სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის მარტი

კონტექსტი

2025 წლის მარტში დოკუმენტირებული ინციდენტები აჩვენებს, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ზეწოლის პრაქტიკა კვლავ სისტემურ ხასიათს ინარჩუნებს და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები ასახავს ადმინისტრაციულ დაკავებებს, ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, ფინანსური სანქციების აქტიურ გამოყენებას, ასევე სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის – აქტივისტებთან დაკავშირებული ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის შეზღუდვას.

დოკუმენტირებული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება მოქალაქეების საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და საჯარო პოზიციის გამოხატვას. განსაკუთრებით თვალშისაცემია ფინანსური სანქციების მასშტაბი და ინტენსივობა – ჯარიმები ხშირ შემთხვევაში უკავშირდება გზის გადაკეტვის ბრალდებას და რიგ შემთხვევებში დაყრდნობილია სადავო ან არასაკმარის მტკიცებულებებზე. ამასთან, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები და სასამართლო გადაწყვეტილებები არ ითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ გარემოებებს.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აქტივისტებისა და საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდების ანგარიშების დაყადაღება, რაც მიუთითებს, რომ ზეწოლის პრაქტიკა ვრცელდება არა მხოლოდ ინდივიდუალურ აქტივისტებზე, არამედ იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც უფლებადარღვეული მოქალაქეების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. აღნიშნული ტენდენციები, ერთობლიობაში, მნიშვნელოვნად ზღუდავს სამოქალაქო აქტივობის სივრცეს და უხეშად არღვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. 

ინციდენტები

2025 წლის 3 მარტს, მუსიკოსსა და სამოქალაქო აქტივისტს, დავით (ტორნადო) გაბუნიას ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაბუნიას თავს მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი, დაესხა. ეს ინფორმაცია მიშა მესხმა, ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის მიერ გავრცელებული პოსტის ქვეშ, კომენტარის სახით დაადასტურა.

2025 წლის 5 მარტს, „კრაბ კოფის“ დაფუძნებლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს – ბარბარე როკიტასა და ქრისტინე პირველს, ახალგაზრდა მამაკაცმა გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლთან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტის შედეგად, ბარბარემ ცხვირის მოტეხილობა მიიღო და მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. “კრაბ კოფის” დამფუძნებელი გოგონები 2024 წლის 28 ნოემბრის აქციიდან მოყოლებული, პროევროპული აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უზიარებდნენ ყავას და ჩაის. სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ თავდასხმის მოტივი, სწორედ პროევროპულ აქციებში მათი აქტიური ჩართულობა გახდა.  

2025 წლის 7 მარტს, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციამ, „ძლიერი საქართველოს“ წევრები: ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ოთო ფარულავა დააკავა. მათთან ერთად იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც. ვიდეომასალიდან, რომელიც დაკავების მომენტს ასახავს, ირკვევა, რომ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციიდან “ძლიერი საქართველოს” წევრები სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ისინი საპატრულო პოლიციამ გააჩერა. ირაკლი კუპრაძემ საპატრულო პოლიციას სთხოვა განემარტათ შეჩერების მიზეზი, რა დროსაც, ის ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დააკავეს. 

2025 წლის 11 მარტს,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ 5-5 ათასი ლარით, პროევროპული აქციების 18 მონაწილე დააჯარიმა. აქტივისტებს შსს ზებრა-გადასასვლელზე “ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას” ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძვლით ედავებოდა. დაჯარიმებულებს შორის არიან: დიანა ბოლქვაძე, თამარ სურმანიძე, ბადრი კოჩალიძე, არჩილ ბერიძე, ნათია ლეთოდიანი, დავით რობაქიძე, მანუჩარ ხოზრევანიძე, ქეთი პაქსაძე, მარიამ საგინაძე, ნუგზარ თაფლაძე, თათია აბულაძე, ლინდა ცინცაძე, არჩილ შოთაძე, გიორგი ჩხაიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, გოჩა სურგულაძე და ანა ვაჩეიშვილი.

2025 წლის 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ პროევროპული აქციების მონაწილეები: მსახიობი მალხაზ ირემაძე, მარიამ გოგოლიშვილი, მარი ცეცხლაძე და ნიკო მირცხულავა ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. აქტივისტებს 31 იანვრის ღამეს, ბათუმში ზებრა-გადასასვლელზე ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდნენ. 

2025 წლის 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ზებრაზე მოძრაობის საქმეზე“ სამოქალაქო აქტივისტი გუბაზ ლამპარაძე 5000 ლარით დააჯარიმა. აქტივისტს შს სამინისტრო ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძვლით, ზებრა გადასასვლელზე “ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა”. 

2025 წლის 17 მარტს, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მარტს დააყადაღა იმ საქველმოქმედო ფონდების ფინანსური ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეობისას უკანონოდ დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ და ასევე ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ე.წ „სინდისის პატიმრებსა“ და მათ ოჯახებს. 

დაყადაღებულ ორგანიზაციათა სიაში მოხვდნენ:

  • საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“; 
  • საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“; 
  • საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ 
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“ 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდები დაყადაღდა იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც „ქართული ოცნების“ სატელიტი “საზოგადოებრივი მოძრაობის” ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ფონდების დაყადაღების უფლება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გასცა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. 

2025 წლის 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა, მისთვის მიენიჭებინათ ლტოლვილის სტატუსი და ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსი, 18 მარტს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა.

2025 წლის 19 მარტს, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის ოჯახი მეცხრედ დააჯარიმეს. ცეცხლაძის დედამ, ნარგიზი დავითაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ შსს გზის სავალი ნაწილის “ხელოვნურად გადაკეტვას” (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი) ედავება. ნარგიზ დავითაძის თქმით, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა რუსთაველის გამზირზე საერთოდ არ ყოფილან, თუმცა შსს-ს თანამშრომლებს ფინანსური სანქცია მათთვის მაინც დაუკისრებიათ. 

2025 წლის 19 მარტს, სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის, დედა მარიზი კობახიძე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. შსს მას  23 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირი ამ დღეს ხალხის რაოდენობის გამო ბუნებრივად გადაიკეტა.  

2025 წლის 19 მარტს, 5 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გიდი ალექსანდრე გიორგაძე. შსს აქციების აქტიურ მონაწილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის საფუძველზე, 3 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება, თუმცა სხდომაზე ამის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება შსს-მ ვერ წარადგინა. 

2025 წლის 19 მარტს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მსახიობი სანდრო სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. შსს მას 2024 წლის 25  ნოემბერს აქციაზე უკანონო ნივთის ტარებას ედავებოდა. 

2025 წლის 21 მარტს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ სამი აქტივისტი – თაკო გვილია, თათია აფრიამაშვილი და ლუკა გოგია დააკავა.  პარლამენტთან პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს. თაკო გვილია “პირველებთან” ამბობს, რომ თავდაპირველად, პოლიციასთან სკამების სკამების საკითხს განიხილავდა, რა დროსაც მოულოდნელად ხელი სტაცეს და თათია აფრიამაშვილთან ერთად, დაკავების მანქანაში იძულებით ჩასვეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა გოგია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა. თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლუკა გოგიას, მან წინასწარი დაკავების იზოლატორი 22 მარტს დატოვა.

2025 წლის 21 მარტს, კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ცოტნე კობერიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება“ წერს, რომ „ქართული ოცნება“ ცოტნე კობერიძეს სხვის დაკავებაში ხელის შეშლას და პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის მაისი

კონტექსტი

2025 წლის მაისში დოკუმენტირებული ინციდენტები ასახავს სამოქალაქო აქტივისტებზე ზემოქმედების როგორც სამართლებრივ, ისე ადმინისტრაციულ და ირიბ მექანიზმებს. გამოვლენილი შემთხვევები უკავშირდება ადმინისტრაციულ დაკავებას, ფინანსური სანქციების დაკისრებასა და ინდივიდუალური აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს მათ სამართლებრივ სტატუსსა და სამოქალაქო უფლებებზე.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინოა ფინანსური სანქციების გამოყენების შემთხვევები, რაც მიუთითებს სანქცირების პრაქტიკის სისტემურ ხასიათზე. ამასთანავე, ფიქსირდება აქტივისტზე ირიბი ზეწოლის შემთხვევაც. 

გარდა ამისა, საყურადღებოა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირებაზე. საანგარიშო პერიოდში ძალაში შევიდა კანონი რომელმაც გაამკაცრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩოს, რაც, ჯამში, ემსახურება ისეთი გარემოს შექმნას, სადაც სამოქალაქო აქტივობა და გამოხატვის თავისუფლება უმძიმესი წნეხის ქვეშ ექცევა.

ინციდენტები:

2025 წლის 1-ლ მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების – “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის პროცესი გაიმართა. შსს-ს წარმოამდგენელი თამთა ქიმბარიშვილი აქტივისტების  ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ყურაშვილსა და ბაღათურიას 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შსს-ს წარმომადგენელი თამთა ქიმბარიშვილი 2025 წლის პირველ ივნისს, სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად დაინიშნა

2025 წლის 5 მაისს სამი აქტივისტი ქალი – ნუცა მახარაძე, ქეთი ჯანანაშვილი და მათი მეგობარი საცხოვრებელ კორპუსთან, სავარაუდოდ, თავდასხმის სამიზნე გახდნენ. მახარაძის თქმით, თავდამსხმელები მათ ლიფტიდან გამოსვლისას ჩაუსაფრდნენ და სახეში წიწაკის სპრეი და მწვანე საღებავი შეასხეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

​​2025 წლის 19 მაისს, პროევროპული აქციების მონაწილე ლაშა გაბიტაშვილს, რომელიც საზოგადოებამ აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ წევრებთან ინციდენტის შემდეგ გაიცნო, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს. მიზეზად ორმაგი მოქალაქეობა სახელდება. გაბიტაშვილმა ისრაელის პასპორტი ცოლთან ქორწინების შემდეგ აიღო, საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად კი იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა. იურისტები განმარტავენ, რომ ლაშა გაბიტაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი არ არსებობს და მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პარალელურად შეეძლო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. 

2025 წლის 26 მაისს, პოლიტიკური აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციამ 26 მაისს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქტივისტს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს ლუკა ნაცვლიშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

2025 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ანი ქავთარაძეს. შსს სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის, ძმას და პარტია “ახლის” წევრს, ანი ქავთარაძეს,  17 აპრილს სასამართლოს დერეფანში  პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა. მირიან ქავთარაძე პატიმრობაში მყოფი აქტივისტის და პარტია „ახლის“ წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის განხილვისას ამ დღეს სასამართლომ მოწმის სახით გამოჰკითხა. გამოკითხვისას თორნიკე სხვიტარიძე სხდომათა დარბაზში იყო, ანი ქავთარაძე კი დარბაზის გარეთ. მას შემდეგ, რაც პოლიციელის გამოკითხვა დასრულდა, მირიან ქავთარაძეს საბა სხვიტარიძის მხარდამჭერებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. 

2025 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, აქტივისტებს თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდა. მაგდა მამუკაშვილი კი 4000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება უკავშირდება 17 მაისს, ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტს, როდესაც აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის მიმართ პროტესტი გამოხატეს შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „არა რუსულ რეჟიმს“, „ძირს რუსეთის მონები“.

2025 წლის 31 მაისიდან ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ, 1-ლ აპრილს მიღებული კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ე.წ.”ქართული FARA”, რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიუროა. აღნიშნული კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, მიზანში ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას. კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას. გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება კი გამოიწვევს ფიზიკური პირის დასჯას თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით ან ჯარიმით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – ჯარიმას. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. მასთან ერთად მოსარჩელეები არიან მედიაორგანიზაციები სტუდია “მონიტორი” და “საქართველოს ამბები”. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს შევიდა.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის მაისი

კონტექსტი

2024 წლის მაისი ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული უფლებადარღვევები მკვეთრად გააქტიურდა. აღნიშნული პერიოდი დაემთხვა ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალ ინიცირებას, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი, უწყვეტი და ინტენსიური საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში.

