2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ტექნიკის დაზიანების და თავისუფლების დროებით აღკვეთის შემთხვევებიც.
თბილისის საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები:
- ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს მინდია გაბაძეს და შაკო ბრეგაძეს თბილისში, გლდანის რაიონში, 59-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოცემის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ საარჩევნო უბანთან მობილიზებული პირები ჟურნალისტს აგინებენ და შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის მათ გადაღებას ცდილობს და იქ ყოფნის მიზეზებს ეკითხება;
- გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეურაცხყოფის ადრესატი გახდა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული. დაუდგენელი პირებიდან ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია;
- “TV პირველის” ოპერატორს პაატა ხაჩიძეს თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან კერძო პირები ზურგიდან დაესხნენ თავს. შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია რა მიზნით იყვნენ შეკრებილი უცნობი პირები უბნების სიახლოვეს.თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტელევიზიის ტექნიკა. ვიდეომასალაში, რომელიც რედაქციამ გაავრცელა, ჩანს, რომ კამერის ნაწილები ძირს არის მიმოფანტული;
- ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და ოპერატორი დავით ბადაგაძე, ასევე “TV პირველის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე, 38-ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო უბანთან მობილიზებულ მოქალაქეებს კითხვებს უსვამდნენ, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად შეეხებაც სცადა;
- ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;
- „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს თბილისში, მე-9 ოლქის მე-3 უბანზე „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს;
- გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს;
- გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები;
- სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „OC მედიას“ 6 წარმომადგენელს: ჰერმინე ვირაბიანს, რაფიგ შაბაზოვს, თეკლა ჩხაიძეს, ზეინაბ ისგანდაროვას, აითან ფარადოვას. კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი მგელაძემ დაურეკა და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოში ადამიანების სახეები დაეფარა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მამა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, სამეგრელოში, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, კომისიის წევრები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ჟურნალისტების მუშაობისთვის.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
- ჩხოროწყუს მე-4 საარჩევნო უბანზე, ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, დავით მანიას და ირაკლი შენგელიას, კომისიის თავმჯდომარემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კომისიის სხვა წევრებთან ერთად, მათ უბნიდან გაძევებას ცდილობდა;
- წალენჯიხის 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლირა ღურწკაია სტუდენტური ონლაინმედიის “მრავალკუთხედის” ჟურნალისტ დიტო ბელქანიას დაუპირისპირდა;
- “TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, სოფო ნიაურსა და დავით ბერაძეს ხელი შეუშალეს ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე. ჟურნალისტის თქმით, სპეციალური ბეიჯის ქონის მიუხედავად, კომისიის თამჯდომარე მათ გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მძიმე სამუშაო გარემო იყო ჟურნალისტებისთვის აჭარაშიც, ბათუმის საარჩევნო უბნებზე
- ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტ თეონა დოლენჯაშვილს, და ოპერატორ ნიკო კოკაიას მუშაობაში ხელიშეუშალეს. დოლენჯაშვილი, რომელიც კითხვების დასასმელად მათ მიკროავტობუსში ავიდა, ჯერ კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ, შემედგ ერთ-ერთი კოორდინატორი ციხეში გაშვებით დაემუქრა.
- „მთავარი არხისა“ ჟურნალისტს და ოპერატორს თეა ვაშალომიძეს და ბაჩანა ოქროპირიძეს, ასევე „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, თამარ თედიაშვილს და ლერი როგავას ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
- „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე #42 და #79 საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების, ნიღბიანი ბიჭების დიდი ჯგუფის მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებმაც ადგილზე მისულ „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს (გავრცელებულ ვიდეოში ჩანს), „მთავარი არხის“ კორესპონდენტი აჭარაში, თეა ვაშალომიძეა.
- გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებით მას და მისი რედაქციის 7 ჟურნალისტს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცეში საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მისი განცხადებით, ჟურნალისტებს ადამიანები ყავდათ მიჩენილი, რომ საარჩევნო პროცესი და ამ პროცესში დარღვევები ვერ გადაეღოთ: ევა ართმელაძეს გადაღების საშუალება არ მისცეს დაბა ხულოს ერთ-ერთ უბანზე. ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბთან მობილიზებული ე.წ. „შპანა“ გადაღების საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტ ცაგო კახაბერიძესაც. მუშაობის დროს ტელეფონის წართმევაც სცადეს, რის გამოც იძულებული გახდა გადაღება შეეწყვიტა. ეთერ თურაძის თქმით, მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 72-ე უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ე.წ. „შპანამ“ შეუშალა. „ბათუმელების“ რედაქტორს პოლიციის გამოძახებაც დასჭირდა. თურაძის თქმით, 10-მდე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. თურაძეს პროფესიული საქმიანობის დროს პრობლემა შეექმნა ბათუმის 52-ე და 81-ე უბნებთანაც (ორივე უბანი ერთ სკოლაში იყო განთავსებული), სადაც აგრესიულად მოითხოვდნენ, რომ მას კამერა გამოერთო. ქუთაისისა და ბათუმის სხვადასხვა უბნებზე პროფესიულ საქმიანობაში ასევე ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს: მანანა ქველიაშვილს, ლელა დუმბაძეს, არჩილ კახაძეს და თედო ჯორბენაძეს.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მედიის წარმომადგენლების მიმართ არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი კახეთის საარჩევნო უბნებზე.
იხილეთ საჯაროდ გავრცელებული ინციდენტების სია კახეთიდან:
- გამოცემა “საქართველოს ამბების” ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს, რომლიც დამკვირვებლის სტატუსით მუშაობდა, ახმეტაში, მე-11 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა ტელეფონი ჩამოართვეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
- „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს, თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან თავს დაესხნენ. სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” დაჯგუფების წევრების სამიზნე გადამღები ჯგუფი მას შემდეგ გახდა, რაც ტელეკომპანიის ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლისა და მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები გადაიღო. საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ავტომობილებში სიებით იყვნენ მობილიზებული და თანხებს არიგებდნენ. თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი, ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა კი სრულად დამტვრეულია. აპარატურის დაზიანებამდე ჟურნალისტმა გარკვეული მასალის გადმოგზავნა მოასწრო“, – წერს ტელეარხი;
- “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს – ია გულიაშვილსა და ლევან დვალს კახეთში თავს დაესხა სავარაუდოდ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი და კადრების გადაღების საშუალება არ მისცა. ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, ვინ გაუმასპინძლდა უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მოგვიანებით, იგივე პირმა “მთავარი არხის” კამერის გატაცება სცადა;
- ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებს დავით ჭაბაშვილს და აგილ რუსტამოვს ლაგოდეხის სოფელა ჭიაურში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ „ლაგოდეხის ტელევიზიის“ ჟურნალისტს, ნიკა ბურჭულაძესაც;
- “მთავარი არხის” ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს და ოპერატორ, იაგო გოგილაშვილს სოფელ ბოდბეში, სიღნაღიის მერიის წარმომადგენელი, ბაჩუკი კოჭლამაზიშვილი მუშაობაში ხელს უშლიდა,მან კამერას ხელი ააფარა და ცდილობდა, ოპერატორისთვის გადაღების საშუალება არ მიეცა. გადამღებ ჯგუფს საქმიანობაში ხელი სოფელ მაღაროშიც შეუშალეს.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მათზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის და საარჩევნო უბნიდან გაძევების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი შიდა ქართლშიც.
საჯაროდ გავრცელებული წყაროების თანახმად:
- Qartli.ge-ს ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილს სოფელ პატარა გარეჯვარში სოფლის გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც წიწიკაშვილი ჰყვება, ამ სოფელში მან ჩაწერა ადამიანები, რომლებიც ჰყვებოდნენ, რომ საარჩევნო უბანთან რუსულნომრიანი მანქანიდან ფულს არიგებდნენ. ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მას უთხრა, რომ უბნის გარეთ ეძახდნენ. უბნიდან გასულ ჟურნალისტს, ადგილზე სოფლის გამგებელი ზურაბ მურადაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. წიწიკაშვილი ამბობს, რომ გამგებელმა მას დაუწყო ყვირილი, თუ რატომ გადაიღო მისი მანქანა, რომელიც რუსულნომრიანი იყო. ჟურნალისტმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მიჰყვნენ.
- სოფელ ზემო ხვედურეთის საარჩევნო უბნიდან კი კომისიის თავმჯდომარემ ასევე Qartli.ge-ს ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის გაძევება სცადა. „კომისიის თავმჯდომარე მემუქრებოდა, რომ თუ აქეთ-იქით სიარულს არ მოვრჩებოდი, უბნიდან გამაძევებდა. სამჯერ დავარეკინე საოლქო კომისიაში, თუ რის უფლება მქონდა“, – ამბობს ჟურნალისტი.
- „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს გიორგი დვალიშვილსა და ლაშა ჯიოშვილს სოფელ ტიხისქიდში გადაღებაში ხელი შეუშალეს. გადამღებ ჯგუფთან აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა სოფლის ყოფილი გამგებელი, ბესო ბერიანიძე.
2024 წლის 26 ოქტომბრსსაქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის, ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები.
- ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, მარი წაქაძეს და ოპერატორს, ბექა ქორჩილავას, ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. უბნის საარჩევნო კომისიის წევრის თქმით, ჟურნალისტი მათ ხელს უშლიდა მუშაობაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.
ამ ფაქტის პარალელურად, ადგილზე მყოფი დაუდგენელი პირი ცდილობდა ჟურნალისტისთვის ხელი შეეშალა პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს; აღნიშნული პირი ხმამაღლა ლაპრაკობდა საარჩევნო უბნის შენობაში და ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ “ტყუილის საუბარში” უშლიდა ხელს. მის მიმართ კომისიის წევრებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მარი წაქაძემ პოლიციას მიმართა დახმარებისთვის, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.
- “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძესა და ოპერატორ გიორგი კიკვაძეს ქუთაისის ორ საარჩევნო უბანზე შეუშალეს ხელი მუშაობაში. ჯერ ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ: სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო.
მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა. შემდეგ, კი ქუთაისის 26-ე უბანზეც შეუშალეს. საარჩევნო უბანთან მყოფი პირებიდან, რომელიც ჟურნალისტის თქმით, მთელი დღის განმავლობაში იქ იყვნენ და „აკონტროლებდნენ სიტუაციას“, ერთ-ერთი ოპერატორს მიმართავდა ფრაზებით: „გაიტანე კამერა“, „ხელებს დაგამტვრევ“. ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ კი, პირი კამერას შეეხო და პირდაპირი ჩართვა გაითიშა.
- cnews-ის ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს, ქუთაისში მე-2 საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაღიაზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მას ფიზკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
2024 წლის 16 ოქტომბერს, გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” დამფუძნებელს ლაურა გოგოლაძესა და ჟურნალისტს ნინო კაპანაძეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფლება არ მისცა დასწრებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრას.
“წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით. ვინ ხართ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული…,“ – ასე მიმართა მერმა ჟურნალისტებს და „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა.
გამოცემა “ბათუმელებთან” ლაურა გოგოლაძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საჯარო პირები მათ მუშაობაში ხელს უშლიან.
ორგანიზაცია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეშობა და უდიერი დამოკიდებულება ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა:“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლთა მსგავსად, ძალას არ იშურებენ ჟურნალისტების უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად და მოსახლეობაში მედიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ ნდობის შესარყევად”, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
2024 წლის 22 ივლისს “TV პირველის” მთავარმა რედაქტორმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტები ვერ ახერხებენ სასამართლო სხდომებზე დასწრებას. მელაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა ხელოვნურ ტექნიკურ ბარიერებს უქმნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რათა მათ ვერ მოახერხონ სასამართლო სხდომების გადაღება.
ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არც მოსამართლე უშვებს.
მელაძის განცხადებით, ამ დრომდე, განმარტება არ გაკეთებულა და არც ალტერნატიული მექანიზმების შემოთავაზება მომხდარა განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხს, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა.
“მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას რთულ პირობებში უწევს მუშაობა. სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლებმა პირებმა დაუყოვნებლივ გამოასწორონ არსებული ხარვეზი, უზრუნველყონ მედიების სხდომებზე დასწრება და განმარტონ პრობლემების გამომწვევი მიზეზები,” – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
2024 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში აკრედიტებული ტელემედიის გარდა, სხვა მედიასაშუალებებს შესვლა აეკრძალათ, მიუხედავად აკრედიტაციისა.
“საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ამოქმედდა უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორებს ეზღუდებათ შენობაში შესვლა.
დადგენილების მიხედვით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა” – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდეზე გამოქვეყნდა.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა დისკრედიტაციის გამო სახალხო დამცველს მიმართეს.
2024 წლის 27 მაისიდან ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა, გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რის გამოც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის შენობაში შესვლა.
Საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე. Წ ”რუსული კანონის” შესახებ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო განიხილება, ხოლო, 28 მაისს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ონლაინ მედია “ტაბულა” წერს, ასევე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა. განცხადება გამოაქვეყნა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც.