სამოქალაქო აქტივისტს, ნინო კალანდიას, მეორედ დაუყადაღეს ანგარიში

2026 წლის 7 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედას, ნინო კალანდიას, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, მეორედ დაუყადაღეს პირადი ანგარიში. როგორც ნინო კალანდია წერს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მის მიმართ გამოწერილი კიდევ 5 ჯარიმაა შესული. 

საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, ნინო კალანდიას ანგარიშები პირველად 29 მაისს დაუყადაღეს. მაშინ ყადაღა დაედო როგორც მის პირად ანგარიშს, ისე მის სახელზე გახსნილ 13 წლის შშმ შვილის საპენსიო ანგარიშსაც.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის სექტემბერი

კონტექსტი

2024 წლის სექტემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები მიუთითებს სამოქალაქო აქტივიზმთან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებული პირების მიმართ ზეწოლის სხვადასხვა ფორმის გამოყენებაზე. თვის განმავლობაში დაფიქსირდა როგორც ადმინისტრაციული დაკავებებისა და ფინანსური სანქციების, ისე ირიბი ზეწოლის შემთხვევები, რომლებიც შეეხო აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს.

სექტემბერში განსაკუთრებულად გამოიკვეთა ადმინისტრაციული და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება აქტივისტების მიმართ. ამასთან, დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებიც, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ე.წ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით გამოხატულ კრიტიკულ პოზიციებთან.

ამავე პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების მიმართ განხორციელებულმა სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ნაბიჯებმა გააჩინა კითხვები სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ჯამში, სექტემბერში დაფიქსირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ კრიტიკული და საპროტესტო აქტივობის მიმართ ზეწოლის პრაქტიკა სხვადასხვა ფორმით გრძელდებოდა და მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ აქტივისტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ინციდენტები:

2024 წლის 4 სექტემბერს, „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან: სოფელ ნოქალაქევის სკოლის დირექტორი შორენა შამათავა, ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ბრეგვაძე და სოფელ ნამაშევის სკოლის ხელმძღვანელი მინდია გველებიანი. აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სავარაუდო დისკრიმინაციულ მოტივებზე და აღნიშნა, რომ დირექტორების გათავისუფლება შესაძლოა უკავშირდებოდეს მათ მიერ ე.წ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას.

2024 წლის 9 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა  აქტივისტი ლექსო სამხარაძე, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს, მონა ეძახა.

2024 წლის 14 სექტემბერს, პოლიციამ გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი დააკავა. მას სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბაბაევი გორში ფლობს ბარს. ამ ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამზადისი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად. გადაადგილებისას შექმნილ დისკომფორტს ბაბაევი ღიად აპროტესტებდა და სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებაც იუწყებოდა. 14 სექტემბრის დილით კი სამსახურში მიმავალი ბაბაევი დააკავეს. მან იზოლატორში 48 საათი გაატარა. 

2024 წლის 24 სექტემბერს,  ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს – ამის შესხებ კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, აქციებზე 500 ლარით დააჯარიმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია. ჩელე ყურუას თანხა არ გადაუხდია, რასაც ანგარიშების დაყადაღება მოჰყვა. 

2024 წლის 24 სექტემბერს,  საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად გამოაცხადა. ბიურომ მათ, აგრეთვე მათ ხელმძღვანელებს — ეკა გიგაურსა და ხათუნა ლაგაზიძეს, 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი ზომების გამოყენებით დაემუქრა.

ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოში გაასაჩივრეს და უკანონოდ მიიჩნიეს, რადგან აღნიშნული სტატუსი მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის გავრცელებასა და საქმიანობის შეზღუდვას გულისხმობდა. შექმნილი კრიზისის ფონზე, 2 ოქტომბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ პრემიერ-მინისტრის მოწოდების საფუძველზე გადაწყვეტილება შეცვალა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორგანიზაციებს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი ოფიციალურად მოუხსნა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის მარტი

კონტექსტი

2025 წლის მარტში დოკუმენტირებული ინციდენტები აჩვენებს, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ზეწოლის პრაქტიკა კვლავ სისტემურ ხასიათს ინარჩუნებს და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები ასახავს ადმინისტრაციულ დაკავებებს, ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, ფინანსური სანქციების აქტიურ გამოყენებას, ასევე სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის – აქტივისტებთან დაკავშირებული ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის შეზღუდვას.

დოკუმენტირებული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება მოქალაქეების საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და საჯარო პოზიციის გამოხატვას. განსაკუთრებით თვალშისაცემია ფინანსური სანქციების მასშტაბი და ინტენსივობა – ჯარიმები ხშირ შემთხვევაში უკავშირდება გზის გადაკეტვის ბრალდებას და რიგ შემთხვევებში დაყრდნობილია სადავო ან არასაკმარის მტკიცებულებებზე. ამასთან, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები და სასამართლო გადაწყვეტილებები არ ითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ გარემოებებს.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აქტივისტებისა და საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდების ანგარიშების დაყადაღება, რაც მიუთითებს, რომ ზეწოლის პრაქტიკა ვრცელდება არა მხოლოდ ინდივიდუალურ აქტივისტებზე, არამედ იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც უფლებადარღვეული მოქალაქეების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. აღნიშნული ტენდენციები, ერთობლიობაში, მნიშვნელოვნად ზღუდავს სამოქალაქო აქტივობის სივრცეს და უხეშად არღვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. 

ინციდენტები

2025 წლის 3 მარტს, მუსიკოსსა და სამოქალაქო აქტივისტს, დავით (ტორნადო) გაბუნიას ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაბუნიას თავს მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი, დაესხა. ეს ინფორმაცია მიშა მესხმა, ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის მიერ გავრცელებული პოსტის ქვეშ, კომენტარის სახით დაადასტურა.

2025 წლის 5 მარტს, „კრაბ კოფის“ დაფუძნებლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს – ბარბარე როკიტასა და ქრისტინე პირველს, ახალგაზრდა მამაკაცმა გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლთან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტის შედეგად, ბარბარემ ცხვირის მოტეხილობა მიიღო და მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. “კრაბ კოფის” დამფუძნებელი გოგონები 2024 წლის 28 ნოემბრის აქციიდან მოყოლებული, პროევროპული აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უზიარებდნენ ყავას და ჩაის. სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ თავდასხმის მოტივი, სწორედ პროევროპულ აქციებში მათი აქტიური ჩართულობა გახდა.  

2025 წლის 7 მარტს, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციამ, „ძლიერი საქართველოს“ წევრები: ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ოთო ფარულავა დააკავა. მათთან ერთად იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც. ვიდეომასალიდან, რომელიც დაკავების მომენტს ასახავს, ირკვევა, რომ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციიდან “ძლიერი საქართველოს” წევრები სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ისინი საპატრულო პოლიციამ გააჩერა. ირაკლი კუპრაძემ საპატრულო პოლიციას სთხოვა განემარტათ შეჩერების მიზეზი, რა დროსაც, ის ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დააკავეს. 

2025 წლის 11 მარტს,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ 5-5 ათასი ლარით, პროევროპული აქციების 18 მონაწილე დააჯარიმა. აქტივისტებს შსს ზებრა-გადასასვლელზე “ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას” ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძვლით ედავებოდა. დაჯარიმებულებს შორის არიან: დიანა ბოლქვაძე, თამარ სურმანიძე, ბადრი კოჩალიძე, არჩილ ბერიძე, ნათია ლეთოდიანი, დავით რობაქიძე, მანუჩარ ხოზრევანიძე, ქეთი პაქსაძე, მარიამ საგინაძე, ნუგზარ თაფლაძე, თათია აბულაძე, ლინდა ცინცაძე, არჩილ შოთაძე, გიორგი ჩხაიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, გოჩა სურგულაძე და ანა ვაჩეიშვილი.

2025 წლის 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ პროევროპული აქციების მონაწილეები: მსახიობი მალხაზ ირემაძე, მარიამ გოგოლიშვილი, მარი ცეცხლაძე და ნიკო მირცხულავა ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. აქტივისტებს 31 იანვრის ღამეს, ბათუმში ზებრა-გადასასვლელზე ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდნენ. 

2025 წლის 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ზებრაზე მოძრაობის საქმეზე“ სამოქალაქო აქტივისტი გუბაზ ლამპარაძე 5000 ლარით დააჯარიმა. აქტივისტს შს სამინისტრო ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძვლით, ზებრა გადასასვლელზე “ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა”. 

