პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვები  აიღო

15 მარტს, გვიან ღამით პარლამენტის წინ გაშლილი კარვები პოლიციამ კვლავ აიღო. აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ კარვები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის მანქანით წაიღეს. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ კარვებთან ერთად წაიღეს მათი პირადი ნივთებიც.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა კარვების აღება საზოგადოებრივი წესრიგისა და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვის მოტივით ახსნა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი დამატებით რისკებს ქმნიდა და სწორედ ამიტომ მიიღეს კარვების აღების გადაწყვეტილება. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ კარვების წაღების მიუხედავად პარლამენტთან დარჩენას და პროტესტის გაგრძელებას აპირებს.  

ცნობისთვის, 12 მარტს დარეჯან ცხვიტარიას კარავს გამთენიისას ცეცხლი წაეკიდა. ცხვიტარიას თქმით, დაბრუნებისას ადგილზე არც კარავი დახვდა და არც მისი პირადი ნივთები. მისი თქმით, კარვებში გაჩენილი ხანძარი შესაძლოა სწორედ კარვების აღების მცდელობასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მას პარლამენტთან ახალი კარვები მიუტანეს, თუმცა ისინი პოლიციამ კვლავ აიღო. დარეჯან ცხვიტარია პროტესტის ნიშნად თითქმის ერთი წელია ღამეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათენებს.

პარლამენტთან აქტივისტ დარეჯან ცხვიტარიას კარავს ცეცხლი გაუჩნდა

აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია, რომელიც პროტესტის ნიშნად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავში ათევდა ღამეებს, აცხადებს,  რომ 12 მარტს, ღამით, მისი კარავი დაიწვა.

მისი თქმით, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოესმა უცნობი ადამიანის ხმა, რომელიც ყვიროდა, რომ რაღაც იწვოდა, რის შემდეგაც გარეთ გამოსულმა ნახა, რომ კარავს ცეცხლი ეკიდა. ცხვიტარია ვარაუდობს, რომ კარვის დაწვა კარვების ასაღებად განხორციელდა. მისი თქმით, ხანძრის შემდეგ კარვიდან  მისი პირადი ნივთებიც წაიღეს.

მისივე განცხადებით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები გამოიძახეს. ცხვიტარიას თქმით, პოლიციამ მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და ძალის გამოყენებით გაიყვანა კარვის ტერიტორიიდან. მიუხედავად ამისა, იგი აცხადებს, რომ პროტესტის გაგრძელებას აპირებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.