სასამართლოში გადაღების მოთხოვნით გაგზავნილ წერილებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეაგირების გარეშე ტოვებს


მას შემდეგ, რაც გასული, 2025 წლის წლის ივნისში მიღებული ცვლილებებით, მედიას აეკრძალა სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო/ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გადაღების ნებართვის მისაღებად, თუმცა, უშედეგოდ. კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოა ის ორგანო, რომელმაც გადაღების ნებართვა უნდა გასცეს. 

მაგალითად, 2 მარტს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი წერს, რომ სასამართლოში გადაღების აკრძალვიდან დღემდე გამოცემის ჟურნალისტებმა 20-მდე განცხადება გააგზავნეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ, მათ შორის არც იმის თაობაზე, მათ მიერ შევსებულ განცხადებას რაიმე ფორმალური ხარვეზი ხომ არ აქვს. ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილის ინფორმაციით, მათ მხოლოდ ერთხელ უპასუხეს – აცნობეს, რომ განცხადებები ელექტრონულ მეილზე არ უნდა გააგზავნონ, ფიზიკურად უნდა მიიტანონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მისივე თქმით, ასეც მოიქცნენ, თუმცა, პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მიიღეს. ამგვარი შეზღუდვა კი ნიშნავს, რომ მედია ვერ ახერხებს სასამართლო პროცესების, მათ შორის, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პროცესების ფოტო/ვიდეო გადაღებასა და აუდიო ჩაწერას. 

გასული წლიდან, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მედიის შემზღუდავი ეს კანონი მიიღო, სასამართლო პროცესის გადაღების ნებართვა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში გასცა – “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა  ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს უფლება გადაეღოთ ბიძინა ივანიშვილის “პირად პატიმრად” მიჩნეული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის, სასამართლო პროცესი.

მოსამართლემ ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დახურა

23 თებერვალს მოსამართლემ დახურა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა ე.წ საბოტაჟის საქმეზე. 

ამ წამს მოსამართლემ დახურა სხდომა, მედიისთვისაც და არასამთავრობოს დამკვირვებლებისთვისაც, მხოლოდ იმიტომ რომ ადვოკატი ბექა ბასილაია ეუბნებოდა მოსამართლეს, გთხოვთ, ნუ აბრახუნებთ მაგ ჩაქუჩს წაღმა-უკუღმაო” – დაწერა იურისტმა თამთა კახიძემ.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავება.

აღსანიშავია, რომ შემზღუდავი კანონების გამო, მედია ისედაც შეფერხებით მუშაობს სასამართლო სხდომებზე. სხდომების სრულად დახურვა კი, ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის.

სააპელაციო სასამართლომ  ძალაში დატოვა ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო

“ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხისთვის Facebook-ზე „მონას“ წოდებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “TV პირველის” ჟურნალისტ, ტელეწამყვან ვიკა ბუკიასთვის დაკისრებული 4000-ლარიანი ჯარიმა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

„ალბათ, გახსოვთ მარიამ ლაშხს მონა რომ ვუწოდე, იმან რომ 4000 ლარის ინერვიულა და მიჩივლა. ჰოი, საოცრებავ. სააპელაციომ ძალაში დატოვა და ამიკრძალა მარიამ ლაშხს ვუწოდო ის, რაც ნამდვილად არის”, – წერს ვიკა ბუკია სოციაურ ქსელში და აქვეყნებს სასამართლოს დადგენილებას, სადაც წერია, რომ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა ვიკა ბუკია 2025 წლის 18 ივნისს დააჯარიმა. მაშინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო, სასამართლოში ექვსი ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს “ქართული ოცნების” დეპუტატები უჩიოდნენ. ექვსივე ჟურნალისტის შემთხვევაში, საჩივრების სამართლებრივი საფუძველი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 173(16)-ე მუხლი. ეს მუხლი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ეს ერთ-ერთი “ქართული ოცნების” მეირ მიღებული მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებაა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ჟურნალისტის, “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი, რომლითაც ის მის გათავისუფლებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა. 


ვასილ ივანოვ – ჩიქოვანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში “პირველი არხიდან” მისი გათავისუფლება გაასაჩივრა. იგი გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. 2025 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს სააპელაციო – მეორე ინსტანციის სასამართლოში.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” წამყვანი იყო. 2025 წლის 4 თებერვლიდან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ეთერს ჩამოაშორეს, – მიზეზად მას უთხრეს, რომ პროდიუსერს აღარ სურდა მასთან მუშაობა. 11 აპრილს კი არხიდან გაათავისუფლეს.  გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს. ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი ჩართულია მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, მის სარედაქციო პოლიტიკასა და ღიად საუბრობს პოლიტიკურ გავლენებზე მაუწყებელში. 

ჯარიმა და ყადაღა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის

2025 წლის 30 აგვისტოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის “მაუწყებელის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც დასტურდება „მაუწყებლის“ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალებით, საგამოძიებო ორგანოებმა აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინეს.

“მაუწყებლის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტს საბანკო ანგარიშებზე ყადაღა დაადო და მის სახელზე გაფორმებული ქონების დაყადაღებით დაემუქრა, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად კი 7 დღის ვადა მისცა.

მსგავსი პრაქტიკა ჟურნალისტური საქმიანობის კრიმინალიზებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას წარმოადგენს, ამასთან, ყადაღის გამოყენება, დამატებითი ფინანსური ზეწოლის მექანიზმია და არსებითად ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას.

აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა, რადგან სასამართლოს შეფასებით მის ქმედებაში შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფრთხე ემუქრება.

საქმე ეხება 2025 წლის 17–18 დეკემბრის ეპიზოდს. შსს აფგან სადიგოვს ტრანსპორტის ან/და ქვეითთა გადაადგილების შეფერხებას ედავება. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ჟურნალისტი 2025 წლის ოქტომბერში უკვე იყო იმავე საფუძვლით ადმინისტრაციულად სახდელდადებული, ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, რომლებიც განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ცვლის. 

 ცილისწამების საქმე ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტის წინააღმდეგ

2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტ სოფო ნიაურის წინააღმდეგ აღძრულ ცილისწამების საქმეზე. დავა ეხება “TV პირველის” ეთერში, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ რეპორტაჟს, სადაც ჭიკაიძე ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირში დაადანაშაულეს. სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანიასა და ჟურნალისტს ალექსანდრე ჭიკაიძეზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის, 10 000 ლარის გადახდა დაავალა.

განსაკუთრებით პრობლემურია მსგავს დავაში ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ მიჩნევა, რაც ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს, რომლის მიხედვითაც მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებულ დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა.  მსგავსი მიდგომა ბოლო წლებში დამკვიდრებული არასწორი სასამართლო პრაქტიკის შედეგია და მედიის თავისუფლებისთვის დამაზიანებელ პრეცედენტს ქმნის.

აღნიშნული სასამართლო პრაქტიკა ვითარდება იმ ფონზე, როდესაც 26 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებებმა მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადაიტანა, გააუქმა ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმები, მათ შორის წყაროს დაცვის გარანტიები და ე.წ. კვალიფიციური პრივილეგია და გაზარდა მედიისა და კრიტიკული ხმების მიმართ სამართლებრივი ზეწოლის რისკები. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამების საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოების. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო წლებში სამი წამყვანი კრიტიკული ტელეარხის – „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა, რომელთა უმეტესობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოებული პირების მიერ არის ინიცირებული. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი საქმეები ატარებს SLAPP სამართალწარმოების ნიშნებს და მიუთითებს კრიტიკული მედიის დაშინებაზე მიმართულ კოორდინირებულ ტენდენციაზე.

