სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის მაისი

კონტექსტი

2024 წლის მაისი ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული უფლებადარღვევები მკვეთრად გააქტიურდა. აღნიშნული პერიოდი დაემთხვა ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალ ინიცირებას, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი, უწყვეტი და ინტენსიური საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში.

საანგარიშო პერიოდში დოკუმენტირებულია არაერთი ინციდენტი, მათ შორის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებები, ძალადობის მძიმე ფაქტები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, დაშინება და ფინანსური სანქციების გამოყენება. ინციდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა მშვიდობიან შეკრებებსა და საპროტესტო აქციებს, სადაც ფიგურირებდნენ სამართალდამცავი ორგანოები ან მათთან ასოცირებული პირები, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და კრიტიკული აქტივიზმის ჩახშობის ტენდენციაზე.

ინციდენტები

2024 წლის 1-ლ მაისს, რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქცია დაშალა. აქციის დაშლისას სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავდა არაერთი ადამიანი. მათ შორის იყო 25 წლის ბიჭი ნიკა დემურიშვილიც, რომელსაც სპეცრაზმელებმა სავარაუდოდ რეზინის ტყვია ესროლეს. დემურიშვილმა დაზიანება სახის არეში მიიღო. მათ შორის, რეზინის ტყვია ესროლეს. კონსტანტინე ჩახუნაშვილს. მისი თქმით, ტყვია ხელსა და ბარძაყის არეში მოხვდა. 2 მაისს, 01:30 საათისთვის, უკვე ჰოსპიტალიზებული იყო 8 მოქალაქე. 

განცხადება გაავრცელა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, უარი ეთქვა კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე.

2024 წლის 1-ლ მაისს, ზუგდიდში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარიამ სიჭინავა დააკავეს

2024 წლის 3 მაისს, თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფში”, სადაც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიღება მიმდინარეობდა, მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აღნიშნულ აქციაზე სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა.  პოლიციელებმა დააკავეს 1 მოქალაქე.

2024 წლის 3 მაისს, მასწავლებელს და აქტივისტს ლადო აფხაზავას სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და შვილთან ერთად ყოფნისას, ხის ხელჯოხებით  ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2024 წლის 3 მაისს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა 5 მოქალაქე. 

2024 წლის 7 მაისს,  IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, შვედეთის საელჩოსთან, ინტერვიუს მიცემისას თავს დაესხნენ უცნობი პირები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2024 წლის 8 მაისს,  “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს, არაიდენტიფიცირებულმა პირებმა საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა 2-ზე მეტმა ადამიანმა განახორციელა, რომლებიც, სავარაუდოდ, ბეისბოლის ხის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულები. 

2024 წლის 8 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე მოქალაქეს, ნესტან ანანიძეს თბილისში, “გამარჯვების პარკში”, ვარჯიშის დროს პოლიციელებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოქალაქე თვლის, რომ მიზეზი მაისური გახდა, რომელსაც აწერია “არა რუსულ კანონს.”  “გამარჯვების პარკში” ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან, დაკავშირებული ღონისძიება იმართებოდა, რომელსაც “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

2024 წლის 8 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს უკრაინის მხარეს მებრძოლი გიორგი შანიძე. მას პოლიცია საცხოვრებელ სახლთან დახვდა. 

2024 წლის 9 მაისს, პოლიციამ საცხოვრებელ სახლში დააკავა სამოქალაქო აქტივისტი და სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე. 

2024 წლის 9 მაისს, “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება. “TV პირველის” ინფორმაციით, დაკავებული იყო მინიმუმ, 5 ადამიანი.

2024 წლის 9 მაისს,  პოლიციამ ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებისა (სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი) და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლის ბრალდებით  (სსკ-ის 353 პრიმა მუხლი),  დააკავა ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ხოლო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით (სსკ-ის 353 პრიმას პირველი ნაწილი), დააკავა აქციის მონაწილე ირაკლი მეღვინეთუხუცესი. 

2024 წლის 9 მაისს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს გიორგი მუმლაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს 4 პირი დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. მას ტელეფონიც წაართვეს. თავდასხმა მარნეულში, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. 

2024 წლის 9 მაისს, ბაიკერებს, რომლებიც ე.წ. “რუსული კანონის” აქტიური მოწინააღმდეგეები არიან, საკუთარი მოტოციკლები დილით დაზიანებული დახვდათ. 

2024 წლის 10 მაისს, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა სამოქალაქო აქტივისტი და უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი.

2024 წლის 10 მაისს, ჭავჭავაძის გამზირზე “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს. მომიტინგეები ყვებოდნენ, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებდა მოქალაქეებს. 

2024 წლის 10 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობის დროს, დააკავეს რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი. აბდუშელიშვილის თქმით მასზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა, რის შემდეგადაც მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. 

2024 წლის 10 მაისს, ვიდეოგრაფ გიორგი ჯობავას არაიდენტიფიცირებულმა პირებმა ის მანქანა დაუზიანეს, რომლითაც აქტივისტი აქციის მონაწილეებს ყავა/ჩაით უმასპინძლდებოდა. 

2024 წლის 10 მაისს, ჩასაფრება მოუწყვეს “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ ბექა ბერიძესაც. ბერიძის თქმით, მისი ოჯახის წევრებმა სახლთან ახლოს დააფიქსირეს მანქანა და ის გააფრთხილეს, რომ სახლში არ დაბრუნებულიყო.

2024 წლის 10 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე სანდრო ქინქლაძე წერდა, რომ მის სახლთან ჩასაფრებას უწყობდნენ. ქინქლაძემ სოციალურ ქსელში იმ ავტომობილის ფოტოც გაავრცელა, რომელიც მისი მტკიცებით, მას ელოდებოდა.

2024 წლის 10 მაისს,  “გირჩი ტივის” თანამშრომელი, გიორგი მოსიაშვილი, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.  ზურა გირჩი ჯაფარიძე წერდა, რომ სავარაუდოდ, მიზეზი შესაძლოა წინა დღეს იმედისა და პოსტვის მიერ, წლების წინანდელი ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაციის გავრცელება იყო. 

2024 წლის 11 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” აქციების მონაწილესთან, შეფ ნოდარ ტურაშვილთან, პოლიცია დაახლოებით 18:00 საათისთვის მივიდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.  ინფორმაცია მან ფეისბუქზე თავად გაავრცელა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის თითქოსდა „ქურდობის ფაქტთან“ დაკავშირებით ჰყავდათ გამოკითხვაზე ორთაჭალის იზოლატორში გადაყვანილი. ტურაშვილი აღნიშნულ ინციდენტს მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირებს. 

2024 წლის 11 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტებს ჩასაფრებებს მთელი ღამის განმავლობაში უწყობდნენ – ე.წ ტიტუშკების სამიზნეები დაფიონის წევრები – ზვიად ცეცხლაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი გახდნენ. მოძრაობა “დაფიონის” დამფუძნებლებს სახლებთან ნიღბიანი მამაკაცები მივიდნენ, აქტივიტებს აგინეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. უცნობი საკუთარ სახლთან სავარაუდო მოძალადეები ელოდებოდნენ რატი ამაღლობელსაც

2024 წლის 12 მაისს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ფრიდონ ბუბუტეიშვილს, ირაკლი მეღვინეთუხუცესსა და გიორგი შანიძეს. 

2024 წლის 12 მაისს, პოლიციამ დააკავა გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი. სასამართლომ კი იმავე დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ ორივე პირს პატიმრობა შეუფარდა. 

2024 წლის 12 მაისს, ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

2024 წლის 13 მაისს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქცია დაშალა. პარალელურ რეჟიმში, არაერთი მედიასაშუალება ავრცელებდა სპეცრაზმის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის კადრებს. 

პარლამენტთან აქციაზე, სადაც მოქალაქეები ე.წ “რუსულ კანონს” აპროტესტებდნენ, 23 ადამიანი დააკავეს. ომბუდსმენის შეფასებით, 23 დაკავებულიდან 22 პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობდა. აქციაზე დაკავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები: გურამ ადამია, მალხაზ გორგიძე, ირაკლი ზარქუა, პატრიკ ჰერნანდესი, ბრაიან ჯეი ბინგემი, გუკა რჩეულიშვილი, გიორგი კემულარია, ლაშა კემულარია, რევი ყურაშვილი, ზურა ხომერიკი, კახა კვეკვესკირი. 

აქციაზე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ უკრაინის ომის ვეტერანს, ნადიმ ხმალაძესაც. ის ჯერ დააკავეს, სცემეს და შემდეგ გაათავისუფლეს. 

2024 წლის 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელსაც საზოგადოება ე.წ “რუსული კანონის” სახელით იცნობს, მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილე 116 დეპუტატიდან კანონპროექტს მხარი 84-მა დაუჭირა.

კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ სუბიექტებს. კრიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული ტერმინოლოგია სტიგმატიზების საფრთხეს ქმნის და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ზღუდავს.

კანონის მიღებას წინ უძღოდა მრავალკვირიანი მასშტაბური საპროტესტო აქციები თბილისში და სხვა ქალაქებში. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ინიციატივა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებიც მიუთითებდნენ, რომ მსგავსი ტიპის კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან და შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და უფლებადამცველები ხშირად ავლებდნენ პარალელს რუსეთში მოქმედ მსგავს კანონმდებლობასთან, რომლის ამოქმედების შემდეგაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობა. მათი შეფასებით, რუსეთში აღნიშნული კანონი წლების განმავლობაში ეტაპობრივად გამკაცრდა და საბოლოოდ გავრცელდა როგორც ორგანიზაციებზე, ისე ცალკეულ ფიზიკურ პირებზე.

2024 წლის 14 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი. 

2024 წლის 14 მაისს,  გმირთა მოედანზე, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, “TV პირველის” ცნობით, მინიმუმ 3 ადამიანი იქნა დაკავებული. დაკავებულთაგან 1 კონსტანტინე თოხაძე იყო, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. 

2024 წლის 14 მაისს, პოლიციელზე თავდასხმის (სსკ-ის 353 პრიმას პირველი ნაწილი) ბრალდებით დააკავეს კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი და აქციების მონაწილე გიორგი ოკმელაშვილი. 

