ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ

2024 წლის 14 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს, გიორგი ჟამერაშვილს, პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტს საბა სორდიას კი სხვა პოლიციელმა კამერა წაართვა და მუშაობაში ხელი შეუშალა.

ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ე.წ “რუსული კანონი”. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი კი ადგილზე მიმდინარე ამბებს აშუქებდნენ.

რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ფოტორეპორტიორი გიორგი ჟამერაშვილი ჰყვება, რომ ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას ხელი ჰკრა, ფეხის არეში ხელკეტი დაარტყა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეომასალაში, რომელიც შემთხვევის ადგილზე მყოფმა სტუდია “მონიტორის” რეპორტიორმა გადაიღო, ჩანს როგორ ურტყამს პოლიციელი ხელკეტს ფოტორეპორტიორს.

რაც შეეცხება ჟურნალისტ საბა სორდიას,  გამოცემა “ნეტგაზეთთან” იგი მომხდარს ასე აღწერს: „პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ვიდექი და ვიღებდი. ხელში მეკავა GoPro-ს მცირე ზომის კამერა. მოულოდნელად პოლიციელმა წამგლიჯა ხელიდან. უცებ დავუძახე, რომ ჟურნალისტი ვარ, ვიღებ, მაღლა ავწიე ჩაფხუტი, რომელზეც მაწერია „პრესა“, თუმცა უშედეგოდ, კამერა არ დამიბრუნეს”.

ჟურნალისტი დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და აცნობა მომხდარი ინციდენტის შესახებ. ასევე, გამოიძახა პატრული, რომელმაც ის გამოჰკითხა და ოქმი შეადგინა. გარდა ამისა, მან ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს გენერალურ ინსპექციას. თუმცა, უწყებიდან ჟურნალისტს არავის დაკავშირებია. არც კამერა დაუბრუნებიათ გამოცემისთვის. 

მომხდარს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების გაშუქება ჟურნალისტებს ძალადობრივ გარემოში უწევთ.

“ფორმულას” გადამღებ ჯგუფს და რესპონდენტს თავს დაესხნენ

2024 წლის 7 მაისს,  თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, უცნობი პირი თავს დაესხა “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ოპერატორს და მძღოლს. 

კონფლიქტი დაიწყო უცნობ პირსა და “ფორმულას” რესპონდენტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორს – გიორგი კლდიაშვილს შორის. ჟურნალისტი კლდიაშვილთან ინტერვიუს წერდა, რა დროსაც მათ უცნობი პირი მიუახლოვდა. ის თავდაპირველად ფიზიკურად იძალადა გიორგი კლდიაშვილზე, შემდგომ კი, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე.

„ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ თავდამსხმელს ხელში შუშის ბოთლი უჭირავს და იგინება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ფორმულას“ ჯგუფი მოძალადის სამიზნე გახდა. 22 აპრილს, მეტროში, ჟურნალისტ ია სართანიას, რომელსაც ეჭირა ჩანთა „ფორმულას“ ლოგოთი, თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, რა დროსაც მან ჟურნალისტს ხელი ჰკრა და შეაგინა. 

2024 წლის 7 მაისს, უცნობმა პირებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დაწყებამდე. „ფორმულას“ კადრებში ჩანს, რომ უცნობი პირი მანქანით შედის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია იმართება და ხელს კრავს “ტელეკომპანია პირველის“ მიკროფონს.

საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები

2024 წლის 1 მაისს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ „მთავარი არხის“ ოპერატორები ზუკა ჩხვირკია, ავთო მესხი, ლუკა ლავერაშვილი. ასევე დაშავდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტები სალომე ბოკუჩავა და ნიკა საჯაია.

„მთავარი არხის“ ცნობით, ოპერატორი ზუკა ჩხვირკია წყლის ჭავლმა წააქცია, შემდეგ კი სახეში გაურკვეველი საგანი მოხვდა. ავთო მესხი დარბევის დროს დაშავდა. ოპერატორებს ჭრილობები ადგილზე მყოფმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუმუშავა. მოგვიანებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას, როგორც თავად ჰყვება, აქციის გაშუქებისას მას თვალებში სავარაუდოდ წიწაკის სპრეი შეასხეს.

„ძლიერი წვისა და სუნთქვის უკმარისობის გამო იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ადგილი, სადაც ვმუშაობდი და საიდანაც გაწვდიდით ინფორმაციას. მომიწია გადანაცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში,“ – ამბობს ბოკუჩავა.

აქციაზე დაშავდა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, მინდია გაბაძეც. მას სამართალდამცველმა დაარტყეს

რეზინის ტყვიები მოხვდა ჟურნალისტ დავით თამაზაშვილსაც.

აქციაზე ჟურნალისტების დაშავების შემთხვევებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა:

“ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს მათ, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს” ნათქვამია განცხადებაში.

ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ

2024 წლის 17 აპრილს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ოთხი ჟურნალისტი სცემეს: ონლაინგამოცემა „პუბლიკის” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, მედია “აპრილის” ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური, ონლაინ გამოცემა  “ტაბულას” ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე და აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი ნურლან ლიბრე. 

გიორგი ბადრიძე “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტთან” ჰყვება, რომ მას სამმა პოლიციელმა ჯერ ტელეფონი წაართვა, შემდეგ ასფალტზე გაათრიეს და ფეხებში ურტყამდნენ.

„პუბლიკას“ რეპორტიორს ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციელებმა კედელზე მიარტყმევინეს თავი და სახეში დაარტყეს. სახეზე ჰქონდა დაზიანებები გიორგი ბასხაჯაურსაც. მას ცხვირი გაუტეხეს და სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. 

ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი ე.წ აგენტების შესახებ რუსული კანონი. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ამ ფაქტს აპროტესტებდნენ, ჟურნალისტები კი ადგილზე მიმდინარე ამბებს აშუქებდნენ.

მომხდარზე განცხადებები გაავრცელეს მედიის ადვოკატირების კოალიციამ” და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

ჟურნალისტებზე ძალადობას გამოეხმაურა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც (CPJ)

უკანონო დაკავება და ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე

2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, როდესაც აღსრულების პოლიცია საცხოვრებელი კორპუსიდან ასახლებდა ერთ-ერთ ოჯახს, ადგილზე მყოფი ონლაინმედიების: “მაუწყებლის” და “მთის ამბების” ჟურნალისტებზე პოლიციამ იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

კერძოდ, ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც პოლიციელმა ის უხეში ძალის გამოყენებით ძირს მანქანის სახურავიდან გადმოაგდო.

როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად  გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს – ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.

აქციიის გაშუქებისას პოლიციამ დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი. მოგვიანებით, იგი გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და დააკისრეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. 

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა დაკავების დღესვე მიმართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო.