ზვიად რატიანს  სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც 23 ივნისის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა,  მას ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შეუცვალეს. ნახევრად ღია რეჟიმი პატიმარს სასჯელის კოლონიურ ღია სივრცეში მოხდის შესაძლებლობას აძლევს, მაშინ როდესაც დახურული რეჟიმი სრულ იზოლაციას, მათ შორის პაემნების მნიშვნელოვნად შემცირებას გულისხმობს. რატიიანის განცხადებით, იგი ისედაც დაკავების დღიდან ფაქტობრივად დახურულ პირობებში იმყოფება და უკვე ექვსი თვეა სამარტოო საკანშია განთავსებული.

რატიიანი წერს, რომ 6 აპრილს პენიტენციურმა დაწესბეულებამ აცნობა, თითქოს ის „საშიშროების მომეტებული რისკის“ მქონე მსჯავრდებულია, რის საფუძველზეც რეჟიმი შეეცვალა. მისი განმარტებით, რეალურად უკვე თვეებია, პრაქტიკულად დახურულ პირობებში, მათ შორის სამარტოო საკანში იმყოფება.

„როგორც ჩანს, მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შემცირება იყო… მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი“ რა არის ჩემს შემთხვევაში ეს არის მთავარი კითხვა“, – წერს რატიანი. მისივე განცხადებით, მას არ ჰქონია კონფლიქტი არც პატიმრებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებული „რისკის შეფასებას“ კი „საიდუმლო სხდომის ოქმს“  ეფუძნება. ზვიად რატიანმა ღია წერილით მიმართა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას, სადაც ითხოვს განმარტებას, რა საფუძვლით იქნა მიჩნეული „მომეტებული რისკის“ მქონე პირად.

ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. 9 ოქტომბერს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

არტემ გრიბულისა და ანასტასია ზინოვკინას მიმართ თავისუფლების აღკვეთის რეჟიმი გამკაცრდა 

არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამოდუროვას განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლების აღკვეთის ტიპი შეუცვალეს – ნახევრად ღიადან დახურულ რეჟიმზე. შესაბამისი ბრძანება გრიბულს ადვოკატის მისვლამდე ჩააბარეს და იგი, ადვოკატის ინფორმაციით, საიდუმლო სხდომის ოქმს ეფუძნება. დახურული ტიპის დაწესებულებაში მოთავსება მნიშვნელოვნად ზღუდავს სატელეფონო კომუნიკაციასა და პაემნების რაოდენობას. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

სამოდუროვას ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა ინციდენტი ციხის თანამშრომელ „მახოსთან“, რომლის დროსაც გრიბულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კარცერში მოთავსებითა და ახალი საქმის „შეკერვით“ დაემუქრნენ. მისი თქმით, კონფლიქტი თავდაპირველად თანამშრომელსა და სხვა პატიმარს შორის დაიწყო, რის შემდეგაც მუქარა თავად გრიბულზეც გავრცელდა.

ადვოკატი ასევე მიუთითებს, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პენიტენციურმა სისტემამ სხვადასხვა მეთოდს მიმართა გრიბულის მიმართ „რისკის“ გაზრდის მიზნით. მისი შეფასებით, აღნიშნული შეიძლება უკავშირდებოდეს მის მიერ საჩივრების აქტიურ წარდგენას.

ადვოკატის განცხადებით ანალოგიური გარემოებები იკვეთება ანასტასია ზინოვკინას შემთხვევაშიც, რომლის მიმართაც თავისუფლების აღკვეთის ტიპის შეცვლის შესახებ ბრძანება უკვე გასაჩივრებულია სასამართლოში.

ციხის მონიტორინგის თანამშრომელი ამჟამად იკვლევს აღნიშნულ ინციდენტებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ადვოკატის თქმით, მასთან შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2025 წლის 12 სექტემბერს სასამართლომ მათ 8.5-8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება საქართველოში პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.

ომბუდსმენის წარმომადგენლის ოქმის მიხედვით, დენის კულანინი არასათანადო პირობებში იმყოფება

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული დენის კულანინი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო და ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფება. 7 მარტით დათარიღებულ ოქმში აღნიშნულია, რომ საკანში არის ტარაკნები, ტუალეტი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო საწოლის ბალიშები „უბინძურესია“.

ოქმის თანახმად, კულანინი 8 თებერვალს საკნიდან კარცერში გადაიყვანეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მისი განცხადებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი საწოლის გარეშე იყო განთავსებული და არ ჰქონდა ხელმისაწვდომობა ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებზე, მათ შორის საშხაპესა და კბილის მოვლის საშუალებებზე. ასევე აღნიშნულია, რომ მას გარკვეული დროის განმავლობაში არ მიეცა შესაძლებლობა დაკავშირებოდა ადვოკატს ან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს.

ოქმში ასევე მითითებულია, რომ 3 მარტიდან კულანინი ე.წ. საკარანტინე საკანში იმყოფება, სადაც, მისი თქმით, კვლავ მძიმე სანიტარული პირობებია და არ აქვს წვდომა პირად ნივთებსა და დოკუმენტებზე.

10 მარტს გავრცელებული ინფორმაციის, აქტივისტები ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც, მათი განცხადებით, არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. პენიტენციური სამსახური, 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, კულანინის შიმშილობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ჩვეულებრივ იღებს როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე შეძენილ საკვებს. უწყება არ გამოხმაურებია ომბუდსმენის წარმომადგენლის მიერ აღწერილ პირობებს.

დენის კულანინი 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კარცერში მოთავსებული ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი არასათანადო პირობებზე მიუთითებენ

10 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტები ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც, მათი თქმით, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.

ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯანო ჭკადუას განცხადებით, მენთეშაშვილი კარცერში იმყოფება მძიმე პირობებში: არ აქვს პირველადი მოხმარების საგნები, მათ შორის პირსახოცი, კბილის ჯაგრისი და ჰიგიენური საშუალებები, ასევე არ აქვს შესაძლებლობა, დაასუფთაოს საკანი. ადვოკატის თქმით, საკანში არის სიბინძურე და ტარაკნები. მისი განცხადებით, მენთეშაშვილი ვარაუდობს, რომ კარცერში გადაყვანა შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მიერ გამოცხადებულ შიმშილობას, რადგან ადმინისტრაციამ რამდენჯერმე სთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

დენის კულანინის განცხადებით, 3 მარტს იგი და ზურაბ მენთეშაშვილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს კარცერში. მისი თქმით, მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის სასამართლო პროცესებისთვის საჭირო დოკუმენტები და პირადი წერილები, ასევე აუკრძალეს ტელეფონის გამოყენება, სეირნობა და ბანაობა. კულანინი აღნიშნავს, რომ საკანში არის ტარაკნები, არ მუშაობს ვენტილაცია და მათ არ აქვთ პირველადი მოხმარების საგნები. მისი თქმით, მათ ასევე არ ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ ჰიგიენური საშუალებები და სხვა საჭირო ნივთები. 6 მარტით დათარიღებულ წერილში კულანინი წერს, რომ ის და ზურაბ მენთეშაშვილი კარცერში გადაყვანის შემდეგ შიმშილობენ და ითხოვენ სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მათთან მისვლას. მისი თქმით, ისინი კარცერში ყოფნის მიზეზის განმარტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ იზოლირებულნი არიან როგორც ადვოკატებისგან, ისე საზოგადოებისგან.

პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში არ იმყოფებიან და ისინი განთავსებული არიან ე.წ. საკარანტინე (შიდა კლასიფიკაციის) საკნებში. უწყების განმარტებით, აღნიშნული განთავსება განხორციელდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების შიდა წესების შესაბამისად. პენიტენციურმა სამსახურმა ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც, მათი თქმით, ასახავს მოშიმშილე ბრალდებულების მიერ საკვების მიღების კადრებს და რომელიც საზოგადოების ინფორმირების მიზნით გასაჯაროვდა.

