სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის აპრილი

კონტექსტი

2024 წლის აპრილში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული უფლებადარღვევები მკვეთრად გააქტიურდა. აღნიშნული პერიოდი დაემთხვა ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალ ინიცირებას, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი, უწყვეტი და ინტენსიური საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში.

აპრილის განმავლობაში დოკუმენტირებული ინციდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა მშვიდობიან შეკრებებს, საპროტესტო მსვლელობებსა და აქციებს. შემთხვევების უმრავლესობაში ფიგურირებდნენ სამართალდამცავი ორგანოები, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო სივრცის კონტროლისა და პროტესტის შეზღუდვის ტენდენციაზე. მონიტორინგის მონაცემები, რომელიც ეყრდნობა მედიაში გავრცელებულ კადრებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებს (იხ: სახალხო დამცველი (16-17 აპრილი); სახალხო დამცველი (30 აპრილი) ; საია (30 აპრილი) )  აჩვენებს, რომ აქტივისტების მიმართ გამოიყენებოდა როგორც ადმინისტრაციული, ისე ძალისმიერი ზომები, რაც რიგ შემთხვევებში გამოიხატა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, ფიზიკურ ძალადობასა და ირიბ ზეწოლაში.

ინციდენტები

2024 წლის 7 აპრილს, აქტივისტებს, რომლებიც სიძულვილის შემცველ პოსტერებს მარჯანიშვილზე ხსნიდნენ,  „ქართული ოცნების“ პარტიულმა აქტივისტებმა ხელი შეუშალეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე სამართლდამცველები გამოიძახეს, თუმცა პოლიციამ ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანა და მხოლოდ მომდევნო დღის დილით გამოუშვა. 

2024 15 აპრილს,  “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 14 მოქალაქე დააკავა.  აქციაზე დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა, ინფორმაცია დაადასტურა სახალხო დამცველის მოადგილე, ელენე ღუდუშაურმაც. ხოლო საიას განცხადებით, დაკავებულთა უმრავლესობას ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. შსს-ს ინფორმაციით, 14 დაკავებულიდან 4 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

2024 16–17 აპრილს, ე.წ.რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას, საპოლიციო ძალებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. სახალხო დამცველი ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში იკვეთებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.  მაგალითად, პოლიციელმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მონაწილე დიმიტრი ბერიძეს. ბერიძე კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად, ბერიძემ თავის ტვინის შერყევა მიიღო. ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალგაზრდა კაცი ჩიხში მოიმწყვდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქის ინფორმაციით მას ნიღბიანები გამოეკიდნენ და ხელკეტი სახის არეში დაარტყეს. სამოქალაქო აქტივისტ მარიამ დოლიძეს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტმა იდაყვის ტრავმა მიიღო და საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. გარდა ამისა, პოლიციელებმა დააკავეს 18 ადამიანი. მათ შორის იყვნენ: გელა ხასაია, ლევან ჯობავა, სანდრო და გიგა ჯოხაძეები, ლევან ბუდაღაშვილი, თორნიკე მარუაშვილი, ისაკო დევიძე, გ.ბ, დ.გ და სხვები). აღნიშნულ ინციდენტში გამოიკვეთა ფიზიკური ძალადობის ნიშნებიც – დაკავებულებიდან 5 მოქალაქის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ინფორმაცია დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმაც. დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს სახალხო დამცველიც თავის ანგარიშში

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ 16 აპრილს, საღამოს საათებში ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება. ასევე გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ “შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად”. 

2024 წლის 18 აპრილს, ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ აქტივისტები: ნიკო მანაგაძე, ტიტე გედენიძე, ბექა პაპაშვილი, ცოტნე ჯაფარიძე და იგორ ნარმანია გამოკითხვაზე დაიბარა. 

2024 წლის 19 აპრილს – სამოქალაქო აქტივისტ ნიკო მანაგაძეს საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანები ჩაუსაფრდნენ. როგორც კი ნიღბიანებმა “TV პირველის” გადამღები ჯგუფი შენიშნეს, ტერიტორია დატოვეს. ნიკო მანაგაძე ეჭვობდა, რომ უცნობი პირები მის სახლთან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის იყვნენ მისულები.

2024 წლის 20 აპრილს,  ე.წ “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან ფიზიკურად, სავარაუდოდ, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტს, ჯერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დაცვამ ჰკრა ხელი, შემდეგ კი მასზე ათამდე ახალგაზრდამ ფიზიკურად იძალადა.

2024 წლის 22 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელი და საბავშვო ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი მიხეილ მუმლაძე ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან მაშინ დააკავეს, როდესაც თეატრში ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტებს განიხილავდნენ. მიხეილ მუმლაძემ განხილვის დაწყების დროს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე არ უშვებდნენ და მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ შენობაში შეეშვათ.