საანგარიშო პერიოდში დოკუმენტირებულია არაერთი ინციდენტი, მათ შორის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებები, ძალადობის მძიმე ფაქტები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, დაშინება და ფინანსური სანქციების გამოყენება. ინციდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა მშვიდობიან შეკრებებსა და საპროტესტო აქციებს, სადაც ფიგურირებდნენ სამართალდამცავი ორგანოები ან მათთან ასოცირებული პირები, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და კრიტიკული აქტივიზმის ჩახშობის ტენდენციაზე.

ინციდენტები

2024 წლის 1-ლ მაისს, რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქცია დაშალა. აქციის დაშლისას სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავდა არაერთი ადამიანი. მათ შორის იყო 25 წლის ბიჭი ნიკა დემურიშვილიც, რომელსაც სპეცრაზმელებმა სავარაუდოდ რეზინის ტყვია ესროლეს. დემურიშვილმა დაზიანება სახის არეში მიიღო. მათ შორის, რეზინის ტყვია ესროლეს. კონსტანტინე ჩახუნაშვილს. მისი თქმით, ტყვია ხელსა და ბარძაყის არეში მოხვდა. 2 მაისს, 01:30 საათისთვის, უკვე ჰოსპიტალიზებული იყო 8 მოქალაქე. 

განცხადება გაავრცელა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, უარი ეთქვა კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე.

2024 წლის 1-ლ მაისს, ზუგდიდში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარიამ სიჭინავა დააკავეს

2024 წლის 3 მაისს, თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფში”, სადაც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიღება მიმდინარეობდა, მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აღნიშნულ აქციაზე სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა.  პოლიციელებმა დააკავეს 1 მოქალაქე.

2024 წლის 3 მაისს, მასწავლებელს და აქტივისტს ლადო აფხაზავას სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და შვილთან ერთად ყოფნისას, ხის ხელჯოხებით  ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2024 წლის 3 მაისს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა 5 მოქალაქე. 

2024 წლის 7 მაისს,  IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, შვედეთის საელჩოსთან, ინტერვიუს მიცემისას თავს დაესხნენ უცნობი პირები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2024 წლის 8 მაისს,  “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს, არაიდენტიფიცირებულმა პირებმა საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა 2-ზე მეტმა ადამიანმა განახორციელა, რომლებიც, სავარაუდოდ, ბეისბოლის ხის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულები. 

2024 წლის 8 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე მოქალაქეს, ნესტან ანანიძეს თბილისში, “გამარჯვების პარკში”, ვარჯიშის დროს პოლიციელებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოქალაქე თვლის, რომ მიზეზი მაისური გახდა, რომელსაც აწერია “არა რუსულ კანონს.”  “გამარჯვების პარკში” ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან, დაკავშირებული ღონისძიება იმართებოდა, რომელსაც “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

2024 წლის 8 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს უკრაინის მხარეს მებრძოლი გიორგი შანიძე. მას პოლიცია საცხოვრებელ სახლთან დახვდა. 

2024 წლის 9 მაისს, პოლიციამ საცხოვრებელ სახლში დააკავა სამოქალაქო აქტივისტი და სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე. 

2024 წლის 9 მაისს, “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება. “TV პირველის” ინფორმაციით, დაკავებული იყო მინიმუმ, 5 ადამიანი.

2024 წლის 9 მაისს,  პოლიციამ ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებისა (სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი) და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლის ბრალდებით  (სსკ-ის 353 პრიმა მუხლი),  დააკავა ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ხოლო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით (სსკ-ის 353 პრიმას პირველი ნაწილი), დააკავა აქციის მონაწილე ირაკლი მეღვინეთუხუცესი. 

