2025 წლის 3 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ წევრმა, ყოფილმა პარლამენტარმა, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “ქართული ოცნების” სხვა წევრებმა და მხარდამჭერებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შეაფურთხეს ამავე გამოცემის რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილს. პოლიციამ კი, ზაკაშვილს დაცვის ნაცვლად, მუშაობაში ხელი შეუშალა – ხელის გადაგრეხვით გადაღება შეაწყვეტინა.
ინციდენტები “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბის გახსნისას მოხდა. ღონისძიება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, ჟურნალისტები ამ მოვლენების გადაღებას ცდილობდნენ.
“პუბლიკას” მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ბექა ოდიშარია მინდია გაბაძეს შეურაცხმყოფელად მიმართავს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი მას კითხვას უსვამს. ოდიშარია, ამავე ეპიზოდში, აგინებს და შეურაცხმყოფელად მიმართავს აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ სხვა ჟურნალისტებსაც.
ლიკა ზაკაშვილის ქართული ოცნების” მხარდამჭერების სამიზნე მას შემდეგ ხდება, როცა ცდილობს აქტივისტების მისამართით მისი შეურაცხმყოფელი ქმედებები გადაიღოს – მას ჯერ ერთი ადამიანი ხელში არტყამს და ცდილობს მობილური გააგდებინოს, შემდეგ კი მეორე უკნიდან ეპარება და აფურთხებს. “პუბლიკას“ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ამ ქცევაზე სამართალდამცველები არ რეაგირებენ. პირიქით, მომდევნო ეპიზოდში თავად პოლიციელი ცდილობს ხელის გადაგრეხვით გადაღება შეაწყვეტინოს ლიკა ზაკაშვილს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” განცხადებით, “ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობა მოძალადე პირებს ახალისებს და სულ უფრო მეტი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს”. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, წერტილი დაუსვას ამგვარ პრაქტიკას, პასუხისმგებლობა აიღოს და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. “ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ჩვენ ვხედავთ სისტემურ ძალადობას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიღებულია რეპრესიული კანონმდებლობა. ყველა ეს ფაქტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის და კრიტიკული ხმის ჩახშობას”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
—
UPDATE: პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე, 2025 წლის 11 სექტემბერს „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი გამოკითხეს. პროკურატურამ საქმე ლიკა ზაკაშვილის განცხადების საფუძველზე აღძრა
2025 წლის 22 ივლისს, გამოცემა „პუბლიკის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი ვიდეოს გადაღების გამო კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. ვარდიაშვილი ცდილობდა დაეფიქსირებინა, როგორ გამოიყვანა მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით სასამართლოს შენობიდან ოპოზიციური პარტიის წევრი.
ინციდენტი სინდისის ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესის დროს მოხდა. როგორც ზურა ვარდიაშვილი აღწერს, მატიაშვილმა ოპოზიციური პარტია „ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე, რომელიც სასამართლო პროცესზე დასასწრებად იყო მისული, ძალის გამოყენებით გაიყვანა სასამართლოს შენობიდან. როგორც კი შენობას გასცდნენ, ჟურნალისტმა ამ ფაქტის გადაღება დაიწყო: “კიბეებთან დავიწყე გადაღება. ეს რომ დაინახა, მეცა და შემათრია შიგნით. პირადობა ჩამომართვა, გადაცემულიაო და კანონის წინაშე აგებ პასუხსო”. იგი სასამართლოს შენობაში, ერთ-ერთ ოთახში რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი, შემდეგ კი პირადობის მოწმობა დაუბრუნეს და გაათავისუფლეს.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, 30 ივნისიდან სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო/ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა აკრაძალულია. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მედიასაშუალებებმა გადაღების უფლებისთვის განცხადებით მიმართეს იუსტიციის საბჭოს – კანონით დადგენილ უწყებას, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არცერთს არ მიუღია.
რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამდე, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს უკანონოდ ხელი ეშლებოდათ სასამართლოს შენობაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ცვლილების შემდეგ კი მანდატურის სამსახური არაპროპორციულად, დაუსაბუთებლად ძალას იყენებს მათ შორის მედიის წინააღმდეგ რეპრესიული კანონმდებლობის აღსასრულებლად.
2025 წლის 12 ივლისს, ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა პოლიციელებს რომლებსაც “ქართული ოცნება” სავარაუდოდ იყენებს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და იმ სარგებელს, რომელსაც ეს პოლიციელები იღებენ სანაცვლოდ. სიუჟეტში გაშუქებული იყო პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომლის მამაც, გამოძიების მიხედვით, ქურდობის საქმეზე იყო დაკავებული.
ფაქტის გადამოწმების მიზნით, ჟურნალისტი მივიდა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ასურეთის განყოფილებაში და კომენტარი სთხოვა განყოფილების უფროსს, კობა სუთიაშვილს. სიუჟეტში ჩანს, რომ განყოფილების უფროსმა კაბინეტიდან ოპერატორი გააძევა, ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი კი კაბინეტში ჩაკეტა, შემდეგ კი სცადა მისთვის მობილური ტელეფონისა და მიკროფონის წართმევა.თამთა დოლენჯაშვილის განცხადებით: „ჩემი ოპერატორი, პაპუნა ხაჩიძე, კაბინეტიდან გამოაგდო, მე კი ჩამკეტა შიგნით, წამართვა მობილური ტელეფონი და ცდილობდა მიკროფონის წართმევასაც. მოგვიანებით შენობიდან პაპუნაც გამოაგდო.”