2024 წლის 14 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე ათობით სპეცრაზმელმა აქტივისტი დავით ქაცარავა, ძალის გამოყენებით კორდონში შეათრია და ადგილზე წიხლებით ცემით გაუსწორდა. ქაცარავა დააკავეს, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების გამო მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. 

2024 წლის 15 მაისს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა ავტომობილი შენიშნეს, საიდანაც  ხის ხელჯოხებით შეიარაღებული ადამიანები გამოჩნდნენ. უცნობი პირები ადგილიდან გაიქცნენ,  მას შემდეგ რაც ახალგაზრდებმა მობილიზება და კადრების გადაღება დაიწყეს.

2024 წლის 15 მაისს, ირაკლი მილაძეს, სტუდენტს, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეხვედრას ე.წ. “რუსული კანონის”  წინააღმდეგ აწყობდა, თავს დაესხნენ. სტუდენტის თქმით, აგრესიულმა  დაჯგუფებამ, რომელიც უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები არიან, შეხვედრის დასრულების შემდეგ მას ჩასაფრება მოუწყვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და აგინეს.

2024 წლის 16 მაისს, პარლამენტთან, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე, (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი) დააკავეს 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი. 

2024 წლის 16 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ზუკა ჩაკვეტაძეს დაკავების დროს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ შემდეგ საპოლიციო მანქანაშიც. ჩაკვეტაძის თქმით, აქტივისტს მინიმუმ 10 სამართალდამცავი ურტყამდა.

2024 წლის 20 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 54 აქტივისტის საქმე განიხილებოდა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

2024 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2300 ლარით დააჯარიმა ზვიად დალაქიშვილი, “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომელიც სპეცრაზმმა ჯერ გაიტაცა და შემდეგ სასტიკად ცემა. 2200 ლარით დააჯარიმეს ასევე ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტი თორნიკე ქეთელაური. 

2024 წლის 24 მაისს,  მოსამართლე ნინო ენუქიძემ 6 აქტივისტი 500-500 ლარით დააჯარიმა. შსს აქტივისტებს ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

2024 წლის 30 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დგომისთვის აბიტურიენტი საბა პაპაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. მას გამოძიება გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

2024 წლის 30 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დგომისთვის მსახიობ ანანო მახარაძეს საქალაქო სასამართლოში შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

2024 წლის 31 მაისს, სამოქალაქო აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და მისი ოჯახის წევრებს “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია “POSTV” თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეგრელოში, სოფელში, სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ ჩასულები, “POSTV”-იც ჩავიდა. ვიტალი გუგუჩიას ფიზიკურად “POSTV”-ის ოპერატორი გაუსწორდა. ოპერატორი თავს დაესხა ასევე მისი ოჯახის წევრებს.  ”POSTV-ის გადამღები ჯგუფის მხრიდან ვიტალი გეგუჩიაზე თავდასხმის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება “POSTV”-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ივნისი

2025 წლის ივნისში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებასა და კრიტიკული მოქალაქეების მიმართ ზეწოლის სხვადასხვა ფორმის გამოყენებაზე მიუთითებს. თვის განმავლობაში პროევროპული საპროტესტო აქციების რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო რიგ შემთხვევებში გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასამართლოს შენობაში ან საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტების საფუძველზე.

ივნისში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო აქტივისტისა და მასწავლებლის, ნინო დათაშვილის საქმემ, რომლის წინააღმდეგაც სასამართლოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ თავდაპირველად გამოძიება დაიწყო, მოგვიანებით კი იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ამავე პერიოდში, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი, რომელსაც მოგვიანებით სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გარდა სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევებისა, დაფიქსირდა ფინანსური სანქციების გამოყენების ფაქტებიც. მათ შორის, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო დაჯარიმდა.

დოკუმენტირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ საპროტესტო აქტივობებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ივნისშიც აქტიურად გაგრძელდა და მოიცავდა როგორც დაკავებასა და თავისუფლების აღკვეთას, ასევე ფინანსური სანქციების გამოყენებას.

ინციდენტები:

2025 წლის 2 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლილი მსხილაძემ, 2023 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის დანიელ მუმლაძეს და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3-3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და ზარალის ანაზღაურებისთვისაც მზად იყვნენ, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდათ.

ნინო დათაშვილის საქმე

აქტივისტისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნინო დათაშვილის საქმე 2025 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტით დაიწყო, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 

9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ნინო დათაშვილსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მანდატურები ნინო დათაშვილს სიტყვიერად აიძულებდნენ, დაეტოვებინა ადგილი, სადაც, მათი განცხადებით, დგომა აკრძალული იყო სასამართლოს მითითებით. ამას ნინო დათაშვილის მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოში, რომელიც აქტივისტებმა გაავრცელეს ჩანდა, რომ ნინო დათაშვილი სასამართლოს შენობიდან რამდენიმე მანდატურმა იძულებით გაიყვანა. 

2025 წლის 11 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ნინო დათაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი საჯარო მოსამსახურეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს. 

აღნიშნული ინციდენტიდან 11 დღის შემდეგ, 2025 წლის 20 ივნისს, სამართალდამცავებმა ნინო დათაშვილი დააკავეს, ხოლო სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად გაიზიარა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე თავიდანვე მიუთითებდა ჯანმრთელობის რისკებზე. 

ნინო დათაშვილის დაკავებიდან მალევე, 200-ზე მეტმა მასწავლებელი და ლექტორმა დაკავებულ მასწავლებელს სოლიდარობა გამოუცხადა და განცხადება გაავრცელა. მასწავლებლები აცხადებენ, რომ ნინო დათაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. ისინი ითხოვდნენ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლილიყო.

7 აგვისტოს სასამართლო პროცესზე ნინო დათაშვილმა გაიხსენა, როგორ ექცეოდნენ პოლიციელები 20 ივნისს, დაკავების შემდეგ. მასწავლებლისა და აქტივისტის თქმით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ შვილთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალებას. დათაშვილი ჰყვებოდა, რომ განყოფილებაში გააშიშვლეს და რამდენიმე საათის განამვლობაში არ მისცეს ტუალეტში შესვლის უფლება ( ნიშანდობლივია, რომ იდენტურ მოპყრობაზე ისაუბრა მზია ამაღლობელმაც). მასწავლებლის თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ექცეოდნენ ექცეოდნენ როგორც ნივთს, ცინიკურად და ღირსების შემლახავად.  

საპატიმროში ყოფნის პერიოდში საქმემ კიდევ უფრო რეზონანსული ხასიათი მიიღო, როდესაც აგვისტოს დასაწყისში პროკურატურამ ბრალდებულის სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერის საფუძველზე სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს უარის თქმის შემთხვევაში 20 დღით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი გადაყვანით დაემუქრნენ, რაც უფლებადამცველებმა და თავად დათაშვილმა საბჭოთა ტიპის რეპრესიულ პრაქტიკად და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობად შეაფასეს.

სექტემბრიდან ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში მკვეთრად და კრიტიკულად გაუარესდა, რის გამოც მან ხერხემლის პრობლემების ფონზე დამოუკიდებლად გადაადგილების, ჯდომისა და საკვების მიღების უნარიც კი დაკარგა. მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო ის საკუთარ სასამართლო სხდომებზე გამოცხადებასაც ვეღარ ახერხებდა, რაც სასჯელაღსრულების სამსახურის მთავარმა ექიმმაც ოფიციალურად დაადასტურა. მიუხედავად ადვოკატების არაერთი მცდელობისა და საზოგადოებრივი პროტესტისა, სასამართლო მას თავდაპირველად მაინც პატიმრობაში ტოვებდა.

საბოლოოდ, ვინაიდან პატიმრობაში ყოფნა შეუთავსებელი აღმოჩნდა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, თავად პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 2025 წლის 29 ოქტომბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა, რის შემდეგაც მან საპატიმრო დაწესებულება მკურნალობის მიზნით დატოვა

ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ნინო დათაშვილის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ კამპანიად აფასებენ.

უფლებადამცველების ძირითადი აქცენტები და შეფასებები რამდენიმე მიმართულებად იყოფა:

  • პატიმრობის დაუსაბუთებლობა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებაში განმარტა, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება სრულიად დაუსაბუთებელი იყო, რადგან არ არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე. საქართველოს სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ პატიმრობის მუდმივი გაგრძელება აბსტრაქტულ რისკებს ეყრდნობოდა და უგულებელყოფდა მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას.
  • საბჭოთა ტიპის ფსიქიატრიული რეპრესიები: ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებმა მკაცრად დაგმეს იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის მოთხოვნა. მათი შეფასებით, სამედიცინო ისტორიიდან ამოგლეჯილი სიმპტომის („ემოციური ლაბილობის“) გამოყენება აქტივისტის წინააღმდეგ იყო „საბჭოთა ტიპის რეპრესიული პრაქტიკის“ დაბრუნება და უთანაბრდებოდა არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
  • საერთაშორისო გამოხმაურება: წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ (OMCT) და ადამიანის უფლებათა დამცველთა დაცვის ობსერვატორიამ (FIDH) დათაშვილის პატიმრობა შეაფასეს როგორც თვითნებური დაკავება და სასამართლო დევნა, რომელიც მიზნად ისახავდა მის დასჯას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისთვის.
  • ჯანმრთელობის უფლების დარღვევა: საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ საპატიმროში დათაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების არმიწოდება (FIDH) და მისი მძიმე ფიზიკური ტკივილის უგულებელყოფა ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური სტანდარტების უხეში დარღვევა იყო.

2025 წლის 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა, ე.წ „სინდისის პატიმარს“ , 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

2025 წლის 18 ივნისს, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია  „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 4 000 ლარით დააჯარიმა. ბაია პატარაიას  Facebook-ზე მამუკა მდინარაძის, თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. 

2025 წლის 23 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. მან პოლიციელს პროტესტის ნიშნად სახეში სილა გააწნა. 25 ივნისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რატიანს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ივლისი

კონტექსტი

2025 წლის ივლისში დოკუმენტირებული ინციდენტები კვლავ მიუთითებს სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე, ასევე, ფიზიკურ ძალადობაზე. თვის განმავლობაში, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისას დაკავებულ რამდენიმე აქტივისტს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გარდა სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენებისა, ივლისში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის 2 შემთხვევა, რომლებიც შეეხო სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულ მუსიკოსებს. ინციდენტები უკავშირდებოდა მათ მონაწილეობას ან ასოცირებას საპროტესტო შინაარსის მქონე კულტურულ გამოხატვებთან, მათ შორის სიმღერა „ოლე ოლას“ შესრულებასთან. აღნიშნულ შემთხვევებში დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ მათზე განხორციელებული თავდასხმები ან მუქარები სწორედ ამ აქტივობას უკავშირდებოდა.

მთლიანობაში, ივლისის ინციდენტები აჩვენებს ტენდენციას, სადაც სამართლებრივი დევნა, თავისუფლების აღკვეთა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები მიემართება იმ პირებს, რომლებიც ან უშუალოდ მონაწილეობენ საპროტესტო აქტებში, ან ასოცირდებიან მათთან დაკავშირებულ კულტურულ და საჯარო გამოხატვასთან.

ინციდენტები:

2025 წლის 3 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მინდაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე მინდაძეს (გდდ) თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდა. 

2025 წლის 6 ივლისს, მუსიკოსს, მსახიობსა და ტელეწამყვანს, ვანო თარხნიშვილს უცნობი პირები საცხოვრებელ კორპუსთან თავს დაესხნენ და დაზიანებები მიაყენეს. მსახიობი თავდასხმას უკავშირებს 2025 წლის იანვარში თბილისის ერთ-ერთ პაბში მის მიერ სიმღერა „ოლე ოლას“ შესრულებას. თარხნიშვილმა ინციდენტის შემდეგ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ მას სახის არეში, თვალთან და ცხვირთან, სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

2025 წლის 8 ივლისს, მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) არაიდენტიფიცირბეული პირები თავს დაესხნენ. როგორც მუსიკოსი ამბობს, ინციდენტამდე ის 6 თვის განმავლობაში მუქარის შემცველ წერილებს იღებდა. კორძი თავდასხმას საპროტესტო სიმღერა „ოლე ოლას“უკავშირებს, ვინაიდან სიმღერას მუსიკალური გაფორმება ალექსანდრე კორძაიამ გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერის შესრულების გამო თავს დაესხნენ ვანიკო თარხნიშვილსა და დავით გაბუნიას. 

2025 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ანრი კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ანრი კვარაცხელიას მოლოტოვის კოქტეილის სროლით გდდ-ის თანამშრომლებისთვის საფრთხის შექმნას ედავებოდა, თუმცა მის საქმეში ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელი არ არსებობდა. კვარაცხელია ბრალს არ აღიარებდა და თვლიდა, რომ მისი საქმე ხელოვნურად „შეკერილი“ იყო. 

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის ივლისი

კონტექსტი

ივლისში აქტივისტების და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ დაფიქსირდა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების, სასამართლო სანქციების დაკისრებისა და საგამოძიებო ორგანოებში დაბარების პრაქტიკა. დოკუმენტირებული შემთხვევები მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული და საგამოძიებო მექანიზმები გამოიყენებოდა იმ პირების მიმართ, რომლებიც საჯაროდ გამოხატავდნენ პროტესტს ან აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში, რაც საზოგადოებაში პროტესტის ჩახშობის მიზანს ემსახურებოდა. 

ინციდენტები:

2024 წლის 1-ლ ივლისს,  სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა.  წიწიკაშვილი, ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით 9 ივნისს დააკავეს.

2024 წლის 23 ივლისს, სპეცრაზმის მიერ ნაცემი დავით ქაცარავა, რომელიც სპეცრაზმელებმა 14 მაისს ანტირუსული საპროტესტო აქციიდან გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ 166-ე მუხლთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა, ხოლო ქაცარავა სამართალდამრღვევად სცნო 173-ე მუხლის ნაწილში (წვრილმანი ხულიგნობა). ქაცარავას ასევე, აეკრძალა ცეცხლსასროლი იარაღის ტარება 2 წლის ვადით.

2024 წლის 23 ივლისს, თბილისის 51-ე სკოლის განთავისუფლებული თანამშრომელი, მისი გათავისუფლებას ,,რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. მანანა ღვინჯილია ამბობს, აქციების დასრულების შემდეგ  მას სკოლის დირექციამ განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. მასწავლებელმა მომხდარი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

2024 წლის 20 – 25 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს)  სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის მუხლებით მიმდინარე საიდუმლო გამოძიებაზე უკრაინაში მებრძოლ ქართველ ვეტერანებსა და აქტივისტებს სასამართლოში მოწმის სახით იბარებს და კითხავს. გამოძიება “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ადვოკატების ცნობით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ თითქოსდა “თავდასხმის მომზადების” ვერსიას უკავშირდება.

ე.წ “გადატრიალების საქმეზე” სუს-ში დაიბარეს  უკრაინაში მებრძოლი და “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე ნადიმ ხმალაძე, ხოლო 23 ივლისს – უკრაინის ომის ვეტერანი გელა კახაბრიშვილი. გამოძიების ფარგლებში, სუს-ის მიერ გამოსაკითხ პირთა შორის ასევე მოხვდნენ უკრაინის ომის ვეტერანები: ვაჟა ცაცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი, კონსტანტინე ჯღამაია, ლაშა რუხაია. 

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის იანვარი

2025 წლის იანვარში დოკუმენტირებული ინციდენტები სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებულ, ზეწოლის მრავალფეროვან და ინტენსიურ ფორმებზე მიუთითებს. შემთხვევები მოიცავს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ დევნას, ფიზიკურ ძალადობას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ფინანსურ სანქციებსა და პროფესიულ საქმიანობაში სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას. 

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინოა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული მასობრივი დაკავებები თბილისსა და ბათუმში, ასევე სასამართლოების მიერ აქტივისტებისა და ე.წ. „სინდისის პატიმრების“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები. პარალელურად, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები სამსახურიდან გათავისუფლებას საკუთარ სამოქალაქო პოზიციასა და პროტესტში მონაწილეობას უკავშირებდნენ, რამაც განსხვავებული აზრის გამოხატვის შემაკავებელი, ე.წ „მსუსხავი“ ეფექტი შექმნა. 

ასევე გამოვლინდა ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის აქტივისტების მიმართ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საერთო ჯამში, იანვრის მოვლენები ასახავს გარემოს, სადაც სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ძალისმიერი მექანიზმები ერთობლივად გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ინციდენტები:

2025 წლის 5 იანვარს, საჯარო მოხელეები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თანამშრომელი – ვაკო მაისურაძე, რეორგანიზაციის მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლა. მაისურაძე მის გათავისუფლებას “ქართული ოცნების” ძალადობის საჯარო დაგმობას უკავშირებს. აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის თანამშრომელიც. პავლე გახარიას თქმით, მას შრომითი ხელშეკრულება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუჩერეს.

2025 წლის 8 იანვარს, გერმანიის მოქალაქე გელა მეგრელიძეს, რომელიც ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა, სამშობლოში ბინადრობის უფლება არ მისცეს და აქციაზე სამართალდამრღვევად სცნეს. გელა მეგრელიძეს, რომელიც 20 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ბინადრობის ნებართვა არ მისცეს. გერმანიის მოქალაქე საქართველოში ცხოვრების უფლებას ითხოვდა, თუმცა უარის მიზეზად მიუთითეს, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ფოტოგრაფ გელა მეგრელიძისთვის გადაცემულ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მისი საქართველოში ყოფნა „სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია“.

2025 წლის 10 იანვარს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ სინდისის 11 პატიმრის – ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუხარჩუკის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის საქმეები განიხილა და ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროევროპული საპროტესტო აქციების აქციების მონაწილე თერთმეტ პირს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება. 

2025 წლის 11 იანვარს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა სინდისის 8 პატიმრის – ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გიორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოს ჯავახიშვილის საქმეები და ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთს კი – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2025 წლის, 11 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას,  აქციის ერთ-ერთი მონაწილე, შშმ პირთა უფლებადამცველი, გია ჯვარშეიშვილი, დააკავეს. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურისა და “საქართველოს ევროპული ორბიტის” ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას ბრიფინგიდან ირკვევა, ჯვარშეიშვილის დაკავებისას არაერთი უფლება დაირღვა და მას მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ისევე ფიზიკური შეურაცხყოფა. 

2025 წლის 12 იანვარს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოსთან“, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სახელწოდებით „უსამართლო სასამართლო“ გაიმართა. აქციის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებსა და საპროტესტო ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და ე.წ. „კლანის“ წამყვანი მოსამართლეები რესტორანში საახალწლო კორპორატიულ წვეულებას მართავდნენ. მოქალაქეების მწვავე პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის, მასობრივი დემონსტრაციებისა და მომიტინგეთა დაკავებების ფონზე, მოსამართლეები სადღესასწაულო ვახშამს აწყობდნენ. აქცია დღის მეორე ნახევარში დაიწყო, რის გამოც ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების დიდი რაოდენობა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. სამართალდამცავებმა რესტორნის პერიმეტრი სრულად ჩაკეტეს, რათა შენობაში მყოფი სტუმრები მომიტინგეებისგან დაეცვათ.

ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საგულისხმოა, რომ ყველა დაკავებული საუბრობდა დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. 

დაკავებულების პროცესი 14 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დაკავებულ 8 აქტივისტს მოსამართლეებმა ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს

კერძოდ: 

  • მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ტიტე გედენიძესა და ზვიად რობაქიძეს  10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო შაკო მაღრაძეს  – 12-დღიანი პატიმრობა.
  • მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დანიელ ბულკაშვილს 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა; 
  • მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ზურაბ მანჩხაშვილს 13 დღიანი, ხოლო გიორგი ჩაჩანიძეს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა;
  • მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბექა პაპაშვილს 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა;
  • მოსამართლე ნინო ენუქიძემ კახა ჯაფარიძეს 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 13 აქტივისტი დააკავა.

