ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ერთი თვით დაკავებულია

19 ოქტომბერს პოლიციამ  ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი სტატუსის გამო „პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას“ (შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის მისამართით) ედავებოდა. 

დაკავების წინ მედიასთან საუბრისას სანაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანი კონკრეტული სიტყვების აკრძალვა კი არა, ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობა და მოქალაქეების დაშინებაა:

„რამდენი პატიმრობაც არ უნდა იყოს, რა ჯარიმაც არ უნდა იყოს, იქამდე გავაგრძელებ მე ჩემი აზრების გადმოცემას, ზეპირსიტყვიერად იქნება ეს თუ წერილობით, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, რას დაწერენ, რას დაარქმევენ გადაწყვეტილებას… აქ მთავარია, რომ კრიტიკული აზრი არ უნდა გამოითქვას, ადამიანები შეშინდნენ, არ დაწერონ, არ თქვან. შესაბამისად, ჩემი პასუხი ამაზე ყოველთვის იქნება, რომ დავწერ, რასაკვირველია, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავწერ“.

ეს უკვე მესამე ადმინისტრაციული საქმეა, რომელიც 2026 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვახო სანაიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტების გამო აღძრა. ხელისუფლება აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ მექანიზმებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დასასჯელად:

  •  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო, მიმდინარე წელს სანაიას უკვე შეფარდებული ჰქონდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 6 000-ლარიანი ჯარიმა.
  • 2025 წლის ივლისში ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების  თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას  „შეურაცხყოფისთვის“ 4 000 ლარით დააჯარიმეს. იმავე წლის 19 ოქტომბერს კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ვახო სანაიას პატიმრობას კრიტიკულად გამოეხმაურნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანთან ცილისწამების დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

თეა წულუკიანმა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანთან ცილისწამების საქმეზე დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. 

დავა ეხებოდა ჟორჟოლიანის მიერ 2025 წლის 12 აპრილს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის წერდა, რომ თეა წულუკიანის მამამ, მოსამართლე ავთანდილ წულუკიანმა, კონკრეტულ პირებს დახვრეტა მიუსაჯა. პოსტს თან ერთვოდა შესაბამისი სია.

თეა წულუკიანი სასამართლოში მოითხოვდა, ცილისწამებად მიჩნეულიყო პოსტში გამოყენებული ფრაზა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები“. წულუკიანი ასევე ითხოვდა ცილისწამებად ცნობილიყო იმავე პოსტში მითითებული კიდევ ერთი ფრაზა, რომლის მიხედვითაც, გარდამავალ პერიოდში, როდესაც სიკვდილით დასჯა უქმდებოდა, მოსამართლე წულუკიანს სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება შეეძლო.

ნანუკა ჟორჟოლიანის დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან იყო მოპოვებული და პოსტი გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცეოდა. 

ჟორჟოლიანის თქმით, ის აპირებს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს.

სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც ფრანგ ფოტოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის საქართველოში ბინადრობის უფლება გაუუქმდა

სასამართლომ ძალაში დატოვა სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ ფრანგ ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის მოკლევადიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა გაუუქმდა.

ფრანსის პრიმერსკიმ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში აპრილში გაასაჩივრა და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ადვოკატის განმარტებით, პრიმერსკი საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და დროებითი ბინადრობის ნებართვა ჰქონდა. მიმდინარე წლის მარტში ნებართვა მას მეორედ გაუხანგრძლივდა, თუმცა გაცემიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად ეცნობა, რომ სააგენტომ მისთვის მინიჭებული მოკლევადიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა გააუქმა.

ადვოკატის თქმით, სააგენტოს გადაწყვეტილებაში კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მითითებული არ არის, რის გამოც უცნობია, რა ფაქტებს დაეფუძნა გადაწყვეტილება. აქტში მხოლოდ სამართლებრივი ნორმაა მითითებული, რომლის მიხედვითაც, თითქოს ფრანსის პრიმერსკის საქართველოში დარჩენა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმიანობას დაბრკოლებები ექმნება. პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა, მათ შორის, ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის, საზღვრის კვეთის შეზღუდვის, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარისა და უკვე გაცემული ნებართვის გაუქმების სახით. აღნიშნული შემთხვევები აჩენს კითხვებს მსგავსი გადაწყვეტილებების სამართლებრივი საფუძვლებისა და მათი შესაძლო გავლენის შესახებ ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმიანობაზე. ამ შემთხვევებს CMIS დეტალურად აღწერს.

განათლების მინისტრი გამოცემა “გურიის მოამბეს” სასამართლოში უჩივის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, გამოცემა “გურიის მოამბესა” და მის მფლობელს, ვლადიმერ მენაბდეს სასამართლოში უჩივის.  მინისტრი გამოცემას მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, გავრცელებული განცხადებების უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მინისტრი აცხადებს, რომ უკვე მიმართა სარჩელით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. 

მინისტრის განცხადებით, საინფორმაციო სააგენტომ და მისმა მფლობელმა 18 აგვისტოს და მომდევნო დღეებში ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც გურიის სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.

საქმე ეხება “გურიის მოამბის” მიერ 18 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა “გივი მიქანაძემ საკუთარი სახლის მშენებლობა საბავშვო ბაღში დაიწყო”.

“საქმეში სახეზეა ცილისწამების ნიშნები. გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა მცდარ ფაქტებს, რომლებიც ზიანს აყენებს ჩემს ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და მიზნად ისახავს კანონიერი ინტერესების დაზიანებას”, – აცხადებს გივი მიქანაძე.

“მაუწყებლობის შესახებ კანონის” დარღვევის მოტივით, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “ფორმულა” მესამედ დააჯარიმა

2026 წლის 1 ოქტომბერს, “მაუწყებლობის შესახებ კანონის” დარღვევის მოტივით, კომუნიკაციების კომისიამ მესამედ დააჯარიმა ტელეკომპანია “ფორმულა”, ამჯერად, 10 000 ლარით.  

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, საუბარია 14-16 სექტემბრის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ “დარღვევებზე”. უწყება არხს შინაარსობრივი რეგულირების დარღვევაში უთვლის პირდაპირ ეთერებსა და სიუჟეტებში შეფასებითი ტერმინების გამოყენებას. რა ტერმინებზეა საუბარი, ამჯერად, კომუნიკაციების კომისიას ოფიციალურ განცხადებაში არ დაუსახელებია. თუმცა, წინა ორ შემთხვევაში არხი ჯარიმდებოდა ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის, როგორიცაა: “„ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“ და „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“.  

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლების შინაარსის მონიტორინგი დაიწყო, “ფორმულას” წინააღმდეგ ოთხჯერ დაიწყო მოკვლევა.  პირველ შემთხვევაში არხს წერილობითი გაფრთხილება მისცეს, მეორე შემთხვევაში არხი 2 500 ლარით დაჯარიმდა, მესამე წარმოება 5 000 ლარიანი ჯარიმით დასრულდა. ვინაიდან ეს მეოთხე შემთხვევა იყო, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, არხს უნდა დაკისრებოდა ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, ან არანაკლებ 10,000 ლარის ოდენობისა. შესაბამისად, მესამე ჯარიმა 10 000 ლარით განისაზღვრა.

ჟურნალისტ ვახო სანაიას განმეორებით დაპატიმრება ემუქრება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო

ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანს, ვახო სანაიას მეორედ ემუქრება ადმინისტრაციული პატიმრობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო.  საუბარია Facebook-ში გამოქვეყნებულ ორ  სარკასტულ პოსტსა და ერთ ვიდეოზე, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ეხება. ერთი პოსტი დაპატიმრებამდე რამდენიმე წუთით ადრეა დაწერილი (22 ივლისს), მეორე კი ციხიდან გამოსვლის შემდეგ (5 აგვისტოს).

ჟურნალისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება შსს-ს “სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველომ” დაიწყო. ეს სამმართველო ერთ-ერთი ბერკეტია ხელისუფლების ხელში,  გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და მას პროაქტიულად იყენებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასასჯელად.  ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. 

შალვა პაპუაშვილის შესახებ სტატუსების გამო, ვახო სანაია ერთხელ უკვე იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში – 22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულმა სამმართველომ, კრიტიკული პოსტების გამო, არაერთი სამოქალაქო აქტივისტი დაასანქცირა ან შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

ბერა ივანიშვილი რამდენიმე მედიასაშუალების და ჟურნალისტის მიმართ სარჩელის შეტანას გეგმავს

30 სექტემბერს ბერა ივანიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ის მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს ცილისწამების მოტივით. 

“სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება… “ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ” – წერს  ბერა ივანიშვილი. 

ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ უჩივლებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ქოლცენტრების მფარველობაში ადანაშაულებენ მას. 

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, შვილმა ადვოკატს უკვე მიმართა. ადვოკატმა დავით ასათიანმა კი, ტელეკომპანია “იმედთან” გაკეთებულ კომენტარში განაცხადა: “…ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია”.

ჟურნალისტ კობა ფარტენაძის მიმართ განმეორებითი თავდასხმის შემდეგ, ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს

16 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსა და მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს კვლავ დაესხნენ თავს. ფარტენაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდნენ.

ეს კობა ფარტენაძის მიმართ თავდასხმისა და მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე ფარტენაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ისმის, როგორ ემუქრება უცნობი კაცი მას ცალკე გაყოლასა და დაჭრას. აღნიშნულ საქმეზე ორი პირი დააკავეს. მოგვიანებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ფარტენაძის მიმართ განხორციელებული დაჭრის მუქარისა და ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 7,000-7,000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

17 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობა ფარტენაძე თავად დააკავეს. მისი ადვოკატის განცხადებით, ფარტენაძე ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ამჟამად ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ადვოკატის თქმით, დაკავების საფუძველსა და მოტივს ამ ეტაპზე არკვევენ.

შსს-ს ცნობით, ფარტენაძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით დააკავეს. უწყების განცხადებით, ფარტენაძემ 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. შსს ასევე აცხადებს, რომ 17 აგვისტოს, ღამის საათებში, ფარტენაძე ბათუმში ხმამაღალი ლანძღვა-გინებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას და მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

18 აგვისტოს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ კობა ფარტენაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

ComCom-მა “TV პირველი” შინაარსობრივი რეგულირების დარღვევისთვის მეორედ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომლებიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, მეორედ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმის ოდენობა 5,000 ლარია.

საქმე განიხილებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებების საფუძველზე, რომლითაც მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირება გამკაცრდა. ახალი წესები, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოზიციის გამოხატვის შეზღუდვას, პასუხის უფლების ახალ რეგულირებასა და ფარული ჩაწერის სტანდარტების განსაზღვრას ეხება.

მონიტორინგი 27-28 ივლისის საინფორმაციო გამოშვებებს შეეხებოდა. ComCom-ის შეფასებით, საინფორმაციო გამოშვებებში გამოვლინდა ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები. კომისიამ სადავოდ მიიჩნია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „დიდი ნადირობა მოაწყო“, „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“, „აქტივისტებზე ნადირობა“, „პოლიციას ნერვებმა უმტყუვნა“ და სხვა. კომისიამ დარღვევად შეაფასა 27 ივლისის 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი „ხალხის დაკავება დაიწყო“. ComCom-ის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ პოლიციელების საუბრის ინტერპრეტაცია „არაჯეროვანი სიზუსტით“ იყო გადმოცემული.

ამ დროისთვის შინაარსობრივი რეგულირების ფარგლებში ორ-ორი ჯარიმა აქვთ “TV პირველსა” და „ფორმულას“. თუ კომუნიკაციების კომისია “TV პირველის” მიმართ კვლავ დაადგენს დარღვევას, მას ექნება უფლებამოსილება, იმსჯელოს მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერებაზე ან დააკისროს გაზრდილი ჯარიმა –  არანაკლებ 10,000 ლარისა და არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” შეფასებით, ComCom განაგრძობს ტელევიზიებზე ზეწოლას „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი ტერმინოლოგიის გამოყენების შეზღუდვის მიზნით. ქარტია მიიჩნევს, რომ 2025 წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ კომისია პროაქტიული მედიამონიტორინგის მექანიზმს სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს და ტელევიზიებს დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე უარის თქმას აიძულებს.

ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო პატიმრობა შეეფარდა

22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვი 14 დღიანი პატიმრობა სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო შეუფარდა. მანამდე, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ვახო სანაია მანამდე დაჯარიმებული იყო.

საქმე ვახო სანაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ლადო ბოჟაძის შესახებ.

ეს არის პირველი შემთხვევა ჟურნალისტისთვის სოცილურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო პატიმრობის შეფარდების.

საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.