2024 წლის 21 მაისს, “TV პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს, „ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, პარლამენტის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა.
როგორც ტელეკომპანიის გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, ჟურნალისტი დეპუტატს სანქციების თემაზე ესაუბრება. დეპუტატი თავდაპირველად პასუხობს მის კითხვას, თუმცა, შემდეგ საუბარს წყვეტს და ჟურნალისტს, რომელიც ცდილობს ინტერვიუს გაგრძელებას, აკრედიტაციის შეწყვეტით ემუქრება.
საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილება განსაზღვრავს.
“აკრედიტაციის განახლებულმა რეგულაციებმა აამოქმედა სადამსჯელო მექანიზმები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, გააუარესა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი”, – ასეა შეფასებული ეს დადგენილება ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ.
მაკა ჩიხლაძისთვის აკრედიტაციის შეწყვეტას გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უარი თქვა დადგენილების ჟურნალისტებზე შურისძიების ინსტრუმენტად გამოყენებაზე.
2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, ე.წ “რუსული კანონის” საპროტესტო აქციის დაშლის დროს, სამართალდამცველების სამიზნე 14 ჟურნალისტი გახდა. ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, პოლიციამ წიწაკის სპრეი და ცრელმსადენი საშუალებები გამოიყენა, მეორე ნაწილს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
,,TV პირველის” გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და დავით ბერაძე ჩიტაძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ოპერატორს, ნიკა კოკაიას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. გარდა ამისა, მუშაობაში ხელი შეუშალეს ამავე ტელეკომპანიის რეპორტიორებს: გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს ,,TV პირველის” ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს გამოცემის რედაქტორს ლიკა ზაკაშვილს და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს.
„აი ფაქტის“ ჟურნალისტი რობი ზარიძე პოლიციელებმა ჯერ კორდონში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სადაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ , ხოლო შემდეგ დააკავეს. როდესაც გაირკვა რომ ზარიძე ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, გაათავისუფლეს.
პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს. გამოცემის ინფორმაციით, მას ყელში სწვდნენ და ასე შეეცადნენ, უკან დაეხია.
თვითმხილველთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფოტოგრაფებს: გურამ მურადოვსა და დავით ქორიძეს, ხოლო ფოტოჟურნალისტ გიორგი ნაკაშიძეს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ფოტოჟურნალისტი ზიანისგან კამერამ დაიცვა.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი.
2024 წლის 8 მარტს TOK TV-ის ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს პოლიციამ ხელი შეუშალა ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Მიშო დარბაიძის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტს.
აღნიშნულ საკითხს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა. კოალიციამ მოუწოდა ხელისუფლებას “სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს”.
2024 წლის 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის, “TV 25”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების ქალაქში” ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ”TV 25-ის” ჟურნალისტს, თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს, გერა კილაძეს, მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასთან ერთად, დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც შეეცადა.
ინციდენტს ასახავს “ტვ 25-ის” ეთერში გასული მასალა, აღნიშნულ საკითხს განცხადებით მედიის ადვოკატირების კოალიციაც გამოეხმაურა.
“კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად დაიწყოს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს უზრუნველყოფილი” – ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის 3 და 4 ივნისს საქართველოს პარლამენტმა “ტელეკომპანია პირველის”, “მთავარი არხის” და “ფორმულას” ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერა, რის გამოც ნატა ქაჯაიას, ნინი ბალანჩივაძეს და სოფო გოზალიშვილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება შეეზღუდათ.
“ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას აკრედიტაცია ერთი თვით „ხალხის ძალის“ დეპუტატის, სოზარ სუბარის, მიმართვის საფუძველზე 3 ივნისს შეუჩერდა. ჟურნალისტი დეპუტატს ე.წ. “რუსულ კანონთან” დაკავშირებით უსვამდა შეკითხვას.
ამავე დღეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა “მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს. ჟურნალისტს აინტერესებდა რატომ უჭერენ პარლამენტარები, მათ შორის ნინო წილოსანი, მხარს “რუსულ კანონს”, მაშინ როცა მათი შვილები განათლებას საზღვარგარეთ იღებენ და ხშირად საცხოვრებლადაც აშშ-ში ან ევროპაში მიდიან.
