“ეხო კავკაზამ” მუშაობა შეწყვიტა

პირველ მაისს, რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანმა სამსახურმა „ეხო კავკაზამ“, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკითხებს აქტიურად აშუქებდა, მუშაობა შეწყვიტა. განცხადება ამის შესახებ მედიამ 3 მაისს გაავრცელა.

მუშაობის შეწყვეტის მიზეზად რესტრუქტურიზაცია დასახელდა.

„ეს ზომები მიიღება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ RFE/RL-ის პოზიცია, როგორც გავლენიანი, აქტუალური და ფისკალურად პასუხისმგებლიანი ორგანიზაციისა. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ერთგულებას სიღრმისეული ჟურნალისტიკის მიმართ — განსაკუთრებით საგამოძიებო და ანალიტიკური რეპორტაჟების მიმართულებით. რესტრუქტურიზაციის პროცესში, ჩვენ ვემშვიდობებით ზოგიერთ მართლაც ნიჭიერ კოლეგას, რომლებმაც წლები მიუძღვნეს RFE/RL-ის მისიას,“ განაცხადა RFE/RL-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა.

“ეხო კავკაზა” 2009 წლიდან მუშაობდა და აშუქებდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებს .

ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” საქართველოს ამბებს აღარ გააშუქებს

ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” ფორმატს იცვლის და 2026 წლიდან აღარ გააშუქებს საქართველოს ამბებს. ოფიციალურ განცხადებაში, ტელეკომპანიამ  ეს გადაწყვეტილება ფინანსურ რესურებს დაუკავშირა.

„ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე განცხადების თანახმად, განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ საერთაშორისო კონტენტზე.

„ევრონიუს ჯორჯია“ საერთაშორისო არხმა „ევრონიუსმა“ და მისმა პარტნიორმა „სილქნეტმა“ 2019 წელს დააფუძნეს. „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია. საქართველოში მაუწყებლობა ტელეკომპანიამ 2020 წელს დაიწყო. საქართველოში, ბოლო ორ წელიწადში, სხვადასხვა მიზეზით 7-მა მედიასაშუალებამ შეწყვიტა მუშაობა.

“მთავარი არხის” მაუწყებლობა შეწყდა

2025 წლის 15 თებერვალს “მთავარი არხის” მაუწყებლობა შეწყდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “მთავარი არხის” თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა.

დამფუძნებლებს შორის არსებულ მწვავე დაპირისპირებაზე “მთავარმა არხმა” განცხადება რამდენიმე კვირის წინაც გაავრცელა.

უნდა აღინიშნოს, რომ სამაუწყებლო სფერო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიმდინარე წელს ორმა რეგიონულმა მაუწყებელმა შეაჩერა უკვე საქმიანობა. არსებულ ვითარებაში დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეჩერება, სერიოზულად აზიანებს, ისედაც მყიფე პლურალისტურ გარემოს.