ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლა მარნეულის საარჩევნო უბნებზე

2024 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში, მარნეულის და მიმდებარე სოფლების საარჩევნო უბნებზე.

  • რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს მარნეულის მე-7 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.
  • ასევე თიკო დავაძესა და ვლადიმერ ჩხიტუნიძეს, მარნეულის სოფელ სადახლოს 71-ე უბანზე, უბნის თავმჯდომარე არ უშვებდა უბანზე გადაღების მიზნით. “…მეუბნებოდა, რომ შემეძლო შევსულიყავი, მაგრამ არაფერი გადამეღო…” – ჰყვება ჟურნალისტი. საოლქო კომისიაში დარეკვის შემდეგ თავმჯდომარეს მოუწია ჟურნალისტის დაშვება უბანზე.
  • ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, სადახლოს 69-ე უბანზე ჟურნალისტ თიკო ერაძეს და ოპერატორს, შალვა ჯოხაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. ერაძეს საარჩევნო უბანზე ყოფნას უზღუდავდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გუმბატ ნაზაროვიც. 
  • მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს, ირაკლი მურმანიშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტებს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე
  • მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე სტუდია “მონიტორის”  ჟურნალისტებმა თეო ქავთარაძემ და ქეთი თუთბერიძემ გადაიღეს, როგორ ცდილობდა ამომრჩეველი, სავარაუდოდ პასპორტში ჩაკრული სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემას. ამ პროცესის გადაღებისას კი, უცნობი პირი ჟურნალისტებთან მივიდა და ტელეფონის წართმევა სცადა
  • „Aliq Media-ს“ 4 წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა ხოჟორნის საარჩევნო უბანზე.  რედაქციის ინფორმაციით, „Aliq Media“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „Aliq Media“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“.

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები თბილისის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში  საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ტექნიკის დაზიანების და თავისუფლების დროებით აღკვეთის შემთხვევებიც. 

თბილისის საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები:  

  • ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს მინდია გაბაძეს და შაკო ბრეგაძეს თბილისში, გლდანის რაიონში, 59-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოცემის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ საარჩევნო უბანთან მობილიზებული პირები ჟურნალისტს აგინებენ და შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის მათ გადაღებას ცდილობს და იქ ყოფნის მიზეზებს ეკითხება;

  • გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეურაცხყოფის ადრესატი გახდა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული. დაუდგენელი პირებიდან ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია;

  • “TV პირველის” ოპერატორს პაატა ხაჩიძეს თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან კერძო პირები ზურგიდან დაესხნენ თავს.  შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია რა მიზნით იყვნენ შეკრებილი უცნობი პირები უბნების სიახლოვეს.თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტელევიზიის ტექნიკა. ვიდეომასალაში, რომელიც რედაქციამ გაავრცელა, ჩანს, რომ კამერის ნაწილები ძირს არის მიმოფანტული;

  • ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და ოპერატორი დავით ბადაგაძე,  ასევე “TV პირველის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე, 38-ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო უბანთან მობილიზებულ მოქალაქეებს კითხვებს უსვამდნენ, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად შეეხებაც სცადა;

  • ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;

  • ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს თბილისში, მე-9 ოლქის მე-3 უბანზე „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს;

  • გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს;

  • გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები;

  • სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „OC მედიას“ 6 წარმომადგენელს: ჰერმინე ვირაბიანს, რაფიგ შაბაზოვს, თეკლა ჩხაიძეს, ზეინაბ ისგანდაროვას, აითან ფარადოვას. კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი მგელაძემ დაურეკა და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოში ადამიანების სახეები დაეფარა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მამა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო.