დენის კულანინი შსს-ს ავტომობილის დაზიანების საქმეზე არის მსჯავრდებული. იგი საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც 2025 წლის 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის დაზიანების ბრალდებით დააკავეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ზურაბ მენთეშაშვილი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული საავტომობილი გზის ორჯერ გადაკეტვის ბრალდებით.  აღნიშნული ბრალდება ეფუძნება 2025 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის ან გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის თანამშრომელს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს

მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც პატიმრები „მახოს“ სახელით იცნობენ, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, დარია სამოდუროვა ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, პირველი ინციდენტი 2026 წლის 23 თებერვალს მოხდა. მისი თქმით, ციხის თანამშრომელმა გრიბულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა კარცერში გადაყვანით და უთხრა, რომ ციხეში „ყველაფერს თავად აგვარებს და აკონტროლებს“. სამოდუროვას ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გრიბულის თანამესაკნე კარცერში გადაიყვანეს სახალხო დამცველთან დარეკვის მოთხოვნის გამო, ხოლო გრიბულმა უარი თქვა თანამესაკნის ნივთების ჩალაგებაზე.

ადვოკატის თქმით, ინციდენტის შემდეგ გრიბული და მისი თანამესაკნე სხვა, მცირე ზომის საკანში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ე.წ. კარანტინში. მისი ინფორმაციით, კარცერში და კარანტინის საკნებში პირობები მძიმე იყო – ანტისანიტარია, ტარაკნები და შეუსაბამო საცხოვრებელი გარემო. დარია სამოდუროვა აცხადებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარს პროკურატურაში ამზადებს და საქმის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატიც.არტემ გრიბული და მისი პარტნიორი ანასტასია ზინოვკინა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, საქართველოში 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2025 წლის 12 სექტემბერს სასამართლომ მათ 8.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება საქართველოში პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო მოხდა.

სინდისის პატიმარს, არტემ გრიბულს, ციხის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაემუქრა

სინდისის პატიმრის, რუსი აქტივისტის, არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამოდუროვას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, არტემ გრიბულს ციხის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კარცერში გამოკეტვითა და ახალი საქმის „შეკერვით“ დაემუქრა.

სამოდუროვას ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი ციხის თანამშრომელ ვინმე მახოსა და გრიბულის თანამესაკნეს შორის დაიწყო, რის შემდეგაც თანამშრომელმა პატიმარი კარცერში გადაიყვანა, ხოლო არტემ გრიბულსა და საკანში მყოფ სხვა პატიმრებს მისი ნივთების მოგროვება დაავალა.

ადვოკატის თქმით, გრიბულის მხრიდან უარის თქმას მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა კარცერში მოთავსების შესახებ. დარია სამოდუროვას მიხედვით, ამ კონფლიქტის განმუხტვას ციხის სხვა თანამშრომლები შეეცადნენ.

ანტონ გრიბული შეყვარებულთან, ანასტასია ზინოვკინასთან ერთად 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2025 წლის 12 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათ 8,5-8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ დააკავეს საქართველოში, პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო. გრიბული და ზინოვკინა რუსეთს მოქალაქეები არიან და საქართველოში დროებით ცხოვრობდნენ. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდნენ, პროევროპულ საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.

სამოქალაქო აქტივისტი, პატიმარი ნანა სანდერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს

2025 წლის 4 ოქტომბერის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა, სასამართლო პროცესზე მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. 

ნანა სანდერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ის შესაბამის მკურნალობასა და სათანადო მატრასს ითხოვს. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ეს პრობლემები არ მოგვარებულა და ის ტკივილებით იტანჯება. “ცდილობენ, რომ ჩემი ტკივილები, არც არის ორთოპედიული მატრასის არქონასთან დაკავშირებული, ფსიქიკურ პრობლემებთან დააკავშირონ”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ფსიქიატრი მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანით დაემუქრა, ზუსტად ისე, როგორც ეს მასწავლებელ ნინო დათაშვილის შემთხვევაში მოხდა.

მან ასევე ახსენა, რომ პრობლემებს უქმნიან საკვების მიწოდების დროსაც. ნანა სანდერმა განაცხადა, რომ სპეციალური კვებითი საჭიროება აქვს (არის ვეგანი) და ვინაიდან, საპატიმროში ასეთი საკვები არ აქვთ, ის ორი დღის განმავლობაში მშიერი იყო: “განმიცხადეს, რომ შენი საჭმელი არ არსებობსო“.

შეგახსენებთ, საპატიმროში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს პატიმარი, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინაც. მასაც იგივე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და პრობლემის მოგვარების ნაცვლად, 15 იანვრიდან ის დახურული ტიპის თავისუფლ