კოორდინირებული კიბერ შეტევა “სტუდია მონიტორის” ონლაინ პლატფორმებზე

2026 წლის 1 ივლისს, საგამოძიებო სტუდია “მონიტორის” ონლაინ პლატფორმებზე კოორდინირებული კიბერშეტევა განხორციელდა. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მედიასაშუალება შეტევის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება – “ტრამპ თაუერი” თბილისში –  ონლაინ კაზინოების თაღლითური ქსელი და რუსული კავშირები”.  გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებლების ჯგუფმა დაიწყო ყველა იმ მასალის “დერეპორტება” youtube-სა და facebook/instagram-ზე, რომლებიც შეეხება არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული სამშენებლო კომპანიების შესაძლო კავშირებს. ამ თემაზე, ბოლო პერიოდში, “სტუდია მონიტორმა” ორი  ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.

“კოორდინირებული კიბერ-შეტევის შედეგად META-მ შეგვატყობინა, რომ მათი პლატფორმიდან წაიშალა “მონიტორის” რამდენიმე მასალა, ხოლო “იუთუბიდან” – ერთი ვიდეო, რომლებიც შეეხება სწორედ არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული კომპანიების კავშირებს. ამასთან სხვადასხვა თაღლითურ ქსელებთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან მივიღეთ წერილი, რომლითაც, მოთხოვნილია ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების აღება “მონიტორის” ვებგვერდიდან”, – ვკითხულობთ გამოცემის განცხადებაში.

“მონიტორმა” გაასაჩივრა “იუთუბისა” და “მეტას” გადაწყვეტილებები, ასევე, ცდილობს გაარკვიოს, ვინ დგას ამ კოორდინირენული შეტევის უკან.

გამოცემა Sova დომენის დაბლოკვისა და მისი სახელით რუსული პროპაგანდის გავრცელების შესახებ იუწყება

რუსულენოვან გამოცემა Sova News-ს 2024  წლის ივლისში დომენზე წვდომა დაებლოკა, ოქტომბრიდან კი, Sova-ს სახელით იგივე დომენიდან ვიღაცამ პრორუსული პროპაგანდის გავრცელება დაიწყო.

სარედაქციო განცხადებაში Sova მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მისამართი Sova.news, რომლითაც წლები სარგებლობდნენ, მათ აღარ ეკუთვნით. მუშაობის გასაგრძელებლად გამოცემამ ახალი დომენი Sovanews.tv აიღო.

“თუ ვიმსჯელებთ საიტის ახალი შინაარსით, რომელიც იყენებს ჩვენი იურიდიული პირის სახელს Sova.News, რესურსის ირგვლივ მანიპულაციების უკან რუსული პროპაგანდა დგას, რომელიც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი აუდიტორია”, – ვკითხულობთ სარედაქციო წერილში.

გამოცემა ამ დრომდე ცდილობს მომხდარის მიზეზების გარკვევას და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

“მთავარი არხისა” და “ფორმულას” ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა

2024 წლის 25 იანვარს, ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიების “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ვებგვერდები, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმის შედეგად გაითიშა. მაუწყებლების ვებგვერდები რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად მიუწვდომელი იყო.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, “მათ საიტზე ჰაკერული თავდასხმა დილის 05:00  საათზე დაიწყო. წაშლილია მონაცემთა ბაზის ნაწილი”. “ფორმულას” განცხადების თანახმად კი, ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული. მოგვიანებით, ორივე ტელევიზიის ვებგვერდის აღდგენა მოხერხდა. 

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზეც. მედიაკრიტიკის პლატფორმა “მედიაჩეკერის” ინფორმაციით,  საიტზე შესვლისას გამოჩენილი იყო თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: “დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ, დიდება რუსეთს“.

Cozy Bear ჰაკერების რუსული ჯგუფია.