2026 წლის 8 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის საიტი გაითიშა. “გათიშულია დავალიანების გამო” – ეს წარწერა ჩნდებოდა საიტზე შესვლისას. იმავე დღეს, სააგენტოსა და გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ თანამშრომლებმა (რომელთაც ერთი დამფუძნებელი ჰყავთ), ვერ შეძლეს რედაქციის შენობაში შესვლა, რადგან კარის საკეტი გამოცვლილი დახვდათ.
გამოცემების დამფუძნებელმა ელისო კილაძემ მომხდარში მისი ყოფილი ბიზნეს- პარტნიორი დაადანაშაულა, იმ ბიზნეს-ცენტრის მფლობელი, რომელშიც რედაქციებია განთავსებული. მისი განმარტებით, საიტს არანაირი დავალიანება არ ჰქონდა, მისი გათიშვა კი თავისუფლად შეეძლო ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, რომელსაც საიტზე წვდომა ჰქონდა. ელისო კილაძემ შექმნილი პრობლემა ყოფილ ბიზნეს- პარტნიორთან უთანხმოებას დაუკავშირა და მის ანგარიშსწორებად შეაფასა.
ორგანიზაციამ “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შესაბამის უწყებებს მოუწოდა დროულად დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და “დაუყოვნებლივ უზრუნველყონ, რომ CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტურ კოლექტივს მიეცეს წვდომა მათ სამუშაო სივრცეზე, არ დაზიანდეს მათი კუთვნილი კომპიუტერები და მათ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა არ მიიღონ გარეშე პირებმა”.
2025 წლის 4 თებერვალს, გამოცემა “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, საიდანაც ირკვევა, რომ რედაქციის კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს.
გელა მთივლიშვილის თქმით, მოგვიანებით, იგივე პირი, ვინც მანქანა დააზიანა, ჟურნალისტს საცხოვრებელი სახლის კარზე უკაკუნებდა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ფოტო გელა მთივლიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაგვიზიანეს. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ესვრის ადამიანი ქვას განზრახ, სამჯერ, რომ საქარე შუშა ჩაამტვრიოს. 112-ს უკვე შევატყობინეთ. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ამავე კორპუსში ცხოვრობს და წვდომა აქვს როგორც უსაფრთხოების სისტემაზე, ასევე, სადარბაზოში შემოსასვლელ კოდებზე. მისთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამიტომაც არის მოტივი გასაგები, რომ დაავალეს ამის გაკეთება!” – დაწერა ჟურნალისტმა.
გელა მთივლიშვილი არაერთხელ გამხდარა “ქართული ოცნებისა” და პოლიციის მხრიდან სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი.
2024 წლის 31 მაისს, გამოცემა “მთის ამბების” თბილისის ოფისის ეზოში, სადაც ამ გამოცემის რედაქტორის საცხოვრებელი სახლიც არის, შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს (“უსამშობლო”, “გამყიდველი”, “მონა” – მსგავსი წარწერებით იყო აჭრელებული შენობის ფასადი).
“მთის ამბების” ცნობით, რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმავე დღეს მიმართა, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო. სამსახურმა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა.
გელა მთივლიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომელიც აქტიურად აშუქებს და აპროტესტებს ე.წ. რუსულ კანონს. იგი არაერთხელ გახდა თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნე, კერძოდ გელა მთივლიშვილის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის სიახლოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. პირველად მსგავსი ფაქტი 9 მაისს მოხდა, მაშინ, როდესაც პარლამენტი რუსულ კანონს განიხილავდა.
მომხდარს გამოეხმურა ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”:
“31 მაისის ინციდენტების ანალიზი მიუთითებს, რომ ორგანიზებული ვანდალიზმისა და სისტემური დაშინებით მმართველ პარტიას ორი მიზანი აქვს – ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მცდარი/ყალბი წარმოდგენა შექმნას მათ მიერ ჩადენილი საქართველოს დამაზიანებელი აქტების შესახებ, მათ შორისაა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
2024 წლის 9 მაისს კორპუსში, სადაც საგამოძიებო მედია “სტუდია მონიტორი” მდებარეობს, უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გააკრეს.
იგივე განმეორდა 10 მაისს, “სტუდია მონიტორის” დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის საცხოვრებელი სახლის ფასადზე. უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები გააკეთეს ზურიაშვილის კუთვნილ ავტომანქანაზეც.
“სტუდია მონიტორის” განცხადებით, “ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი “სტუდია მონიტორისა” და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა”.
“სტუდია მონიტორის” განცხადებით ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართეს საგამოძიებო უწყებებს. “ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას” – ნათქვამია განცხადებაში.