2024 წლის 9 მაისს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს გიორგი მუმლაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს 4 პირი დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. მას ტელეფონიც წაართვეს. თავდასხმა მარნეულში, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. 

2024 წლის 9 მაისს, ბაიკერებს, რომლებიც ე.წ. “რუსული კანონის” აქტიური მოწინააღმდეგეები არიან, საკუთარი მოტოციკლები დილით დაზიანებული დახვდათ. 

2024 წლის 10 მაისს, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა სამოქალაქო აქტივისტი და უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი.

2024 წლის 10 მაისს, ჭავჭავაძის გამზირზე “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს. მომიტინგეები ყვებოდნენ, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებდა მოქალაქეებს. 

2024 წლის 10 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობის დროს, დააკავეს რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი. აბდუშელიშვილის თქმით მასზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა, რის შემდეგადაც მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. 

2024 წლის 10 მაისს, ვიდეოგრაფ გიორგი ჯობავას არაიდენტიფიცირებულმა პირებმა ის მანქანა დაუზიანეს, რომლითაც აქტივისტი აქციის მონაწილეებს ყავა/ჩაით უმასპინძლდებოდა. 

2024 წლის 10 მაისს, ჩასაფრება მოუწყვეს “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ ბექა ბერიძესაც. ბერიძის თქმით, მისი ოჯახის წევრებმა სახლთან ახლოს დააფიქსირეს მანქანა და ის გააფრთხილეს, რომ სახლში არ დაბრუნებულიყო.

2024 წლის 10 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე სანდრო ქინქლაძე წერდა, რომ მის სახლთან ჩასაფრებას უწყობდნენ. ქინქლაძემ სოციალურ ქსელში იმ ავტომობილის ფოტოც გაავრცელა, რომელიც მისი მტკიცებით, მას ელოდებოდა.

2024 წლის 10 მაისს,  “გირჩი ტივის” თანამშრომელი, გიორგი მოსიაშვილი, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.  ზურა გირჩი ჯაფარიძე წერდა, რომ სავარაუდოდ, მიზეზი შესაძლოა წინა დღეს იმედისა და პოსტვის მიერ, წლების წინანდელი ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაციის გავრცელება იყო. 

2024 წლის 11 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” აქციების მონაწილესთან, შეფ ნოდარ ტურაშვილთან, პოლიცია დაახლოებით 18:00 საათისთვის მივიდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.  ინფორმაცია მან ფეისბუქზე თავად გაავრცელა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის თითქოსდა „ქურდობის ფაქტთან“ დაკავშირებით ჰყავდათ გამოკითხვაზე ორთაჭალის იზოლატორში გადაყვანილი. ტურაშვილი აღნიშნულ ინციდენტს მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირებს. 

2024 წლის 11 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტებს ჩასაფრებებს მთელი ღამის განმავლობაში უწყობდნენ – ე.წ ტიტუშკების სამიზნეები დაფიონის წევრები – ზვიად ცეცხლაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი გახდნენ. მოძრაობა “დაფიონის” დამფუძნებლებს სახლებთან ნიღბიანი მამაკაცები მივიდნენ, აქტივიტებს აგინეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. უცნობი საკუთარ სახლთან სავარაუდო მოძალადეები ელოდებოდნენ რატი ამაღლობელსაც

2024 წლის 12 მაისს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ფრიდონ ბუბუტეიშვილს, ირაკლი მეღვინეთუხუცესსა და გიორგი შანიძეს. 

2024 წლის 12 მაისს, პოლიციამ დააკავა გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი. სასამართლომ კი იმავე დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ ორივე პირს პატიმრობა შეუფარდა. 

2024 წლის 12 მაისს, ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

2024 წლის 13 მაისს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქცია დაშალა. პარალელურ რეჟიმში, არაერთი მედიასაშუალება ავრცელებდა სპეცრაზმის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის კადრებს. 

