესებთ? ვინ გეკითხებათ? ხომ ხედავთ, რა დღეში ხართ და რა მდგომარეობაში იმყოფებით. თქვენს საქმეს მიხედეთ”.

“TV პირველი” წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს

2024 წლის 26 ივლისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიძეა, “ტელეკომპანია პირველის” წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს.

ორივე ოფიციალური პირი ტელეკომპანიისგან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, თანხის ჩარიცხვას ითხოვს. საუბარია 30 ათას ლარზე.

დავით ფაცაციას სარჩელი საქალაქო სასამართლომ 2023 წლის მაისში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტელევიზიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასთან ერთად, 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.

Ხოლო 2022 წელს სასამართლოს სამივე ინსტანციამ გაამტყუნა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტი, თბილისის მერის, კახა კალაძის, საჩივრის საფუძველზე და ეთერში გასულ ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ასევე 15 000 ლარი დააკისრა.

“ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას”, – წერს ნოდარ მელაძე 26 ივლისს სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში.

“ფორმულას” ჟურნალისტს თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2024 წლის 2 მაისს, თბილისში, ქალაქის მერი კახა კალაძე კომენტარს აკეთებდა ჟურნალისტებთან. ერთ-ერთი კითხვა მერს კრიტიკული ტელევიზიის „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ნუცა ბახუტაშვილმა დაუსვა. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებს და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.  შეკითხვის შინაარსით გაღიზიანებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კოლეგის დაცვა სხვა კრიტიკული ტელევიზიის ჟურნალისტებმა სცადეს, თუმცა კახა კალაძემ ნუცა ბახუტაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება განაგრძო. საჯარო მოხელემ ჟურნალისტის მიმართ ისეთი ტერმინები გამოიყენა, როგორიც არის “თავხედო”, “ნაძირალა” და სხვ.