თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტისა და წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ზაუტაშვილის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის განცხადებით, ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და მისი შესაბამის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდნენ.

„საქმეს რომ ბოლომდე მივიყვან, ეს ვიცი და არც დრო და არც ენერგია არ დამენანება ამისთვის. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ და მოსამართლემაც იცოდა, რომ ჩემსკენ იყო სიმართლე. ამ საშინლად მძიმე დროში, როცა ძალიან ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ერთადერთ და უპირველეს ამოცანად რჩება მართლმსაჯულების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მოამბის“ ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელიც, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა.

ჟურნალისტებს ანგარიშები დაუყადაღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან

15 აპრილს, „TV პირველის“ ინფორმაციით, არხის შაბათის ეთერის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.  სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა JamNews-ის საქართველოს რედაქტორი ირაკლი დათუნაშვილიც (სოციალური მედიაში სახელი: ლეო ნაფტა) წერს, რომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. მისი ინფორმაციით, დაყადაღების საფუძვლად მითითებულია 15 ოქტომბრის ჯარიმა, რომლის არსებობის შესახებ ამ დრომდე ინფორმირებული არ ყოფილა.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მაკა ჩიხლაძე 2025 წლის 15 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს, რის საფუძველზეც მას „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მისი თქმით, ჟურნალისტს აღნიშნული ჯარიმის შესახებ არ შეატყობინეს და მოგვიანებით ანგარიშები დაუყადაღეს.

თავად მაკა ჩიხლაძე აცხადებს, რომ ჯარიმის არსებობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ანგარიშების დაყადაღების შემდეგ შეიტყო.

 „ამხელა უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ გამოინახა რესურსი, რომ ერთი SMS შეტყობინება გამოეგზავნათ ჩემთვის… უბრალოდ რომ შეეტყობინებინათ, რომ დაჯარიმებული ვარ, ამას გავარკვევდი და დავამტკიცებდი, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. ვიდრე ანგარიშები არ დამიყადაღეს, ამის შესახებ არ ვიცოდი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე შეფასებით, საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს მის ჟურნალისტურ საქმიანობას. „მე მგონია, რომ ეს არის შურისძიება და არ აქვს კავშირი არც შეკრებისა და მანიფესტაციის კანონთან და არც რაიმე დარღვევასთან“, – აღნიშნა მან. ჩიხლაძე ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოვლენაზე სხვა მედიის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ, თუმცა დაჯარიმება მხოლოდ მას შეეხო.

2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს პირდაპირ ეთერში მუშაობისას უცნობი ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე დაწყებული გამოძიება ამ დრომდე არ არის დასრულებული.

 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს, დააჯარიმეს და საქართველოდან გააძევეს

2026 წლის 4 აპრილის ღამეს, საქართველოში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი  დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად მისმა მეუღლემ გაავრცელა. მან გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ სადიგოვის სახლის კარის გაჭრას სამართალდამცველები.

სადიგოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჟურნალისტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის – სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა.

აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი იმავე დღეს, გვიან ღამით გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ასევე, მას შეეფარდა საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა სამი წლის ვადით. გადაწყვეტილება გამთენიას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადდა.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდა, რის გამოც, აზერბაიჯანში იდევნებოდა. იგი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა. აზერბაიჯანი აფგან სადიგოვის გადაცემას თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. მისი ადვოკატები ამ ნაბიჯს სახიფათოდ მიიჩნევდნენ და ექსტრადიციის შესახებ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. სადიგოვის საქმეზე არსებობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წელს მიღებული დროებითი ღონისძიება, რომლითაც საქართველოს, წამებისა და პოლიტიკური დევნის საფრთხის გამო, სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია ეკრძალებოდა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, სადიგოვის გაძევება  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოიყენეს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” სოლიდარობას უცხადებს აფგან სადიგოვს და გმობს მის გაძევებას ქვეყნიდან. ქარტია ჟურნალისტთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ აფგან სადიგოვის შემთხვევის მიმართ, იზრუნონ მის უსაფრთხოებაზე და გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, ჟურნალისტის დასაცავად აზერბაიჯანში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. “მედიის ადვოკატირების კოალიციი”  შეფასებით, აფგან სადიგოვის გაძევება “საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და თავისუფალი სიტყვის დევნისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც „ქართული ოცნება” რამდენიმე წელია ახორციელებს”.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “TV პირველის” ჟურნალისტების სარჩელი პროსამთავრობო “POSTV-ის” წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “TV პირველის” ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატალია ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი პროსამთავრობო “POSTV-ის” წინააღმდეგ. ჟურნალისტებმა POSTV-ს ცილისწამებისთვის უჩივლეს, იმ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ისინი “Coca-Cola”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონიასგან, 30 000 დოლარს იღებდნენ ხელფასის სახით. 

„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, მოპასუხის მხარეს იყო მტკიცების ტვირთი, მათ სასამართლოში არაერთი დოკუმენტი წარადგინეს. მათ შორის: სატელეფონო საუბრის ჩანაწერი თემურ ჭყონიასთან;   სახელფასო და შრომითი ცნობები „ტვ პირველიდან“;  რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული ჩარიცხვების საბანკო ამონაწერები თითოეულ ჟურნალისტზე – თითოეული კომერციული ბანკიდან;  გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებდა  POSTV-ის მიერ ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევით სიუჟეტის მომზადებას;  ყველა სიუჟეტი  და განცხადება, რომელიც „ტელეკომპანიის“ ერთადერთ განზრახვას ადასტურებდა – მოსარჩელე ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობას. თუმცა, დავა მაინც სანქცირებული მედიის გამარჯვებით დასრულდა.

ამავე დროს, იურისტი ხაზს უსვამს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არცერთი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას მხატვრის მუშაობის შეზღუდვის მცდელობა

სასამართლო პროცესებზე მედიისთვის ფოტო, ვიდეო და აუდიოგადაღების აკრძალვის პირობებში, პროცესების ვიზუალური ასახვის ერთ-ერთ ერთადერთ საშუალებად მხატვრების მიერ შესრულებული სკეტჩები რჩება. მიუხედავად ამისა, 18 მარტის ანტონ ჩეჩინის, სერგეი კუხარჩუკისა და არტიომ გრიბულის სხდომაზე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სცადა მხატვრის მუშაობის შეზღუდვა და მიუთითა, რომ „სახეებით გამოჭენება“ არ უნდა მოხდეს. ადვოკატების განმარტებების შემდეგ, რომ ხატვა აკრძალული არ არის, რასაც პროკურორიც დაეთანხმა, მხატვარს მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცა, თუმცა სახეების გამოსახვა შეეზღუდა.

აღნიშნული ვითარება ვითარდება იმ ფონზე, როდესაც 2025 წლის ივნისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით სასამართლოში გადაღება ფაქტობრივად აიკრძალა, რამაც მედიის მიერ პროცესების გაშუქება მნიშვნელოვნად გაართულა და საზოგადოების ინფორმირების შესაძლებლობა შეამცირა.სასამართლოში მიმდინარეობს ანტონ ჩეჩინის, სერგეი კუხარჩუკისა და არტიომ გრიბულის ახალი საქმის წინასასამართლო განხილვა. წარმოშობით რუს და უკრაინელ პატიმრებს, რომლებიც უკვე გასამართლებული არიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საქმეებით, ამჯერად პენიტენციურ დაწესებულებაში „ხელნაკეთი ბანქოს ჯგუფურად თამაშს“ ედავებიან. აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინსა და გრიბულს უკვე 8.5-წლიანი, ხოლო კუხარჩუკს 2-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ბრალის წარდგენის შემდეგ ისინი სხვადასხვა საკანში გადაიყვანეს

უზენაესმა სასამართლომ, ,,ბათუმელებისა”და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

2026 წლის 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გამოცემების, ,,ბათუმელებისა” და” ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა, ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ნაბიჯით, საქართველოში, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულებულია ყველა ინსტანციის სასამართლოში. 

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. ეს სტიკერი პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის – ირაკლი დგებუაძისთვის – სილის გაწვნისთვის. ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დახურა

23 თებერვალს მოსამართლემ დახურა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა ე.წ საბოტაჟის საქმეზე. 

ამ წამს მოსამართლემ დახურა სხდომა, მედიისთვისაც და არასამთავრობოს დამკვირვებლებისთვისაც, მხოლოდ იმიტომ რომ ადვოკატი ბექა ბასილაია ეუბნებოდა მოსამართლეს, გთხოვთ, ნუ აბრახუნებთ მაგ ჩაქუჩს წაღმა უკუღმაო” – დაწერა იურისტმა თამთა კახიძემ.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავება.

აღსანიშავია, რომ შემზღუდავი კანონების გამო, მედია ისედაც შეფერხებით მუშაობს სასამართლო სხდომებზე. სხდომების სრულად დახურვა კი, ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის.

სააპელაციო სასამართლომ  ძალაში დატოვა ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო

“ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხისთვის Facebook-ზე „მონას“ წოდებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “TV პირველის” ჟურნალისტ, ტელეწამყვან ვიკა ბუკიასთვის დაკისრებული 4000-ლარიანი ჯარიმა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

„ალბათ, გახსოვთ მარიამ ლაშხს მონა რომ ვუწოდე, იმან რომ 4000 ლარის ინერვიულა და მიჩივლა. ჰოი, საოცრებავ. სააპელაციომ ძალაში დატოვა და ამიკრძალა მარიამ ლაშხს ვუწოდო ის, რაც ნამდვილად არის”, – წერს ვიკა ბუკია სოციაურ ქსელში და აქვეყნებს სასამართლოს დადგენილებას, სადაც წერია, რომ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა ვიკა ბუკია 2025 წლის 18 ივნისს დააჯარიმა. მაშინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო, სასამართლოში ექვსი ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს “ქართული ოცნების” დეპუტატები უჩიოდნენ. ექვსივე ჟურნალისტის შემთხვევაში, საჩივრების სამართლებრივი საფუძველი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 173(16)-ე მუხლი. ეს მუხლი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ეს ერთ-ერთი “ქართული ოცნების” მეირ მიღებული მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებაა.

ჯარიმა და ყადაღა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის

2025 წლის 30 აგვისტოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის “მაუწყებელის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც დასტურდება „მაუწყებლის“ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალებით, საგამოძიებო ორგანოებმა აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინეს.

“მაუწყებლის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტს საბანკო ანგარიშებზე ყადაღა დაადო და მის სახელზე გაფორმებული ქონების დაყადაღებით დაემუქრა, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად კი 7 დღის ვადა მისცა.

მსგავსი პრაქტიკა ჟურნალისტური საქმიანობის კრიმინალიზებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას წარმოადგენს, ამასთან, ყადაღის გამოყენება, დამატებითი ფინანსური ზეწოლის მექანიზმია და არსებითად ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას.

აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა, რადგან სასამართლოს შეფასებით მის ქმედებაში შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფრთხე ემუქრება.

საქმე ეხება 2025 წლის 17–18 დეკემბრის ეპიზოდს. შსს აფგან სადიგოვს ტრანსპორტის ან/და ქვეითთა გადაადგილების შეფერხებას ედავება. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ჟურნალისტი 2025 წლის ოქტომბერში უკვე იყო იმავე საფუძვლით ადმინისტრაციულად სახდელდადებული, ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, რომლებიც განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ცვლის.