“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ფორმულას” ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი დააჯარიმეს

2025 წლის 10 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ელისო ჯარიშვილს აცნობეს, რომ გზის „უკანონოდ გადაკეტვის საფუძვლით“ 5000 ლარით არის დაჯარიმებული. შსს-მ მას გზის 12 მარტს გადაკეტვას ედავება, რა დროსაც ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

“გადაკეტილ რუსთაველზე ინტერვიუს ჩაწერისთვის მაჯარიმებენ” – დაწერა ელისო ჯარიაშვილმა.

პოლიტიკოსების მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო ჟურნალისტები სასამართლოში დაიბარეს

2025 წლის 12 ივნისს, სოციალურ ქსელში, “პოლიტიკოსების “ქართული ოცნების” დეპუტატების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებისთვის, ექვსი ჟურნალისტი: ეკა მიშველაძე (TV პირველი), ვიკა ბუკია (TV პირველი), მიშა მშვილდაძე (TV ფორმულა), დეა მამისეიშვილი (მთავარი არხი), ვახო სანაია (TV ფორმულა) და ნანუკა ჟორჟოლიანი (დამოუკიდებელი ჟურნალისტი) თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. მათ აცნობეს, რომ ედავებიან “ქართული ოცნების’ პოლიტიკოსებისთვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას.

ექვსიდან სამი – ეკა მიშველაძე, მიშა მშვილდაძე და დეა მამისეიშვილი, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმები დააკისრა. მიშა მშვილდაძეს და ეკა მიშველაძეს 4-4 ათასი ლარი, დეა მამისეიშვილს კი 3 ათასი ლარი. 

მიშა მშვილდაძე დააჯარიმეს  “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შესახებ 8 თებერვალს დაწერილი პოსტის გამო. დეა მამისეიშვილს ჯარიმა დაეკისრა 2025 წლის 25 თებერვლის პოსტის გამო, რომელშიც ის “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ახსენებს. ეკა მიშველაძის დაჯარიმებკი გამოიწვია 31 მაისს დეპუტატ მარიამ ლაშხის შესახებ დაწერილმა  სტატუსმა.

ნანუკა ჟორჟოლიანს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, დეპუტატების თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის “შეურაცხყოფას” ედავებიან. მის საქმეზე გადაწყვეტილება 17 ივნისს გამოცხადდება. ასევემ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის უჩივლეს ვიკა ბუკიას. მისი საქმე 18 ივნისამდე გადაიდო. ასევე 18 ივნისამდე გადაიდო ვახო სანაიას აქმე, რომელსაც ედავებიან “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის და დეპუტეტების: თეა წულუკიანისა და ირაკლი ზარქუას  შეურაცხყოფას.

ექვსივე ჟურნალისტის შემთხვევაში, საჩივრების სამართლებრივი საფუძველი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 173​16_ე მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა:სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია 1 500-დან 4 000-მდე ლარი ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ  ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. “ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შსს-მ “პუბლიკის” ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ჯარიმა ძალაში დატოვა

2025 წლის 6 ივნისს შსს-მ არ დააკმაყოფილა “პუბლიკის” ჟურნალისტის საჩივარი, რომელიც ჟურნალისტის 5,000 ლარით დაჯარიმებას უკავშირდებოდა — დაჯარიმების საფუძველი რუსთაველის გამზირის გადაკეტვა იყო. 

ბასტი მგალობლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის თებერვალში დააჯარიმა. ჟურნალისტმა უწყებას წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას, რომელიც ქვეყნის მთავარ გამზირზე 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება. მგალობლიშვილის მიერ ჯარიმის გამოწერის დღეს გადაღებული ვიდეო-მასალა ადასტურებს, რომ ის ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. გარდა ამისა, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტს ეკეთა პრესის ნიშანი. თუმცა, ეს გარემოება შსს-სთვის იმის დასადასტურებლად, რომ ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის საპირისპიროდ, სხვა საქმეზე, შსს-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ჟურნალისტ მარიამ ქვაშბაიას, გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმების საფუძველი ის გახდა, რომ იგი არ ატარებდა შესაბამის პრესის ნიშანს, რაც დაადასტურებდა მის მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულების ფაქტს. 

შსს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუჩაში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა გახდა დასჯადი. მედიისთვის გამოცხადებული საკანონმდებლო თუ ფიზიკური ომის ფონზე, ეს არის ძალიან საშიში პრაქტიკა – შსს მისაზღვრავდეს სად ვიმუშაო და როგორ, რას მიიჩნევს ჟურნალისტიკად და რას – არა. შსს-ს თანამშრომლებიც ადრე თუ გვიან საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, რატომ არის საშიში მედიისთვის ძირის გამოთხრა”  – დაწერა ბასტი მგალობლიშვილმა.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიის დაახლოებით 36 წარმომადგენელია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაჯარიმებული. საქმეების უმრავლესობა ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. ამ დროისთვის, სასამართლომ ორი ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

შსს-მ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი, ნინო ბაიდაური, 5,000 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 4 ივნისს, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტინინო ბაიდაური შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5,000 ლარით დააჯარიმა. მას 21 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან.

ჟურნალისტმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა და თან დაურთო შსს-სგან გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება:

„თქვენ დაჯარიმდით 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით. თარიღი: 21/03/2025. ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარედ.“

საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS) 2024 წლის 28 ნოემბრიდან აღრიცხავს  პროევროპული პროტესტის გაშუქებისას გზის გადაკეტვის საფუძველზე ჟურნალისტების დაჯარიმების შემთხვევებს, რომელთა შესახებაც საჯაროდ მოიპოვება ინფორმაცია.

შსს-მ მედია 64-ის წარმომადგენელი 5 000 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და 64-ის გრაფიკული დიზაინერი, ბექა ბერიძე, 5 000 ლარით დააჯარიმა

მედიის ცნობით, ბექა ბერიძეს შსს გზის გადაკეტვას ედავება – 2025 წლის 11 თებერვალს. ბერიძემ უწყების მიერ დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა შსს-მ საჩივარი არ დააკმაყოფილა. 64-ის წარმომადგენელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრა.

მედია აპრილის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე “გზის გადაკეტვის” გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს

2025 წლის 31 მაისს საინფორმაციო სააგენტო “აპრილის” მთავარმა რედაქტორმა ხატია ღოღობერიძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა.

ჟურნალისტის ცნობით, მას შინაგან საქმეთა სამინსტროდან 4 აპრილს დაუკავშირდნენ და აცნობეს ჯარიმის დაკისრების თაობაზე. მას შემდეგ, რაც ხატია ღოღობერიძემ განუმარტა პოლიციას, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა მარშის მსვლელობისას და მეტიც, აღნიშნული მსვლელოვის თაობაზე, მის მიერ მომზადებული მასალაც გაუგზავნა, პოლიციამ საკითხის შესწავლის მიზნით დრო ითხოვა. მიუხედავად, განმარტებებისა და წარდგენილი მტკიცებულებებისა, ჟურნალისტს ჩაბარდა ჯარიმის გამოწერის შესახებ დადგენილება.

ხატია ღოღობერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამართლებრივ დავას გეგმავს.

პუბლიკის” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” 10 000 ლარით ორჯერ დააჯარიმეს

ონლაინ მედია “პუბლიკის” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” 10 000 ლარით ორჯერ დააჯარიმეს.მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციამ 2025 წლის 3 თებერვალს შეადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს ედავებოდა, რომ 3 თებერვალს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, „გზა ხელოვნურად გადაკეტა“. მარიამ ქავშბაიამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, მათ შორის, იმ დღეს გადაღებული ფოტოები და “პუბლიკის” ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული მასალები. გარდა ამისა, ჟურნალისტმა CMIS-ის უთხრა, რომ თავად სამინისტროს მიერ, წარდგენილ ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ ის დაჯარიმების მომენტში მუშაობდა. ამის მიუხედავად, სასამართლომ ჯარიმა ძალაში დატოვა და მას 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჟურნალისტმა ჯარიმა გადაიხადა. მეორე ჯარიმა, ჟურნალისტს 14 მარტით აქციაზე “გზის გადაკეტვისთვის” დაეკისრა. მარიამ ქავშბაიამ აღნიშულთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმის განხილვა არ ჩანიშნულა.

“TV პირველის” ოპერატორი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააჯარიმეს

2025 წლის 1 მაისს “TV პირველის” ოპერატორი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს

8 აპრილს “TV პირველის” ოპერატორს ლაშა ჯიოშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე.

მოქალაქე ლაშა ჯიოშვილმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და აღნიშნულ ვიდეოზე დადებული ტექსტი, სადაც თქვენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებთ ასევე შიგან საქმეთა სამინისტროს, ეს არის საქმის მასალები, ეს უნდა შევიტანოთ სასამართლოში“, – უთხრა ჯიოშვილს პოლიციამ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “TV პირველის” ოპერატორი პოლიციის მხრიდან დევნის ობიექტი გახდა. 19 თებერვალს, გვიან ღამით, სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს. ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

“ქრონიკა+”-ის ჟურნალისტს, ირინა მაკარიძეს,  გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან

2025 წლის 6 აპრილს ჟურნალისტი ირინა მაკარიძე გაზეთ „ქრონიკა+“-ის და საინფორმაციო სააგენტო “cnews”-თვის მუშაობდა შოთა რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, თუმცა “გზის უკანონოდ” გადაკეტვის გამო პოლიციამ 5 000 ლარით დააჯარიმა.

ჟურნალისტი ჯარის გასაჩივრებას გეგმავს.

“ტაბულას” ჟურნალისტი ლუკა კაციტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

2025 წლის 12 აპრილს, “გზის უკანონოდ” გადაკეტვის გამო საინფორმაციო სააგენტო “ტაბულას” ჟურნალისტი – ლუკა კაციტაძე 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

ონლაინ გამოცემა წერს, რომ ლუკა კაციტაძე 12 აპრილს შოთა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჟურნალისტებს უსაფუძვლოდ აჯარიმებენ.

“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრს” ათეულობით ასეთი შემთხვევა აქვს აღწერილი.