2025 წლის 17 მარტს, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მარტს დააყადაღა იმ საქველმოქმედო ფონდების ფინანსური ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეობისას უკანონოდ დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ და ასევე ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ე.წ „სინდისის პატიმრებსა“ და მათ ოჯახებს. 

დაყადაღებულ ორგანიზაციათა სიაში მოხვდნენ:

  • საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“; 
  • საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“; 
  • საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ 
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“ 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდები დაყადაღდა იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც „ქართული ოცნების“ სატელიტი “საზოგადოებრივი მოძრაობის” ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ფონდების დაყადაღების უფლება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გასცა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. 

2025 წლის 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა, მისთვის მიენიჭებინათ ლტოლვილის სტატუსი და ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსი, 18 მარტს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა.

2025 წლის 19 მარტს, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის ოჯახი მეცხრედ დააჯარიმეს. ცეცხლაძის დედამ, ნარგიზი დავითაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ შსს გზის სავალი ნაწილის “ხელოვნურად გადაკეტვას” (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი) ედავება. ნარგიზ დავითაძის თქმით, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა რუსთაველის გამზირზე საერთოდ არ ყოფილან, თუმცა შსს-ს თანამშრომლებს ფინანსური სანქცია მათთვის მაინც დაუკისრებიათ. 

2025 წლის 19 მარტს, სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის, დედა მარიზი კობახიძე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. შსს მას  23 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირი ამ დღეს ხალხის რაოდენობის გამო ბუნებრივად გადაიკეტა.  

2025 წლის 19 მარტს, 5 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გიდი ალექსანდრე გიორგაძე. შსს აქციების აქტიურ მონაწილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის საფუძველზე, 3 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება, თუმცა სხდომაზე ამის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება შსს-მ ვერ წარადგინა. 

2025 წლის 19 მარტს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მსახიობი სანდრო სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. შსს მას 2024 წლის 25  ნოემბერს აქციაზე უკანონო ნივთის ტარებას ედავებოდა. 

2025 წლის 21 მარტს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ სამი აქტივისტი – თაკო გვილია, თათია აფრიამაშვილი და ლუკა გოგია დააკავა.  პარლამენტთან პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს. თაკო გვილია “პირველებთან” ამბობს, რომ თავდაპირველად, პოლიციასთან სკამების სკამების საკითხს განიხილავდა, რა დროსაც მოულოდნელად ხელი სტაცეს და თათია აფრიამაშვილთან ერთად, დაკავების მანქანაში იძულებით ჩასვეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა გოგია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა. თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლუკა გოგიას, მან წინასწარი დაკავების იზოლატორი 22 მარტს დატოვა.

2025 წლის 21 მარტს, კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ცოტნე კობერიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება“ წერს, რომ „ქართული ოცნება“ ცოტნე კობერიძეს სხვის დაკავებაში ხელის შეშლას და პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის მაისი

კონტექსტი

2025 წლის მაისში დოკუმენტირებული ინციდენტები ასახავს სამოქალაქო აქტივისტებზე ზემოქმედების როგორც სამართლებრივ, ისე ადმინისტრაციულ და ირიბ მექანიზმებს. გამოვლენილი შემთხვევები უკავშირდება ადმინისტრაციულ დაკავებას, ფინანსური სანქციების დაკისრებასა და ინდივიდუალური აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს მათ სამართლებრივ სტატუსსა და სამოქალაქო უფლებებზე.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინოა ფინანსური სანქციების გამოყენების შემთხვევები, რაც მიუთითებს სანქცირების პრაქტიკის სისტემურ ხასიათზე. ამასთანავე, ფიქსირდება აქტივისტზე ირიბი ზეწოლის შემთხვევაც. 

გარდა ამისა, საყურადღებოა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირებაზე. საანგარიშო პერიოდში ძალაში შევიდა კანონი რომელმაც გაამკაცრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩოს, რაც, ჯამში, ემსახურება ისეთი გარემოს შექმნას, სადაც სამოქალაქო აქტივობა და გამოხატვის თავისუფლება უმძიმესი წნეხის ქვეშ ექცევა.

ინციდენტები:

2025 წლის 1-ლ მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების – “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის პროცესი გაიმართა. შსს-ს წარმოამდგენელი თამთა ქიმბარიშვილი აქტივისტების  ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ყურაშვილსა და ბაღათურიას 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შსს-ს წარმომადგენელი თამთა ქიმბარიშვილი 2025 წლის პირველ ივნისს, სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად დაინიშნა

2025 წლის 5 მაისს სამი აქტივისტი ქალი – ნუცა მახარაძე, ქეთი ჯანანაშვილი და მათი მეგობარი საცხოვრებელ კორპუსთან, სავარაუდოდ, თავდასხმის სამიზნე გახდნენ. მახარაძის თქმით, თავდამსხმელები მათ ლიფტიდან გამოსვლისას ჩაუსაფრდნენ და სახეში წიწაკის სპრეი და მწვანე საღებავი შეასხეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

​​2025 წლის 19 მაისს, პროევროპული აქციების მონაწილე ლაშა გაბიტაშვილს, რომელიც საზოგადოებამ აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ წევრებთან ინციდენტის შემდეგ გაიცნო, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს. მიზეზად ორმაგი მოქალაქეობა სახელდება. გაბიტაშვილმა ისრაელის პასპორტი ცოლთან ქორწინების შემდეგ აიღო, საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად კი იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა. იურისტები განმარტავენ, რომ ლაშა გაბიტაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი არ არსებობს და მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პარალელურად შეეძლო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. 

2025 წლის 26 მაისს, პოლიტიკური აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციამ 26 მაისს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქტივისტს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს ლუკა ნაცვლიშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

2025 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ანი ქავთარაძეს. შსს სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის, ძმას და პარტია “ახლის” წევრს, ანი ქავთარაძეს,  17 აპრილს სასამართლოს დერეფანში  პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა. მირიან ქავთარაძე პატიმრობაში მყოფი აქტივისტის და პარტია „ახლის“ წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის განხილვისას ამ დღეს სასამართლომ მოწმის სახით გამოჰკითხა. გამოკითხვისას თორნიკე სხვიტარიძე სხდომათა დარბაზში იყო, ანი ქავთარაძე კი დარბაზის გარეთ. მას შემდეგ, რაც პოლიციელის გამოკითხვა დასრულდა, მირიან ქავთარაძეს საბა სხვიტარიძის მხარდამჭერებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. 

2025 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, აქტივისტებს თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდა. მაგდა მამუკაშვილი კი 4000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება უკავშირდება 17 მაისს, ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტს, როდესაც აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის მიმართ პროტესტი გამოხატეს შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „არა რუსულ რეჟიმს“, „ძირს რუსეთის მონები“.

2025 წლის 31 მაისიდან ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ, 1-ლ აპრილს მიღებული კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ე.წ.”ქართული FARA”, რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიუროა. აღნიშნული კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, მიზანში ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას. კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას. გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება კი გამოიწვევს ფიზიკური პირის დასჯას თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით ან ჯარიმით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – ჯარიმას. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. მასთან ერთად მოსარჩელეები არიან მედიაორგანიზაციები სტუდია “მონიტორი” და “საქართველოს ამბები”. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს შევიდა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის ივლისი

კონტექსტი

ივლისში აქტივისტების და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ დაფიქსირდა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების, სასამართლო სანქციების დაკისრებისა და საგამოძიებო ორგანოებში დაბარების პრაქტიკა. დოკუმენტირებული შემთხვევები მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული და საგამოძიებო მექანიზმები გამოიყენებოდა იმ პირების მიმართ, რომლებიც საჯაროდ გამოხატავდნენ პროტესტს ან აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში, რაც საზოგადოებაში პროტესტის ჩახშობის მიზანს ემსახურებოდა. 

ინციდენტები:

2024 წლის 1-ლ ივლისს,  სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა.  წიწიკაშვილი, ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით 9 ივნისს დააკავეს.