მედიისთვის სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება სულ უფრო მეტად რთულდება

17 დეკემბრის, ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებული 13 პირის საქმის განხილვისას, სასამართლო პროცესზე, სატელევიზიო ჟურნალისტების თხოვნაზე, პირდაპირ ეთერში ჩართვის მიზნით სხდომის დარბაზიდან ერთხელ გასვლის უფლების მინიჭებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განაცხადა, რომ სხდომის დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნების უფლება აღარ ექნებოდათ. მისი განმარტებით, მედიის წარმომადგენლებს პროცესის გაშუქება სხდომის დასრულების შემდეგ შეეძლოთ. ცამეტივე პირს ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის – პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება-ბლოკირების მცდელობაში სდებენ ბრალს.

ჟურნალისტების განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომებზე აკრძალულია ფოტო-ვიდეოგადაღება, სხდომის დატოვების შემთხვევაში ისინი ფაქტობრივად მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, მოისმინონ პროცესის მიმდინარეობა და საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია. განსაკუთრებით პრობლემურია მრავალსაათიანი, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესები, სადაც სხდომის მიმდინარეობისას დარბაზის დატოვება ნიშნავს პროცესის დარჩენილი ნაწილის სრულად გამოტოვებას.

მედიის წარმომადგენლების შეფასებით, უკვე შეზღუდული რესურსების ფონზე, აღნიშნული პრაქტიკა ჟურნალისტებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის საჯარო ინტერესის მქონე სასამართლო პროცესების ეფექტიან გაშუქებას.

მედიისთვის სასამართლო პროცესების მიმდინარეობის გაშუქების არსებული პრაქტიკა, 26 ივნისს, ‘საერთო სასამართლოების შესახებ’ ორგანულ კანონში, დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს უკავშირდება. ცვლილებებით მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიის წვდომა სასამართლო პროცესებზე, მათ შორის აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება სასამართლოს შენობაში და გაუქმდა მაუწყებლებისთვის ადრე არსებული სპეციალური გაშუქების რეჟიმი.

მოსამართლემ შეწყვიტა მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ 

24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმის განხილვა, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ. სარჩელით, მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის შესახებ გაკეთებული ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.

2025 წლის ივლისში, პროსამთავრობო ტელევიზიების – „იმედისა“ და „აჭარის ტელევიზიის“ მეშვეობით „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზე  თქვა, რომ ჟურნალისტმა მაშინდელ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, სილა „უცხო ძალების“ დაკვეთით გააწნა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური დებატების ფარგლებში იყო გაკეთებული. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ანა რეხვიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ თქვა: „ასეთ საქმესთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება არის საშიში პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულებისთვის, ვინაიდან სასამართლომ გზა გაუხსნა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და უთხრა, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ და ასეთი სიცრუის გავრცელებისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ“.

“TV პირველის” ჟურნალისტს სასამართლოში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს

23 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “TV პირველის” ჟურნალისტს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტი სასამართლო სხდომაზე მხოლოდ მას შემდეგ დაუშვეს, რაც მანდატურის სამსახურმა მისი ტელეფონი დალუქა. “ალტერნატივად მას მხოლოდ ფურცელი და კალამი შესთავაზეს” – აცხადებს “TV პირველი”.

2025 წლის 30 ივნისს, ამოქმედდა ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში, რომლითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიის უფლებები. კერძოდ: 

  • აიკრძალა სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში და ეზოში ფოტო, ვიდეო გადაღება და აუდიოჩაწერა;
  • გაუქმდა ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, ტელეფონის, კომპიუტერის ან სხვა ფოტო/ვიდეო და აუდიოჩაწერის საშუალების ჩამორთმევას.

აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, მედიას საგრძნობლად შეეზღუდა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესების თავისუფლად გაშუქების უფლება, როგორიც არის – ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, ან სინდისის სხვა პატიმრების სასამართლო სხდომები

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, არაერთი ადამიანი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების მხრიდან ძალადობის და ფიზიკური, თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. 30 ივნისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება კი, მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოებში მომხდარი მსგავსი უკანონო ფაქტების გაშუქების შესაძლებლობას ზღუდავს.