პარლამენტთან აქციაზე, სადაც მოქალაქეები ე.წ “რუსულ კანონს” აპროტესტებდნენ, 23 ადამიანი დააკავეს. ომბუდსმენის შეფასებით, 23 დაკავებულიდან 22 პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობდა. აქციაზე დაკავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები: გურამ ადამია, მალხაზ გორგიძე, ირაკლი ზარქუა, პატრიკ ჰერნანდესი, ბრაიან ჯეი ბინგემი, გუკა რჩეულიშვილი, გიორგი კემულარია, ლაშა კემულარია, რევი ყურაშვილი, ზურა ხომერიკი, კახა კვეკვესკირი. 

აქციაზე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ უკრაინის ომის ვეტერანს, ნადიმ ხმალაძესაც. ის ჯერ დააკავეს, სცემეს და შემდეგ გაათავისუფლეს. 

2024 წლის 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელსაც საზოგადოება ე.წ “რუსული კანონის” სახელით იცნობს, მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილე 116 დეპუტატიდან კანონპროექტს მხარი 84-მა დაუჭირა.

კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ სუბიექტებს. კრიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული ტერმინოლოგია სტიგმატიზების საფრთხეს ქმნის და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ზღუდავს.

კანონის მიღებას წინ უძღოდა მრავალკვირიანი მასშტაბური საპროტესტო აქციები თბილისში და სხვა ქალაქებში. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ინიციატივა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებიც მიუთითებდნენ, რომ მსგავსი ტიპის კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან და შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და უფლებადამცველები ხშირად ავლებდნენ პარალელს რუსეთში მოქმედ მსგავს კანონმდებლობასთან, რომლის ამოქმედების შემდეგაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობა. მათი შეფასებით, რუსეთში აღნიშნული კანონი წლების განმავლობაში ეტაპობრივად გამკაცრდა და საბოლოოდ გავრცელდა როგორც ორგანიზაციებზე, ისე ცალკეულ ფიზიკურ პირებზე.

2024 წლის 14 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი. 

2024 წლის 14 მაისს,  გმირთა მოედანზე, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, “TV პირველის” ცნობით, მინიმუმ 3 ადამიანი იქნა დაკავებული. დაკავებულთაგან 1 კონსტანტინე თოხაძე იყო, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. 

2024 წლის 14 მაისს, პოლიციელზე თავდასხმის (სსკ-ის 353 პრიმას პირველი ნაწილი) ბრალდებით დააკავეს კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი და აქციების მონაწილე გიორგი ოკმელაშვილი. 

2024 წლის 14 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე ათობით სპეცრაზმელმა აქტივისტი დავით ქაცარავა, ძალის გამოყენებით კორდონში შეათრია და ადგილზე წიხლებით ცემით გაუსწორდა. ქაცარავა დააკავეს, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების გამო მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. 

2024 წლის 15 მაისს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა ავტომობილი შენიშნეს, საიდანაც  ხის ხელჯოხებით შეიარაღებული ადამიანები გამოჩნდნენ. უცნობი პირები ადგილიდან გაიქცნენ,  მას შემდეგ რაც ახალგაზრდებმა მობილიზება და კადრების გადაღება დაიწყეს.

2024 წლის 15 მაისს, ირაკლი მილაძეს, სტუდენტს, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეხვედრას ე.წ. “რუსული კანონის”  წინააღმდეგ აწყობდა, თავს დაესხნენ. სტუდენტის თქმით, აგრესიულმა  დაჯგუფებამ, რომელიც უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები არიან, შეხვედრის დასრულების შემდეგ მას ჩასაფრება მოუწყვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და აგინეს.

2024 წლის 16 მაისს, პარლამენტთან, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე, (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი) დააკავეს 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი. 

2024 წლის 16 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ზუკა ჩაკვეტაძეს დაკავების დროს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ შემდეგ საპოლიციო მანქანაშიც. ჩაკვეტაძის თქმით, აქტივისტს მინიმუმ 10 სამართალდამცავი ურტყამდა.

2024 წლის 20 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 54 აქტივისტის საქმე განიხილებოდა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

2024 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2300 ლარით დააჯარიმა ზვიად დალაქიშვილი, “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომელიც სპეცრაზმმა ჯერ გაიტაცა და შემდეგ სასტიკად ცემა. 2200 ლარით დააჯარიმეს ასევე ე.წ. “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტი თორნიკე ქეთელაური. 

