ბელგიელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

2024 წლის 30 დეკემბერს, ბელგიელი ჟურნალისტი ვიტსე დე გეიტერი საქართველოში არ შემოუშვეს.

დღეს დილით ქუთაისის აეროპორტში ჩამოვიდა ბელგიაში მოკლე ვიზიტის შემდეგ. სასაზღვრო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლა ოფიციალური მიზეზის გარეშე აუკრძალა” – წერს ნიდერლანდური ყოველდღიური გაზეთ Trouw და Bureau Buitenland NPO Radio 1-ის რუსეთის, კავკასიის და ცენტრალური აზიის კორესპონდენტმა ჯარონ კამფჰორსტმა სოციალურ ქსელში X-ში.

ვიტსე დე გეიტერმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ მისი აზრით, არსებობს შავი სიები იმ ადამიანების თუ ვინ არ უნდა შეუშვან ქვეყანაში – “ჩემი ცხოვრება იყო საქართველო. ყველაფერი მქონდა, რასაც კაცი ისურვებდა: კარგი ხალხი, კარგი ამინდი, მშვენიერი ბუნება და თან ეს ყველაფერი არც ისე შორს ბელგიიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ [საქართველოს საზღვარზე] არსებობს შავი სიები იმ ადამიანების, ვინც არ უნდა შეუშვან ქვეყანაში. სხვებს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რომ ეს უკვე ბევრს შეემთხვა. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, სულ მცირე, ცალკეულ შემთხვევებში მაინც გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებებს”.

მანამდე, 7 დეკემბერს, ბელგიელი ჟურნალისტი ვიტსე დე გეიტერი აქციაზე დააკავეს რესპუბლიკის მოედანზე.

IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს

2024 წლის 26 ოქტომბერს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს. შვეიცარელი ჟურნალისტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მოემგზავრებოდა. გოსმა აღნიშნულის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში არ შემოშვების ოფიციალურ მიზეზის შესახებ ვკითხულობთ შემდეგს: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. 

OC Media ინფორმაციით,  გოსი 2022 წლის აპრილიდან უკრაინაში მიმდინარე ომს აშუქებს.

ქართულ-სომხური გამოცემის რედაქტორს საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს

2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს და აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი. ხარატიანი თბილისში ლუქსემბურგიდან ბრუნდებოდა და მომდევნო დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. უარის მიზეზი ხარატიანისთვის არ აუხსნიათ. 

„ალიქ მედია“ არის საქართველოში მოქმედი სომხურენოვანი მედია პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ მოვლენებს სომხურ ენაზე აშუქებს. გამოცემა გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული სტატიებით.

არსენ ხარატიანი საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. იგი ფიქრობს, რომ მიზეზი, რის გამოც ის ქვეყანაში არ შეუშვეს, პოლიტიკურია.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, ანუ დეპორტაცია, პოლიტიკურია, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ან ეშინია ჩემნაირი ადამიანების, ან ჰყავთ პატრონები მოსკოვიდან ან ბაქოდან, რომლებიც ეუბნებიან, რომ „გაწმინდონ სივრცე“ არჩევნებამდე“, – დაწერა ხარატიანმა ფეისბუქის გვერდზე.

არსენ ხარატიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 სექტემბერსაც შეაყოვნეს. მაშინ უარის თქმის საფუძველში მითითებული იყო, რომ “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.

“მედიის ადვოკატირების კოალიციაში” საგანგაშოდ მიიჩნევენ ჟურნალისტების ქვეყანაში არ შეშვებას:

“ეს შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც მხოლოდ ამ კვირაში ორჯერ დაფიქსირდა, ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საქმიანობის შეფერხების შემაშფოთებელ მდგომარეობას ქვეყანაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, წინა დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას.

ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შეუშვეს

2024 წლის 16 სექტემბერს,  ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს. ანდრეი მიალეშკა საქართველოში, კერძოდ, ბათუმში სამი წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. იგი ქვეყანაში ქალიშვილთან ერთად ვარშავიდან ბრუნდებოდა და უკანვე, ვარშავაში გააბრუნეს.

“რადიო თავისუფლების” ბელარუსულ სამსახურთან ჟურნალისტი ჰყვება, რომ მას აეროპორტში  პასპორტი ჩამოართვეს, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ცალკე ოთახში გაიყვანეს, შემდეგ კი მისცეს “რაღაც ფურცელი”, რომელზეც ეწერა, რომ მას ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა. 

მიზეზი, თუ რატომ არ შემოუშვეს ბელარუსი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე, უცნობია. დოკუმენტში, რომელიც მიალეშკას აეროპორტში გადასცეს, დაკონკრეტების გარეშე, “სხვა მიზეზებია” მითითებული.

იმავე დღეს, ვარშავის “რეისის” ლოდინში, ბელარუს ჟურნალისტს ქუთაისის აეროპორტში, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, რამდენიმე საათი შეუსაბამო პირობებში მოუხდა ლოდინი. ჟურნალისტმა ამის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. 

როგორც “რადიო თავისუფლების” ბელარუსული სამსახური წერს, ანდრეი მიალეშკა საქართველოში 2021 წელს, მის ქვეყანაში დაწყებულ პოლიტიკურ დევნას გამოექცა. მისი მეუღლე ბათუმში “საერთაშორისო განათლების ცენტრშია” დასაქმებული, ხოლო შვილები ბელარუსულ-უკრაინულ სკოლაში ონლაინ-რეჟიმში სწავლობენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს უცხოელი ჟურნალისტებისთვის საქართველოში შემოსვლის უკანონო და გაუმართლებელი აკრძალვის შემთხვევებს.

“მმართველი პარტიის მუდმივი მცდელობა, ხელი შეუშალოს ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლას, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს და მნიშვნელოვანი შემაფერხებელია ანგარიშვალდებულებისთვის, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი საზოგადოებისთვის”, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.