2024 წლის 29 აპრილს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს ალექსი პეტრიაშვილი. პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

2024 წლის 30 აპრილს, გადაუდებელ დავალებათა დეპარატმენტის (გდდ) სპეციალური დანიშნულების რაზმმა ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაშალა.  სახალხო დამცველის განცხადებით, 2024 წლის 30 აპრილის ღამეს და 1 მაისს მთელი დღის მანძილზე სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა 49 პირი მოინახულეს. მათგან, 47 ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის, ზუგდიდის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, გორის, ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 31 პირი მიუთითებდა პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე/არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-დან 19 ითხოვდა რეაგირებას. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე პოლიციამ კორდონში მოაქცია და დააკავა აქტივისტი გიორგი დუმბაძე, რომელიც “TV პირველს” ინტერვიუს აძლევდა და ამბობდა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტდა. სპეციალური დანიშნულების რაზმი ასევე ფიზიკურად გაუსწორდა გელა ნადირაძე, რომელმაც დაზიანებები მიიღო.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ანგარიშის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის წიწაკის სპრეი, რომელიც ახლო მანძილიდან იქნა გაშვებული და გაზის კაფსულები. საია აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეტოვებინათ ტერიტორია, რადგან “საპოლიციო ძალებს შეკრებილები ალყაში ჰყავდათ მოქცეული.”

ანგარიშის მიხედვით, მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ასევე დაფიქსირდა მოქალაქეების, მათ შორის ქალების, მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები და პარალელურად განხორციელდა ადმინისტრაციული დაკავებები. 

30 აპრილის საპროტესტო აქცია შეაფასა სახალხო დამცველმაც. სახალხო დამცველის შეფასებით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევებში აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ომბუდსმენის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიმართ წიწაკის სპრეი და სხვა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფრთხილების გაცემის დროსაც და მის შემდეგაც აქცია მშვიდობიან ხასიათს ინარჩუნებდა, რის გამოც შეკრების შეწყვეტისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის ნოემბერი

კონტექსტი

2024 წლის ნოემბერში დოკუმენტირებული შემთხვევები აჩვენებს სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული უფლებადარღვევების ინტენსიურ და მრავალმხრივ ხასიათს, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა 2024 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში. აღწერილი შემთხვევები ძირითადად უკავშირდება მშვიდობიან შეკრებებსა და საპროტესტო აქციებს და მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ფორმის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომების გამოყენებას, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის წესით დაკავებებს, ფინანსურ სანქციებს, ფიზიკურ ძალადობასა და აქტივისტებზე ირიბი ზეწოლის სხვა ფორმებს.

წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში ასახულ შემთხვევებს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ რეალურად მომხდარი უფლებადარღვევების რაოდენობა აღემატებოდეს დოკუმენტირებულ მონაცემებს.

2024 წლის ნოემბერში დოკუმენტირებულ შემთხვევებში აღირიცხა სულ მცირე 46 უფლებადარღვევის ეპიზოდი და სულ მცირე 281 დაზარალებული:

  • დარბევა / შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა: 2024 წლის ნოემბერში დაფიქსირდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სულ მცირე 9 ეპიზოდი, მათ შორის აქციების ძალადობრივი დაშლა, გადაადგილების შეზღუდვა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით 28–29 ნოემბრის მოვლენების დროს, რა დროსაც დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 33 პირი.
  • დაკავებები: 2024 წლის ნოემბერში დაფიქსირდა სისხლის სამართლის წესით დაკავების 3 შემთხვევა (3 პირი), ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავების – 9 ეპიზოდი, რომლის ფარგლებში სულ მცირე 175 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ ეპიზოდში – 107 ადამიანი.
  • ადმინისტრაციული წარმოება / ფინანსური სანქციები: 2024 წლის ნოემბერში ფინანსური სანქციები სამოქალაქო აქტივისტებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა სულ მცირე 9 შემთხვევაში. მონიტორინგის მონაცემებით, სანქციები უკავშირდებოდა მშვიდობიან საპროტესტო მარშებსა და საჯარო გამოხატვის ფორმებს. საჯაროდ ხელმისაწვდომ და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაკისრებული ჯარიმების ჯამური ოდენობა შეადგენს არანაკლებ 13 700 ლარს
  • ფიზიკური ძალადობა / არასათანადო მოპყრობა: 2024 წლის ნოემბერში დაფიქსირდა სულ მცირე 11 ეპიზოდი, რომელთა ფარგლებში სულ მცირე 57 პირი მიუთითებდა ფიზიკურ ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობასა ან/და სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. მათ შორის, 19 ნოემბრის ეპიზოდში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს 16 დაკავებული, რომელთაგან 10 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე; 28–29 ნოემბრის ეპიზოდში მონახულებული 11 პირიდან 9 შემთხვევაში გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, 6 პირს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ხოლო 2 პირი კლინიკაში იყო გადაყვანილი; 29–30 ნოემბრის ეპიზოდში 38 პირი საუბრობდა სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.
  • ქონების / პირადი ნივთების ჩამორთმევა: დაფიქსირდა სულ მცირე 1 ეპიზოდი, რომლის ფარგლებში დაკავებულთა ნაწილმა მიუთითა პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონებისა და სხვა ნივთების, სავარაუდო ჩამორთმევაზე.
  • ირიბი ზეწოლა / “Chilling Effect”: 2024 წლის ნოემბერში დაფიქსირდა სულ მცირე 4 ეპიზოდი, მათ შორის აქტივისტისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის გამოკითხვაზე დაბარება და სადამკვირვებლო კოალიციის წევრების სისტემური დაბარების პრაქტიკა.

5 ნოემბერი, 2024 – ოზურგეთი (გურია)

მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 1 500 ლარით დააჯარიმა ოფისის აივანზე საპროტესტო ბანერის („რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“) განთავსების გამო. ინსპექციის განმარტებით, ბანერი შეფასდა როგორც „უკანონო რეკლამა“.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ოთარ რევიშვილის განცხადებით, ბანერი წარმოადგენდა პოლიტიკური პროტესტის ფორმას და არ აზიანებდა შენობის ფასადს ან სხვა ინფრასტრუქტურას. მიუხედავად ამისა, ზედამხედველობის სამსახურმა ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე დააკისრა, რომელიც რეკლამის განთავსების წესების დარღვევას შეეხება.

6 ნოემბერი, 2024 – თბილისი

სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“ პრესსპიკერი ლონდა თოლორაია პროკურატურამ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. დასმული შეკითხვები ძირითადად ეხებოდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასა და შეფასებებს და არა 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ შესაძლო დარღვევებს.

კოალიცია „ჩემმა ხმამ“ საჯაროდ განაცხადა, რომ პროკურატურა არ იწყებდა არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულების სრულფასოვან გამოძიებას და ამის ნაცვლად სადამკვირვებლო მისიის სხვადასხვა წევრს იბარებდა გამოკითხვებზე. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა კოალიციის საქმიანობის შეფერხებას და მის წევრებზე ზეწოლის განხორციელებას.

10 ნოემბერი, 2024 – თბილისი

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, რომელიც მიმდინარეობდა მტკვრის ორივე სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. შეზღუდვა შეეხო აქციის ფორმასა და ლოკაციას.

13 ნოემბერი, 2024 – თბილისი

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართული აქციის დროს მოქალაქეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მსვლელობით გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს და ქალი მონაწილეები ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანეს გზის სამანქანო ნაწილიდან. მანამდე, აქციის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაადგილება და შენობაში შესვლა დროებით შეეზღუდათ, რაც აფერხებდა განცხადებების შეტანის პროცესს.

16 ნოემბერი, 2024 – თბილისი

თბილისში, ცესკოსთან გამართული საპროტესტო მსვლელობის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 3 სამოქალაქო აქტივისტი. არსებული მონაცემების მიხედვით, დაკავებები უკავშირდებოდა სამოქალაქო აქტივიზმს არჩევნების კონტექსტში.

მოძრაობა „დაიტოვეს“ წევრებს, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საცხოვრებლის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, პოლიციამ გადაადგილება შეუზღუდა. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბებოდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით გადაინაცვლეს. მსვლელობისას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მოხდა დაპირისპირება და პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა მათი გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს, სადაც ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მსვლელობისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით სცადეს დემონსტრანტების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა.

19 ნოემბერი, 2024 – თბილისი

გამთენიისას, სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაშალეს და ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს. ადგილზე დილის დაახლოებით 06:00 საათიდან მობილიზებული იყო პოლიციისა და სპეცრაზმის დიდი რაოდენობა, მათ შორის სპეცტექნიკა. აქციის დაშლის შემდეგ მოქალაქეთა ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა, სადაც დაიწყო მათი დაკავება.

დაკავებებისა და აქციის დაშლის პროცესში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, როგორც ქუჩაში, ისე პოლიციის ავტომობილებში. გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. იმავე დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. ადვოკატების ცნობით, დაკავებულებს აღენიშნებოდათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, ხოლო მათი ნაწილი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 19 ნოემბერს მოინახულეს 16 დაკავებული პირი (14 დროებითი მოთავსების იზოლატორებში და 2  სამედიცინო დაწესებულებაში), რომელთაგან 10 საუბრობდა არასათანადო მოპყრობასა და ძალის გადამეტებაზე. სახალხო დამცველმა  განაცხადა, რომ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და შეესაბამებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებს, ხოლო დაკავებების დროს გამოვლენილი ძალის გამოყენება საჭიროებდა დაუყოვნებლივ, ეფექტიან გამოძიებას. აღნიშნული მიზნით ომბუდსმენის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცა საჯაროდ გავრცელებული მასალები. დაკავებულთა შორის იყვნენ ალექსანდრე ქავთარაძე, ალექსანდრე ბექაური და რეზი დუმბაძე. მათი ადვოკატის ინფორმაციით, მათ მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს როგორც დაკავებისას, ისე პოლიციის ავტომობილებში, რის შედეგადაც მათ აღენიშნებოდათ დაზიანებები, მათ შორის სახის არეშიც.

თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დარბევისას დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ნათია ძიძიგურის განცხადებით, მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან აგრესიული ქცევა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციის ავტომობილში ტრანსპორტირებისას, მის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ და სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელ მოპყრობას. აქტივისტის განმარტებით, იგი იძულებული იყო მთელი მგზავრობის განმავლობაში მუხლებზე მდგარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილში თავისუფალი ადგილი იყო და მისი არაერთგზის მოთხოვნისა, დაჯდომის უფლება არ მიეცა. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ ტრანსპორტირების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ხდებოდა დამამცირებელი ჟესტებისა და ირონიული, შეურაცხმყოფელი მიმართვების გამოყენება, რაც ქმნიდა ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის გარემოს.

20 ნოემბერი, 2024 – თბილისი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიეცათ დროებითი ვადა ტერიტორიის დასატოვებლად, რის შემდეგაც, მათ იძულებით გადაინაცვლეს მელიქიშვილის გამზირზე.

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს ირაკლი ანდღულაძეს 2 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. საქმე უკავშირდებოდა მის მონაწილეობას 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაში.

21 ნოემბერი, 2024 – თბილისი

თბილისში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის წესით დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი მათე დევიძე. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ დავით წოწორიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც უკავშირდებოდა მის დაკავებას 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე.

თბილისში სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც უკავშირდებოდა მის დაკავებას 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე.

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც ეხება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებას. თავად მანაგაძის განცხადებით, საქმე ტელეკომპანია „იმედის“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. აქტივისტი განმარტავს, რომ ინციდენტი უკავშირდება მის მიერ პირდაპირ ეთერში დასმულ კრიტიკულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ჟურნალისტზე პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების შეფასებასა და გაშუქებას. ამავე პერიოდში, საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ 18–19 ნოემბერს აქციების დროს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტი ლიზი თირქია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს 19 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, თირქიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პოლიციელებზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ თირქია მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. მოგვიანებით, თავად თირქიამაც აღნიშნა, რომ დაბარების რეალური მიზეზი უწყებაში გამოცხადების შემდეგ გაიგო.

25 ნოემბერი, 2024 – თბილისი

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ანატოლი გიგაური დააკავეს, რაც კანონით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, იგი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს პატრულ-ინსპექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამასთან, თავად ანატოლი გიგაური დაკავებისას მიუთითებდა, რომ მის მიმართ გამოყენებული იყო ფიზიკური ძალა და მას აღენიშნებოდა დაზიანებები. ანატოლი გიგაურის განცხადებით, დაკავებამდე მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, გიგაურს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში, მათ შორის სისხლჩაქცევები თვალბუდის ზედა და ქვედა ნაწილში. დაზარალებულის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკუთარი ნებით აპირებდა სამართალდამცველთა ავტომობილში ჩაჯდომას, დაკავებამდე რამდენიმე პოლიციელი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ადვოკატის განცხადებით, ძალადობის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ გამოძიების დაწყების მოთხოვნით

27 ნოემბერი, 2024 – თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, აქციაზე დაკავებული პირების მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს მანდატურის სამსახურმა ტერიტორია იძულებით დაატოვებინა, რაც ზღუდავდა შეკრებისა და გამოხატვის შესაძლებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ნოემბრის საპროტესტო მარშში მონაწილე მოქალაქეების ადმინისტრაციულ საქმეებზე მიიღო გადაწყვეტილებები და ჯამში 7 500 ლარის ოდენობის ფინანსური სანქციები დააკისრა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 500-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ ილია სეთურს, ნინო ჭილაშვილს, დავით ცინცაბაძეს, ლუკა ბერაიას და ქეთევან დაუდიშვილს, რომელთაც გზის გადაკეტვასა და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებოდნენ. ამავე კონტექსტში, მედიის ინფორმაციით, მოძრაობა „დაიტოვეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და 10 ნოემბრის მარშის თანაორგანიზატორს, ილია ღლონტს, სასამართლომ 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო გომურაშვილს 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო აქტივისტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, სხდომის ფარგლებში ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. თავად ვანო გომურაშვილი გადაწყვეტილებას სამოქალაქო აქტივიზმზე ზეწოლისა და დაშინების მცდელობად აფასებს და მიუთითებს, რომ მის მიმართ სანქციის დაკისრება უკავშირდება განსხვავებული აზრის გამოხატვასა და საპროტესტო აქტივობაში მონაწილეობას.

28 ნოემბერი, 2024 – ქუთაისი

ქუთაისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი მიშა მუმლაძე. მონიტორინგის მონაცემებით, დაკავება განხორციელდა ძალის გამოყენებით და უკავშირდებოდა პროევროპულ აქციას, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების წინააღმდეგ იმართებოდა. აღნიშნულ ეპიზოდში ასევე იკვეთება ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნები.

ქუთაისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეები ზებრა გადასასვლელზე გადაადგილებით აპროტესტებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა აქციის მონაწილე მიშა მუმლაძე. დაკავების პროცესში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, ხოლო მუმლაძე ძალით გადაიყვანეს პოლიციის ავტომობილში.

28–29 ნოემბერი, 2024 – თბილისი

რუსთაველის გამზირზე გამართული პროევროპული საპროტესტო აქცია ღამის საათებში საპოლიციო ძალებმა ძალის გამოყენებით დაშალა, სამართალდამცველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა ძალადობის არაერთი შემთხვევა აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების მიმართ.

