პირველი დეკემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 11 წარმომადგენელს

2024 წლის1 დეკემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა სხვადასხვა მედიის 11 წარმომადგენელი. სამი დღის განმავლობაში, ჯამში, 59 შემთხვევა იყო, როცა ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა და ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. რამდენიმე მათგანი დააკავეს.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

  • აქციის დაშლის დროს, მეტრო “რუსთაველში”, პოლიციამ დააკავა ონლაინგამოცემა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი პოლიციელებს ეუბნება, რომ ჟურნალისტია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც აკავებენ.

  • მეტრო „რუსთაველთან“ აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, რა დროსაც პოლიციელმა მას ხელი ჰკრა და ტელეფონი გააგდებინა, რომლითაც ის ვიდეოს იღებდა.

  • OC MEDIA-ს რედაქტორი  მარიამ ნიკურაძე პოლიციელმა კედელს მიანარცხა, რა დროსაც დაზიანდა ჟურნალისტის კამერაც. მარიამ ნიკურაძე რამდენიმე დღის წინაც დაზარალდა საპროტესტო აქციის გაშუქებისას.

  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხში დაიჭრა პრო-სამთავრობო ტელევიზიის „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს, სავარაუდოდ, ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდარუსთავი 2“-ის ოპერატორი გიორგი ნერგაძე. მას ადგილზე სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება.

  • აქციაზე დაშავდაTV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. ჟურნალისტის თქმით, მას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს. ოპერატორს ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება. ასევე, „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, კოკაიასთან ერთად, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილიც.

  • ბესიკის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრში შესული მოქალაქეების დაკავებას იღებდა  “TV პირველი“, როცა ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენლები დაემუქრნენ, უთხრეს, კადრები არ გადაეღო. 

  • ონლაინმედია “აპრილის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. ბასხაჯაური აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ.
  • ასევე დაშავდა მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი – მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაშავებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ფაქტი სამი დღის წინ მოხდა. 
  • ონლაინ მედია “პუბლიკის” ინფორმაციით, აქციაზე ცრემლსადენი გაზით დაშავდა პროპაგანდისტული პრო-სამთავრობო მედიის POST TV-ის თანამშრომელი გურანდა ბილიხოძე.

საპროტესტო აქციებზე 29, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერსაც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.

28 ნოემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 40 წარმომადგენელს

2024 წლის 28 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას 35 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში შეეშალა ხელი. აქციაზე მყოფი რეპორტიორების მონათხრობით, სპეცრაზმი მათ დამიზნებით უშენდა წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს, ზოგ მათგანს კი ფიზიკურად უსწორდებოდა.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