2024 წლის 23 ივლისს, სპეცრაზმის მიერ ნაცემი დავით ქაცარავა, რომელიც სპეცრაზმელებმა 14 მაისს ანტირუსული საპროტესტო აქციიდან გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ 166-ე მუხლთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა, ხოლო ქაცარავა სამართალდამრღვევად სცნო 173-ე მუხლის ნაწილში (წვრილმანი ხულიგნობა). ქაცარავას ასევე, აეკრძალა ცეცხლსასროლი იარაღის ტარება 2 წლის ვადით.

2024 წლის 23 ივლისს, თბილისის 51-ე სკოლის განთავისუფლებული თანამშრომელი, მისი გათავისუფლებას ,,რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. მანანა ღვინჯილია ამბობს, აქციების დასრულების შემდეგ  მას სკოლის დირექციამ განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. მასწავლებელმა მომხდარი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

2024 წლის 20 – 25 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს)  სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის მუხლებით მიმდინარე საიდუმლო გამოძიებაზე უკრაინაში მებრძოლ ქართველ ვეტერანებსა და აქტივისტებს სასამართლოში მოწმის სახით იბარებს და კითხავს. გამოძიება “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ადვოკატების ცნობით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ თითქოსდა “თავდასხმის მომზადების” ვერსიას უკავშირდება.

ე.წ “გადატრიალების საქმეზე” სუს-ში დაიბარეს  უკრაინაში მებრძოლი და “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე ნადიმ ხმალაძე, ხოლო 23 ივლისს – უკრაინის ომის ვეტერანი გელა კახაბრიშვილი. გამოძიების ფარგლებში, სუს-ის მიერ გამოსაკითხ პირთა შორის ასევე მოხვდნენ უკრაინის ომის ვეტერანები: ვაჟა ცაცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი, კონსტანტინე ჯღამაია, ლაშა რუხაია. 

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის იანვარი

2025 წლის იანვარში დოკუმენტირებული ინციდენტები სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებულ, ზეწოლის მრავალფეროვან და ინტენსიურ ფორმებზე მიუთითებს. შემთხვევები მოიცავს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ დევნას, ფიზიკურ ძალადობას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ფინანსურ სანქციებსა და პროფესიულ საქმიანობაში სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას. 

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინოა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული მასობრივი დაკავებები თბილისსა და ბათუმში, ასევე სასამართლოების მიერ აქტივისტებისა და ე.წ. „სინდისის პატიმრების“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები. პარალელურად, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები სამსახურიდან გათავისუფლებას საკუთარ სამოქალაქო პოზიციასა და პროტესტში მონაწილეობას უკავშირებდნენ, რამაც განსხვავებული აზრის გამოხატვის შემაკავებელი, ე.წ „მსუსხავი“ ეფექტი შექმნა. 

ასევე გამოვლინდა ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის აქტივისტების მიმართ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საერთო ჯამში, იანვრის მოვლენები ასახავს გარემოს, სადაც სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ძალისმიერი მექანიზმები ერთობლივად გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ინციდენტები:

2025 წლის 5 იანვარს, საჯარო მოხელეები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თანამშრომელი – ვაკო მაისურაძე, რეორგანიზაციის მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლა. მაისურაძე მის გათავისუფლებას “ქართული ოცნების” ძალადობის საჯარო დაგმობას უკავშირებს. აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის თანამშრომელიც. პავლე გახარიას თქმით, მას შრომითი ხელშეკრულება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუჩერეს.

2025 წლის 8 იანვარს, გერმანიის მოქალაქე გელა მეგრელიძეს, რომელიც ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა, სამშობლოში ბინადრობის უფლება არ მისცეს და აქციაზე სამართალდამრღვევად სცნეს. გელა მეგრელიძეს, რომელიც 20 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ბინადრობის ნებართვა არ მისცეს. გერმანიის მოქალაქე საქართველოში ცხოვრების უფლებას ითხოვდა, თუმცა უარის მიზეზად მიუთითეს, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ფოტოგრაფ გელა მეგრელიძისთვის გადაცემულ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მისი საქართველოში ყოფნა „სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია“.

2025 წლის 10 იანვარს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ სინდისის 11 პატიმრის – ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუხარჩუკის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის საქმეები განიხილა და ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროევროპული საპროტესტო აქციების აქციების მონაწილე თერთმეტ პირს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება. 

2025 წლის 11 იანვარს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა სინდისის 8 პატიმრის – ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გიორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოს ჯავახიშვილის საქმეები და ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთს კი – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2025 წლის, 11 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას,  აქციის ერთ-ერთი მონაწილე, შშმ პირთა უფლებადამცველი, გია ჯვარშეიშვილი, დააკავეს. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურისა და “საქართველოს ევროპული ორბიტის” ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას ბრიფინგიდან ირკვევა, ჯვარშეიშვილის დაკავებისას არაერთი უფლება დაირღვა და მას მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ისევე ფიზიკური შეურაცხყოფა. 

2025 წლის 12 იანვარს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოსთან“, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სახელწოდებით „უსამართლო სასამართლო“ გაიმართა. აქციის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებსა და საპროტესტო ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და ე.წ. „კლანის“ წამყვანი მოსამართლეები რესტორანში საახალწლო კორპორატიულ წვეულებას მართავდნენ. მოქალაქეების მწვავე პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის, მასობრივი დემონსტრაციებისა და მომიტინგეთა დაკავებების ფონზე, მოსამართლეები სადღესასწაულო ვახშამს აწყობდნენ. აქცია დღის მეორე ნახევარში დაიწყო, რის გამოც ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების დიდი რაოდენობა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. სამართალდამცავებმა რესტორნის პერიმეტრი სრულად ჩაკეტეს, რათა შენობაში მყოფი სტუმრები მომიტინგეებისგან დაეცვათ.

ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საგულისხმოა, რომ ყველა დაკავებული საუბრობდა დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. 

დაკავებულების პროცესი 14 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დაკავებულ 8 აქტივისტს მოსამართლეებმა ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს

კერძოდ: 

  • მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ტიტე გედენიძესა და ზვიად რობაქიძეს  10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო შაკო მაღრაძეს  – 12-დღიანი პატიმრობა.
  • მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დანიელ ბულკაშვილს 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა; 
  • მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ზურაბ მანჩხაშვილს 13 დღიანი, ხოლო გიორგი ჩაჩანიძეს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა;
  • მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბექა პაპაშვილს 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა;
  • მოსამართლე ნინო ენუქიძემ კახა ჯაფარიძეს 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 13 აქტივისტი დააკავა.

11 იანვარს დაკავებები დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს აქტივისტი თათია აბულაძე. მოგვიანებით, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელმაც ანალოგიური შინაარსის პლაკატი გააკრა. პოლიციამ სხვადასხვა ეპიზოდში დააკავა აქტივივისტები: მათე ცენტერაძე, გოდერძი ფრანგიშვილი, თემურ ქათამაძე, ლალი დგებუაძე, თეო ბერიძე, მალხაზ ირემაძე და არასრულწლოვანი ნინი შავაძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

12 იანვარს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. მათ შორის იყვნენ: ელიზბარ ჩხიკვაძე, ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და ლევან ხორავა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები ფოთში გადაიყვანეს. 

2025 წლის 13 იანვარს,  “ქართული ოცნების” წევრებმა, ვიქტორ სანიკიძემ და ირაკლი ზარქუამ, დუბაიში, სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა გაბიტაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება ლაშა გაბიტაშვილის მიერ “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის, წინა დღით, “მონისა” და “მოღალატის” დაძახებას მოჰყვა. 

2025 წლის 13 იანვარს, თბილისის მერიის თანამშრომელი, ქრისტინა ჩუბინიძე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ სამსახურიდან კონსტიტუციის და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამო გაუშვეს. მისი განმარტებით, 31 დეკემბერს შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის შესახებ მხოლოდ 13 იანვარს შეიტყო. ქრისტინა ჩუბინიძე ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეთაგან, ვინც ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელი მოაწერა. 

გარდა ქრისტინა ჩუბინიძისა, 5 იანვარს, საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან გახდა ცნობილი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვაკო მაისურაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან რეორგანიზაციის მიზეზით. მაისურაძე გათავისუფლებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. ასევე 5 იანვარს გახდა ცნობილი, რომ 112-ის თანამშრომელს, პავლე გახარიას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაუშვეს სამსახურიდან. 

2025 წლის 18 იანვარს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მათ შორის არიან: რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, სონა კალანდაძე, „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, თამარ ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი. მათ პირბადის ტარებასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

თემქის პოლიციასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების ნაწილი პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ადვოკატის განცხადებით, სონა კალანდაძეს პოლიციის განყოფილებაში შეყვანისას თმა მოქაჩეს და აგინეს, მარიამ პაიჭაძეს კი დაკავების დროს ასევე თმაში მოქაჩეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი სავარაუდო სამართალდამცავი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, დაკავებულებს დასცინოდა და აქციებში მონაწილეობისთვის ამცირებდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, პოლიციის განყოფილებაში კეფაში ჩაარტყეს გურამ მაცხონაშვილს. 

2025 წლის 20 იანვარს, სინდისის პატიმრების ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმეზე, მოსამართლე ნინო გუდაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. პატიმრებს სასჯელის სახედ 3-3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ. 20 იანვარს სასამართლო სხდომაზე ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა აღიარეს მათ მიმართ წაყენებული ბრალი. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდა. როგორც საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ თქვა, ბრალდებულებმა აანაზღაურეს ეს ზიანიც. 

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი პოლიციამ  ე.წ. “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე დააკავეს

2025 წლის 20 იანვარს, ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. –  გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ბუბუტეიშვილს პროკურატურა ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდა.

2025 წლის 26 იანვარს, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტი, ვახო ფიცხელაური გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტი ამბობს, რომ მინიმუმ 3 ნიღბიანი პირი თავს მაშინ დაესხა, როცა ის მაღაზიაში მიდიოდა. ფიცხელაური აღნიშნულ ფაქტს მის საქმიანობას უკავშირებს

2025 წლის 29 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მოქალაქეებმა “ქართული ოცნების” პოლიტიკის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კარვები მიიტანეს, თუმცა, აქციის მიმდინარეობისას პოლიცია მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდა. სამართალდამცავებმა მოქალაქეებს საპროტესტო კარვებიც წაართვეს.

2025 წლის 20 იანვარს, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. შსს მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლებს ედავებოდა. მუხლები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და აქციაზე სახის დაფარვას გულისხმობს. მაცხონაშვილი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დააკავეს რამდენიმე აქტივისტთან ერთად. 

2025 წლის 27 იანვარს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სახის დამფარავი საშუალების აქციაზე ტარებისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, პარტია “დროას” პოლიტიკური აქტივისტი მარიამ სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა.

2025 წლის 30 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომელი, ნინო ხაზალაშვილი წერს, რომ სამსახურიდან პოსტის “დაჰაჰავების” გამო გაათავისუფლეს. ხაზალაშვილის თქმით, ის კვირების განმავლობაში გამოხატავდა რეაქციებს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებულ პოსტებზე, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის თებერვალი

კონტექსტი

2025 წლის თებერვალში დოკუმენტირებული ინციდენტები აჩვენებს, რომ თებერვლის თვეში სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის პრაქტიკა კვლავ აქტიურად გრძელდებოდა. საანგარიშო პერიოდში აღწერილი შემთხვევები მოიცავს ადმინისტრაციულ დაკავებებს, სისხლისსამართლებრივ დევნას, ფიზიკურ ძალადობას, ფინანსურ სანქციებს, ასევე პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სავარაუდო დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს.

დოკუმენტირებული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება მშვიდობიან საპროტესტო აქტივობას, მათ შორის აქციებში მონაწილეობასა და საჯარო პოზიციის გამოხატვას. ამასთან, რიგ შემთხვევებში იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებზე მიუთითებს.

ინციდენტები:

2025 წლის 2 თებერვალს, პროევროპული აქციების 67-ე დღეს, ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია თბილისში, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მონაწილეებს და  ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა

დაკავებულთა შორის არიან საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, “კოალიცია ცვლილებებისთვის” პოლიტიკური აქტივისტი, ბადრი გრიგალაშვილი, რომელიც მოგვიანებით ორ დაკავებულთან ერთად პოლიციის დაკავების მანქანიდან გადმოსვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთს სახეზე დაზიანების კვალი ჰქონდა. 2 თებერვლის აქციაზე დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ზვიად ხარაზიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმელები. დაზარალებულებს შორისაა მზარეული ზურაბ შონია, რომელსაც სპეცრაზმელებმა თავში ურტყეს. აქტივისტს „ინგოროყვას კლინიკაში“ გადაყვანა დასჭირდა.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან  განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ”. 

2025 წლის 4 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს დაკავებულ 8 პირს – ირაკლი ტაბატაძეს, ნიკოლოზ კუტუბიძეს, ვასილ ელიავას, ალექსანდრე გოგოლაძეს, დიმიტრი ბიძინაშვილს, გიგი უგულავას, ირაკლი წიგნაძესა და ნიკოლოზ ქუმსიაშვილს, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, ბრალი დაუმძიმეს. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. აღნიშნული  სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. სასამართლომ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

2025 წლის 6 თებერვალს, გამთენიისას პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე დააკავა. სამივე მათგანი სახელმწიფო უნივერსიტეტის დერეფნიდან უკანონო ტყვეობაში მყოფი თანამებრძოლების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.  მათ სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით ან ადმინსიტრაციული პატიმრობით. 

2025 წლის 11 თებერვალს, პოლიციამ სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე 5000 ლარით დააჯარიმა. ზურა ცეცხლაძის ცნობით, მას სახლთან 7-მდე პოლიციელი დახვდა და საჯარიმო ოქმი ჩააბარა. 

2025 წლის 11 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს. მათგან 2 ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. დაკავებულებს შორის არიან, ლევან გოგიჩაიშვილი,  კახა თურმანიძე და გიორგი ოკრიბელაშვილი (სინდისის პატიმარ, ომარ ოკრიბელაშვილის მამა). 

2025 წლის 15 თებერვალს, ბაჩო დოლიძე სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. მას 11 თებერვლის აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. 

2025 წლის 18 თებერვალს, სამოქალაქო აქტივისტს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს თავს 4 უცნობი პირი დაესხა. შემთხვევა ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მოხდა. აქტივისტს სამედიცინო კვლევები კლინიკა “ვივა მედში”  ჩაუტარდა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.  

2025 წლის 18 თებერვალს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა, ხოლო აქტივისტ მარიამ გაჩეჩილაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. 

ისაკო დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. მას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 8-დღიანი პატიმრობა 20 ნოემბერს შეეფარდა. 

2025 წლის 20 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, ლაშა დიაროვი დააჯარიმეს. დიაროვს 14 თებერვალს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.  

2025 წლის 20 თებერვალს, პროევროპული პროტესტის  რამდენიმე მონაწილეს ჯარიმა გამოუწერეს. საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, ეკა სირაძე, აქციაში მონაწილეობის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს. 1000 ლარით დაჯარიმდა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის შვილი, გიორგი კირაკოზაშვილი, ხოლო ნადიმ ხმალაძეს ორი საჯარიმო ქვითარი ჩააბარეს, რომელსაც ჯამში ჯარიმის სახით 25 000 ლარი აქვს გადასახდელი. 

2025 წლის 24 თებერვალს, „ტვ პირველთან“ პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობდნენ სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგები. ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი, სოფო როინიშვილი აღნიშნავს, რომ მისი აქციაზე მონაწილეობა და ფეიერვერკის სროლის გამო 5000 ლარის ჯარიმა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვას იწყებს 51-ე საჯარო  სკოლის გათავისუფლებული მასწავლებელი, მანანა ღვინჯილიაც. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ “ძლიერი საქართველოს” ჩუღურეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. 

2025 წლის 27 თებერვალს, პროევროპული პროტესტის მონაწილეებს სასამართლომ ჯარიმა გამოუწერა. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი რუსთაველის აქციაზე დგომის გამო 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა ნიკა ნარსიაც. 

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის აპრილი

კონტექსტი

2025 წლის აპრილში დოკუმენტირებული ინციდენტები აჩვენებს, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ზეწოლის პრაქტიკა კვლავ სისტემურ ხასიათს ინარჩუნებს და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები უკავშირდება ადმინისტრაციულ დაკავებებს, ფიზიკურ ძალადობას, საგამოძიებო მოქმედებებს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ასევე პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სავარაუდო დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს.

შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დაკავშირებულია საპროტესტო აქტივობასთან და პროევროპული პოზიციის საჯარო გამოხატვასთან. ამასთან, რიგ შემთხვევებში იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არაპროპორციული ჩარევის ნიშნები, მათ შორის დაკავებების, ძალის გამოყენებისა და საპროტესტო შეკრებების დაშლის პროცესში.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აქტივისტებისა და ფონდებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, აგრეთვე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა გათავისუფლების შემთხვევები, რომლებიც თავად დაზარალებულების შეფასებით, მათ სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება. 

ინციდენტები:

2025 წლის 1-ლ აპრილს, პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ლუკა კინწურაშვილი პოლიციამ გვიან ღამით, ადმინისტრაციული წესით დააკავა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აქტივისტი 20:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გააჩერეს და ტელეფონში „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვეს, რაზეც კინწურაშვილმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ, პოლიციამ კინწურაშვილს ტელეფონი წაართვა და დააკავა.

2025 წლის 8 აპრილს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე არსებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი აქტივისტი – ვატო სამხარაძე, რეზი დუმბაძე და თაზო კვესელავა, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადვოკატ გიორგი ტაბატაძის თქმით, დაკავებულ აქტივისტს ვატო სამხარაძეს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და ასევე აღენიშნებოდა სიწითლეები სახეზე. ადვოკატის თქმით, აქტივისტმა ფიზიკური დაზიანებები პოლიციის მხრიდან დაკავების დროს მიიღო. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, რეზი დუმბაძეს, მას პოლიციელი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

2025 წლის 9 აპრილს, ადგილობრივი აქტივისტების გადმოცემით, ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. „დროას აქტივისტი“ მარიამ სიჭინავა წერს, რომ აქციის დაშლისას ერთი მოქალაქე დაშავდა და მისი ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც აქტივისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს, 9 აპრილის მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.  

2025 წლის 12 აპრილს, ბათუმელი აქტივისტის, ციალა ქათამიძის განცხადებით, ის თავდაცვის სამინისტრომ ეროვნული გვარდიის რეზერვისტის თანამდებობიდან გაათავისუფლა., რომელსაც აქტივისტი 2022 წლიდან იკავებდა. თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თავდაცვის ბატალიონის ყოფილი რეზერვისტის თქმით, გათავისუფლების მიზეზი პოლიტიკურია და ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. 

2025 წლის 14 აპრილს, აქტივისტი ლექსო სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავისუფლების მოედანზე მასსა და მის მეგობარს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტის ცნობით, თავდამსხმელებმა მას კეფისა და ნათხემის ადგილას წვეტიანი ნივთი ჩაარტყეს, რის შედეგადაც თავის არეში არაერთი დაზიანება მიიღო. რაც შეეხება ლევან ყანჩაველს, როგორც სამხარაძე წერს, უცნობმა პირებმა მას თავის ქალა გაუბზარეს, რის გამოც ყანჩაველს ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ლევან ყანჩაველმა აღნიშნა, რომ განხორციელებული ჯგუფური თავდასხმა სავარაუდიდ მის პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. 

2025 წლის 14 აპრილს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გაავრცელა განცხადება, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მიზნით, ათობით საჯარო სტრუქტურიდან, 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა”. 

TI წერს, რომ რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე,  “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ოთხჯერ შეტანილი ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და, ფაქტობრივად, გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდებოდა და ის ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა იყო.

2025 წლის 16 აპრილს, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, პოლიტიკური აქტივისტი გელა ხასაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გელა ხასაიას 31 მარტს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, თუმცა, “TV პირველის“ ინფორმაციით, გავრცელებულ უწყვეტ კადრში ჩანს, რომ აქტივისტი პოლიციას თავისი ნებით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მიჰყვება. 

2025 წლის 21 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც პროევროპული აქციის მონაწილეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად ხვდებოდნენ, პოლიციამ ორი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფეისბუქზე ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. მისი თქმით, აქტივისტები  სამართალდამცველებმა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ აღდგომას ულოცავდნენ. 

2025 წლის 29 აპრილს, ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. თემურ ქათამაძე ითხოვდა, რომ მისთვის მიენიჭებინათ ლტოლვილისა და ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსი. 

2025 წლის 29 აპრილს, პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საბოტაჟი) მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატებს ჩხრეკის პროცესზე დასწრების საშუალება სრულყოფილად არ მისცემიათ და სასამართლოს განჩინებები იყო ზოგადი – მასში მითითებული არ ყოფილა ჩხრეკის დროს აღმოსაჩენი ან ამოსაღები საგნების, ნივთებისა და ობიექტების ჩამონათვალი.

გამოძიება აღნიშნულ საქმეზე ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის,  „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობს. 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ფონდების წარმომადგენლების სახლებში 29 აპრილს ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღების ოპერაციებს განცხადებით გამოეხმაურა. ორგანიზაციის შეფასებით, დილით ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთი გამოხატულებაა და იგი ობიექტურად მიმდინარე გამოძიების პრეზუმფციითაც კი ვერ შეფასდება როგორც მიზანშეწონილი საგამოძიებო ღონისძიება.”

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის 11-31 დეკემბერი

კონტექსტი

დეკემბრის მეორე ნახევარში სამოქალაქო აქტივისტების, საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიმართ გამოიკვეთა სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ირიბი ზეწოლის პრაქტიკა. დეკემბრის მეორე ნახევარი გამოირჩევა საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებით, ასევე დაკავებებისა და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის პრაქტიკის ზრდით. ქვემოთ მოცემულია დეკემბრის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენების მიმოხილვა, რომელიც ეყრდნობა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასა და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს და შესაძლოა არ ასახავდეს ყველა შემთხვევას.

კანონების გამკაცრება / საკანონმდებლო ცვლილებები: საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა მიიღო 2 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლებიც ეხებოდა შეკრებებისა და მანიფესტაციების რეგულაციებს, ადმინისტრაციული სანქციების ზრდას, პოლიციაში სამსახურის წესებსა და საჯარო სამსახურის სამართლებრივ ჩარჩოს.

დაკავება: 11–31 დეკემბრის პერიოდში ადმინისტრაციული წესით დააკავეს სულ მცირე 16 პირი, ხოლო სისხლის სამართლის წესით – სულ მცირე 16 პირი. 

ადმინისტრაციული წარმოება/სიტყვიერი შენიშვნა: ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო განხილვის შედეგად, სულ მცირე 4 პირს გამოუცხადეს სიტყვიერი შენიშვნა: 

ფინანსური სანქციები: ადმინისტრაციული საქმეების ფარგლებში ფინანსური სანქცია დაეკისრა სულ მცირე 3 პირს; ჯარიმების საერთო ოდენობამ შეადგინა 6,700 ლარი.

ფიზიკური ძალადობა / არასათანადო მოპყრობა: სულ მცირე 8 შემთხვევაში აქტივისტები მიუთითებდნენ ფიზიკურ ძალადობაზე ან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის დაკავების, ტრანსპორტირების, პოლიციის განყოფილებაში ყოფნის ან სასამართლო განხილვის კონტექსტში.

ქონების / პირადი ნივთების ჩამორთმევა: სულ მცირე 3 შემთხვევაში დაკავებებს თან ახლდა პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონების, სავარაუდო უკანონო ჩამორთმევა ან დაუბრუნებლობა.

ირიბი ზეწოლა / „Chilling Effect“: გამოვლინდა სულ მცირე 3 განსხვავებული პრაქტიკა, მათ შორის აქტივისტების გამოკითხვაზე ან „გასაუბრებაზე“ დაბარება, მიგრაციული მექანიზმების გამოყენება საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე ზეწოლა. შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს ან აღარ გაუგრძელეს სულ მცირე 24 საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს.

11 დეკემბერი

საქართველოს პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მოიცავდა პიროტექნიკის რეგულაციასა და „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. პაკეტის ფარგლებში ინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებდა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის სპეციალური ნებართვის რეჟიმში მოქცევას. ამასთან, პიროტექნიკა დაემატა იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელთა ქონაც დემონსტრაციების დროს აკრძალული იქნებოდა. ამავე პაკეტში შეტანილი „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები არეგულირებდა პოლიციაში მიღების წესს, მათ შორის სპეციალური კონკურსის გარეშე დანიშვნის შესაძლებლობას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პირობებით.