პროევროპული საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დარჩენილი მომიტინგეებს დევნა დაიწყო, მათ მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა და ათეულობით ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ფიზიკური ძალადობა დაიწყეს ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების მიმართ და მათ მეცნიერებათა აკადემიის შენობამდე სდიეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები აფთიაქშიც შევიდნენ, სადაც მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააზიანეს ინვენტარი.

რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეთა დევნა, ძალადობა და დაკავებები. სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, მათ შორის ისეთი საშუალებები, რომლებშიც, მედიის ინფორმაციით, ცრემლსადენი ნივთიერებები იყო შერეული. ძალადობა შეეხო აქციაზე მყოფ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და სხვა  მოქალაქეებს. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე დაიწყო მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს მმართველი პარტიის სახელით გაკეთდა განცხადება ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

სახალხო დამცველმა 28–29 ნოემბრის საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით შემაშფოთებლად შეაფასა. მისი განცხადებით, გამოვლინდა მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და დაკავებული პირების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევები. 29 ნოემბრის ღამეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 11 პირი მოინახულეს, 9 შემთხვევაში გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის 3 ჟურნალისტის მიმართ. 6 პირს აღენიშნებოდა თვალსაჩინო ფიზიკური დაზიანებები, ხოლო ორი დაშავებული კლინიკაში იყო გადაყვანილი მრავლობითი დაზიანებების გამო.

პოეტი ზვიად რატიანი 28-29 ნოემბრის ღამეს დააკავეს. დაკავების პროცესში სამართალდამცველებმა ის ჭიჭინაძის ქუჩაზე ძალის გამოყენებით შეათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გაატარეს იგი სპეცრაზმელთა კორიდორში უწყვეტი ცემით.  დაშავებულს დაუდგინდა მძიმე დაზიანებები: მოტეხილი მეხუთე მალა, გატეხილი ცხვირის ძვალი და ძგიდე, ასევე სხეულზე მრავლობითი ჰემატომები და დაჟეჟილობები. ზვიად რატიანის განმარტებით, ის მშვიდობიანად იმყოფებოდა აქციაზე და მხოლოდ ხელის ჟესტით ცდილობდა დაძაბულობის განმუხტვას, როდესაც პოლიციამ იგი ძალით გაიყვანა და ფიზიკური ძალადობა როგორც ქუჩაში, ისე პოლიციის ავტომობილში გააგრძელა.  

29 ნოემბრის ღამეს, თბილისში, პროევროპული საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის შედეგად ადმინისტრაციული წესით დააკავეს 43 სამოქალაქო აქტივისტი.

29–30 ნოემბერი, 2024 – თბილისი

თბილისში, 29–30 ნოემბრის საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის პროცესში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 107 სამოქალაქო აქტივისტი, რაც აღნიშნული თვის ყველაზე მასშტაბურ ადმინისტრაციულ დაკავების ეპიზოდს წარმოადგენს.

ადვოკატებისა და სახალხო დამცველის ინფორმაციით, 29–30 ნოემბრის საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულთა მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, იზოლატორებში იყო დაკავებულთა რიგები, ხოლო დაკავებულები ნაცემები და აღენიშნებოდათ სხვადასხვა დაზიანებები, მათ შორის – სისხლჩაქცევები და თავის ტრავმის ნიშნები. ერთ-ერთ დაკავებულს, ავთანდილ ტვიტინიძეს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა ტვინის შერყევის სიმპტომების გამო.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს დაკავებულები, რომელთაგან 38 საუბრობდა სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. სახალხლო დამცველის განცხადებით, დაზიანებები ძირითადად სახის არეში იყო მიყენებული. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ძალადობა განსაკუთრებით ხდებოდა დაკავების მომენტში და პოლიციის ავტომობილებში  დაკავებულთა გადაყვანისას.  საყურადღებოა, რომ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ნივთების (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საფულე მასში განთავსებული ფულადი თანხით და სხვა) ჩამორთმევაზე მიუთითებდა, რომელთა შემდგომი ბედი მათთვის უცნობია.

30 ნოემბერი, 2024 – თბილისი და ბათუმი

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ბათუმში კვლავ ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მშვიდობიანი აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაშალა, მათ შორის წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით. სამართალდამცველები ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევდნენ მათ, უსაფუძვლოდ აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ასევე სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ გამოყენების წესის დარღვევით. 

ბათუმში, პროევროპული საპროტესტო აქციის კონტექსტში ადმინისტრაციული წესით დააკავეს   3 სამოქალაქო აქტივისტი. ხოლო, თბილისში, 29–30 ნოემბრის საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის პროცესში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 107 სამოქალაქო აქტივისტი, რაც აღნიშნული თვის ყველაზე მასშტაბურ ადმინისტრაციულ დაკავების ეპიზოდს წარმოადგენს.

თბილისში სისხლის სამართლის წესით დააკავეს კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მუსელიანი. მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. მუსელიანი ბრალს არ აღიარებს და იზოლატორში მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლასა და ძალადობაზე მიუთითებს. 