11 იანვარს დაკავებები დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს აქტივისტი თათია აბულაძე. მოგვიანებით, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელმაც ანალოგიური შინაარსის პლაკატი გააკრა. პოლიციამ სხვადასხვა ეპიზოდში დააკავა აქტივივისტები: მათე ცენტერაძე, გოდერძი ფრანგიშვილი, თემურ ქათამაძე, ლალი დგებუაძე, თეო ბერიძე, მალხაზ ირემაძე და არასრულწლოვანი ნინი შავაძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

12 იანვარს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. მათ შორის იყვნენ: ელიზბარ ჩხიკვაძე, ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და ლევან ხორავა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები ფოთში გადაიყვანეს. 

2025 წლის 13 იანვარს,  “ქართული ოცნების” წევრებმა, ვიქტორ სანიკიძემ და ირაკლი ზარქუამ, დუბაიში, სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა გაბიტაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება ლაშა გაბიტაშვილის მიერ “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის, წინა დღით, “მონისა” და “მოღალატის” დაძახებას მოჰყვა. 

2025 წლის 13 იანვარს, თბილისის მერიის თანამშრომელი, ქრისტინა ჩუბინიძე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ სამსახურიდან კონსტიტუციის და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამო გაუშვეს. მისი განმარტებით, 31 დეკემბერს შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის შესახებ მხოლოდ 13 იანვარს შეიტყო. ქრისტინა ჩუბინიძე ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეთაგან, ვინც ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელი მოაწერა. 

გარდა ქრისტინა ჩუბინიძისა, 5 იანვარს, საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან გახდა ცნობილი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვაკო მაისურაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან რეორგანიზაციის მიზეზით. მაისურაძე გათავისუფლებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. ასევე 5 იანვარს გახდა ცნობილი, რომ 112-ის თანამშრომელს, პავლე გახარიას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაუშვეს სამსახურიდან. 

2025 წლის 18 იანვარს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მათ შორის არიან: რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, სონა კალანდაძე, „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, თამარ ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი. მათ პირბადის ტარებასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

თემქის პოლიციასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების ნაწილი პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ადვოკატის განცხადებით, სონა კალანდაძეს პოლიციის განყოფილებაში შეყვანისას თმა მოქაჩეს და აგინეს, მარიამ პაიჭაძეს კი დაკავების დროს ასევე თმაში მოქაჩეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი სავარაუდო სამართალდამცავი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, დაკავებულებს დასცინოდა და აქციებში მონაწილეობისთვის ამცირებდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, პოლიციის განყოფილებაში კეფაში ჩაარტყეს გურამ მაცხონაშვილს. 

2025 წლის 20 იანვარს, სინდისის პატიმრების ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმეზე, მოსამართლე ნინო გუდაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. პატიმრებს სასჯელის სახედ 3-3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ. 20 იანვარს სასამართლო სხდომაზე ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა აღიარეს მათ მიმართ წაყენებული ბრალი. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდა. როგორც საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ თქვა, ბრალდებულებმა აანაზღაურეს ეს ზიანიც. 

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი პოლიციამ  ე.წ. “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე დააკავეს

2025 წლის 20 იანვარს, ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. –  გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ბუბუტეიშვილს პროკურატურა ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდა.

2025 წლის 26 იანვარს, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტი, ვახო ფიცხელაური გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტი ამბობს, რომ მინიმუმ 3 ნიღბიანი პირი თავს მაშინ დაესხა, როცა ის მაღაზიაში მიდიოდა. ფიცხელაური აღნიშნულ ფაქტს მის საქმიანობას უკავშირებს

2025 წლის 29 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მოქალაქეებმა “ქართული ოცნების” პოლიტიკის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კარვები მიიტანეს, თუმცა, აქციის მიმდინარეობისას პოლიცია მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდა. სამართალდამცავებმა მოქალაქეებს საპროტესტო კარვებიც წაართვეს.

2025 წლის 20 იანვარს, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. შსს მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლებს ედავებოდა. მუხლები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და აქციაზე სახის დაფარვას გულისხმობს. მაცხონაშვილი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დააკავეს რამდენიმე აქტივისტთან ერთად. 

2025 წლის 27 იანვარს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სახის დამფარავი საშუალების აქციაზე ტარებისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, პარტია “დროას” პოლიტიკური აქტივისტი მარიამ სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა.

2025 წლის 30 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომელი, ნინო ხაზალაშვილი წერს, რომ სამსახურიდან პოსტის “დაჰაჰავების” გამო გაათავისუფლეს. ხაზალაშვილის თქმით, ის კვირების განმავლობაში გამოხატავდა რეაქციებს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებულ პოსტებზე, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის თებერვალი

კონტექსტი

2025 წლის თებერვალში დოკუმენტირებული ინციდენტები აჩვენებს, რომ თებერვლის თვეში სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის პრაქტიკა კვლავ აქტიურად გრძელდებოდა. საანგარიშო პერიოდში აღწერილი შემთხვევები მოიცავს ადმინისტრაციულ დაკავებებს, სისხლისსამართლებრივ დევნას, ფიზიკურ ძალადობას, ფინანსურ სანქციებს, ასევე პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სავარაუდო დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს.

დოკუმენტირებული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება მშვიდობიან საპროტესტო აქტივობას, მათ შორის აქციებში მონაწილეობასა და საჯარო პოზიციის გამოხატვას. ამასთან, რიგ შემთხვევებში იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებზე მიუთითებს.

ინციდენტები:

2025 წლის 2 თებერვალს, პროევროპული აქციების 67-ე დღეს, ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია თბილისში, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მონაწილეებს და  ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა

დაკავებულთა შორის არიან საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, “კოალიცია ცვლილებებისთვის” პოლიტიკური აქტივისტი, ბადრი გრიგალაშვილი, რომელიც მოგვიანებით ორ დაკავებულთან ერთად პოლიციის დაკავების მანქანიდან გადმოსვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთს სახეზე დაზიანების კვალი ჰქონდა. 2 თებერვლის აქციაზე დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ზვიად ხარაზიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმელები. დაზარალებულებს შორისაა მზარეული ზურაბ შონია, რომელსაც სპეცრაზმელებმა თავში ურტყეს. აქტივისტს „ინგოროყვას კლინიკაში“ გადაყვანა დასჭირდა.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან  განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ”. 

2025 წლის 4 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს დაკავებულ 8 პირს – ირაკლი ტაბატაძეს, ნიკოლოზ კუტუბიძეს, ვასილ ელიავას, ალექსანდრე გოგოლაძეს, დიმიტრი ბიძინაშვილს, გიგი უგულავას, ირაკლი წიგნაძესა და ნიკოლოზ ქუმსიაშვილს, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, ბრალი დაუმძიმეს. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. აღნიშნული  სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. სასამართლომ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

2025 წლის 6 თებერვალს, გამთენიისას პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე დააკავა. სამივე მათგანი სახელმწიფო უნივერსიტეტის დერეფნიდან უკანონო ტყვეობაში მყოფი თანამებრძოლების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.  მათ სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით ან ადმინსიტრაციული პატიმრობით. 

2025 წლის 11 თებერვალს, პოლიციამ სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე 5000 ლარით დააჯარიმა. ზურა ცეცხლაძის ცნობით, მას სახლთან 7-მდე პოლიციელი დახვდა და საჯარიმო ოქმი ჩააბარა. 

2025 წლის 11 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს. მათგან 2 ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. დაკავებულებს შორის არიან, ლევან გოგიჩაიშვილი,  კახა თურმანიძე და გიორგი ოკრიბელაშვილი (სინდისის პატიმარ, ომარ ოკრიბელაშვილის მამა). 

2025 წლის 15 თებერვალს, ბაჩო დოლიძე სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. მას 11 თებერვლის აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. 

2025 წლის 18 თებერვალს, სამოქალაქო აქტივისტს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს თავს 4 უცნობი პირი დაესხა. შემთხვევა ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მოხდა. აქტივისტს სამედიცინო კვლევები კლინიკა “ვივა მედში”  ჩაუტარდა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.  

2025 წლის 18 თებერვალს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა, ხოლო აქტივისტ მარიამ გაჩეჩილაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. 

ისაკო დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. მას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 8-დღიანი პატიმრობა 20 ნოემბერს შეეფარდა. 

2025 წლის 20 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, ლაშა დიაროვი დააჯარიმეს. დიაროვს 14 თებერვალს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.  

2025 წლის 20 თებერვალს, პროევროპული პროტესტის  რამდენიმე მონაწილეს ჯარიმა გამოუწერეს. საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, ეკა სირაძე, აქციაში მონაწილეობის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს. 1000 ლარით დაჯარიმდა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის შვილი, გიორგი კირაკოზაშვილი, ხოლო ნადიმ ხმალაძეს ორი საჯარიმო ქვითარი ჩააბარეს, რომელსაც ჯამში ჯარიმის სახით 25 000 ლარი აქვს გადასახდელი. 

2025 წლის 24 თებერვალს, „ტვ პირველთან“ პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობდნენ სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგები. ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი, სოფო როინიშვილი აღნიშნავს, რომ მისი აქციაზე მონაწილეობა და ფეიერვერკის სროლის გამო 5000 ლარის ჯარიმა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვას იწყებს 51-ე საჯარო  სკოლის გათავისუფლებული მასწავლებელი, მანანა ღვინჯილიაც. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ “ძლიერი საქართველოს” ჩუღურეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. 

2025 წლის 27 თებერვალს, პროევროპული პროტესტის მონაწილეებს სასამართლომ ჯარიმა გამოუწერა. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი რუსთაველის აქციაზე დგომის გამო 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა ნიკა ნარსიაც. 

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის დეკემბერი

კონტექსტი

2025 წლის დეკემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები აჩვენებს როგორც საპროტესტო აქციებზე დაკავებებისა და ადმინისტრაციული პატიმრობების გაგრძელების ტენდენციას, ისე სამართლებრივი და საგამოძიებო მექანიზმების გაფართოებას სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ექსპერტების წინააღმდეგ. თვის განმავლობაში რუსთაველის გამზირსა და სხვა საპროტესტო ლოკაციებზე არაერთი აქტივისტი დააკავეს, ძირითადად შეკრების დროს გზის გადაკეტვის ან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევაც აქტივისტის მიმართ, ასევე “ქართულმა ოცნებამ” მიიღო და აამოქმედა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამკაცრებს შეკრებისა და მანიფესტაციის რეგულირების საკითხს, მათ შორის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებისა და გადაადგილების შეზღუდვების დარღვევისთვის მკაცრი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებით.

დეკემბერში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებულმა გამოძიებამ, რომლის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ექიმები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სხვადასხვა სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა. ეს პროცესი შეფასდა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისა და დაშინებების სერიად. 

მთლიანობაში, დეკემბრის თვის ინციდენტები სამ ძირითად ტენდენციას გამოკვეთს: დაკავებებს საპროტესტო აქციებზე, შეკრების რეგულაციების გამკაცრებასა და ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით.

ინციდენტები:

2025 წლის 1-ლ დეკემბერს, დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლებით  დაიწყო. ეს მუხლებია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 

მათი თქმით, გამოძიების მიზანია დეტალურად დადგინდეს, “რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.“ 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფატად მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ, „ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს”, ხოლო „მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.

2025 წლის 2 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით მოქალაქეები უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარა. მათ შორის იყვნენ ექიმები გელა ღუნაშვილი და კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომლებიც იმ კვლევის თანაავტორები არიან, რომელიც ამ საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს. ჩახუნაშვილი ტვ პირველთან“ საუბრისას აღნიშნავდა, რომ შეკითხვები ძირითადად ეხებოდა მის CV-ს და იმას, თუ რას ეხებოდა მათი სამეცნიერო ნაშრომები. ჩახუნაშვილმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია მათ ნაშრომზე საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს.

3 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური და აქტივისტი მიხეილ ზაქარეიშვილი, რომელიც ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობდა. ეკა გიგაური მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. მისი თქმით, ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მისთვის კითხვები არ დაუსვამთ და სუს-ს ძირითადად აინტერესებდა, აიღო თუ არა გიგაურმა რაიმე სახის ანაზღაურება BBC-ისთვის კომენტარის მიცემაში, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის შეფასებით, გაუგებარი შეკითხვა იყო. 

3 დეკემბერს, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ექიმი დავით ჩახუნაშვილი და აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილიც გამოიკითხნენ. დავით ჩახუნაშვილის თქმით, გამომძიებლებმა ექიმების ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები და დაინტერესდნენ, იყო თუ არა კვლევაში საუბარი ნივთიერება „კამიტიზე“.

2025 წლის 6 დეკემბერს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებმა აქტივისტი გიორგი მელითაური დააკავეს. აქცია-მსვლელობა სლოგანით – „რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“ – პარლამენტის შენობიდან კანცელარიისკენ მიემართებოდა. დემონსტრანტები საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დაშლის დროს გამოყენებული წყლის ჭავლში არსებული ნივთიერებების შესწავლას ითხოვდნენ.

2025 წლის 9 დეკემბერს, აქტივისტ რომან აკოფოვს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოციალურ ქსელში ფოტოები აქტივისტმა თავად გამოაქვეყნა. 

2025 წლის 10 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, იკრძალება ტროტუარებზე „ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეფერხება“. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული ახალი ცვლილებების მიხედვით, წესების დარღვევა (მათ შორის ტროტუარზე მოძრაობის შეფერხება ან აქციის 5 დღით ადრე შეუტყობინებლობა) პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას რიგითი მონაწილისთვის, ხოლო ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე პატიმრობას. ამავე კანონდარღვევის გამეორება უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება

2025 წლის 12 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო აქტივისტი ნენე გაბლაია დააკავეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გაბლაიას რამდენიმე პოლიციელი დაკავების მანქანაში სვამს. 

2025 წლის 20 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. პოლიციამ აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავა. აქციის მონაწილეების თქმით, დევიძე ძალის გამოყენებით 10-მდე პოლიციელმა აიყვანა. 

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის აპრილი

კონტექსტი

2025 წლის აპრილში დოკუმენტირებული ინციდენტები აჩვენებს, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ზეწოლის პრაქტიკა კვლავ სისტემურ ხასიათს ინარჩუნებს და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები უკავშირდება ადმინისტრაციულ დაკავებებს, ფიზიკურ ძალადობას, საგამოძიებო მოქმედებებს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ასევე პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სავარაუდო დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს.

შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დაკავშირებულია საპროტესტო აქტივობასთან და პროევროპული პოზიციის საჯარო გამოხატვასთან. ამასთან, რიგ შემთხვევებში იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არაპროპორციული ჩარევის ნიშნები, მათ შორის დაკავებების, ძალის გამოყენებისა და საპროტესტო შეკრებების დაშლის პროცესში.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აქტივისტებისა და ფონდებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, აგრეთვე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა გათავისუფლების შემთხვევები, რომლებიც თავად დაზარალებულების შეფასებით, მათ სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება. 

ინციდენტები:

2025 წლის 1-ლ აპრილს, პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ლუკა კინწურაშვილი პოლიციამ გვიან ღამით, ადმინისტრაციული წესით დააკავა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აქტივისტი 20:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გააჩერეს და ტელეფონში „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვეს, რაზეც კინწურაშვილმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ, პოლიციამ კინწურაშვილს ტელეფონი წაართვა და დააკავა.

2025 წლის 8 აპრილს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე არსებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი აქტივისტი – ვატო სამხარაძე, რეზი დუმბაძე და თაზო კვესელავა, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადვოკატ გიორგი ტაბატაძის თქმით, დაკავებულ აქტივისტს ვატო სამხარაძეს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და ასევე აღენიშნებოდა სიწითლეები სახეზე. ადვოკატის თქმით, აქტივისტმა ფიზიკური დაზიანებები პოლიციის მხრიდან დაკავების დროს მიიღო. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, რეზი დუმბაძეს, მას პოლიციელი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

2025 წლის 9 აპრილს, ადგილობრივი აქტივისტების გადმოცემით, ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. „დროას აქტივისტი“ მარიამ სიჭინავა წერს, რომ აქციის დაშლისას ერთი მოქალაქე დაშავდა და მისი ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც აქტივისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს, 9 აპრილის მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.  

2025 წლის 12 აპრილს, ბათუმელი აქტივისტის, ციალა ქათამიძის განცხადებით, ის თავდაცვის სამინისტრომ ეროვნული გვარდიის რეზერვისტის თანამდებობიდან გაათავისუფლა., რომელსაც აქტივისტი 2022 წლიდან იკავებდა. თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თავდაცვის ბატალიონის ყოფილი რეზერვისტის თქმით, გათავისუფლების მიზეზი პოლიტიკურია და ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. 

2025 წლის 14 აპრილს, აქტივისტი ლექსო სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავისუფლების მოედანზე მასსა და მის მეგობარს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტის ცნობით, თავდამსხმელებმა მას კეფისა და ნათხემის ადგილას წვეტიანი ნივთი ჩაარტყეს, რის შედეგადაც თავის არეში არაერთი დაზიანება მიიღო. რაც შეეხება ლევან ყანჩაველს, როგორც სამხარაძე წერს, უცნობმა პირებმა მას თავის ქალა გაუბზარეს, რის გამოც ყანჩაველს ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ლევან ყანჩაველმა აღნიშნა, რომ განხორციელებული ჯგუფური თავდასხმა სავარაუდიდ მის პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. 

2025 წლის 14 აპრილს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გაავრცელა განცხადება, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მიზნით, ათობით საჯარო სტრუქტურიდან, 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა”. 

TI წერს, რომ რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე,  “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ოთხჯერ შეტანილი ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და, ფაქტობრივად, გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდებოდა და ის ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა იყო.

2025 წლის 16 აპრილს, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, პოლიტიკური აქტივისტი გელა ხასაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გელა ხასაიას 31 მარტს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, თუმცა, “TV პირველის“ ინფორმაციით, გავრცელებულ უწყვეტ კადრში ჩანს, რომ აქტივისტი პოლიციას თავისი ნებით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მიჰყვება. 

2025 წლის 21 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც პროევროპული აქციის მონაწილეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად ხვდებოდნენ, პოლიციამ ორი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფეისბუქზე ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. მისი თქმით, აქტივისტები  სამართალდამცველებმა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ აღდგომას ულოცავდნენ. 

2025 წლის 29 აპრილს, ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. თემურ ქათამაძე ითხოვდა, რომ მისთვის მიენიჭებინათ ლტოლვილისა და ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსი. 

2025 წლის 29 აპრილს, პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საბოტაჟი) მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატებს ჩხრეკის პროცესზე დასწრების საშუალება სრულყოფილად არ მისცემიათ და სასამართლოს განჩინებები იყო ზოგადი – მასში მითითებული არ ყოფილა ჩხრეკის დროს აღმოსაჩენი ან ამოსაღები საგნების, ნივთებისა და ობიექტების ჩამონათვალი.

გამოძიება აღნიშნულ საქმეზე ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის,  „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობს. 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ფონდების წარმომადგენლების სახლებში 29 აპრილს ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღების ოპერაციებს განცხადებით გამოეხმაურა. ორგანიზაციის შეფასებით, დილით ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთი გამოხატულებაა და იგი ობიექტურად მიმდინარე გამოძიების პრეზუმფციითაც კი ვერ შეფასდება როგორც მიზანშეწონილი საგამოძიებო ღონისძიება.”

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის აგვისტო

კონტექსტი

2025 წლის აგვისტოში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი რეაგირების გამკაცრებაზე მიუთითებს. თვის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დაკავებული მონაწილეების პროცესების განხილვა დასკვნით ფაზაში გადავიდა. მოსამართლეებმა ე.წ “სინდისის პატიმრები” დამნაშავედ სცნეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცალკეულ შემთხვევებში სასამართლომ თავდაპირველი ბრალდებები შედარებით მსუბუქ მუხლებზე გადააკვალიფიცირა. ბრალდებულთა უმეტესობა ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ხოლო ადვოკატების შეფასებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები სანდოობას მოკლებული იყო.

ამავე პერიოდში გაძლიერდა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზეც – სასამართლოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კრიტიკული და უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის მცდელობად აფასებდნენ.

ჯამში, აგვისტოში დაფიქსირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ საპროტესტო პროცესებთან დაკავშირებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ზეწოლის პრაქტიკა კვლავ ინტენსიურად გრძელდებოდა და ის შეეხებოდა როგორც ინდივიდუალურ აქტივისტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ინციდენტები

2025 წლის 12 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნაჭყებიამ გიგაურის ბრალდება, რაც „პოლიციელზე თავდასხმას“ ითვალისწინებდა, გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. გიგაური 2024 წლის 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს – პოლიციელ ვახტანგ გაბუნიასთვის ხელის დარტყმის გამო. გიგაურის დაცვის მხარე ამბობდა, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა ამავე პოლიციელის მხრიდან ძალადობა – სახეში დარტყმა – გიგაურის თქმით, სანამ ის ხელს მოიქნევდა, მანამდე პოლიციელმა თავად დაარტყა ხელი და შესაბამისად ის აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა. 

2025 წლის 12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 9 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებულების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საპროტესტო აქციის მონაწილეების მცდელობას, უნივერსიტეტის შენობაზე ბანერი განეთავსებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესაძლებლობა მათ უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ არ მისცა, რასაც მოგვიანებით მისი მეუღლისა და თანმხლები პირის მიმართ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტს ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კაკაბაძე გადაწყვეტილების გამოცხადების დროისთვის უკვე დაახლოებით 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და სასჯელის მოხდის მიზნით პატიმრობაში კიდევ 2 თვის გატარება მოუწევს.

ამავე საქმეზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს, 20 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა 18 000 ლარით განისაზღვრა.

სასამართლომ ფინანსური სანქციები დააკისრა ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებს — გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძეს და გიორგი დავითაძეს. თითოეულ მათგანს 17 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა 15 000 ლარამდე შემცირდა.

2025 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპული აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებოდა (სსკ-ის 18-229 მუხლი), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული ნივთები/ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.

2025 წლის 22 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ პროევროპული აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუსელიანცს ედავებოდნენ აქციების დროს პარლამენტთან დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების კაბელების დაზიანებას, რამაც 534 ლარის ზიანი გამოიწვია. არჩილ მუსელიანცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით და სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2025 წლის 27 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”,  ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.

პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება იმ სისხლის სამართლის გამოძიებებს უკავშირდებოდა, რომლებიც ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. უწყება ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული იყო სხვადასხვა დამცავი საშუალების, მათ შორის აირწინაღების, დამცავი სათვალეების, პირბადეების, სახის ნიღბებისა და წიწაკის სპრეის, შეძენა, რომელსაც უწყების მტკიცებით, თითქოსდა „საპროტესტო აქციების მონაწილეები პოლიციასთან დაპირისპირების დროს იყენებდნენ.“

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის 11-31 დეკემბერი

კონტექსტი

დეკემბრის მეორე ნახევარში სამოქალაქო აქტივისტების, საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიმართ გამოიკვეთა სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ირიბი ზეწოლის პრაქტიკა. დეკემბრის მეორე ნახევარი გამოირჩევა საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებით, ასევე დაკავებებისა და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის პრაქტიკის ზრდით. ქვემოთ მოცემულია დეკემბრის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენების მიმოხილვა, რომელიც ეყრდნობა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასა და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს და შესაძლოა არ ასახავდეს ყველა შემთხვევას.

კანონების გამკაცრება / საკანონმდებლო ცვლილებები: საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა მიიღო 2 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლებიც ეხებოდა შეკრებებისა და მანიფესტაციების რეგულაციებს, ადმინისტრაციული სანქციების ზრდას, პოლიციაში სამსახურის წესებსა და საჯარო სამსახურის სამართლებრივ ჩარჩოს.

დაკავება: 11–31 დეკემბრის პერიოდში ადმინისტრაციული წესით დააკავეს სულ მცირე 16 პირი, ხოლო სისხლის სამართლის წესით – სულ მცირე 16 პირი. 

ადმინისტრაციული წარმოება/სიტყვიერი შენიშვნა: ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო განხილვის შედეგად, სულ მცირე 4 პირს გამოუცხადეს სიტყვიერი შენიშვნა: 

ფინანსური სანქციები: ადმინისტრაციული საქმეების ფარგლებში ფინანსური სანქცია დაეკისრა სულ მცირე 3 პირს; ჯარიმების საერთო ოდენობამ შეადგინა 6,700 ლარი.

ფიზიკური ძალადობა / არასათანადო მოპყრობა: სულ მცირე 8 შემთხვევაში აქტივისტები მიუთითებდნენ ფიზიკურ ძალადობაზე ან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის დაკავების, ტრანსპორტირების, პოლიციის განყოფილებაში ყოფნის ან სასამართლო განხილვის კონტექსტში.

ქონების / პირადი ნივთების ჩამორთმევა: სულ მცირე 3 შემთხვევაში დაკავებებს თან ახლდა პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონების, სავარაუდო უკანონო ჩამორთმევა ან დაუბრუნებლობა.

ირიბი ზეწოლა / „Chilling Effect“: გამოვლინდა სულ მცირე 3 განსხვავებული პრაქტიკა, მათ შორის აქტივისტების გამოკითხვაზე ან „გასაუბრებაზე“ დაბარება, მიგრაციული მექანიზმების გამოყენება საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე ზეწოლა. შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს ან აღარ გაუგრძელეს სულ მცირე 24 საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს.

11 დეკემბერი

საქართველოს პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მოიცავდა პიროტექნიკის რეგულაციასა და „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. პაკეტის ფარგლებში ინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებდა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის სპეციალური ნებართვის რეჟიმში მოქცევას. ამასთან, პიროტექნიკა დაემატა იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელთა ქონაც დემონსტრაციების დროს აკრძალული იქნებოდა. ამავე პაკეტში შეტანილი „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები არეგულირებდა პოლიციაში მიღების წესს, მათ შორის სპეციალური კონკურსის გარეშე დანიშვნის შესაძლებლობას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პირობებით.

11 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც პოლიციას მოქალაქეთა ნაწილი გამოსაკითხად იძულებით გადაჰყავს.  განცხადებაში აღწერილი პრაქტიკა შეფასებული იყო როგორც შესაძლო ზეწოლის მექანიზმი. ორგანიზაციები ასევე მიუთითებდნენ, რომ ადვოკატებს რიგ შემთხვევებში არ ეძლეოდათ შესაბამის პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

ამავე დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებდნენ. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე ბოლო დღეებში შესული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებულ ერთ-ერთ პირს იძულებით დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია სხვა ქვეყნის გავლით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევება არ შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

11 დეკემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის საჯარო სკოლის მასწავლებლელსა და სამოქალაქო აქტივისტს, ფიქრია ეპიტაშვილს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეპიტაშვილს უცნობი პირი მიუახლოვდა და სახის არეში სამართებელი გადაუსვა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. თავად ეპიტაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწია და ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ინციდენტი შეფასებულია როგორც ძალადობისა და დაშინების აქტი, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მის სამოქალაქო პოზიციას.  

12 დეკემბერი

გურამ ხუტაშვილი  11 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება 112-ის სათვალთვალო კამერების დაზიანება, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება, მიუხედავად აღიარებისა, სინანულისა და ზარალის ანაზღაურების მზადყოფნისა. დაცვის მხარის პოზიციით, ამ პირობებში პატიმრობის გამოყენება სადამსჯელო ხასიათს ატარებს. საქმის მიხედვით, ბრალდებული აცხადებს, რომ კამერების დაზიანება მისი მიზანი არ ყოფილა. გურამ ხუტაშვილის საქმე გაერთიანდა დანიელ მუმლაძის საქმესთან, რომელიც 9 დეკემბერს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეები ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციას ეხება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომები ცალ-ცალკე ჩატარდა. არსებითი განხილვა კი ერთიან წარმოებაში წარიმართება.

12 დეკემბერს თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ვატო ბჟალავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა). გავრცელებული ინფორმაციით, იგი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ძაღლის გასეირნებისას აიყვანეს. დაცვის მხარის განცხადებით, დაკავების შემდეგ ბჟალავას მიმართ პოლიციის განყოფილებაში ადგილი ჰქონდა შესაძლო ფიზიკურ ძალადობას და მასგან მოითხოვდნენ ტელეფონის პაროლს. ადმინისტრაციულ ოქმში მითითებული იყო წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, დაკავებული სამართალდამცავებს წინააღმდეგობის გარეშე გაჰყვა

თბილისში, პოეტ ზვიად რატიანს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, მას ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე პირი, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები. რატიანი მანამდე, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. სასამართლომ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 9 დეკემბერს გაათავისუფლეს.

13 დეკემბერი

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. ცვლილებები შეეხო ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნის წესს, მოხელეთა შეფასების მექანიზმებსა და რეორგანიზაციის რეგულირებას. კანონით განისაზღვრა, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები გახდებიან. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ცვლილებები ავტომატურად არ იწვევს სამსახურებრივი ურთიერთობების შეწყვეტას და რეორგანიზაციის შემდეგ კონკურსის შედეგები განსაზღვრავს თანამშრომელთა სტატუსს.

ცვლილებები კრიტიკულად შეფასდა იურისტებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ. გამოთქმული შეფასებების თანახმად, ახალი რეგულაციები ამცირებს საჯარო მოხელეთა შრომითი დაცვის გარანტიებს, ცვლის შეფასების წესებს და ზღუდავს სასამართლო კონტროლის ეფექტიანობას. არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საიას შეფასებით, ცვლილებებით სუსტდება უფლებების დაცვის მექანიზმები და იზრდება საჯარო სამსახურის პოლიტიზაციის რისკი. სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა როგორც საკანონმდებლო პროცესი, ისე მიღებული ნორმების შინაარსი, განსაკუთრებით რეორგანიზაციის საფუძვლებზე გათავისუფლებული პირებისთვის უფლებაში აღდგენის გაუქმების ნაწილში.

ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის შეკრებებსა და მანიფესტაციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ადმინისტრაციულ სანქციებსა და პოლიციაში სამსახურის წესებს. პაკეტი რამდენიმე კანონში შეტანილ ცვლილებებს აერთიანებს, მათ შორის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „პოლიციის შესახებ“ კანონში.

ცვლილებებით აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეების მიერ პიროტექნიკის, ლაზერული ან მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალებების ტარება, აგრეთვე სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა. კანონით განისაზღვრა, რომ იმ პირთა ნუსხას, რომელთათვისაც სახის დაფარვა დასაშვები იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. აღნიშნული შეზღუდვები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

„პოლიციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა, რომ სპეციალური კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევებზე, მათ შორის შეკრების წესების დარღვევაზე, ვანდალიზმსა და გზის გადაკეტვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე. ასევე გაფართოვდა ადმინისტრაციული დაკავებისა და ნივთების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძვლები

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიამ” აღნიშნული ცვლილებები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივები. 

 14 დეკემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვატო ბჟალავას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. იგი 12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. სასამართლო სხდომაზე ბჟალავამ განაცხადა, რომ დაკავებისას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მისივე განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მოსთხოვა მობილური ტელეფონის კოდი.

პარტია „დროას“ ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს პარტიის წევრი და პოლიტიკური აქტივისტი ნიკო ქვაცაბაია. თავდაპირველად პარტია მიუთითებდა, რომ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მოგვიანებით ადვოკატის განცხადებით დადასტურდა, რომ ქვაცაბაია ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. იგი გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. დაცვის მხარის განმარტებით, დაკავებულს დაზიანებები არ აღენიშნებოდ

15 დეკემბერი

ადვოკატის ინფორმაციით, აქტივისტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. გავრცელებული ცნობებით, დაკავება თბილისში, კოსტავას ქუჩაზე განხორციელდა, როდესაც იგი აქციიდან ბრუნდებოდა. დაცვის მხარის განცხადებით,  მანაგაძე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს. ადვოკატისვე განცხადებით, დაკავების შემდგომ, მასთან შევიდა ერთ-ერთი პირი და უხეშად ეუბნებოდა, თუ რატომ დადის აქციებზე და როდემდე აპირებს ასე გაგრძელებას. გარდა ამისა,  დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მანაგაძე შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. აქტივისტმა სამმართველოში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.

16 დეკემბერი

16 დეკემბერს, მედიაში და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა არაერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც დემონსტრანტები მიუთითებდნენ, რომ დაკავებებისა და აქციების დაშლის პროცესში მათი პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, ჩამოართვეს. რესპონდენტთა ნაწილმა აღწერა შემთხვევები, სადაც ნივთების ჩამორთმევა მათი თქმით ხდებოდა ყოველგვარი პროცედურული დოკუმენტაციის გარეშე და არაიდენტიფიცირებადი, ხშირად ნიღბიანი პირების მიერ. აღნიშნულ პრაქტიკაზე საუბრობდნენ დემონსტრანტები, მათ შორის გიორგი ბრეგვაძე, ბესიკ ლიპარტელიანი, გია ჯვარშეიშვილი და სალომე ზანდუკელი. აქტივისტები ასევე აცხადებდნენ, რომ სპეციალური აპლიკაციების მეშვეობით მათი მოწყობილობების ლოკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებთან ფიქსირდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული პრაქტიკა საჯაროდ შეაფასეს როგორც შესაძლო უკანონო ჩამორთმევის ან მითვისების შემთხვევები და მიუთითეს, რომ მსგავსი ქმედებები, სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში, შესაძლოა შეიცავდეს როგორც ქონებრივი, ისე სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს. მათი განცხადებით, რიგ შემთხვევებში ნივთების ჩამორთმევა არ იყო ასახული შესაბამის ოქმებში, ხოლო დაზარალებულებს ნივთები გათავისუფლების შემდეგ არ დაბრუნებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პოლიცია მოქმედებდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყების განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, პოლიციას უფლება აქვს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით ჩამოართვას პირს ნივთი. სამინისტროს განცხადებით, კანონიერად ჩამორთმეული პირადი ნივთები დაკავებულებს გათავისუფლებისთანავე უბრუნდებათ,

დავით გოგილაშვილის  საქმეზე სასამართლო პროცესი 17 დეკემბერს გაიმართა, გოგილაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  იგი 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაკავების შემდეგ გოგილაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას თავის ტრამვა  და სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. გოგილაშვილი მიუთითებს, რომ დაკავების დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს. მისი განმარტებით,იგი სპეცრაზმმა დააკავა, სასტიკად სცემა, 9 საათი მიკროავტობუსში სისხლდენით გამოკეტა და ბოლოს გაძარცვა კიდეც.  მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, სამართალდამცავი ორგანოები მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

19 დეკემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა საპროტესტო აქციის მონაწილის გიორგი ჩუტკერაშვილის სასამართლო პროცესი. იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 2000 ლარით დაჯარიმდა.

სასამართლო სხდომაზე ჩუტკერაშვილმა განაცხადა, რომ იგი 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მისი განმარტებით, დაკავება სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა განახორციელეს. ჩუტკერაშვილი მიუთითებდა, რომ დაკავებისას მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობას. მისივე განცხადებით, დაკავების შედეგად მას ჯანმრთელობის პრობლემები განუვითარდა, მათ შორის მხედველობის გაუარესება, მას მხედველობის 20% დააკლდა. ჩუტკერაშვილი ასევე აცხადებდა, რომ ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებული დაზიანებები არ ასახავდა მის რეალურ მდგომარეობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შშმ პირების უფლებათა აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 2200 ლარით დააჯარიმა. ჯვარშეიშვილი 2 დეკემბერს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე დააკავეს. სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ დაკავების დროს მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას. მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედებები განხორციელდა სამართალდამცავების მხრიდან.

ჯვარშეიშვილის მიერ ძალადობის შესახებ გაკეთებული განმარტების დროს მოსამართლემ აღნიშნა, რომ მოცემული საკითხები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის საგანს არ წარმოადგენდა და მიუთითა, რომ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას უნდა მიემართა. მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჯვარშეიშვილი მიუთითებდა, რომ დაკავების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ამავე ცნობების მიხედვით, იგი ასევე საუბრობდა პირადი ნივთების ჩამორთმევის შესახებ.

20 დეკემბერი

ა(ა)იპ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა ინსტალაციის – „საომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“ გახსნიდან რამდენიმე დღეში მოითხოვა. ორგანიზაციის შეფასებით, ხელშეკრულების შეწყვეტა უკავშირდება მათ მიერ განხორციელებულ შემოქმედებით საქმიანობას და გამოხატვის თავისუფლებას. კლუბმა მერიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ განაცხადა.

მოგვიანებით გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა განმარტება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე. მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტს შეთანხმების შეწყვეტის უფლება ჰქონდა, ხოლო გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა აღნიშნულ სივრცეში ინოვაციების ცენტრის მოწყობის გეგმა.

ადმინისტრაციული წესით დააკავეს პარტია „ახლის“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელი  და პოლიტიკური აქტივისტი დავით ახალკაცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებამდე სიტყვიერი დაპირისპირება დაფიქსირდა დავით ახალკაცსა და ახალციხის მერის მოადგილეს შორის. გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი საახალწლო ღონისძიების მიმდინარეობის დროს მოხდა.

23 დეკემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ქევხიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ქევხიშვილი 1 დეკემბერს დააკავეს. ქევხიშვილის განცხადებით, დაკავების შემდეგ მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, „ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში – ცხვირის და ყბის ძვლების, ასევე თვალბუდის მოტეხილობისა და ტვინის შერყევის სახით“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე ბახუტაშვილმა განმარტა, რომ მისი დაკავება იმ ვითარებაში მოხდა, როდესაც იგი პოლიციელს მოუწოდებდა, არ დაეკავებინა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე. მისი თქმით, სამართალდამცავთან ფიზიკურ კონტაქტში არ შესულა და მხოლოდ სიტყვიერად მიმართავდა. ბახუტაშვილის განცხადებით, დაკავება სწორედ აღნიშნული ეპიზოდის დროს განხორციელდა.

26 დეკემბერი

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილს 2025 წლიდან შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ხელშეკრულებები დაახლოებით 10-მდე თანამშრომელს შეუწყდა.

ხელშეკრულებისშეწუყვეტის შესახებ საჯაროდ განაცხადეს სოციალური მუშაკებმა –  ანა ენდელაძემ და მარიამ სირაძემ. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო და შესაბამისი წერილობითი დასაბუთება არ მიუღიათ. ორივე მათგანი მიუთითებდა, რომ მათ მიმართ მანამდე დისციპლინური ან პროფესიული ხასიათის პრეტენზიები არ არსებობდა.

საჯარო განცხადება გაავრცელა ასევე მედიატორმა – გიორგი აბულაძემ, რომელმაც ხელშეკრულების შეწყვეტა საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას დაუკავშირა. მისი განცხადებით, სააგენტომ ხელშეკრულებები სამ მედიატორს აღარ გაუგრძელა.

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ ინფორმაციით, ხელშეკრულებების შეწყვეტა შეეხო რამდენიმე სოციალურ მუშაკს. ორგანიზაციამ აღნიშნული პროცესი საეჭვოდ მიიჩნია და შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებებზე მიუთითა. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ და სააგენტომ უარყვეს პოლიტიკური მოტივაცია და განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებები მოკლევადიანი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვას უკავშირდებოდა.

ამავე დღეს, თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი გიგა სოფრომაძე, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე დაახლოებით 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მის მიერ საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად დასახელდა შტატგარეშე პოზიციის საჭიროების არარსებობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მერიის მიერ განხორციელებულ პროგრამებს უკვე ჰყავთ კოორდინატორები, რის გამოც აღნიშნული პოზიციის არსებობა საჭიროებას აღარ წარმოადგენს. ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებას ხელს კახა კალაძე აწერს.

თავის მხრივ, გიგა სოფრომაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო და მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პრეტენზიები მანამდე არ მიუღია.