2024 წლის 28 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა “TV პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოპერატორ ნიკო კოკაიას პოლიციამ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, წიწაკის სპრეი სახეში შეასხა.
2024 წლის 1 მაისს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, დააკავეს. ლუკა ღვინიაშვილმა თქვა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე გაატარა.
“ათმა კაცმა გამათრია, სულ სახეში მირტყეს. პირდაპირ, მიზანი იყო რომ თავში მომხვედრილიყო. უკვე, რომ მცემეს და შემაგდეს კორდონის უკან, კიდე წავიდა ანგარიშსწორება, გინება, დამცირება” – უთხრა ღვინიაშვილმა მთავარ არხს.
2025 წლის 7 ივნისს, ჭანტურიას ქუჩაზე, დამოუკიდებელი ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი აშუქებდა აქცია-პერფორმანსს, რომლის დროსაც აქტივისტთა ნაწილი ზებრაზე უწყვეტი სიარულით გამოხატავდა პროტესტს. ამ ფორმის პროტესტმა ავტობუსის მძღოლი გააღიზიანა — ის თავდაპირველად აქტივისტებს დაუპირისპირდა, შემდეგ კი ავტობუსი განზრახ შეაჯახა ფოტოგრაფ პაატა ვარდანაშვილს. ამ ფაქტის შესახებ ფოტოგრაფმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ავტობუსის მძღოლი რომელიც გამორჩეოდა აგრესიით. როდესაც ზებრა გადასასვლელის პერფორმანსი დასრულდა, დაუწყო გინება მონაწილეებს. მე ვიღებდი გზის კიდიდან რა დროსაც შეგნებულად აიღო საჭე მკვეთრად მარჯვნივ და დამარტყა ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით ZA-434-UR ხაზს გავუსვამ რომ მაცვია სრული ეკიპირება და ადვილად აღქმადი პრესის ნიშანი ყველა მხრიდან” – დაწერა ვარდანაშვილმა და პოსტს თან დაურთო ვიდეომასალაც, რომელიც ადასტურებს მომხდარ შემთხვევას.
2025 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს “TV პირველის” და “პუბლიკის ჟურნალისტებს.
“პუბლიკის” ჟურნლისტს ნათია ამირანაშვილს, ნიკა კაციას საქმეზე გამოკითხვაზე მოწმის სახით დაბარებული პოლიციელი გიორგი როსოფიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა და კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევდა.
ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილისთვის მიკროფონის წართმევას ცდილობს, პოლიციის ე.წ. თანმხლები პირები კი მას ძალით აჩერებენ და კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევენ. “TV პირველის” ჟურნალისტმა, ნანუკა ქაჯაიამ, გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უშლის ხელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში მას მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი.
2025 წლის 3 ივნისს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ “TV პირველის” ოპერატორს, სერგი ბარამიძეს.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორი კადრებს იღებს, რა დროსაც მასთან მიდის, სავარაუდოდ, დეპარტამენტის დაცვის თანამშრომელი და ცდილობს, ძალის გამოყენებით გაიყვანოს ადგილიდან. უნდა აღინიშნოს, რომ “TV პირველის” გადამღები ჯგუფი არა გდდ-ს ბაზაზე, არამედ გარე პერიმეტრზე იმყოფებოდა. ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას თქმით, ოპერატორზე თავდასხმა მოჰყვა კითხვას, რომელიც გდდ-ის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას” შეეხებოდა. “TV პირველის” გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია, ეხებოდა თუ არა ზვიად ხარაზიშვილს საკადრო ცვლილებები, რომლებიც შსს-ში ახალი მინისტრის – გელა გელაძის მისვლის შემდეგ მიმდინარეობს.
2025 წლის 31 მაისს, “TV პირველის” გადაცემა “ მელაძის შაბათის” ეთერში გავიდა თამთა დოლენჯაშვილის ჟურნალისტური გამოძიება პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრების ფიქტიური დასაქმების შესახებ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე სხვადსახვა სახელმწიფო კომპანიებში. ჟურნალისტი ერთ-ერთ ასეთ პირს, ლუკა კურტანიძეს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეხვდა და კითხვების დასმა სცადა, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
2025 წლის 12 მაისს, ქვემო ქართლში, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ყოფილი ვიცე გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის გადადგომის მიზეზებს არკვევდა, ჩინოვნიკის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ჟურნალისტი აღწერს, შინჯიკაშვილის მამამ მას სახეში ხელი გაარტყა, ფიზიკურად იძალადა არხის ოპერატორზეც. ამავდროულად, გაიტაცა ტელევიზიის კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის პირადი მობულიური ტელეფონი და ისინი მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დააბრუნა. თავდასხმის შედეგად ჟურნალისტმა ტვინის შერყევა მიიღო. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მომხდარისთანავე გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ტელეკომპანიის ცნობით, შსს-ს თანამშრომლები ადგილზე ერთი საათისა და 20 წუთის დაგვიანებით მივიდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემთხვევის მოკვლევა დაიწყო.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ: “ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა”. “მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, მომხდარი “კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას”.