ჟურნალისტების საარჩევნო უბნიდან გაძევებისა და გადაღების აკრძალვის მცდელობები სამეგრელოს საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, სამეგრელოში, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, კომისიის წევრები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ჟურნალისტების მუშაობისთვის.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

  • ჩხოროწყუს მე-4 საარჩევნო უბანზე, ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, დავით მანიას და ირაკლი შენგელიას, კომისიის თავმჯდომარემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კომისიის სხვა წევრებთან ერთად, მათ უბნიდან გაძევებას ცდილობდა;

  • წალენჯიხის 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლირა ღურწკაია სტუდენტური ონლაინმედიის “მრავალკუთხედის” ჟურნალისტ დიტო ბელქანიას  დაუპირისპირდა;

  • “TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, სოფო ნიაურსა და დავით ბერაძეს ხელი შეუშალეს ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე. ჟურნალისტის თქმით, სპეციალური ბეიჯის ქონის მიუხედავად, კომისიის თამჯდომარე მათ გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა.

ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები შიდა ქართლის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მათზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის და საარჩევნო უბნიდან გაძევების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი შიდა ქართლშიც.

საჯაროდ გავრცელებული წყაროების თანახმად:

  • Qartli.ge-ს ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილს სოფელ პატარა გარეჯვარში სოფლის გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც წიწიკაშვილი ჰყვება, ამ სოფელში მან ჩაწერა ადამიანები, რომლებიც ჰყვებოდნენ, რომ საარჩევნო უბანთან რუსულნომრიანი მანქანიდან ფულს არიგებდნენ. ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მას უთხრა, რომ უბნის გარეთ ეძახდნენ. უბნიდან გასულ ჟურნალისტს, ადგილზე სოფლის გამგებელი ზურაბ მურადაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. წიწიკაშვილი ამბობს, რომ გამგებელმა მას დაუწყო ყვირილი, თუ რატომ გადაიღო მისი მანქანა, რომელიც რუსულნომრიანი იყო. ჟურნალისტმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მიჰყვნენ.

  • სოფელ ზემო ხვედურეთის საარჩევნო უბნიდან კი კომისიის თავმჯდომარემ ასევე Qartli.ge-ს ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის გაძევება სცადა. „კომისიის თავმჯდომარე მემუქრებოდა, რომ თუ აქეთ-იქით სიარულს არ მოვრჩებოდი, უბნიდან გამაძევებდა. სამჯერ დავარეკინე საოლქო კომისიაში, თუ რის უფლება მქონდა“, – ამბობს ჟურნალისტი.

  •  „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს გიორგი დვალიშვილსა და ლაშა ჯიოშვილს სოფელ ტიხისქიდში გადაღებაში ხელი შეუშალეს. გადამღებ ჯგუფთან აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა სოფლის ყოფილი გამგებელი, ბესო ბერიანიძე.

ჟურნალისტებისთვის ხელშეშლა ქუთაისის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბრსსაქართველოში  საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის, ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები.

  • ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, მარი წაქაძეს და ოპერატორს, ბექა ქორჩილავას, ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე  საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. უბნის საარჩევნო კომისიის წევრის თქმით, ჟურნალისტი მათ ხელს უშლიდა მუშაობაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.

    ამ ფაქტის პარალელურად, ადგილზე მყოფი დაუდგენელი პირი ცდილობდა ჟურნალისტისთვის ხელი შეეშალა პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს; აღნიშნული პირი ხმამაღლა ლაპრაკობდა საარჩევნო უბნის შენობაში და ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ “ტყუილის საუბარში” უშლიდა ხელს. მის მიმართ კომისიის წევრებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მარი წაქაძემ პოლიციას მიმართა დახმარებისთვის, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.
  • “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძესა და ოპერატორ გიორგი კიკვაძეს ქუთაისის ორ საარჩევნო უბანზე შეუშალეს ხელი მუშაობაში. ჯერ ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ: სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო.

    მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა. შემდეგ, კი ქუთაისის 26-ე უბანზეც შეუშალეს. საარჩევნო უბანთან მყოფი პირებიდან, რომელიც ჟურნალისტის თქმით, მთელი დღის განმავლობაში იქ იყვნენ და „აკონტროლებდნენ სიტუაციას“, ერთ-ერთი ოპერატორს მიმართავდა ფრაზებით: „გაიტანე კამერა“, „ხელებს დაგამტვრევ“. ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ კი, პირი კამერას შეეხო და პირდაპირი ჩართვა გაითიშა.
  • cnews-ის ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს, ქუთაისში მე-2 საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაღიაზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მას ფიზკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.