Ნინო წილოსანის მოთხოვნით, 4 ივნისს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილსაც.
სამივე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანების საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვითაც აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მათი შეფასებით, პარლამენტი განაგრძობს მისი თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენებას.
2024 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადა, და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეუზღუდა არააკრედიტებულ მედიას. პარლამენტში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, თუმცა, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
განცხადებაში არ იყო მითითებული, როდემდე იმოქმედებდა შეზღუდვა. მოტივად კი დასახელებული იყო “საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”.
აღნიშნული შეზღუდვა დაწესდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს პარლამენტი განიხილავდა ე.წ “რუსულ კანონს”.
მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ეს არ არის საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების მუშაობისთვის ხელშეშლის პირველი შემთხვევა.
ორგანიზაციის განცხადებით, ონლაინ მედიასაშუალებები პარლამენტში არ შეუშვეს არც 19 აპრილს და 29 აპრილს, როდესაც რუსული კანონის განსახილველად იურიდიული კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული”.
2024 წლის 18 აპრილს, ნინოწმინდის სათემო რადიო “NOR-ის” ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეუშვეს ქალაქ ნინოწმინდის მერიის შენობაში. ჟურნალისტს ჰქონდა კითხვები ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან. მერიის დაცვამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიო “NOR- ის” ჟურნალისტები ნინოწმინდის მერიის შენობაში არ შეუშვეს. დღის ბოლომდე ვერ შევიდნენ შენობაში ჟურნალისტები 11 აპრილსაც.
მომხდარს გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. ორგანიზაციამ ნინოწმინდის მერიას მოუწოდა არ შეუზღუდოს ჟურნალისტებს წვდომა საჯარო ინფორმაციაზე.
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” აამოქმედა.
პარლამენტში აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად.
ამ მექანიზმით, 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეეზღუდა არააკრედიტებულ მედიას.
აღნიშნული შეზღუდვა დაწესდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს პარლამენტი განიხილავდა კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელსაც საქართველოში უწოდებენ აგენტების შესახებ კანონს.
ეს არ იყო მსგავსი შეზღუდვის პირველი შემთხვევა. როგორც “მედიის ადვოკატირების კოალიცია” წერს, “ყვითელი დონის გამოყენება უკვე დადგენილ პრაქტიკად არის მიჩნეული მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში განიხილება ქვეყნისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები”.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება დისკრიმინაციად შეაფასეს და 17 აპრილს სახალხო დამცველს მიმართეს. საქართველოს სახალხო დამცველი მომხდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად”.
ეს შეზღუდვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული პრაქტიკა.
2024 წლის 11 აპრილს, ნინოწმინდის ადგილობრივი სათემო რადიო “NOR”-ის ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში მერიის შენობაში არ შეუშვეს. იმ დროს მერიაში სისხლის ჩაბარების აქცია მიმდინარეობდა და ჟურნალისტს ამ ამბის გაშუქება სურდა.
მერიის დაცვამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა.პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, როდესაც ადგილზე მისულმა ჟურნალისტმა ე.წ. Live მაუწყებლობა დაიწყო სოციალურ ქსელში და შეზღუდვაზე საჯაროდ ისაუბრა.
2024 წლის 8 აპრილს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ბიუროზე განიხილავდა ე.წ რუსულ კანონს, Საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტები არ შეუშვეს. მათ შორის, არ შეუშვეს ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაცია აქვთ.
ამავე დღეს, პარლამენტმა არ დაუშვა საშვი მედიაკრიტიკის პლატფორმა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტზე, ნინია კაკაბაძეზე, რითაც მას შეეზღუდა პარლამენტში შესვლისა და მუშაობის უფლება. ოფიციალური უარის მიზეზად დასახელდა ის, რომ პარლამენტში საშვებს მხოლოდ იმ ჟურნალისტებისთვის უშვებენ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ.
“მედიაჩეკერის” მიხედვით, მათ საშვები კიდევ რამდენიმე ჟურნალისტისთვის მოითხოვეს, თუმცა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
აღნიშულ ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” და პარლამენტს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.