ჟურნალისტი გურამ როგავა მასზე თავდასხმის საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვის მიმართ უნდობლობას გამოხატავს

ჟურნალისტი გურამ როგავა მასზე თავდასხმის საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმართ უნდობლობას გამოხატავს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს. მისი თქმით, მიუხედავად დაზარალებულის სტატუსისა, სასამართლოს მისი პოზიცია არ მოუსმენია, ხოლო პროკურატურას განაჩენის გამოტანამდე მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეუფარდა. როგავას განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ მას ტელეფონით საქმის ახალმა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ აცნობა. პროკურორის განმარტებით, სასამართლომ და დაცვის მხარემ ბრალდების ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ მიიჩნიეს, რის გამოც დაზარალებულის გამოკითხვა საჭიროდ არ ჩაითვალა.

როგავა ეჭვქვეშ აყენებს საქმის მასალების სანდოობას და აცხადებს, რომ გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არადამაჯერებელია. მისი შეფასებით, საქმის დახურულ რეჟიმში განხილვამ საზოგადოებას მნიშვნელოვანი გარემოებების გაცნობის შესაძლებლობა შეუზღუდა. ჟურნალისტი ასევე ეჭვქვეშ აყენებს მსჯავრდებული პირის მიერ თავდასხმის განხორციელებას და აცხადებს, რომ რეალური თავდამსხმელი კვლავ თავისუფალია. აღნიშნული ეჭვები მას გამოძიების ადრეულ ეტაპზეც ჰქონდა გამოთქმული.

საქმის სასამართლო განხილვის დასკვნით ეტაპზე შეიცვალა პროკურორიც – გიორგი ნადირაძე, რომელმაც პროკურატურიდან წასვლის შესახებ განაცხადა, ლაშა გამყრელიძემ ჩაანაცვლა.

გურამ როგავას 2024 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციის გაშუქებისას, პირდაპირ ეთერში, სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის შედეგად ჟურნალისტს სახის ძვლები გაუტყდა და კისრის მალები დაუზიანდა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისში ტელეკომპანია „ფორმულამ“ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, სავარაუდოდ დადგინდა როგავაზე თავდამსხმელი სპეცრაზმელის ვინაობა. ტელეკომპანია სავარაუდო თავდამსხმელს ინიციალებით – ი.შ. – მოიხსენიებდა. აღნიშნული პირი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფდა, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი აცხადებდა, რომ მას არ იცნობდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებები თავდაპირველად არ აკონკრეტებდნენ, გამოიკითხა თუ არა აღნიშნული პირი. მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებული პირის კავშირი როგავაზე თავდასხმასთან არ დასტურდებოდა. 

დააკავეს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე

22 ოქტომბერს, საბოტაჟის ბრალდებით “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს. 

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, დიტო ჩუბინიძე 2026 წლის თებერვლიდან სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ. 

უწყების მტკიცებით, აღნიშნული ქმედებით მან განზრახ განახორციელა საბოტაჟი და ხელი შეუშალა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

დიტო ჩუბინიძის დაკავებას გამოეხმაურნენ მედიის ადვოკატირების კოალიცია და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. 

“პროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს, როდესაც მომავალში ნებისმიერი ჟურნალისტური საქმიანობა, სტატია თუ კრიტიკული პოზიცია, შესაძლოა, შეფასდეს სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებაში ხელის შეშლად და გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. აღნიშნული ტენდენცია ემსახურება ქვეყანაში თავისუფალი სივრცის საბოლოოდ შეზღუდვას” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში. 

დაკავებიდან ერთ კვირაში, 29 ოქტომბერს, დიტო ჩუბუნიძე 4,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ერთი თვით დაკავებულია

19 ოქტომბერს პოლიციამ  ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი სტატუსის გამო „პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას“ (შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის მისამართით) ედავებოდა. 

დაკავების წინ მედიასთან საუბრისას სანაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანი კონკრეტული სიტყვების აკრძალვა კი არა, ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობა და მოქალაქეების დაშინებაა:

„რამდენი პატიმრობაც არ უნდა იყოს, რა ჯარიმაც არ უნდა იყოს, იქამდე გავაგრძელებ მე ჩემი აზრების გადმოცემას, ზეპირსიტყვიერად იქნება ეს თუ წერილობით, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, რას დაწერენ, რას დაარქმევენ გადაწყვეტილებას… აქ მთავარია, რომ კრიტიკული აზრი არ უნდა გამოითქვას, ადამიანები შეშინდნენ, არ დაწერონ, არ თქვან. შესაბამისად, ჩემი პასუხი ამაზე ყოველთვის იქნება, რომ დავწერ, რასაკვირველია, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავწერ“.

ეს უკვე მესამე ადმინისტრაციული საქმეა, რომელიც 2026 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვახო სანაიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტების გამო აღძრა. ხელისუფლება აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ მექანიზმებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დასასჯელად:

  •  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო, მიმდინარე წელს სანაიას უკვე შეფარდებული ჰქონდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 6 000-ლარიანი ჯარიმა.
  • 2025 წლის ივლისში ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების  თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას  „შეურაცხყოფისთვის“ 4 000 ლარით დააჯარიმეს. იმავე წლის 19 ოქტომბერს კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ვახო სანაიას პატიმრობას კრიტიკულად გამოეხმაურნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო პატიმრობა შეეფარდა

22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვი 14 დღიანი პატიმრობა სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო შეუფარდა. მანამდე, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ვახო სანაია მანამდე დაჯარიმებული იყო.

