ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, აქტივისტ მარიამ ცომაიას ანგარიშები დაუყადაღეს

2026 წლის 6 თებერვალს, სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჯანჯღავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, აქტივისტ მარიამ ცომაიას ანგარიშები დაუყადაღეს.

დოკუმენტებიდან, რომელიც ამ პოსტს აქვს დართული, ირკვევა, რომ 2025 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, მარიამ ცომაია სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის პირველი ნაწილის (სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე და ადმინისტრაციული სახდელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 2500 ლარი. “ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ დადგენილება არ ჩააბარეს და შემთხვევით გაიგო რომ დაყადაღებული იყო”, – წერს ლაშა ჯანჯღავა. 


მარიამ ცომაია, სხვა 18 დემონსტრანტთან ერთად, პოლიციამ 2025 წლის 2 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავა. ამ დღეს პარლამენტში “ქართული ოცნების” წევრის თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშს ისმენდნენ. კომისიამ შეისწავლა 2003–2012 წლებში მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრობის”პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა. მოქალაქეები ჯერ პარლამენტის შენობასთან და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე აპროტესტებდნენ საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგებს.

პროტესტში ჩართული მოქალაქეების ნაწილს ანგარიშები დაუყადაღეს  

2026 წლის 5 თებერვალს, პროევროპული პროტესტის მონაწილე 20-მა ადამიანმა საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მიიღო შეტყობინება. მიზეზი – ჯარიმების გადაუხდელობაა. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ამ დრომდე, დაჯარიმების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ. აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადამოწმების შემდეგ კი გაარკვიეს, რომ დაჯარიმებული არიან 2025  წელს, საპროტესტო აქციებზე “გზის ხელოვნური გადაკეტვისთვის”.

დაყადაღების შესახებ, სოციალურ ქსელში 20 მოქალაქის პოსტი გავრცელდა. ესენი არიან:

  1. აჩი გოჩიტაშვილი
  2. მარიამ პაიჭაძე 
  3. ბექა ბერიკაშვილი 
  4. გიორგი მელითაური
  5. მარი ლორთქიფანიძე
  6. მიშა სამხარაძე
  7. თათია მექვაბიშვილი
  8. ლაშა დგებუაძე
  9. თიკა პატარაია
  10. დავით გოგიჩა
  11. საბა ჯაფარიძე
  12. სანდრო ლიპარტელიანი
  13.  მარიამ ღვინიანიძე
  14.  სანდრო ტუღუში
  15.  ნუკრი ალბუთაშვილი
  16.  ელენე ბერიკაშვილი
  17.  ქეთი ქანთარია
  18. მარიკო ცომაია
  19. ნინო რამიშვილი
  20. ლაშა ბაქრაძე

“გზის ხელოვნურად გადაკეტვა”, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად ითვლება. გასული წლის 7 თებერვლიდან „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკისრებული ჯარიმა გაათმაგდა და 5000 ლარი გახდა. ასეთი ჯარიმა პროევროპული პროტესტის მონაწილე ასობით ადამიანს აქვს და ჯარიმების ჯამური ოდენობა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს.

“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს,  სამოქალაქო აქტივისტს, დავით ჯინჭარაძეს ანგარიშები დაუყადაღეს

“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს, პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან 20 იანვარს მიიღო შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“.

გამოცემა „ბათუმელებთან“ საუბარში დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ დაჯარიმების შესახებ ოქმი არ ჩაბარებია და მხოლოდ საზღვრის კვეთის დროს გაიგო, რომ დაჯარიმებულია. მისივე თქმით,  დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც protocol.ge-ზე და არც police.ge-ზე. როგორც საზღვარზე უთხრეს, მის სახელზე ჯარიმა 2025 წლის 5 სექტემბერს არის გამოწერილი. “მელიქიშვილზე იყო საპროტესტო აქცია, სადაც მეგაფონით ვიყავი”, – ამბობს იგი.

“თავისუფლების ფონდი” დავით ჯინჭარაძემ პროევროპული პროტესტის მონაწილეებისა და პოლიტპატიმრების დასახმარებლად დააარსა. ფონდს უცხოური ანგარიში აქვს. იგი ამბობს, აქციის მონაწილეების დასახმარებლად საქართველოში არსებულ ანგარიშებსაც იყენებდა, თუმცა,  ყადაღის საშიშროების გამო მასზე დიდი ოდენობის თანხას არ ტოვებდა.

სამოქალაქო აქტივისტს, ელენე დევიძეს, ანგარიშები დაუყადაღეს

პროევროპული აქციების მონაწილეს, სამოქალაქო აქტივისტს ელენე დევიძეს ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გამოცემა “პუბლიკასთან” საუბარში იგი ამბობს, რომ დაყადაღების მიზეზი გადაუხდელი ჯარიმაა.

როგორც ირკვევა, ელენე დევიძე 2025 წლის 10 აგვისტოს, გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით არის დაჯარიმებული. სამოქალაქო აქტივისტს ჯარიმის შესახებ შეტყობინება არ მისვლია, რადგან, შსს-ში მისი ნომერი არასწორად არის მითითებული და არც ოქმი ჩაბარებია პირადად. ელენე დევიძე ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს.

ელენე დევიძე სინდისის პატიმრის, მსჯავრდებული მათე დევიძის დაა. მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საპროტესტო აქციაზე დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მას 4.6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.