ავთანდილ ტიტვინიძე, გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხოლო მოგვიანებით – კლინიკაში. ტიტვინიძის განცხადებით, დაკავების პროცესში მას არ მისცეს ექიმთან ან ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა, მიუხედავად მისი არაერთგზის მოთხოვნისა. ავთანდილ ტიტვინიძის განცხადებით, დაკავების პროცესში მის მიმართ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს. მისი თქმით, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას ცხვირის არეში ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც ძლიერი სისხლდენა დაეწყო. შემდგომში, დაკავებულის განმარტებით, მას რამდენჯერმე დაარტყეს, ხოლო იზოლატორში გადაყვანისას დაემუქრნენ ძალადობითა და ბორკილების გამოყენებით. ტიტვინიძე ასევე მიუთითებს დამამცირებელ მოპყრობაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სამედიცინო დახმარების დაგვიანებით უზრუნველყოფაზე, რის გამოც საბოლოოდ მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის დროს, პოლიციამ დააკავა გიორგი მაისაშვილი. დაკავებას წინ უძღოდა მის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება – გიორგის აღენიშნებოდა თვალის არეში ჩალურჯება. მოგვიანებით, მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

რუსთაველის გამზირზე პროევროპული საპროტესტო აქციის დაშლისას, პოლიციამ სასტიკად სცემა 23 წლის ზვიად მაისაშვილი. მისი განცხადებით, პოლიციელებმა იგი ძირს დააგდეს, რის შემდეგაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ერთდროულად ურტყამდა. ცემის შედეგად ზვიად მაისაშვილმა გონება დაკარგა. ზვიადი მოგვიანებით სასწრაფო დახმარების მანქანაში მოიყვანეს. მას დაუდგინდა ტვინის შერყევა, ცხვირის ძგიდის მოტეხილობა, გატეხილი უკანა კბილი და ტუჩების დაჟეჟილობა. იმავე ღამეს, პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მის ძმასაც – 24 წლის გიორგი მაისაშვილს, რომელიც დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

იურისტ ტატო ქელბაქიანის ინფორმაციით, პროევროპული საპროტესტო აქციის შემდეგ, მისი 17 წლის შვილი, დემეტრე ქელბაქიანი, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დააკავეს. ქელბაქიანის თქმით, არასრულწლოვანი მიწაზე დააგდეს და მასზე ერთდროულად 7–8 ადამიანი ძალადობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიუთითა მის ასაკზე. დემეტრე მოგვიანებით გაათავისუფლეს და კლინიკაში გადაიყვანეს დაზიანებების შესამოწმებლად.

ზვიად რატიანს  სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც 23 ივნისის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა,  მას ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შეუცვალეს. ნახევრად ღია რეჟიმი პატიმარს სასჯელის კოლონიურ ღია სივრცეში მოხდის შესაძლებლობას აძლევს, მაშინ როდესაც დახურული რეჟიმი სრულ იზოლაციას, მათ შორის პაემნების მნიშვნელოვნად შემცირებას გულისხმობს. რატიიანის განცხადებით, იგი ისედაც დაკავების დღიდან ფაქტობრივად დახურულ პირობებში იმყოფება და უკვე ექვსი თვეა სამარტოო საკანშია განთავსებული.

რატიიანი წერს, რომ 6 აპრილს პენიტენციურმა დაწესბეულებამ აცნობა, თითქოს ის „საშიშროების მომეტებული რისკის“ მქონე მსჯავრდებულია, რის საფუძველზეც რეჟიმი შეეცვალა. მისი განმარტებით, რეალურად უკვე თვეებია, პრაქტიკულად დახურულ პირობებში, მათ შორის სამარტოო საკანში იმყოფება.

„როგორც ჩანს, მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შემცირება იყო… მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი“ რა არის ჩემს შემთხვევაში ეს არის მთავარი კითხვა“, – წერს რატიანი. მისივე განცხადებით, მას არ ჰქონია კონფლიქტი არც პატიმრებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებული „რისკის შეფასებას“ კი „საიდუმლო სხდომის ოქმს“  ეფუძნება. ზვიად რატიანმა ღია წერილით მიმართა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას, სადაც ითხოვს განმარტებას, რა საფუძვლით იქნა მიჩნეული „მომეტებული რისკის“ მქონე პირად.

ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. 9 ოქტომბერს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

არტემ გრიბულისა და ანასტასია ზინოვკინას მიმართ თავისუფლების აღკვეთის რეჟიმი გამკაცრდა 

არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამოდუროვას განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლების აღკვეთის ტიპი შეუცვალეს – ნახევრად ღიადან დახურულ რეჟიმზე. შესაბამისი ბრძანება გრიბულს ადვოკატის მისვლამდე ჩააბარეს და იგი, ადვოკატის ინფორმაციით, საიდუმლო სხდომის ოქმს ეფუძნება. დახურული ტიპის დაწესებულებაში მოთავსება მნიშვნელოვნად ზღუდავს სატელეფონო კომუნიკაციასა და პაემნების რაოდენობას. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

სამოდუროვას ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა ინციდენტი ციხის თანამშრომელ „მახოსთან“, რომლის დროსაც გრიბულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კარცერში მოთავსებითა და ახალი საქმის „შეკერვით“ დაემუქრნენ. მისი თქმით, კონფლიქტი თავდაპირველად თანამშრომელსა და სხვა პატიმარს შორის დაიწყო, რის შემდეგაც მუქარა თავად გრიბულზეც გავრცელდა.