  • მძიმედ დაშავდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მუშაობდა, რა დროსაც მას სპეცრაზმელმა დაარტყა, რის გამოც ჟურნალისტი დაეცა. მან  დაზიანებები მიიღო თავის არეში. კადრებში ჩანს ძირს დაცემული ჟურნალისტი, რომელსაც სისხლი სდის. მოგვიანებით იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქამდე როგავას, ასევე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, პოლიციელებმა მუშაობაში შეუშალეს ხელი. კადრებში, რომელიც ამ დროს ეთერში გადიოდა, ჩანს, რომ პოლიციელებს ჟურნალისტი იძულებით გაჰყავთ ტერიტორიიდან, ამავე დროს, ხელს აფარებენ კამერას და ხელს უშლიან გადაღებაში ოპერატორსაც.
  • აქციაზე დაშავდაფორმულას“ ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე, ასევე ოპერატორი თედო ქვაჩახია. წიწაკის სპრეი შეასხეს  ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც.
  • ტექნიკა დაუზიანდა ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციას აშუქებდა. ამის შესახებ თამარ თედიაშვილმა პირდაპირი ჩართვისას თქვა.
    ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს, კამერა წაართვეს და სცემეს.  მოგვიანებით იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და შესამოწმებლად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. “ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ კორიდორში გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს,  ძირითადად, სახეში. წამართვეს კამერები, ბეიჯი, აირწინაღი. ასე ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს, იქ გამიკეთეს ბორკილები”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში. ,
  • პუბლიკას” კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, პოლიციამ გადაღებაში ხელი შეუშალა და მისი ტელეფონის დალეწვა სცადეს.
  • პუბლიკას” ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს.
  • მუშაობაში არაერთხელ შეუშალეს ხელი  “პუბლიკას” ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილსაც. გამოცემის ინფორმაციით, მას რამდენჯერმე დაარტყეს.
  • “TV პირველის” ოპერატორს, ნიკო კოკაიას, ტელეკომპანიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა დამიზნებით სახეში წიწაკის სპრეი შეასხა.
  • TV პირველის” ოპერატორს, გიორგი შეწირულს,  სპეცრაზმის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც შეწირულთან ერთად მუშაობდა, ოპერატორს უკნიდან მიეპარა სპეცრაზმელი და დაარტყა.
  • აქციაზე დაშავდნენ “TV პირველის” ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი. გადამღებ ჯგუფს და მათ რესპონდენტს სპეცრაზმმა პირდაპირ ეთერში დაუშინა დიდი რაოდენობით წყლის ჭავლი. ოპერატორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
  • ასევე, გაურკვეველი ნივთიერება შეასხეს სახეში “TV პირველის” ჟურნალისტ ანა მდივანს. მას  სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
  • აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზით შეუძლოდ გახდნენმთავარი არხის” წარმომადგენლებიც. მათ შორის, ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი.
  • მთავარი არხის” ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ  საქმიანობაში ხელი შეუშალეს. პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ამავე არხის ჟურნალისტს დავით კობიძესა და ოპერატორს, ლუკა ბაჩილავას.
  • “რადიო თავისუფლების” ცნობით, აქციაზე ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე დავით ქორიძესა და სალომე ჩადუნელზე. ასევე ოპერატორ ზუკა ხიდაშელზე.
  • რადიო თავისუფლების” კიდევ ერთ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს გამთენიისას, დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევის დროს, სპეცრაზმელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა, მიწაზე დაგდების შემდეგ კი წიხლი.
  • აქციის გაშუქებისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა “აჭარის ტელევიზიის” ჟურნალისტმა ნინო ლორჩოშვილმა. არხის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ სპეცრაზმის მხრიდან წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად გახდა ცუდად.
  • წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში სამართალდამცავებმა ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს გივი ავალიანს.
  • გამოცემა OC Media-ს დამფუძნებელს, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს წყლის ჭავლი მოხვდა. როგორც ნიკურაძე წერს, ის დავარდა, მისი კამერა კი დაზიანდა. ფოტოგრაფს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამართალდამცველები მუშაობას უკრძალავდნენ: “ორჯერ დამიგდო სპეცრაზმმა ტელეფონი ძალით, გვიკრძალავენ გადაღებას, გვაგინებენ ჟურნალისტებს”, – წერს მარიამ ნიკურაძე.
  • JAMnews-ის რეპორტიორს იულია კალაბანს, რომელიც ცდილობდა გადაეღო კადრი, როგორ იღებდა  სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მოწყობილი ბარიკადებს, სამართალდამცველმა ხელი ჰკრა და ფეხში დაარტყა. რეპორტიორს პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფის დახმარება დასჭირდა.
  • აქციის გაშუქებაში ხელი შეუშალეს „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს — ნინო წვერავასა და ნინო შუბითიძეს, ასევე ოპერატორს გიორგი ბარამიძეს. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველი ვიდეო ჟურნალისტმა ნინო წვერავამ სოციალურ ქსელ „X“-ზე გამოაქვეყნა.
  • სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა “პროექტ 64-ის” რედაქტორს გიორგი გოგუას. მას ფეხები ურტყეს. 
  • წყლის ჭავლით დაშავდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი. 
  • სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტს ირაკლი მანაგაძეს.
  • დაშავდა მედია “აპრილის” ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძეც.
  • TOK TV-ს ჟურნალისტი ფილიპე წერეთელი დაზარალდა გაზის კაფსულის სროლის შედეგად. ჟურნალისტი ჰყვება, რომ ცრემლსადენი ხელყუმბარები მიზანმიმართულად ისროლეს: ,,გამოუშვეს დაახლოებით 5 კაფსულა. ბესიკის ქუჩაზე, სადაც ჩვენ ვიყავით, მხოლოდ ჟურნალისტები იყვნენ, დაახლოებით 5-7 კაცი. იმ დროს იქ აქციის მონაწილეები არ იყვნენ.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჩართვის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი, ასევე დაშავდა აქციაზე.
  • „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ტელევიზიის – Current Time ოპერატორს გიორგი ჭუმბურიძეს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალეს ხელი.
  • რადიო თავისუფლების” ოპერატორებს, ილია რატიანსა და ზუკა ხიდაშელს ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობაზე, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ათობით დოკუმენტირებულ ფაქტზე, პირად პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს აკისრებს და მას კანონის ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ქარტია პროკურატურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მრავალი ფაქტის სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას, საპოლიციო ძალების მოძალადე თანამშრომლების, ასევე, მათი ხელმძღვანელების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

30 ნოემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 9 წარმომადგენელს

2024 წლის 30 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა სხვადასხვა მედიის 9 წარმომადგენელი. სამი დღის განმავლობაში, ჯამში, 52 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა და ხელი შეეშალა საქმიანობაში.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

  • აქციაზე დაშავდა პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოგრაფი “თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. არხის ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. 

  • მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, რომ ერთ-ერთი სამართალდამცველი აგრესიული და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს.

  • პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაშავდაTV პირველის” ოპერატორი გიორგი შეწირული. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს მძიმე დაზიანება აქვს ფეხის არეში. შეწირული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

  • ტელეკომპანია “ფორმულას” გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მათი გადამღები ჯგუფი მოჰყვა წყლის ჭავლში, რომელიც აქციის დასაშლელად იყო გამოყენებული. 

  • აქციაზე დაშავდა ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორიც. ის, სავარაუდოდ, აქციის დასაშლელად გამოყენებული გაზის გაშვების შედეგად გახდა შეუძლოდ.

  • სპეცრაზმმა დააკავარადიო თავისუფლების“ პროდიუსერი ბექა ბერაძე. მედიის ცნობით, პროდიუსერი ნაცემია. ბექა ბერაძე საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. იგი აქციის სიახლოვეს იმყოფებოდა, როდესაც პოლიციელების ალყაში აღმოჩნდა. ბექა ბერაძემ ადვოკატს განუცხადა, რომ სამართალდამცველებს უთხრა, ჟურნალისტი ვარო, თუმცა მაინც დააკავეს.

  • ონლაინგამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს ფოტოგრაფი ნიკოლოზ თაბუკაშვილი.

  • რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ რეზინის ტყვიით დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე.

საპროტესტო აქციებზე 29 და 30 ნოემბერსაც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.

მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი  დაშლისას სამართალდამცავებმა მედიის წარმომადგენლებს უკანონოდ ხელი შეუშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ 

2024 წლის 19 ნოემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს პოლიციამ ფიზიკურად იძალადა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელი შეუშალა მედიის წარმომადგენლებს. 

საჯაროდ გავრცელებული წყაროდან დგინდება, რომ:

პოლიციამ აშკარა, არაპროპორციული ძალის გამოყენებით, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე. დაზიანებული ტელევიზიის ტექნიკაც.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: “​​აქტივისტებისგან გაწმენდის დროს ვიღებდი ვიდეოს. ერთმა მეორეს ანიშნა ჩემზე. მოვიდა, შემატრიალა, წამართვა ტელეფონი ცოტა ხნით, მითხრა რომ “შენიანები” იქით გარბიანო, ვეჩხუბე, ტელეფონი დამიბრუნა, ვიდეო დაპაუზდა და არ ჩაიწერა ამ ჯაჯგურში”.