მოგვიანებით, 27 დეკემბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა. მისი განმარტებით, სოფრომაძე შტატგარეშე, ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომელი იყო, რომელსაც ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობდა.

საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, გიგა სოფრომაძე მონაწილეობდა მიმდინარე საპროტესტო აქციებში და საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავდა.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამოეხმაურა შშმ პირთა უფლებების აქტივისტისა და უფლებადამცველის თათია დათაშვილის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს. გავრცელებული ინფორმაციით, თათია დათაშვილმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებელმა – მარინა კირთაძემ  მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაავრცელა და მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა. დათაშვილის განმარტებით, აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის სამოქალაქო პოზიციასა და უფლებადაცვით საქმიანობას. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განცხადებით, დათაშვილმა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები მისი აქტივიზმისა და საჯაროდ გამოხატული პოზიციის გამო მიიღო. ორგანიზაციამ აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა

27 დეკემბერი

ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, ისინი სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ქალთა მარშის მონაწილეს – ქეთევან მესხს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 25 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი ქალთა მარშის მიმდინარეობისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობი პირი მარშის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის შემდეგაც ქეთევან მესხს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის განცხადებით, მან მიიღო სხეულის დაზიანებები.

თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ნინო კიკნაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა მას შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ 27 დეკემბერს აცნობეს და განუმარტეს, რომ ხელშეკრულება 2025 წლის 1 იანვრიდან აღარ გაგრძელდებოდა. ნინო კიკნაძის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტა უკავშირდება მის მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ პოზიციას. კიკნაძე მიუთითებდა, რომ წლების განმავლობაში თბილისის მერიის ფარგლებში თანამშრომლობდა საერთაშორისო კულტურულ პროექტებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ საბა სხვიტარიძეს ადმინისტრაციულ საქმეზე 2 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. საბა სხვიტარიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული საქმეები სასამართლომ ერთობლივად განიხილა. სასამართლო სხდომაზე საბა სხვიტარიძემ დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი დაკავება პოლიციასთან ფიზიკური ინციდენტის შემდეგ მოხდა. მისი განმარტებით, დაკავების პროცესში მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ამავე პერიოდში საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში პატიმრობაში იმყოფებოდა, იგი 5 დეკემბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ მან ისაუბრა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილზე შესაძლო ზეწოლის შესახებ განცხადებები გავრცელდა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, მერიის თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, უკან გაეტანათ ევროკავშირთან დაკავშირებული საჯარო განცხადების ხელმოწერები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შრომითი ხელშეკრულებების გაუგრძელებლობაზე მიუთითებდნენ.

ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში ხელმძღვანელ პირს დაევალა განცხადებაზე ხელმომწერი თანამშრომლების გათავისუფლება, რის შემდეგაც, გავრცელებული ცნობებით, მან თანამდებობა დატოვა.აღნიშნულ გარემოებებზე საჯაროდ ისაუბრა მერიის ყოფილმა თანამშრომელმა – გიგა სოფრომაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ განცხადების ხელმომწერ თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. მისი განმარტებით, ხელმომწერთა რაოდენობა შემცირდა. სოფრომაძემ მიუთითა შესაბამის დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად განცხადებას დაახლოებით 240 თანამშრომელი აწერდა ხელს, მოგვიანებით კი ხელმოწერების რაოდენობა შემცირდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს დაკავებული სანდრო ბუკია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. გავრცელებული ინფორმაციით, სანდრო ბუკია 7 დეკემბერს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მედიის ცნობით, დაკავება განხორციელდა იმ დროს, როდესაც იგი გადაადგილდებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაკავების დროს ოჯახის წევრი მიუთითებდა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრიდან გაათავისუფლეს ქცევითი თერაპევტი  სალომე მჭედლიძე. მისი განცხადებით, შრომითი ხელშეკრულება, რომლის ვადაც 31 დეკემბერს იწურებოდა, 2025 წლიდან აღარ გაუგრძელდა. სალომე მჭედლიძის განმარტებით, იგი ჩართული იყო ABA თერაპიისა და რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამებში. მისი განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაუსახელეს, ხოლო გადაწყვეტილებას იგი საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას უკავშირებს. მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა კიდევ ერთ ქცევით თერაპევტს, ხოლო ორმა თანამშრომელმა, გავრცელებული ცნობებით,  სამსახური მათდამი სოლიდარობის მიზნით დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილე ბილალ დუიშვილი ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ბილალ დუიშვილი 4 დეკემბერს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. არსებული ცნობებით, დაკავების პროცესში იგი მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე. ამავე ინფორმაციით, დაკავების დროს მას ჩამოართვეს პირადი ნივთები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ბილალ დუიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, მას აღენიშნებოდა ცხვირის მოტეხილობა, მრავლობითი დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა, რის გამოც იგი კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

27 დეკემბერს, თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს მერიის მედიის ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი თაია მახარაშვილი. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მახარაშვილის თქმით, ოფიციალურ მიზეზად დაუსახელეს, რომ მისი შრომითი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება, ვინაიდან დაკავებული პოზიცია გაუქმდა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ახსნა ეჭვებს აჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ იგი იმ საჯარო განცხადების ხელმომწერთა შორის იყო, სადაც მერიის თანამშრომლები კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციისადმი ერთგულებას გამოხატავდნენ. ასევე, მახარაშვილი მიუთითებს, რომ რამდენიმე დღის წინ სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად პროფკავშირის შექმნაში მონაწილეობდა, რაც, მისი შეფასებით, გადაწყვეტილების შესაძლო პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

მსგავსი საფუძვლით – შტატის გაუქმების მიზეზით – მერიიდან გაათავისუფლეს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ლანა ქარდავაც. ქარდავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს და მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. გათავისუფლებების სერიას წინ უძღოდა კიდევ ერთი შემთხვევა – 26 დეკემბერს, 8-წლიანი მუშაობის შემდეგ, მერიიდან გაათავისუფლეს გიგა სოფრომაძე, რომელიც შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოზიციას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის დასაწყისში გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მერიის თანამშრომლები ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერას აფიქსირებდნენ, 220-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულ განცხადებას საჯაროდ „საბოტაჟი“ უწოდა და განაცხადა, რომ რეაგირება იქნება.

27 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი საჯარო განცხადება სოციალურ ქსელში, რომელიც 26 დეკემბერს გამოქვეყნდა. ბუცხრიკიძე აღნიშნავდა, რომ ემიჯნებოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და გმობდა მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ დარბევას.

საჯარო პოზიციის დაფიქსირებიდან ერთ დღეში იგი საკრებულოს აპარატიდან გაათავისუფლეს. თავად ბუცხრიკიძემ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ასევე სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობდა და ქვეყანას „პირნათლად“ ემსახურებოდა.

29 დეკემბერი

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ, პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. თვითმხილველების თქმით, დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილს არ იკავებდნენ და მათთვის გაურკვეველია, რა გახდა დაკავებების დაწყების საფუძველი. ადგილზე ვითარება დაიძაბა და იყო დაპირისპირება. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მედიასთან განაცხადა, რომ შეკრებილები ტროტუარზე და გაზონის მიმდებარედ იდგნენ, ხოლო გზის ნაწილი თავად პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. მისი შეფასებით, სამართალდამცველები ადამიანებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს. მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, რომ ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ადგილზე მყოფი პოლიციელების თქმით, დაკავებების მიზეზი აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდამცველების შეურაცხყოფა გახდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, დაკავებები ძალადობრივი მეთოდებით განხორციელდა. ორგანიზაციის განცხადებით, დაფიქსირდა ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და მოქალაქეების მიწაზე თრევა, რაც, მათი შეფასებით, არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებს.

30 დეკემბერი

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მათე სოხაძე აცხადებს, რომ 2025 წლის იანვრიდან შრომით ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

სოხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შესახებ ინფორმაცია დეკემბრის ბოლოს მიიღო. მისი თქმით, გადაწყვეტილება მისთვის სრულად მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აღნიშნავს, რომ ოფიციალური დასაბუთება არ მიუღია. სოხაძე საკუთარ გათავისუფლებას უკავშირებს მის საჯარო პოზიციებს, მათ შორის საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებაზე ხელმოწერასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათე სოხაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მისი გაგრძელება არ იგეგმება. უწყების განცხადებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და სოხაძის „პოლიტიკური გემოვნების შესახებ“ ინფორმაცია არ აქვთ.

ბოლო პერიოდში საჯარო უწყებებიდან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული არაერთი პირის გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. სხვადასხვა მედიის ცნობით, გათავისუფლებები შეეხო როგორც დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ცენტრს, ასევე თბილისის მერიას.

30 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ 2025 წლიდან შრომით ხელშეკრულებებს აღარ უგრძელებენ. შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ხელშეკრულების არგაგრძელების შესახებ ერთ-ერთი პირველი საჯაროდ დაწერა ანი მამუკელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 30 დეკემბერს HR-ის წარმომადგენელმა აცნობა გადაწყვეტილების შესახებ. მისი შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი უკავშირდება მის მიერ საჯარო რეესტრის თანამშრომელთა პეტიციაზე ხელმოწერას. გათავისუფლებას საკუთარ სამოქალაქო პოზიციებს უკავშირებს ნინო ხარჩილავაც. მისი განცხადებით, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ჩართული მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში და ხელშეკრულების შეწყვეტა სწორედ პეტიციაში მონაწილეობის შემდეგ შეიტყო. ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელა სალი კაპანაძემ, რომელიც წერს, რომ სააგენტომ მასთან თანამშრომლობა მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შეწყვიტა. გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გარემოებებს უკავშირებს ელზა გელაძეც, რომლის თქმით, ოფიციალურ მიზეზად „კადრის საჭიროების არ არსებობა“ დაუსახელეს. პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს ფიქრია არდია, რომელიც აცხადებს, რომ ხელშეკრულების არგაგრძელება მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. ამავე კონტექსტში საკუთარ პოზიციებსა და გათავისუფლებაზე წერენ სააგენტოს სხვა თანამშრომლებიც — ანა გურასაშვილი, მერი თაგოშვილი და ზურა გეგეშიძე, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო განპირობებული.