2024 წლის 24 მაისს,  მოსამართლე ნინო ენუქიძემ 6 აქტივისტი 500-500 ლარით დააჯარიმა. შსს აქტივისტებს ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

2024 წლის 30 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დგომისთვის აბიტურიენტი საბა პაპაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. მას გამოძიება გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

2024 წლის 30 მაისს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დგომისთვის მსახიობ ანანო მახარაძეს საქალაქო სასამართლოში შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

2024 წლის 31 მაისს, სამოქალაქო აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და მისი ოჯახის წევრებს “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია “POSTV” თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეგრელოში, სოფელში, სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ ჩასულები, “POSTV”-იც ჩავიდა. ვიტალი გუგუჩიას ფიზიკურად “POSTV”-ის ოპერატორი გაუსწორდა. ოპერატორი თავს დაესხა ასევე მისი ოჯახის წევრებს.  ”POSTV-ის გადამღები ჯგუფის მხრიდან ვიტალი გეგუჩიაზე თავდასხმის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება “POSTV”-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის აპრილი

კონტექსტი

2024 წლის აპრილში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული უფლებადარღვევები მკვეთრად გააქტიურდა. აღნიშნული პერიოდი დაემთხვა ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალ ინიცირებას, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი, უწყვეტი და ინტენსიური საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში.

აპრილის განმავლობაში დოკუმენტირებული ინციდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა მშვიდობიან შეკრებებს, საპროტესტო მსვლელობებსა და აქციებს. შემთხვევების უმრავლესობაში ფიგურირებდნენ სამართალდამცავი ორგანოები, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო სივრცის კონტროლისა და პროტესტის შეზღუდვის ტენდენციაზე. მონიტორინგის მონაცემები, რომელიც ეყრდნობა მედიაში გავრცელებულ კადრებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებს (იხ: სახალხო დამცველი (16-17 აპრილი); სახალხო დამცველი (30 აპრილი) ; საია (30 აპრილი) )  აჩვენებს, რომ აქტივისტების მიმართ გამოიყენებოდა როგორც ადმინისტრაციული, ისე ძალისმიერი ზომები, რაც რიგ შემთხვევებში გამოიხატა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, ფიზიკურ ძალადობასა და ირიბ ზეწოლაში.

ინციდენტები

2024 წლის 7 აპრილს, აქტივისტებს, რომლებიც სიძულვილის შემცველ პოსტერებს მარჯანიშვილზე ხსნიდნენ,  „ქართული ოცნების“ პარტიულმა აქტივისტებმა ხელი შეუშალეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე სამართლდამცველები გამოიძახეს, თუმცა პოლიციამ ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანა და მხოლოდ მომდევნო დღის დილით გამოუშვა. 

2024 15 აპრილს,  “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 14 მოქალაქე დააკავა.  აქციაზე დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა, ინფორმაცია დაადასტურა სახალხო დამცველის მოადგილე, ელენე ღუდუშაურმაც. ხოლო საიას განცხადებით, დაკავებულთა უმრავლესობას ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. შსს-ს ინფორმაციით, 14 დაკავებულიდან 4 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

2024 16–17 აპრილს, ე.წ.რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას, საპოლიციო ძალებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. სახალხო დამცველი ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში იკვეთებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.  მაგალითად, პოლიციელმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მონაწილე დიმიტრი ბერიძეს. ბერიძე კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად, ბერიძემ თავის ტვინის შერყევა მიიღო. ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალგაზრდა კაცი ჩიხში მოიმწყვდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქის ინფორმაციით მას ნიღბიანები გამოეკიდნენ და ხელკეტი სახის არეში დაარტყეს. სამოქალაქო აქტივისტ მარიამ დოლიძეს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტმა იდაყვის ტრავმა მიიღო და საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. გარდა ამისა, პოლიციელებმა დააკავეს 18 ადამიანი. მათ შორის იყვნენ: გელა ხასაია, ლევან ჯობავა, სანდრო და გიგა ჯოხაძეები, ლევან ბუდაღაშვილი, თორნიკე მარუაშვილი, ისაკო დევიძე, გ.ბ, დ.გ და სხვები). აღნიშნულ ინციდენტში გამოიკვეთა ფიზიკური ძალადობის ნიშნებიც – დაკავებულებიდან 5 მოქალაქის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ინფორმაცია დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმაც. დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს სახალხო დამცველიც თავის ანგარიშში

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ 16 აპრილს, საღამოს საათებში ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება. ასევე გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ “შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად”. 

2024 წლის 18 აპრილს, ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ აქტივისტები: ნიკო მანაგაძე, ტიტე გედენიძე, ბექა პაპაშვილი, ცოტნე ჯაფარიძე და იგორ ნარმანია გამოკითხვაზე დაიბარა. 

2024 წლის 19 აპრილს – სამოქალაქო აქტივისტ ნიკო მანაგაძეს საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანები ჩაუსაფრდნენ. როგორც კი ნიღბიანებმა “TV პირველის” გადამღები ჯგუფი შენიშნეს, ტერიტორია დატოვეს. ნიკო მანაგაძე ეჭვობდა, რომ უცნობი პირები მის სახლთან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის იყვნენ მისულები.

2024 წლის 20 აპრილს,  ე.წ “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან ფიზიკურად, სავარაუდოდ, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტს, ჯერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დაცვამ ჰკრა ხელი, შემდეგ კი მასზე ათამდე ახალგაზრდამ ფიზიკურად იძალადა.

2024 წლის 22 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელი და საბავშვო ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი მიხეილ მუმლაძე ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან მაშინ დააკავეს, როდესაც თეატრში ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტებს განიხილავდნენ. მიხეილ მუმლაძემ განხილვის დაწყების დროს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე არ უშვებდნენ და მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ შენობაში შეეშვათ.

2024 წლის 29 აპრილს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს ალექსი პეტრიაშვილი. პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

2024 წლის 30 აპრილს, გადაუდებელ დავალებათა დეპარატმენტის (გდდ) სპეციალური დანიშნულების რაზმმა ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაშალა.  სახალხო დამცველის განცხადებით, 2024 წლის 30 აპრილის ღამეს და 1 მაისს მთელი დღის მანძილზე სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა 49 პირი მოინახულეს. მათგან, 47 ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის, ზუგდიდის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, გორის, ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 31 პირი მიუთითებდა პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე/არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-დან 19 ითხოვდა რეაგირებას. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე პოლიციამ კორდონში მოაქცია და დააკავა აქტივისტი გიორგი დუმბაძე, რომელიც “TV პირველს” ინტერვიუს აძლევდა და ამბობდა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტდა. სპეციალური დანიშნულების რაზმი ასევე ფიზიკურად გაუსწორდა გელა ნადირაძე, რომელმაც დაზიანებები მიიღო.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ანგარიშის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის წიწაკის სპრეი, რომელიც ახლო მანძილიდან იქნა გაშვებული და გაზის კაფსულები. საია აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეტოვებინათ ტერიტორია, რადგან “საპოლიციო ძალებს შეკრებილები ალყაში ჰყავდათ მოქცეული.”

ანგარიშის მიხედვით, მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ასევე დაფიქსირდა მოქალაქეების, მათ შორის ქალების, მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები და პარალელურად განხორციელდა ადმინისტრაციული დაკავებები. 

30 აპრილის საპროტესტო აქცია შეაფასა სახალხო დამცველმაც. სახალხო დამცველის შეფასებით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევებში აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ომბუდსმენის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიმართ წიწაკის სპრეი და სხვა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფრთხილების გაცემის დროსაც და მის შემდეგაც აქცია მშვიდობიან ხასიათს ინარჩუნებდა, რის გამოც შეკრების შეწყვეტისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.