11 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც პოლიციას მოქალაქეთა ნაწილი გამოსაკითხად იძულებით გადაჰყავს.  განცხადებაში აღწერილი პრაქტიკა შეფასებული იყო როგორც შესაძლო ზეწოლის მექანიზმი. ორგანიზაციები ასევე მიუთითებდნენ, რომ ადვოკატებს რიგ შემთხვევებში არ ეძლეოდათ შესაბამის პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

ამავე დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებდნენ. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე ბოლო დღეებში შესული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებულ ერთ-ერთ პირს იძულებით დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია სხვა ქვეყნის გავლით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევება არ შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

11 დეკემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის საჯარო სკოლის მასწავლებლელსა და სამოქალაქო აქტივისტს, ფიქრია ეპიტაშვილს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეპიტაშვილს უცნობი პირი მიუახლოვდა და სახის არეში სამართებელი გადაუსვა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. თავად ეპიტაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწია და ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ინციდენტი შეფასებულია როგორც ძალადობისა და დაშინების აქტი, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მის სამოქალაქო პოზიციას.  

12 დეკემბერი

გურამ ხუტაშვილი  11 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება 112-ის სათვალთვალო კამერების დაზიანება, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება, მიუხედავად აღიარებისა, სინანულისა და ზარალის ანაზღაურების მზადყოფნისა. დაცვის მხარის პოზიციით, ამ პირობებში პატიმრობის გამოყენება სადამსჯელო ხასიათს ატარებს. საქმის მიხედვით, ბრალდებული აცხადებს, რომ კამერების დაზიანება მისი მიზანი არ ყოფილა. გურამ ხუტაშვილის საქმე გაერთიანდა დანიელ მუმლაძის საქმესთან, რომელიც 9 დეკემბერს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეები ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციას ეხება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომები ცალ-ცალკე ჩატარდა. არსებითი განხილვა კი ერთიან წარმოებაში წარიმართება.

12 დეკემბერს თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ვატო ბჟალავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა). გავრცელებული ინფორმაციით, იგი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ძაღლის გასეირნებისას აიყვანეს. დაცვის მხარის განცხადებით, დაკავების შემდეგ ბჟალავას მიმართ პოლიციის განყოფილებაში ადგილი ჰქონდა შესაძლო ფიზიკურ ძალადობას და მასგან მოითხოვდნენ ტელეფონის პაროლს. ადმინისტრაციულ ოქმში მითითებული იყო წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, დაკავებული სამართალდამცავებს წინააღმდეგობის გარეშე გაჰყვა

თბილისში, პოეტ ზვიად რატიანს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, მას ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე პირი, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები. რატიანი მანამდე, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. სასამართლომ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 9 დეკემბერს გაათავისუფლეს.

13 დეკემბერი

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. ცვლილებები შეეხო ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნის წესს, მოხელეთა შეფასების მექანიზმებსა და რეორგანიზაციის რეგულირებას. კანონით განისაზღვრა, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები გახდებიან. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ცვლილებები ავტომატურად არ იწვევს სამსახურებრივი ურთიერთობების შეწყვეტას და რეორგანიზაციის შემდეგ კონკურსის შედეგები განსაზღვრავს თანამშრომელთა სტატუსს.

ცვლილებები კრიტიკულად შეფასდა იურისტებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ. გამოთქმული შეფასებების თანახმად, ახალი რეგულაციები ამცირებს საჯარო მოხელეთა შრომითი დაცვის გარანტიებს, ცვლის შეფასების წესებს და ზღუდავს სასამართლო კონტროლის ეფექტიანობას. არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საიას შეფასებით, ცვლილებებით სუსტდება უფლებების დაცვის მექანიზმები და იზრდება საჯარო სამსახურის პოლიტიზაციის რისკი. სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა როგორც საკანონმდებლო პროცესი, ისე მიღებული ნორმების შინაარსი, განსაკუთრებით რეორგანიზაციის საფუძვლებზე გათავისუფლებული პირებისთვის უფლებაში აღდგენის გაუქმების ნაწილში.

ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის შეკრებებსა და მანიფესტაციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ადმინისტრაციულ სანქციებსა და პოლიციაში სამსახურის წესებს. პაკეტი რამდენიმე კანონში შეტანილ ცვლილებებს აერთიანებს, მათ შორის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „პოლიციის შესახებ“ კანონში.

ცვლილებებით აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეების მიერ პიროტექნიკის, ლაზერული ან მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალებების ტარება, აგრეთვე სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა. კანონით განისაზღვრა, რომ იმ პირთა ნუსხას, რომელთათვისაც სახის დაფარვა დასაშვები იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. აღნიშნული შეზღუდვები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

„პოლიციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა, რომ სპეციალური კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევებზე, მათ შორის შეკრების წესების დარღვევაზე, ვანდალიზმსა და გზის გადაკეტვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე. ასევე გაფართოვდა ადმინისტრაციული დაკავებისა და ნივთების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძვლები

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიამ” აღნიშნული ცვლილებები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივები. 

 14 დეკემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვატო ბჟალავას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. იგი 12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. სასამართლო სხდომაზე ბჟალავამ განაცხადა, რომ დაკავებისას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მისივე განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მოსთხოვა მობილური ტელეფონის კოდი.

პარტია „დროას“ ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს პარტიის წევრი და პოლიტიკური აქტივისტი ნიკო ქვაცაბაია. თავდაპირველად პარტია მიუთითებდა, რომ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მოგვიანებით ადვოკატის განცხადებით დადასტურდა, რომ ქვაცაბაია ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. იგი გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. დაცვის მხარის განმარტებით, დაკავებულს დაზიანებები არ აღენიშნებოდ

15 დეკემბერი

ადვოკატის ინფორმაციით, აქტივისტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. გავრცელებული ცნობებით, დაკავება თბილისში, კოსტავას ქუჩაზე განხორციელდა, როდესაც იგი აქციიდან ბრუნდებოდა. დაცვის მხარის განცხადებით,  მანაგაძე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს. ადვოკატისვე განცხადებით, დაკავების შემდგომ, მასთან შევიდა ერთ-ერთი პირი და უხეშად ეუბნებოდა, თუ რატომ დადის აქციებზე და როდემდე აპირებს ასე გაგრძელებას. გარდა ამისა,  დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მანაგაძე შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. აქტივისტმა სამმართველოში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.

16 დეკემბერი

16 დეკემბერს, მედიაში და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა არაერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც დემონსტრანტები მიუთითებდნენ, რომ დაკავებებისა და აქციების დაშლის პროცესში მათი პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, ჩამოართვეს. რესპონდენტთა ნაწილმა აღწერა შემთხვევები, სადაც ნივთების ჩამორთმევა მათი თქმით ხდებოდა ყოველგვარი პროცედურული დოკუმენტაციის გარეშე და არაიდენტიფიცირებადი, ხშირად ნიღბიანი პირების მიერ. აღნიშნულ პრაქტიკაზე საუბრობდნენ დემონსტრანტები, მათ შორის გიორგი ბრეგვაძე, ბესიკ ლიპარტელიანი, გია ჯვარშეიშვილი და სალომე ზანდუკელი. აქტივისტები ასევე აცხადებდნენ, რომ სპეციალური აპლიკაციების მეშვეობით მათი მოწყობილობების ლოკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებთან ფიქსირდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული პრაქტიკა საჯაროდ შეაფასეს როგორც შესაძლო უკანონო ჩამორთმევის ან მითვისების შემთხვევები და მიუთითეს, რომ მსგავსი ქმედებები, სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში, შესაძლოა შეიცავდეს როგორც ქონებრივი, ისე სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს. მათი განცხადებით, რიგ შემთხვევებში ნივთების ჩამორთმევა არ იყო ასახული შესაბამის ოქმებში, ხოლო დაზარალებულებს ნივთები გათავისუფლების შემდეგ არ დაბრუნებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პოლიცია მოქმედებდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყების განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, პოლიციას უფლება აქვს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით ჩამოართვას პირს ნივთი. სამინისტროს განცხადებით, კანონიერად ჩამორთმეული პირადი ნივთები დაკავებულებს გათავისუფლებისთანავე უბრუნდებათ,

დავით გოგილაშვილის  საქმეზე სასამართლო პროცესი 17 დეკემბერს გაიმართა, გოგილაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  იგი 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაკავების შემდეგ გოგილაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას თავის ტრამვა  და სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. გოგილაშვილი მიუთითებს, რომ დაკავების დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს. მისი განმარტებით,იგი სპეცრაზმმა დააკავა, სასტიკად სცემა, 9 საათი მიკროავტობუსში სისხლდენით გამოკეტა და ბოლოს გაძარცვა კიდეც.  მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, სამართალდამცავი ორგანოები მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

19 დეკემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა საპროტესტო აქციის მონაწილის გიორგი ჩუტკერაშვილის სასამართლო პროცესი. იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 2000 ლარით დაჯარიმდა.

სასამართლო სხდომაზე ჩუტკერაშვილმა განაცხადა, რომ იგი 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მისი განმარტებით, დაკავება სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა განახორციელეს. ჩუტკერაშვილი მიუთითებდა, რომ დაკავებისას მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობას. მისივე განცხადებით, დაკავების შედეგად მას ჯანმრთელობის პრობლემები განუვითარდა, მათ შორის მხედველობის გაუარესება, მას მხედველობის 20% დააკლდა. ჩუტკერაშვილი ასევე აცხადებდა, რომ ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებული დაზიანებები არ ასახავდა მის რეალურ მდგომარეობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შშმ პირების უფლებათა აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 2200 ლარით დააჯარიმა. ჯვარშეიშვილი 2 დეკემბერს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე დააკავეს. სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ დაკავების დროს მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას. მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედებები განხორციელდა სამართალდამცავების მხრიდან.

ჯვარშეიშვილის მიერ ძალადობის შესახებ გაკეთებული განმარტების დროს მოსამართლემ აღნიშნა, რომ მოცემული საკითხები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის საგანს არ წარმოადგენდა და მიუთითა, რომ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას უნდა მიემართა. მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჯვარშეიშვილი მიუთითებდა, რომ დაკავების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ამავე ცნობების მიხედვით, იგი ასევე საუბრობდა პირადი ნივთების ჩამორთმევის შესახებ.

20 დეკემბერი

ა(ა)იპ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა ინსტალაციის – „საომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“ გახსნიდან რამდენიმე დღეში მოითხოვა. ორგანიზაციის შეფასებით, ხელშეკრულების შეწყვეტა უკავშირდება მათ მიერ განხორციელებულ შემოქმედებით საქმიანობას და გამოხატვის თავისუფლებას. კლუბმა მერიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ განაცხადა.

მოგვიანებით გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა განმარტება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე. მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტს შეთანხმების შეწყვეტის უფლება ჰქონდა, ხოლო გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა აღნიშნულ სივრცეში ინოვაციების ცენტრის მოწყობის გეგმა.

ადმინისტრაციული წესით დააკავეს პარტია „ახლის“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელი  და პოლიტიკური აქტივისტი დავით ახალკაცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებამდე სიტყვიერი დაპირისპირება დაფიქსირდა დავით ახალკაცსა და ახალციხის მერის მოადგილეს შორის. გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი საახალწლო ღონისძიების მიმდინარეობის დროს მოხდა.

23 დეკემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ქევხიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ქევხიშვილი 1 დეკემბერს დააკავეს. ქევხიშვილის განცხადებით, დაკავების შემდეგ მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, „ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში – ცხვირის და ყბის ძვლების, ასევე თვალბუდის მოტეხილობისა და ტვინის შერყევის სახით“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე ბახუტაშვილმა განმარტა, რომ მისი დაკავება იმ ვითარებაში მოხდა, როდესაც იგი პოლიციელს მოუწოდებდა, არ დაეკავებინა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე. მისი თქმით, სამართალდამცავთან ფიზიკურ კონტაქტში არ შესულა და მხოლოდ სიტყვიერად მიმართავდა. ბახუტაშვილის განცხადებით, დაკავება სწორედ აღნიშნული ეპიზოდის დროს განხორციელდა.

26 დეკემბერი

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილს 2025 წლიდან შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ხელშეკრულებები დაახლოებით 10-მდე თანამშრომელს შეუწყდა.

ხელშეკრულებისშეწუყვეტის შესახებ საჯაროდ განაცხადეს სოციალური მუშაკებმა –  ანა ენდელაძემ და მარიამ სირაძემ. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო და შესაბამისი წერილობითი დასაბუთება არ მიუღიათ. ორივე მათგანი მიუთითებდა, რომ მათ მიმართ მანამდე დისციპლინური ან პროფესიული ხასიათის პრეტენზიები არ არსებობდა.

საჯარო განცხადება გაავრცელა ასევე მედიატორმა – გიორგი აბულაძემ, რომელმაც ხელშეკრულების შეწყვეტა საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას დაუკავშირა. მისი განცხადებით, სააგენტომ ხელშეკრულებები სამ მედიატორს აღარ გაუგრძელა.

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ ინფორმაციით, ხელშეკრულებების შეწყვეტა შეეხო რამდენიმე სოციალურ მუშაკს. ორგანიზაციამ აღნიშნული პროცესი საეჭვოდ მიიჩნია და შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებებზე მიუთითა. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ და სააგენტომ უარყვეს პოლიტიკური მოტივაცია და განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებები მოკლევადიანი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვას უკავშირდებოდა.

ამავე დღეს, თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი გიგა სოფრომაძე, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე დაახლოებით 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მის მიერ საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად დასახელდა შტატგარეშე პოზიციის საჭიროების არარსებობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მერიის მიერ განხორციელებულ პროგრამებს უკვე ჰყავთ კოორდინატორები, რის გამოც აღნიშნული პოზიციის არსებობა საჭიროებას აღარ წარმოადგენს. ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებას ხელს კახა კალაძე აწერს.

თავის მხრივ, გიგა სოფრომაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო და მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პრეტენზიები მანამდე არ მიუღია.

მოგვიანებით, 27 დეკემბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა. მისი განმარტებით, სოფრომაძე შტატგარეშე, ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომელი იყო, რომელსაც ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობდა.

საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, გიგა სოფრომაძე მონაწილეობდა მიმდინარე საპროტესტო აქციებში და საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავდა.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამოეხმაურა შშმ პირთა უფლებების აქტივისტისა და უფლებადამცველის თათია დათაშვილის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს. გავრცელებული ინფორმაციით, თათია დათაშვილმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებელმა – მარინა კირთაძემ  მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაავრცელა და მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა. დათაშვილის განმარტებით, აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის სამოქალაქო პოზიციასა და უფლებადაცვით საქმიანობას. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განცხადებით, დათაშვილმა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები მისი აქტივიზმისა და საჯაროდ გამოხატული პოზიციის გამო მიიღო. ორგანიზაციამ აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა

27 დეკემბერი

ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, ისინი სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ქალთა მარშის მონაწილეს – ქეთევან მესხს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 25 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი ქალთა მარშის მიმდინარეობისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობი პირი მარშის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის შემდეგაც ქეთევან მესხს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის განცხადებით, მან მიიღო სხეულის დაზიანებები.

თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ნინო კიკნაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა მას შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ 27 დეკემბერს აცნობეს და განუმარტეს, რომ ხელშეკრულება 2025 წლის 1 იანვრიდან აღარ გაგრძელდებოდა. ნინო კიკნაძის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტა უკავშირდება მის მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ პოზიციას. კიკნაძე მიუთითებდა, რომ წლების განმავლობაში თბილისის მერიის ფარგლებში თანამშრომლობდა საერთაშორისო კულტურულ პროექტებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ საბა სხვიტარიძეს ადმინისტრაციულ საქმეზე 2 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. საბა სხვიტარიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული საქმეები სასამართლომ ერთობლივად განიხილა. სასამართლო სხდომაზე საბა სხვიტარიძემ დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი დაკავება პოლიციასთან ფიზიკური ინციდენტის შემდეგ მოხდა. მისი განმარტებით, დაკავების პროცესში მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ამავე პერიოდში საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში პატიმრობაში იმყოფებოდა, იგი 5 დეკემბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ მან ისაუბრა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილზე შესაძლო ზეწოლის შესახებ განცხადებები გავრცელდა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, მერიის თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, უკან გაეტანათ ევროკავშირთან დაკავშირებული საჯარო განცხადების ხელმოწერები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შრომითი ხელშეკრულებების გაუგრძელებლობაზე მიუთითებდნენ.

ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში ხელმძღვანელ პირს დაევალა განცხადებაზე ხელმომწერი თანამშრომლების გათავისუფლება, რის შემდეგაც, გავრცელებული ცნობებით, მან თანამდებობა დატოვა.აღნიშნულ გარემოებებზე საჯაროდ ისაუბრა მერიის ყოფილმა თანამშრომელმა – გიგა სოფრომაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ განცხადების ხელმომწერ თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. მისი განმარტებით, ხელმომწერთა რაოდენობა შემცირდა. სოფრომაძემ მიუთითა შესაბამის დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად განცხადებას დაახლოებით 240 თანამშრომელი აწერდა ხელს, მოგვიანებით კი ხელმოწერების რაოდენობა შემცირდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს დაკავებული სანდრო ბუკია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. გავრცელებული ინფორმაციით, სანდრო ბუკია 7 დეკემბერს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მედიის ცნობით, დაკავება განხორციელდა იმ დროს, როდესაც იგი გადაადგილდებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაკავების დროს ოჯახის წევრი მიუთითებდა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრიდან გაათავისუფლეს ქცევითი თერაპევტი  სალომე მჭედლიძე. მისი განცხადებით, შრომითი ხელშეკრულება, რომლის ვადაც 31 დეკემბერს იწურებოდა, 2025 წლიდან აღარ გაუგრძელდა. სალომე მჭედლიძის განმარტებით, იგი ჩართული იყო ABA თერაპიისა და რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამებში. მისი განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაუსახელეს, ხოლო გადაწყვეტილებას იგი საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას უკავშირებს. მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა კიდევ ერთ ქცევით თერაპევტს, ხოლო ორმა თანამშრომელმა, გავრცელებული ცნობებით,  სამსახური მათდამი სოლიდარობის მიზნით დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილე ბილალ დუიშვილი ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ბილალ დუიშვილი 4 დეკემბერს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. არსებული ცნობებით, დაკავების პროცესში იგი მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე. ამავე ინფორმაციით, დაკავების დროს მას ჩამოართვეს პირადი ნივთები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ბილალ დუიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, მას აღენიშნებოდა ცხვირის მოტეხილობა, მრავლობითი დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა, რის გამოც იგი კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

27 დეკემბერს, თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს მერიის მედიის ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი თაია მახარაშვილი. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მახარაშვილის თქმით, ოფიციალურ მიზეზად დაუსახელეს, რომ მისი შრომითი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება, ვინაიდან დაკავებული პოზიცია გაუქმდა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ახსნა ეჭვებს აჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ იგი იმ საჯარო განცხადების ხელმომწერთა შორის იყო, სადაც მერიის თანამშრომლები კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციისადმი ერთგულებას გამოხატავდნენ. ასევე, მახარაშვილი მიუთითებს, რომ რამდენიმე დღის წინ სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად პროფკავშირის შექმნაში მონაწილეობდა, რაც, მისი შეფასებით, გადაწყვეტილების შესაძლო პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

მსგავსი საფუძვლით – შტატის გაუქმების მიზეზით – მერიიდან გაათავისუფლეს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ლანა ქარდავაც. ქარდავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს და მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. გათავისუფლებების სერიას წინ უძღოდა კიდევ ერთი შემთხვევა – 26 დეკემბერს, 8-წლიანი მუშაობის შემდეგ, მერიიდან გაათავისუფლეს გიგა სოფრომაძე, რომელიც შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოზიციას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის დასაწყისში გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მერიის თანამშრომლები ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერას აფიქსირებდნენ, 220-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულ განცხადებას საჯაროდ „საბოტაჟი“ უწოდა და განაცხადა, რომ რეაგირება იქნება.

27 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი საჯარო განცხადება სოციალურ ქსელში, რომელიც 26 დეკემბერს გამოქვეყნდა. ბუცხრიკიძე აღნიშნავდა, რომ ემიჯნებოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და გმობდა მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ დარბევას.

საჯარო პოზიციის დაფიქსირებიდან ერთ დღეში იგი საკრებულოს აპარატიდან გაათავისუფლეს. თავად ბუცხრიკიძემ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ასევე სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობდა და ქვეყანას „პირნათლად“ ემსახურებოდა.

29 დეკემბერი

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ, პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. თვითმხილველების თქმით, დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილს არ იკავებდნენ და მათთვის გაურკვეველია, რა გახდა დაკავებების დაწყების საფუძველი. ადგილზე ვითარება დაიძაბა და იყო დაპირისპირება. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მედიასთან განაცხადა, რომ შეკრებილები ტროტუარზე და გაზონის მიმდებარედ იდგნენ, ხოლო გზის ნაწილი თავად პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. მისი შეფასებით, სამართალდამცველები ადამიანებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს. მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, რომ ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ადგილზე მყოფი პოლიციელების თქმით, დაკავებების მიზეზი აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდამცველების შეურაცხყოფა გახდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, დაკავებები ძალადობრივი მეთოდებით განხორციელდა. ორგანიზაციის განცხადებით, დაფიქსირდა ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და მოქალაქეების მიწაზე თრევა, რაც, მათი შეფასებით, არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებს.

30 დეკემბერი

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მათე სოხაძე აცხადებს, რომ 2025 წლის იანვრიდან შრომით ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

სოხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შესახებ ინფორმაცია დეკემბრის ბოლოს მიიღო. მისი თქმით, გადაწყვეტილება მისთვის სრულად მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აღნიშნავს, რომ ოფიციალური დასაბუთება არ მიუღია. სოხაძე საკუთარ გათავისუფლებას უკავშირებს მის საჯარო პოზიციებს, მათ შორის საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებაზე ხელმოწერასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათე სოხაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მისი გაგრძელება არ იგეგმება. უწყების განცხადებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და სოხაძის „პოლიტიკური გემოვნების შესახებ“ ინფორმაცია არ აქვთ.

ბოლო პერიოდში საჯარო უწყებებიდან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული არაერთი პირის გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. სხვადასხვა მედიის ცნობით, გათავისუფლებები შეეხო როგორც დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ცენტრს, ასევე თბილისის მერიას.

30 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ 2025 წლიდან შრომით ხელშეკრულებებს აღარ უგრძელებენ. შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ხელშეკრულების არგაგრძელების შესახებ ერთ-ერთი პირველი საჯაროდ დაწერა ანი მამუკელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 30 დეკემბერს HR-ის წარმომადგენელმა აცნობა გადაწყვეტილების შესახებ. მისი შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი უკავშირდება მის მიერ საჯარო რეესტრის თანამშრომელთა პეტიციაზე ხელმოწერას. გათავისუფლებას საკუთარ სამოქალაქო პოზიციებს უკავშირებს ნინო ხარჩილავაც. მისი განცხადებით, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ჩართული მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში და ხელშეკრულების შეწყვეტა სწორედ პეტიციაში მონაწილეობის შემდეგ შეიტყო. ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელა სალი კაპანაძემ, რომელიც წერს, რომ სააგენტომ მასთან თანამშრომლობა მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შეწყვიტა. გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გარემოებებს უკავშირებს ელზა გელაძეც, რომლის თქმით, ოფიციალურ მიზეზად „კადრის საჭიროების არ არსებობა“ დაუსახელეს. პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს ფიქრია არდია, რომელიც აცხადებს, რომ ხელშეკრულების არგაგრძელება მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. ამავე კონტექსტში საკუთარ პოზიციებსა და გათავისუფლებაზე წერენ სააგენტოს სხვა თანამშრომლებიც — ანა გურასაშვილი, მერი თაგოშვილი და ზურა გეგეშიძე, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო განპირობებული.

სამოქალაქო აქტივისტს, ნინო კალანდიას, დაუყადაღეს 13 წლის შშმ შვილის ანგარიში

სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია ამბობს, რომ დააყადაღეს მისი 13 წლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის საპენსიო ანგარიში. დაყადაღების საფუძველი გახდა ის ჯარიმები, რომელიც თავად ნინო კალანდიას აქვს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, გზის გადაკეტვის საფუძვლით. 

„გუშინ მომივიდა მესიჯი „ლიბერთიდან“, რომ რაღაც დავალიანება მაქვს. ვერ გავიგე, რა დავალიანება შეიძლება მქონოდა. დღეს მივედი „ლიბერთიში“ გასარკვევად და მითხრეს, რომ ანგარიში დაყადაღებულია“, – ამბობს ნინო კალანდია “პუბლიკასთან”.