საქმე ვახო სანაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ლადო ბოჟაძის შესახებ.

ეს არის პირველი შემთხვევა ჟურნალისტისთვის სოცილურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო პატიმრობის შეფარდების.

საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. 

სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულას“ 10,000 ლარის გადახდა დააკისრა

14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა მიიღო. სასამართლომ „ფორმულას“ 10,000 ლარის გადახდა დააკისრა „მორალური ზიანის მიყენების“ საფუძვლით და დაავალა მოსარჩელის მიმართ „სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ საკუთარ ეთერში უარყოფა.

დავა შეეხებოდა „შაბათის ფორმულაში“ 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს. 17 იანვრის სიუჟეტში „ფორმულამ“, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შესაძლო შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა.

ხაინდრავა ამტკიცებდა, რომ სიუჟეტში გავრცელდა „არსებითად მცდარი“ და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. „ფორმულის“ იურისტმა ეთო ქათამაძემ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად შეაფასა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია ქვეყნის შიგნით არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს სრულად გამოიყენებს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დავას სტრასბურგშიც გააგრძელებს.

ამავე სიუჟეტის გამო,, საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, გამოძიება „ფორმულის“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეეხება. ამ გამოძიების ფარგლებში პროიკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტები – ნატუკა ლომაძე, მიშო მარტაშვილი და დავით ქაშიაშვილი.

სააპელაციო სასამართლომ „რეალური სივრცის“ თანამშრომლების გათავისუფლების საქმეზე საჩივარი არ დააკმაყოფილა

14 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის – „რეალური სივრცის“ თანამშრომლების საჩივარი ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეზე.

ქეთევან კაპანაძე, იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე, ომარ წოწორია და ტუხა კვინიკაძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“, ხოლო გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყდათ.

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააჯარიმეს სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 6 000 ლარით დააჯარიმა სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. სამართალდარღვევად შეფასდა სოციალურ ქსელში ვახო სანაიას მიერ გამოქვეყნებული პოსტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარლამენტის წევრის, ლადო ბოჟაძის შესახებ.

სანაია, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო, ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული 4000 ლარით. ამიტომ მოსამართლემ გადაწყვეტილება სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებული მუხლის შესაბამისად მიიღო.

საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. 

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც  150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან. ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, რომელიც ამ სამმართველოს ოქმის საფუძველზე დაჯარიმდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტისა და წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ზაუტაშვილის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის განცხადებით, ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და მისი შესაბამის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდნენ.

„საქმეს რომ ბოლომდე მივიყვან, ეს ვიცი და არც დრო და არც ენერგია არ დამენანება ამისთვის. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ და მოსამართლემაც იცოდა, რომ ჩემსკენ იყო სიმართლე. ამ საშინლად მძიმე დროში, როცა ძალიან ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ერთადერთ და უპირველეს ამოცანად რჩება მართლმსაჯულების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მოამბის“ ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელიც, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა.

სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა

24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლიანა კაჟაშვილმა, შეწყვიტა „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმე პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ. პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს ტელეეთერით გაჟღერებული განცხადებებით ცილისწამებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა.

„ეს არის საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ მზია ამაღლობელის შემთხვევაში, რომელიც მოსარჩელეს წარმოადგენდა ამ საქმეში, არამედ, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემისთვის“, – უთხრა მედიას ჟურნალისტის ადვოკატმა, ანა რეხვიაშვილმა.

სასამართლოზე არ გამოცხადებულა ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. 2025 წლის 24 ნოემბერს,  მოსამართლე დავით აკობიძემ მიიჩნია, რომ უნდა შეეწყვიტა საქმე, რომლითაც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის “რეალური სივრცის” თანამშრომლების საჩივარი

20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა არ დააკმაყოფილა გგადაცემა „რეალური სივრცის“ ყოფილი თანამშრომლების საჩივარი.

გადაცემა „რეალური სივრცე“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2025 წლის 5 მაისამდე გადიოდა. არხის მენეჯმენტმა მაშინ მიიღო გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება. „რეალური სივრცის“ თანამშრომლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს სასამართლოში უჩივლეს.

20 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილება ქეთევან კაპანაძის, იოსებ კაციტაძის, თამარ მშვენიერაძის, ომარ წოწორიასა და ტუხა კვინიკაძის ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეს ეხებოდა. ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და 2022 წლის 30 დეკემბრის უვადო შრომითი ხელშეკრულებების პირობებით, გადაცემა „რეალური სივრცის“ შესაბამის პოზიციებზე აღდგენას მოითხოვენ.

2024 წლის ნოემბრიდან, პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, აქციის მონაწილეები სატელევიზიო ეთერის გახსნასაც ითხოვდნენ. მოთხოვნას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც. არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდიც.

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“, ხოლო გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყდათ.