2026 წლის 4 აპრილის ღამეს, საქართველოში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად მისმა მეუღლემ გაავრცელა. მან გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ სადიგოვის სახლის კარის გაჭრას სამართალდამცველები.
სადიგოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჟურნალისტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის – სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა.
აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი იმავე დღეს, გვიან ღამით გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ასევე, მას შეეფარდა საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა სამი წლის ვადით. გადაწყვეტილება გამთენიას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადდა.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდა, რის გამოც, აზერბაიჯანში იდევნებოდა. იგი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა. აზერბაიჯანი აფგან სადიგოვის გადაცემას თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. მისი ადვოკატები ამ ნაბიჯს სახიფათოდ მიიჩნევდნენ და ექსტრადიციის შესახებ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. სადიგოვის საქმეზე არსებობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წელს მიღებული დროებითი ღონისძიება, რომლითაც საქართველოს, წამებისა და პოლიტიკური დევნის საფრთხის გამო, სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია ეკრძალებოდა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოიყენეს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” სოლიდარობას უცხადებს აფგან სადიგოვს და გმობს მის გაძევებას ქვეყნიდან. ქარტია ჟურნალისტთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ აფგან სადიგოვის შემთხვევის მიმართ, იზრუნონ მის უსაფრთხოებაზე და გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, ჟურნალისტის დასაცავად აზერბაიჯანში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. “მედიის ადვოკატირების კოალიციი” შეფასებით, აფგან სადიგოვის გაძევება “საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და თავისუფალი სიტყვის დევნისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც „ქართული ოცნება” რამდენიმე წელია ახორციელებს”.
2026 წლის 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გამოცემების, ,,ბათუმელებისა” და” ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა, ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ნაბიჯით, საქართველოში, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულებულია ყველა ინსტანციის სასამართლოში.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. ეს სტიკერი პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის – ირაკლი დგებუაძისთვის – სილის გაწვნისთვის. ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
22 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ინგოროყვას ქუჩის მიმდებარედ დააკავეს “TV პირველის” ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტი დაკავების მომენტში ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და საპროტესტო აქციას აშუქებდა. “TV პირველის” რედაქცია რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდა ჟურნალისტთან დაკავშირებას.
დაკავების მომენტში მამნიაშვილი მობილური ტელეფონით იღებდა პოლიციის მიერ აქციის სხვა მონაწილეების დაკავების კადრებს და რედაქციას უგზავნიდა, რა დროსაც, პოლიციამ მისი ტელეფონის წართმევა სცადა. შემდეგ კი, მისი დაკავების ბრძანება გასცა. ვიდეოში, რომელიც გიორგი მამნიაშვილმა გადაიღო, ისმის როგორ ეუბნება ის პოლიციელს, რომ ჟურნალისტია და პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა მოგვიანებით განმარტა, დაკავების შემდეგ, გიორგი მამნიაშვილს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამამცირებლად და ღირსების შემლახავად ეპყრობოდნენ. კერძოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში ჟურნალისტს ზურგს უკან ხელები ხელბორკილებით ჰქონდა შეკრული, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების გაკეთება აიძულეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, დაკავებულის საპატიმროში შესახლებისას გაშიშვლებას – “სავალდებულო და შესაძლო დაზიანებების აღწერის მიზნით” არსებული პრაქტიკა უწოდა. დაკავებულების გაშიშვლებას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას“ უწოდებს.
“გიორგი მამნიაშვილის შემთხვევა „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის ცალსახა მაგალითია, რომლის საქმიანობა მიმართულია დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისა და კრიტიკული ხმების ჩახშობისკენ” – განმარტავს “მედიის ადვოკატირების კლოალიცია”.
2025 წლის 12 ნოემბერს, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის საბაბით მეორედ შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა – ის ციხეში 7 დღეს გაატარებს. მას ედავებიან გზის გადაკეტვას 2025 წლის 19-21 ოქტომბერს. აფგან სადიგოვი, იგივე ბრალდებით, ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული, მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მაშინ დევნილ ჟურნალისტს ედავებოდნენ გზის გადაკეტვას 18 ოქტომბერს.
სადიგოვის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განმარტებით, აფგან სადიგოვის პირვცელი დაკავებისას, შსს-მ უკვე იცოდა, რომ ჟურნალისტი აქციაზე მომდევნო დღეებშიც იდგსა გზის სავალ ნაწილზე, თუმცა, საქმე არ გააერთიანა: “ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შსს-მ განზრახ არ მიმართა სასამართლოს დანარჩენ დღეებთან დაკავშირებით, რათა სასამართლოს ორჯერ ჰქონოდა შესაძლებლობა აფგან სადიგოვის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოეყენებინა. აშკარაა, რომ შსს ცდილობს სასამართლოს მეშვეობით პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტი სამაგალითოდ დასაჯოს”.
2025 წლის 19 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი რეპრესიული ცვლილებები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილოებისა და მათ შორის, მისი გაშუქებისთვის, მედიის 13 წარმომადგენელი დააკავეს. უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს.
2025 წლის 5 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი დააკავა. დაკავების დროს ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – აქციის მონაწილეებისგან ინტერვიუებს იღებდა. ვიდეოკადრებში, რომელიც ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, ჩანს, რომ პოლიცია ლიზა ციციშვილს ძალის გამოყენებით სვამს მანქანაში. ვიდეოში ისმის ჟურნალისტების ხმაც – ისინი პოლიციას ეუბნებიან, რომ ლიზა ციციშვილი მათი კოლეგაა, “გავარკვევთ” – პასუხობენ პოლიციელები. დაკავებიდან ათ წუთში ლიზა ციციშვილი გაათავისუფლეს. იგი ამბობს, რომ მას ბოდიში მოუხადეს.
ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტს ჯერ აკავებენ, შემდეგ კი ბოდიშის მოხდით ათავისუფლებენ. 24 ოქტომბერს საკუთარ სახლთან დააკავეს ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. მას უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ. ასევე, მეორე შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტს აკავებენ მაშინ, როდესაც ის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე, 3 ნოემბრს, სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს “მედიაჩეკერის” ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელსაც ჰქონდა პრესის ბეჯი, აქციას აშუქებდა და ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალაც არსებობს.
2025 წლის 19 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი რეპრესიული ცვლილებები , თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილოებისა და მათ შორის, მისი გაშუქებისთვის, სულ მედიის 12 წარმომადგენელი დააკავეს. უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტების გახშირებულ დაკავებებს “ჟურნალისტების დაშინების მიზნით მათ საჩვენებელ დაკავებებს” უწოდებს და შსს-ს მოუწოდებს, უარი თქვას ჟურნალისტების დევნასა და შევიწროებაზე, თავის თანამშრომლებს კი დავალებაზე გაგზავნამდე ჟურნალისტების უფლებები კარგად განუმარტოს და მათი დაცვა და პატივისცემა დაავალოს.
2025 წლის 3 ნოემბერს, პოლიციამ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაპლატფორმა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავა. იმ დღეს ჟურნალისტი აქციაზე პრესის მაიდენტიფიცირებელი ბეჯით იყო, იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ნინია კაკაბაძე მაშინ დააკავეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. იგი თბილისში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს. ჟურნალისტი ჰყვება, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მცირეწლოვან შვილთან დარეკვის შესაძლებლობას. დაკავებიდან რამდენიმე საათში ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ნინია კაკაბაძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მის საქმეზე მსჯელობა 4 ნოემბერს დაიწყო, თუმცა, პროცესი 12 ნოემბრამდე გადადო.
2025 წლის 19 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი რეპრესიული ცვლილებები , თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილოებისა და მათ შორის, მისი გაშუქებისთვის, მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს. უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს.
ნინია კაკაბაძის და სხვა ჟურნალისტების დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს. ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2025 წლის 24 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა. მას, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გიორგი ლიფონავას ისევე როგორც სხვა დაკავებულ მოქალაქეებს, რომელთა შორისაც არიან მედიის წარმომადგენლებიც, გზის გადაკეტვას ედავებიან.
“ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილებების თანახმად, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აქციაზე ნიღბის ტარების, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის. ამასთანავე, მოსამართლეს აღარ ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გამოყენების უფლება.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
2025 წლის 24 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ზვიად კვარაცხელია – მწერალი და გამომცემელი, „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი. სასამართლომ ზვიად კვარაცხელიას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ზვიად კვარაცხელიას ისევე როგორც სხვა დაკავებულ მოქალაქეებს, რომელთა შორისაც არიან მედიის წარმომადგენლებიც, გზის გადაკეტვას ედავებიან.
“ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილებების თანახმად, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აქციაზე ნიღბის ტარების, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის. ამასთანავე, მოსამართლეს აღარ ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გამოყენების უფლება.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
2025 წლის 25 ოქტომბერს, დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი ნიკა პატარაია. სასამართლომ პატარაიას გზის გადაკეტვისთვის 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გზის გადაკეტვისთვის 7 ჟურნალისტი/ოპერატორია დაკავებული, მათ შორის 4 ტელეკომპანია “ფორმულას” წარმომადგენელია. “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. პროევროპული საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ასევე აკავებენ მოქალაქეებს და აქტივისტებსაც.
24 ოქტომბერს, დააკავეს “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი. ის დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
როგორც „პუბლიკაში“ ამბობენ, ბასტი მგალობლიშვილს უთხრეს, რომ “სხვაში აერიათ” და გამოუშვეს.
“ჩემს სახლთან დაძრულ ტაქსის წინ გადაუდგნენ და ტერორისტივით გადმომსვეს მანქანიდან. ორს ფორმა არ ეცვა. მანქანაში რომელიც დამხვდა, მხოლოდ მას ეცვა. გამომგლიჯეს ტელეფონი და ჩამკეტეს მანქანაში. თან დაკავებული არ ხარო მეუბნებოდნენ…ძალიან კარგად იცოდნენ ვინ ვიყავი და ეს „სპეცოპერაცია“ მიზნად ისახავდა ჩემს დაშინებას, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას” – ასე გამოეხმაურა გათავისუფლების შემდეგ ბასტი მგალობლიშვილი მომხდარ ამბავს.
ბასტი მგალობლიშვილის მსგავსად, საპროტესტო აქციებზე დაკავეს და პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებს, ვახო სანაიას, ქეთა ციცქიშვილს და ცირა ჟვანიას, ასევე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრს – ლიკა ბასიალაია-შავგულიძეს და ჟურნალისტ აფგან სადიგოვს.