ადვოკატი ასევე მიუთითებს, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პენიტენციურმა სისტემამ სხვადასხვა მეთოდს მიმართა გრიბულის მიმართ „რისკის“ გაზრდის მიზნით. მისი შეფასებით, აღნიშნული შეიძლება უკავშირდებოდეს მის მიერ საჩივრების აქტიურ წარდგენას.

ადვოკატის განცხადებით ანალოგიური გარემოებები იკვეთება ანასტასია ზინოვკინას შემთხვევაშიც, რომლის მიმართაც თავისუფლების აღკვეთის ტიპის შეცვლის შესახებ ბრძანება უკვე გასაჩივრებულია სასამართლოში.

ციხის მონიტორინგის თანამშრომელი ამჟამად იკვლევს აღნიშნულ ინციდენტებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ადვოკატის თქმით, მასთან შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2025 წლის 12 სექტემბერს სასამართლომ მათ 8.5-8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება საქართველოში პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.

ომბუდსმენის წარმომადგენლის ოქმის მიხედვით, დენის კულანინი არასათანადო პირობებში იმყოფება

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული დენის კულანინი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო და ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფება. 7 მარტით დათარიღებულ ოქმში აღნიშნულია, რომ საკანში არის ტარაკნები, ტუალეტი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო საწოლის ბალიშები „უბინძურესია“.

ოქმის თანახმად, კულანინი 8 თებერვალს საკნიდან კარცერში გადაიყვანეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მისი განცხადებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი საწოლის გარეშე იყო განთავსებული და არ ჰქონდა ხელმისაწვდომობა ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებზე, მათ შორის საშხაპესა და კბილის მოვლის საშუალებებზე. ასევე აღნიშნულია, რომ მას გარკვეული დროის განმავლობაში არ მიეცა შესაძლებლობა დაკავშირებოდა ადვოკატს ან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს.

ოქმში ასევე მითითებულია, რომ 3 მარტიდან კულანინი ე.წ. საკარანტინე საკანში იმყოფება, სადაც, მისი თქმით, კვლავ მძიმე სანიტარული პირობებია და არ აქვს წვდომა პირად ნივთებსა და დოკუმენტებზე.

10 მარტს გავრცელებული ინფორმაციის, აქტივისტები ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც, მათი განცხადებით, არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. პენიტენციური სამსახური, 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, კულანინის შიმშილობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ჩვეულებრივ იღებს როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე შეძენილ საკვებს. უწყება არ გამოხმაურებია ომბუდსმენის წარმომადგენლის მიერ აღწერილ პირობებს.

დენის კულანინი 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კარცერში მოთავსებული ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი არასათანადო პირობებზე მიუთითებენ

10 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტები ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც, მათი თქმით, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.

ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯანო ჭკადუას განცხადებით, მენთეშაშვილი კარცერში იმყოფება მძიმე პირობებში: არ აქვს პირველადი მოხმარების საგნები, მათ შორის პირსახოცი, კბილის ჯაგრისი და ჰიგიენური საშუალებები, ასევე არ აქვს შესაძლებლობა, დაასუფთაოს საკანი. ადვოკატის თქმით, საკანში არის სიბინძურე და ტარაკნები. მისი განცხადებით, მენთეშაშვილი ვარაუდობს, რომ კარცერში გადაყვანა შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მიერ გამოცხადებულ შიმშილობას, რადგან ადმინისტრაციამ რამდენჯერმე სთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

დენის კულანინის განცხადებით, 3 მარტს იგი და ზურაბ მენთეშაშვილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს კარცერში. მისი თქმით, მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის სასამართლო პროცესებისთვის საჭირო დოკუმენტები და პირადი წერილები, ასევე აუკრძალეს ტელეფონის გამოყენება, სეირნობა და ბანაობა. კულანინი აღნიშნავს, რომ საკანში არის ტარაკნები, არ მუშაობს ვენტილაცია და მათ არ აქვთ პირველადი მოხმარების საგნები. მისი თქმით, მათ ასევე არ ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ ჰიგიენური საშუალებები და სხვა საჭირო ნივთები. 6 მარტით დათარიღებულ წერილში კულანინი წერს, რომ ის და ზურაბ მენთეშაშვილი კარცერში გადაყვანის შემდეგ შიმშილობენ და ითხოვენ სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მათთან მისვლას. მისი თქმით, ისინი კარცერში ყოფნის მიზეზის განმარტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ იზოლირებულნი არიან როგორც ადვოკატებისგან, ისე საზოგადოებისგან.

პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში არ იმყოფებიან და ისინი განთავსებული არიან ე.წ. საკარანტინე (შიდა კლასიფიკაციის) საკნებში. უწყების განმარტებით, აღნიშნული განთავსება განხორციელდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების შიდა წესების შესაბამისად. პენიტენციურმა სამსახურმა ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც, მათი თქმით, ასახავს მოშიმშილე ბრალდებულების მიერ საკვების მიღების კადრებს და რომელიც საზოგადოების ინფორმირების მიზნით გასაჯაროვდა.

დენის კულანინი შსს-ს ავტომობილის დაზიანების საქმეზე არის მსჯავრდებული. იგი საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც 2025 წლის 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის დაზიანების ბრალდებით დააკავეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ზურაბ მენთეშაშვილი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული საავტომობილი გზის ორჯერ გადაკეტვის ბრალდებით.  აღნიშნული ბრალდება ეფუძნება 2025 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის ან გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის თანამშრომელს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს

მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც პატიმრები „მახოს“ სახელით იცნობენ, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, დარია სამოდუროვა ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, პირველი ინციდენტი 2026 წლის 23 თებერვალს მოხდა. მისი თქმით, ციხის თანამშრომელმა გრიბულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა კარცერში გადაყვანით და უთხრა, რომ ციხეში „ყველაფერს თავად აგვარებს და აკონტროლებს“. სამოდუროვას ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გრიბულის თანამესაკნე კარცერში გადაიყვანეს სახალხო დამცველთან დარეკვის მოთხოვნის გამო, ხოლო გრიბულმა უარი თქვა თანამესაკნის ნივთების ჩალაგებაზე.

ადვოკატის თქმით, ინციდენტის შემდეგ გრიბული და მისი თანამესაკნე სხვა, მცირე ზომის საკანში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ე.წ. კარანტინში. მისი ინფორმაციით, კარცერში და კარანტინის საკნებში პირობები მძიმე იყო – ანტისანიტარია, ტარაკნები და შეუსაბამო საცხოვრებელი გარემო. დარია სამოდუროვა აცხადებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარს პროკურატურაში ამზადებს და საქმის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატიც.არტემ გრიბული და მისი პარტნიორი ანასტასია ზინოვკინა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, საქართველოში 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2025 წლის 12 სექტემბერს სასამართლომ მათ 8.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება საქართველოში პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო მოხდა.

სინდისის პატიმარს, არტემ გრიბულს, ციხის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაემუქრა

სინდისის პატიმრის, რუსი აქტივისტის, არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამოდუროვას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, არტემ გრიბულს ციხის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კარცერში გამოკეტვითა და ახალი საქმის „შეკერვით“ დაემუქრა.

სამოდუროვას ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი ციხის თანამშრომელ ვინმე მახოსა და გრიბულის თანამესაკნეს შორის დაიწყო, რის შემდეგაც თანამშრომელმა პატიმარი კარცერში გადაიყვანა, ხოლო არტემ გრიბულსა და საკანში მყოფ სხვა პატიმრებს მისი ნივთების მოგროვება დაავალა.

ადვოკატის თქმით, გრიბულის მხრიდან უარის თქმას მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა კარცერში მოთავსების შესახებ. დარია სამოდუროვას მიხედვით, ამ კონფლიქტის განმუხტვას ციხის სხვა თანამშრომლები შეეცადნენ.

ანტონ გრიბული შეყვარებულთან, ანასტასია ზინოვკინასთან ერთად 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2025 წლის 12 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათ 8,5-8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ დააკავეს საქართველოში, პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო. გრიბული და ზინოვკინა რუსეთს მოქალაქეები არიან და საქართველოში დროებით ცხოვრობდნენ. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდნენ, პროევროპულ საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.

სამოქალაქო აქტივისტი, პატიმარი ნანა სანდერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს

2025 წლის 4 ოქტომბერის საქმეზე ბრალდებულმა ნანა სანდერმა, სასამართლო პროცესზე მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. 

ნანა სანდერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ის შესაბამის მკურნალობასა და სათანადო მატრასს ითხოვს. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ეს პრობლემები არ მოგვარებულა და ის ტკივილებით იტანჯება. “ცდილობენ, რომ ჩემი ტკივილები, არც არის ორთოპედიული მატრასის არქონასთან დაკავშირებული, ფსიქიკურ პრობლემებთან დააკავშირონ”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ფსიქიატრი მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანით დაემუქრა, ზუსტად ისე, როგორც ეს მასწავლებელ ნინო დათაშვილის შემთხვევაში მოხდა.

მან ასევე ახსენა, რომ პრობლემებს უქმნიან საკვების მიწოდების დროსაც. ნანა სანდერმა განაცხადა, რომ სპეციალური კვებითი საჭიროება აქვს (არის ვეგანი) და ვინაიდან, საპატიმროში ასეთი საკვები არ აქვთ, ის ორი დღის განმავლობაში მშიერი იყო: “განმიცხადეს, რომ შენი საჭმელი არ არსებობსო“.

შეგახსენებთ, საპატიმროში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს პატიმარი, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინაც. მასაც იგივე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და პრობლემის მოგვარების ნაცვლად, 15 იანვრიდან ის დახურული ტიპის თავისუფლ