ასევე, გადაღების საშუალება არ მისცა პოლიციამ “ნეტგაზეთის” კორესპონდენტს გივი ავალიანს, “პუბლიკის“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა გიორგი კვიჟინაძემ თქვა, რომ პოლიციელები მას და მის ოპერატორსაც უშლიდნენ ხელს გადაღებაში.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” და “მედიაომბუდსმენმა” სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ  განცხადებები გაავრცელეს.

თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს

2024 წლის 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აზერბაიჯანული გამოცემის Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

აფგან სადიგოვი  3 აგვისტოს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ სევინჩ სადიგოვამ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ სადიგოვის დაკავებას მისი არასრულწლოვანი შვილებიც ესწრებოდნენ.

“მიდის მიზანმიმართული დევნა, როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და იქ არსებულ მდგომარეობას”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ.

2024 წლის 17 ივლისს აფგან სადიგოვს ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს. საზღვრის კვეთის აკრძალვის შემდეგ, 23 ივლისს სადიგოვმა და მისმა მეუღლემ საქართველოში საფრანგეთის საელჩოში განაცხადი შეიტანეს და საფრანგეთში გადაყვანა მოითხოვეს.

„განცხადება შევიტანეთ, იქნებ დაგვეხმარონ მესამე ქვეყანაში გასვლაში. გამოვიდა ადამიანი საელჩოდან, ვუთხარით რატომ ვართ მოსული, მივეცით წერილი, რომელშიც წერია, რომ საქართველოში ყოფნა ჩვენთვის უსაფრთხო აღარაა და დაგვეხმარონ რომელიმე მესამე ქვეყანაში წასვლაში”, – ამბობდა სადიგოვი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

აფგან სადიგოვი საქართველოში საცხოვრებლად 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა, ცოლთან და ორ შვილთან ერთად. ის თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, რადგან აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული, 2016 და 2020 წელს. 

ჟურნალისტის დაკავებას გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

“მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაპატიმრებასა და აზერბაიჯანში მის მოსალოდნელ ექსტრადიციას”, – ნათქვამია განცხადებაში.  

“ტაბულას” ჟურნალისტი საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს

2024 წლის 3 მაისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი გიორგი ბადრიძე დააკავა. რამდენიმე საათის შემდეგ, ბადრიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორის ლევან სუთიძის განცხადებით, გიორგი ბადრიძემ პოლიციელებს მისი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას მოსთხოვეს, გადაღება შეეწყვიტა:

“რა დროსაც ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა ჟურნალისტზე ზეწოლა განახორციელა მის ტელეფონში შეღწევის და, სავარაუდოდ, მასალის წაშლის მიზნით, რასაც ჟურნალისტი არ დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა” ,- აცხადებს ლევან სუთიძე.

ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” იურისტმა და ბადრიძის ინტერესების დამცველმა, ილონა დიასამიძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტისთვის არავის აუხსნია, რა იყო ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების მიზეზი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას დაკავებიდან 13 დღის შემდეგ, 16 მაისს შეუდგინეს, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტს  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გიორგი ბადრიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 16 აპრილს, აქციის გაშუქებისას, სპეცრაზმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უკანონო დაკავება და ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე

2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, როდესაც აღსრულების პოლიცია საცხოვრებელი კორპუსიდან ასახლებდა ერთ-ერთ ოჯახს, ადგილზე მყოფი ონლაინმედიების: “მაუწყებლის” და “მთის ამბების” ჟურნალისტებზე პოლიციამ იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

კერძოდ, ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც პოლიციელმა ის უხეში ძალის გამოყენებით ძირს მანქანის სახურავიდან გადმოაგდო.

როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად  გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს – ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.

აქციიის გაშუქებისას პოლიციამ დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი. მოგვიანებით, იგი გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და დააკისრეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. 

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა დაკავების დღესვე მიმართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო.